ამ მომენტს ბევრი ავსტრიელი ელოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ მის მიღწევას ბევრად მეტი დრო დასჭირდებოდა - პოლიტიკური სიმაღლეებიდან ვიცე-კანცლერისა და მემარჯვენე-რადიკალური თავისუფლების პარტიის (FPÖ) ლიდერის, ჰაინც-ქრისტიან შტრახეს სკანდალურ ვარდნას მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში გამოქვეყნდა სენსაციური ვიდეო. მასში ის პოტენციურ სამთავრობო კონტრაქტებზე ესაუბრება ქალს, რომელიც რუსი ოლიგარქის ნათესავად მიაჩნია.
ვიდეო გადაღებულია სასტუმროს ნომერში ივისაზე. არავინ იცის, ვინ გადაიღო ის, ვინ მოახდინა მისი გაჟონვა და რატომ გასაჯაროვდა ის ახლა, ევროპარლამენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. ვენაში ამ მოვლენის სპონტანურად მოზეიმეთათვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. ისინი უკრავდნენ ჰოლანდიური ჯგუფის, Venga Boys-ის ძველ ჰიტს “We’re going to Ibiza", ერთმანეთს ულოცავდნენ წარმატებას და ხმას აყოლებდნენ ბავშვურად გულუბრყვილო ტექსტს: „ივისაზე მივდივართ, კუნძულზე ვბრუნდებით. ზეიმს ვაპირებთ. ხმელთაშუა ზღვაში.“
მაგრამ დიდია იმის ალბათობა, რომ შამპანური ძალიან მალე შეწყვეტს შუშხუნს. შტრახე შეიძლება წავიდეს, მაგრამ მისი მსგავსი პოპულისტები მაინც წარმატებული იქნებიან ევროპარლამენტის ამ არჩევნებზეც და უახლოეს მომავალშიც.
მართალია, ავსტრიაში პოლიტიკური სიტუაცია იცვლება მას მერე, რაც თავისუფლების პარტიის ყველა მინისტრი გადადგა, სექტემბრისთვის დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები და მომავალი კვირისთვის კონსერვატიული ავსტრიის სახალხო პარტიის (ÖVP) წევრი კანცლერის, სებასტიან კურცისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე კენჭისყრა დაინიშნა, მაგრამ სკანდალის შემდეგ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის პირველი გამოკითხვები არ მიანიშნებს, რომ საქმე რევოლუციასთან გვაქვს.
გამოკითხვების თანახმად, ავსტრიის სახალხო პარტია (ÖVP) პოზიციებს შედარებით იუმჯობესებს - მას 38%-ს უწინასწარმეტყველებენ, ოპოზიციურ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასაც უკეთეს მაჩვენებელს უქადიან - 26%-ს. თავისუფლების პარტია (FPÖ), რომელსაც 20%-ზე მეტი ჰქონდა ხოლმე, ახლა 16%-მდე ეშვება. მაგრამ ეს დაღმასვლა სულაც არ არის კატასტროფული ვარდნა. პარტია მაინც ორჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ორი ყველაზე უფრო პროევროპული პარტია - ლიბერალური NEOS-ი და მწვანეები, რომლებსაც გამოკითხვებში შესაბამისად 9% და 5% აქვთ. რა თქმა უნდა, ეს ვითარება შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ ავსტრიაში და სხვა ქვეყნებშიც არის საზოგადოების მოზრდილი სეგმენტი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად უჭერს მხარს პოპულისტებს.
1999 წელს მემარჯვენე რადიკალურმა FPÖ-მ 26,9% მოიპოვა ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში და მთავრობაშიც მოხვდა ÖVP-სთან კოალიციაში. მას მერე მას არასოდეს მიუღია 10%-ზე ნაკლები ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში. უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2016 წელს გაიმართა, ელექტორატის 46% პროცენტმა დაუჭირა მხარი მის კანდიდატ ნორბერტ ჰოფერს მწვანეთა კანდიდატ ვან დერ ბელენის წინააღმდეგ.
მთელი ამ ხნის განმავლობაშია ვრცელდებოდა ხოლმე ცნობები პარტიის ზოგიერთი წევრის კავშირებზე ნეონაცისტებთან, პარტიის წევრების უსაქციელობაზე, მათ კავშირებზე რუსეთთან. ავსტრიას ევროკავშირის სანქციებიც კი დაუწესეს, როცა FPÖ მთავრობაში მოხვდა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
მაგრამ პარტია ვერაფერმა შეაჩერა.
და იგივე შეიძლება ითქვას მის მონათესავე პარტიებზე მთელს ევროპაში. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ისეთი რამ, რაც შტრახეს გადახდა, არ მოსვლიათ, მაგალითად, საფრანგეთის მემარჯვენე-რადიკალ ლიდერ მარინ ლე პენს, შტრახეს იტალიელ მეგობარ მატეო სალვინის ან ბრექსიტის მებაირახტრე ნაიჯელ ფარაჟს, თუმცა სკანდალები ადრეც ბევრი იყო და უკანასკნელ წლებშიც. მაგრამ ეს ტრიო ამჟამად მზად არის თავ-თავიანთ ქვეყნებში მოწინავე პოზიციებისთვის საბრძოლველად ევროპარლამენტის არჩევნებში. და ჩვენ ვლაპარაკობთ ევროკავშირის ოთხი უდიდესი წევრი ქვეყნიდან სამზე.
ავსტრიის ინციდენტი ალბათ ვერ შეანელებს პოპულისტურ ტალღას, რომელიც, როგორც ჩანს, გადაუვლის ბრიუსელსა და სტრასბურგს ამ კვირის ბოლოს. ამის უპირველესი მიზეზი ისაა, რომ პოლიტიკა საერთოდ ადგილობრივ, ევროპის შემთხვევაში კი - სახელმწიფოს დონეს ეხება. და რაც ვენაში მოხდა გასულ კვირაში, საბოლოოდ დიდი გავლენა არ ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საარჩევნო პროცესზე. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი შეიძლება დავინახოთ თავად შტრახეს სიტყვებში, როცა ის ამ პრობლემაზე ლაპარაკობდა. მისი თქმით, ეს იყო „ბინძური კამპანია“ მის წინააღმდეგ და „მიზანმიმართული პოლიტიკური მკვლელობა“.
მისი მომხრეებიდან ბევრს სჯერა მისი. მათი აზრით, შტრახეს დაცემის უკან „ისტებლიშმენტი“ დგას. ასე რომ, როცა მედია და პოლიტიკური ისტებლიშმენტი გახარებული ზეიმობს და მღერის ივისის ინციდენტზე, ეს მხოლოდ სიმტკიცეს მატებს მათ ოპონენტებს.