პარტიაში შექმნილმა კრიზისმა ერთ კაცს ათქმევინა - ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკანო.
ეს კაცი დაუმარხავი წევს მოსკოვის შუაგულში და თავისი მდგომარეობით რაღაცნაირად ეხმიანება ჩვენს რეალობასაც, რომელიც სავსეა დაუმარხავი პოლიტიკური გვამებით, თითქოს რომ წავიდნენ, მაგრამ მაინც სულ აქვე რომ არიან და გვიწამლავენ ცხოვრებას აგერ უკვე 30 წელია, მათ შორის, გვიწამლავენ წინ და უკან გადადგმული ნაბიჯებით.
სულ ახლახან ვნახეთ, უბოდიშოდ გასტუმრებული პრემიერ-მინისტრი როგორ დაბრუნდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, მერე ვნახეთ ასევე უცერემონიოდ გასტუმრებული განათლების მინისტრი, რომელიც ასევე დაბრუნდა განათლების მინისტრის თანამდებობაზე... ცხადია, ორივე შემთხვევას შეგვიძლია მოვარგოთ ფორმულა „ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“, მაგრამ ნაბიჯების უკან გადადგმის ნამდვილ მასტერკლასს ვუყურებთ ახლა, როცა საპარლამენტო უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ბლოკავენ.
რა ამის პასუხია და, ვინ იცის, „ქართული ოცნების“ შემხედვარე, მერამდენედ იცვალა მხარი ლენინმა იმ თავის ფორმალინიან აბაზანაში?!
გვახსოვს, როცა ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების პასუხად განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართებაო, მმართველი პარტიის ლიდერებმა დემოკრატიულ გარღვევასა და უზარმაზარ წინ გადადგმულ ნაბიჯზე დაიწყეს საუბარი, ნაბიჯზე, რომლის გადადგმაც ვერავინ შეძლო თვინიერ ბიძინა ივანიშვილისა! ახლა კი რა გამოდის, ბიძინა ივანიშვილის აღმა ხნული ხუნდაძემ და შიოლაშვილმა დაღმა ფარცხეს?!
ძველებს გვახსოვს, რომ პარტია იყო საბჭოთა საზოგადოების ხელმძღვანელი და წარმმართველი ძალა. ბიძინა ივანიშვილმაც მოინდომა ამგვარი მოცემულობის აღდგენა და, გარკვეულწილად, (თავისებურად) გამოუვიდა კიდეც, რადგან დღეს პოლიტიკა არც მთავრობაში კეთდება და არც - პარლამენტში, პოლიტიკას ერთი კაცი - მმართველი პარტიის ლიდერი აკეთებს. შესაბამისად, რაც ახლა ხდება - ნაბიჯის უკან გადადგმის მცდელობა - მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის ამბავია.
ვხედავთ, როგორ ეპყრობა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს, როგორ ეპყრობა ბიზნესს, რომელიც სათანადოდ ლოიალური არ არის. მხოლოდ ბრიყვი თუ დაიჯერებს, რომ შევარდნაძის მთავრობის წევრი და მრავალი წლის განმავლობაში ბიზნესის წარმატებულად მკეთებელი ვანო ჩხარტიშვილი უმწიკვლოა კანონის წინაშე, ხოლო მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სისხლის სამართლის გამოუსწორებელი დამნაშავეები არიან. ცხადია, არაფერი უშლის ხელს ბატონ ბიძინას, პარტიის შიგნითაც გამოიყენოს იგივე მეთოდები. განა, ვინმემ გააუქმა კიდევ ერთი საბჭოთა ფორმულა - მთავარია, ადამიანი იყოს, თორემ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი ყოველთვის მოიძებნებაო?!
ვინ დაიჯერებს, რომ კახეთის ყოფილი გუბერნატორი და „ოცნების“ პარტიული აქტივისტი გულწრფელად და თავგანწირვით ეწინააღმდეგება ბიძინა ივანიშვილს, რომ მზად არის ოპოზიციის ლიდერების ბედი გაიზიაროს და უარი თქვას ხელისუფლების ნაწილად ყოფნაზე. არადა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ მათი თანაპარტიელების პროტესტი გულწრფელი და შეუთანხმებელია.
როგორ გაბედეს?
შესაძლოა, არწმუნებენ ბატონ ბიძინას, რომ უპირველეს ყოვლისა მის ინტერესებშია შერეული სისტემის და, შესაბამისად, ძალაუფლების შენარჩუნება და, რომ უფსკრულის პირზე ნაბიჯის წინ გადადგმა პროგრესის კი არა, უგუნურების მაჩვენებელია, რასაც, ალბათ, ბიძინა ივანიშვილიც ეთანხმება შინაგანად. კოლექტიური დიმიტრი ხუნდაძე ხომ ბიძინა ივანიშვილის ერთგვარი ალტერ ეგოა, რომელიც, რა გასაკვირია, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს გასასრესად არ ემეტება.
შესაძლოა, მაჟორიტარების ეს „აჯანყება“ „ქართული ოცნების“ ბოლოჟამის ერთ-ერთი ნიშანია. ყველას გვახსოვს ცუდად მართული „მართვადი ქაოსი“ შევარდნაძის მმართველობის მიმწუხრში, როცა მსოფლიო დონის პოლიტიკოსს თავისივე მთავრების წევრები, გუბერნატორები და პარტიის ცალკეული წევრები არ ემორჩილებოდნენ.
მართვის თვალსაზრისით, შესაძლოა, მსუბუქი ქაოსი ეკონომიკაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში ხელს აძლევდეს კიდეც ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ქაოსი საკუთარ პარტიაში?
ეს აშკარად კრიზისია, რომელსაც ლენინი ბროშურით („ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“) უპასუხებდა, მაგრამ ვიცით, რომ არც ბიძინა ივანიშვილია ბროშურის დამწერი და არც კოლექტიური დიმიტრი ხუნდაძეა იული მარტოვი. ყველანი „ქართული ოცნების“ ძირძველი წევრები არიან და, ეჭვი არავის შეეპაროს, რამეს მოიფიქრებენ საკუთარი სარგებლისა და ინტერესების დასაბალანსებლად.