Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2019

ბოლო წლებში ბევრ ანალიტიკოსს უჩნდებოდა ცდუნება, ნეკროლოგი დაეწერა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე. მათი არგუმენტები მესმოდა, თუმცა ამ ცდუნებას ყოველთვის წინააღმდეგობას ვუწევდი ხოლმე. მაგრამ ახლა ბრიუსელში ორი ამბავი მოხდა, რამაც მაიძულა პოზიცია შემეცვალა.

დიახ, მართალია - ბლოკის გაფართოების პოლიტიკა ახლა ნამდვილად უსიცოცხლო ჩანს და, სავარაუდოდ, ასეთად დარჩება დიდი ხნის განმავლობაში.

დავაკვირდეთ, რა მოხდა ბელგიის დედაქალაქში 17-18 ოქტომბერს გამართულ ევროკავშირის სამიტზე, რომელშიც სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ბრექსიტის ახალი შეთანხმება, რომელსაც ბრიტანეთისა და ევროკავშირის მომლაპარაკებლებმა სამიტის დღის დილით მიაღწიეს და რომელიც ევროკავშირის ლიდერებს იმავე დღის შუადღისთვის უკვე დამტკიცებული ჰქონდათ. კიდევ ერთი საკითხი იყო საფრანგეთის კატეგორიული უარი, მწვანე შუქი აენთო ევროკავშირში გასაწევრიანებელი ოფიციალური მოლაპარაკების დაწყებაზე ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის - ლიდერებს შორის ამ საკითხზე მსჯელობა დიდხანს გაგრძელდა და დილის 2:30-ზე დასრულდა, წერილობითი დასკვნის გარეშე, მაგრამ ბევრი მწარე სიტყვის თანხლებით.

ჯერ რაც შეეხება ბრექსიტს. კვლავაც გაურკვეველია, ის ახლო მომავალში თუ განხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, პროცესის დასრულებას თვის ბოლომდე იმედოვნებს. იკვეთება, რომ ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს თანდათან მოყირჭდათ ლონდონთან ეს გაურკვევლობა. მოლაპარაკების ამ ბოლო რაუნდის დროს ბრიუსელმა თავისი ორი წითელი ხაზის გადაკვეთა დაუშვა: ბრიტანეთის გასვლის შესახებ წინა შეთანხმება კვლავ დაუქვემდებარა მოლაპარაკებას და დათანხმდა ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის ორმხრივ მოლაპარაკებაზე. ამ კომპრომისებზე წასვლა მოწმობს, რომ ევროკავშირს უკვე ძალიან უნდა, ბრექსიტის დავიდარაბა უკან მოიტოვოს და 27-წევრიან ბლოკად გააგრძელოს არსებობა.

მაგრამ ეს 27-წევრიანი ევროკავშირი ფუნდამენტურად განსხვავებული კლუბი იქნება, რაც, შესაძლოა, არც ისეთი დადებითი ამბავი იყოს ევროკავშირის სამეზობლოსთვის. კი, ბრიტანეთი რთული მოთამაშე იყო და ხშირად ეჭირა თვალი კარისკენ, მაგრამ, ამავე დროს, ის ყველაზე ინტერნაციონალისტურად იყო განწყობილი ევროკავშირის ყველა წევრს შორის. სწორედ ბრიტანეთმა, ტონი ბლერის პრემიერობის პერიოდში, დაიცვა 2004 და 2007 წლების გაფართოების ტალღები, რომლებმაც ერთ დროს აღმოსავლეთის ბლოკის ათი სახელმწიფო გააერთიანა ევროკავშირში. ბლერის შემდგომი პრემიერ-მინისტრები, შესაძლოა, ისეთივე ენთუზიაზმით აღარ გამოირჩეოდნენ, რადგან ახალი წევრი ქვეყნებიდან მილიონობით ადამიანი მიაწყდა ბრიტანეთს სამუშაოს ძებნაში, მაგრამ ლონდონი მაინც ყოველთვის ინარჩუნებდა ღია კარის პოლიტიკას ახალი წევრებისთვის, რაც ხშირად უკმაყოფილებას იწვევდა სხვა წევრებს შორის, რომლებიც კერძო საუბრებში ჩიოდნენ, რომ ბრიტანეთი ამ პოლიტიკით ბლოკს უმართავს ხდიდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჭეშმარიტად ევროპული სტილის ირონიაა ის, რომ ევროკავშირს სწორედ ბრიტანეთი ტოვებს, მაშინ როცა მას ახლა გაცილებით მეტი მოკავშირე ჰყავს ბლოკში. ევროკავშირი, დიდწილად, ფრანკოფონური საზოგადოებიდან გარდაქმნილია კავშირად, რომელშიც ინგლისური ენაა უპირველესი საკომუნიკაციო ფორმა.

ამ ჩაკეტილი, საკუთარი წიაღისკენ მიმართული მზერის ნათელი მაგალითი მყისიერად გაჩნდა, როცა საფრანგეთმა, უკვე მესამედ 16 თვის განმავლობაში, ტირანა და სკოპიე დაბლოკა. ამჯერად ეს უმაღლეს დონეზე მოხდა. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რომ სხვა ლიდერებმა ამას ისტორიული მასშტაბის შეცდომა უწოდეს და გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ ამით ევროკავშირის სანდოობა დგებოდა საფრთხის ქვეშ, აღნიშნეს, რომ ევროპის კომისიის წარმომადგენლებმა თავიანთ ანგარიშებში ორჯერ აქეს და ადიდეს დასავლეთ ბალკანეთის ამ ორ სახელმწიფოში გატარებული რეფორმები. პარიზი ვერც მაკედონიის მიერ სახელის შეცვლამ გადაარწმუნა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთს რამდენიმე არგუმენტი მოჰქონდა ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის წინააღმდეგ. ის ჯერ ამბობდა, რომ ევროკავშირს არ ჰქონდა ახალი წევრების მიღების შესაძლებლობა, თუმცა ყველამ იცის, რომ საქმე ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკების დაწყებას და ამ ქვეყნების ბლოკში რეალურ გაწევრიანებას ყველა შემთხვევაში მრავალი წელი დასჭირდებოდა. შემდეგ აცხადებდა, რომ ურთიერთობები ევროკავშირის შიგნით უნდა გაღრმავებულიყო, გარეთ გაფართოების ნაცვლად - არადა, ისტორია აჩვენებს, რომ ეს ორი პროცესი ერთდროულად შეიძლება განვითარდეს (მაგალითად, ამ საუკუნის დასაწყისში ევროკავშირმა ფულის ერთეულად ევრო შემოიღო და, ამავე დროს, აღმოსავლეთით გაფართოვდა). ბოლოს კი საფრანგეთმა წამოაყენა იდეა, რომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოლაპარაკება ახალ მეთოდოლოგიას უნდა დაეყრდნოს, სანამ პარიზი თანხმობას იტყოდეს. მკაფიოდ არავინ იცის, როგორი უნდა იყოს ეს მეთოდოლოგია, მაგრამ ევროკავშირის კომისია გაზაფხულზე ახალ ანგარიშს წარმოადგენს და, შესაძლოა, ევროკავშირიც კიდევ ერთხელ შეიკრიბოს ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მომავლის გადასაწყვეტად.

მთვარი საკითხი ისაა, საქმე უკვე გაფუჭებული ხომ არ არის. იმ დროისთვის ჩრდილოეთ მაკედონიას, შესაძლოა, ახალი მთავრობა ჰყავდეს, რომელიც აღარ იქნება ასეთივე ენთუზიაზმით განწყობილი ევროკავშირის მიმართ. ამასთან, შექმნილი ვითარება ერთგვარი გზავნილია მონტენეგროსა და სერბიისთვის - ევროკავშირთან მათი მოლაპარაკება კუს ნაბიჯებით მიიწევს წინ და ამ სიტუაციიდან ჩანს, რომ ის, სავარაუდოდ, არც აჩქარდება. არსებული სიტუაცია ბრიუსელს აკარგვინებს გავლენის ბერკეტებს ბოსნიაზეც, რათა იქ შიდაპოლიტიკური ვითარება დალაგდეს. გაწევრიანების „თაფლაკვერი“ უკვე არარეალისტურ პერსპექტივად იქცევა და ამით ევროკავშირი ნაკლებად უნარიანი ხდება პრიშტინასა და ბელგრადს შორის მოლაპარაკების გამართვის საქმეშიც.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სირთულეებს ხედავენ იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას შორეულ ოცნებად აღიქვამენ - მაგალითად, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლისთვის ევროკავშირი გაფართოების ნაცვლად, პირიქით, შეიკვეცება. გაფართოების პოლიტიკა მკვდარია, თანაც ახლო მომავალში გაცოცხლების პერსპექტივის გარეშე.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს.

წიგნის ყიდვა არ არის სახუმარო ამბავი!

გრიგოლ ორბელიანის წერილების საყოველთაოდ ცნობილი ორტომეული, აკაკი გაწერელიას რედაქციით და ლადო გრიგოლიას გაფორმებით, 1936-1937 წლებში გამოიცა. თავიდან სამ ტომად ყოფილა ჩაფიქრებული, მაგრამ მკვლევარმა 1859 წლით ანუ მეორე ტომით დაამთავრა "წერილების" გამოცემა.

ორბელიანის ეს "ბარათები" სავსეა XIX საუკუნის თბილისის ყოფის სურათებითა და ცოცხალი ქალაქური ლექსიკით. სამართლიანად შენიშნავდა გამოცემის რედაქტორი, ორბელიანის წერილები უფრო ცხოვრების დოკუმენტებია, ვიდრე პროფესიონალი მწერლის ბარათებიო; წერილები სავსეა ლექსიკური რუსიციზმებით და ვულგარული გამოთქმებითაც კი, მაგრამ საინტერესოა იმით, რომ ააშკარავებს უაღრესად საინტერესო ეპიზოდებით მდიდარ ცხოვრებასო.

II ტომი (გახუნებული და ამოძენძილი ყდით), 1937-ში გამოცემული, თითქმის 20 წელია მაქვს, I კი, რომელმაც დღის სინათლე ერთი წლით ადრე, 1936-ში იხილა, ვერაფრით მოვიხელთე.

დროთა განმავლობაში, შევეგუე, რომ არ იშოვებოდა და ძებნასაც შევეშვი. რამდენჯერმე, როცა დამჭირდა, საჯაროში მივაკითხე... მაგრამ, მოულოდნელად, ორიოდე დღის წინ, 51-ე სკოლასთან, უზარმაზარი თარო-კედლით, ბუკინისტები გამოჩნდნენ! ამჯერად გამიმართლა. პირველივე ცდაზე ამოვიღე. ფოტოზეც ჩანს, II ტომზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია. ფასიც, უფრო იაფი, წარმოუდგენელია: 2 ლარი!

I ტომი 1832-1850 წლებს მოცავს, სულ 157 ცალ წერილს, ცხადია, განსხვავებული შინაარსისა და ემოციისას... მაგრამ ერთი მაინც ყველასგან გამორჩეულია. "პახოდში" მყოფი გრიგოლი საყვედურით წერს ძმა ილიას, რომელიც ასევე ხანგრძლივ "პახოდშია":

გრიგოლ ორბელიანი
გრიგოლ ორბელიანი

"ჩემო ილიკო! არ ვიცი რა უნდა ვჰქნა მე, რომ ხანდახან შენი წიგნი მომივიდეს? სწორედ გითხრა ვერა მომიფიქრებია რა მე ისეთი, რომელმანცა ძალად აგაღებინოს კლამი ჩემდა მოსაწერად. - აღარა გყვედრი ამისათვის, და აღარცა ვწუხვარ შენის ჩემდამი უზრუნველობისათვის; მაგრამ დროსა მოაქუს ერთი შემთხვევა, რომლისა ცნობა ჩემთვის საჭირო არის ისე, როგორც შენთვის, მაგალითებრ - ოჯახის მდგომარეობის ცნობას დავეხსნათ, თავის დღეში არ მოგიწერია - ტატოს ამბავი, ჩემი გულით საყვარელის ტატოს ამბავი მომწერე, ცოცხალია თუ მკვდარი? - უცნობლობა მკლავს; შენ მიხაკოსთვის მოგეწერა ტატოს უიმედოდ ავათმყოფობა, ამანაც წიგნი არ მაჩვენა, ისე ზეპირათ მითხრა, მაგრამ ასე მითხრა, რომ თითქმის მკვდარი უნდა იყოს. - ახრ ეს დამალვა რა არის? - თუ მიხაკოს სწერ, მე რაღა ვარ? - აქაურმა ცხოვრებამ, ძაღლის ცხოვრებამ და ამ უცნობლობამ ტატოსათვის მე ავათ გამხადეს; ეს ექუსი დღეა ვწევარ გარიაჩკითა მიხაკოსთან. - თუ ხატი გწამს, მომწერე ტატოს ამბავი სასწრაფოებით და მასუკან - რადგან შენთვის დიდი შრომაა - ნუღარ მოიწერები, იყავ შენთვის მშვიდობიანად. - შენი ძმა გრიგოლი. 12 ნოებმერს თემირხანშურით."

12 ნოემბერიო... ნიკოლოზ ბარათაშვილი ამ დროს სამი კვირის გარდაცვლილია და წევს განჯაში, ეკლესიის გალავანში გათხრილ საფლავში.

ეს ის ილიაა, შამილს რომ ჰყავდა ტყვედ (მოგვიანებით რუსულად აღწერს ამ ამბავს) და დისშვილ ნიკოლოზ ბარათაშვილს "მერანი" რომ დააწერინა... მალევე გარდაიცვლება 38 წლის გენერალი ილია ორბელიანიც ბაშკადიკლართან ბრძოლაში მიღებული ჭრილობით და დასაფლავდება ქაშუეთის ეკლესიაში, გულზე ახალშობილი ვაჟის ცხედარით.

ორი სიტყვა ვთქვათ I ტომის წიგნის სატიტულე და სხვა გვერდებიდან ამოშლილ, უფრო ზუსტად, შავი მელნით დაფარულ ადგილებზე. ასეთი "შავი ლაქა" სულ სამ ადგილას გვხება. მათ შორის სარჩევში, „წინასიტყვაობის“ გასწვრივ. თვითონ ათგვერდიანი წინასიტყვაობა (v-xv გვერდები) ფაქიზადაა ამოჭრილი. ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის დახმარებით არ გაგვიჭირდა შეგვეტყო, რომ წინასიტყვაობის ავტორი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის დირექტორის მოადგილე, კოტე გორდელაძეა, რომელიც ნაციონალ-უკლონისტობისა და ტროცკისტობის ბრალდებით ჯერ დააპატიმრეს (1936 წლის 21 აგვისტო), შემდეგ კი დახვრიტეს 1937 წლის 26 ივნისს.

კოტე გორდელაძე
კოტე გორდელაძე

...მოკლედ, „ცენზორმა“ გულმოდგინებ იმუშავა შავი მელნით, მაგრამ ერთგან მაინც გაეპარა (არ მგონია, მელანი გამოლეოდა) "გრ. ორბელიანის წერილების" წინასიტყვაობის ავტორისა და „ხალხის მტრის“ გვარი. წიგნის 25-ე გვერდზე ვკითხულობთ:

„გულითად მადლობას მოვახსენებ იმ პირთ, რომლებმაც ხელი შემიწყვეს წერილების გამოქვეყნების საქმეში: პოეტ ნ. მიწიშვილს, ლ. გასვიანს, . გორდელაძეს და შ. რადიანს, საქ. მუზეუმის თანამშრომელს გ. ბოჭორიძეს და ჩემ მეგობარს ალ. ლორდელს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი შრომა აქვს გაწეული ამ წიგნზე.“

კოტე გორდელაძეზე უკვე ვთქვით. ნიკოლო მიწიშვილის ამბავიც საყოველთაოდაა ცნობილი. დახვრიტეს 1937 წელს.

სტალინიზმი - დახვრეტა, გადასახლება...
please wait

No media source currently available

0:00 0:04:07 0:00

ლიდია გასვიანი - სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორის მოადგილე (დრამატული ბიოგრაფიის ქალი) - დახვრიტეს 1937 წელს.

ლიდია გასვიანი
ლიდია გასვიანი

გიორგი ბოჭორიძე - დააპატიმრეს 1937 წელს. მეტეხის ციხეში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, 1939 წელს მოკლეს თანასაკნელება ეტაპით გადაყვანისას დაბა გუდერმესთან.

ალექსანდრე ლორდელი - დახვრიტეს 1937 წელს...

პროფესორმა შალვა რადიანმა 1977 წლამდე იცხოვრა... მათ შორის იცხოვრა ვერის დაღმართზე, იმ ცნობილ სახლში, სადაც მეუღლესთან, ქეთევან ირემაძესთან ერთად შეასახლეს მიხელ ჯავახიშვილის ბინაში 1937 წელს. ბევრისთვის მოულოდნელად იშვიათი ადამიანობა გამოუჩენიათ დახვრეტილი კოლეგის მემკვიდრეობის გადარჩენასა და ოჯახზე ზრუნვაში, რასაც, წლების შემდეგ, მადლიერებით გაიხსებებს მოგონებების წიგნში მიხ. ჯავახიშვილის ქალიშვილი რუსუდანი. მეტიც, როდესაც 1945 წელს ძუძუს კიბოთი გარდაიცვლება შალვას მეუღლე, ქეთევან ირემაძე - 33 წლის ულამაზესი და უნიჭიერესი მთარგმნელი - რადიანები და ჯავახიშვილები ერთად დაიტირებენ ძვირფას ადამიანს...

მოკლედ სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა გუშინწინ შეძენილ წიგნზე. მოულოდნელად ვრცელი და სევდიანი ამბავი გამოვიდა, თუმცა რაღა მოულოდნელად, ხომ ვთქვით, წიგნის ყიდვა არ არის სახუმარო ამბავი!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG