Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017

1941 წლის ივლისის ბოლოს, ერთი კვირის განმავლობაში, ლუფტვაფეს მფრინავები, მთელი აღმოსავლეთ ფრონტის პერიმეტრზე, ასეულობით ათასი წითელარმიელის თავზე ჩამოყრიან 14 მილიონ პროკლამაციას. მის ერთ მხარეს იქნება სამი ფოტო. ფოტოების თავზე რუსულად იქნება დაწერილი: „იცნობთამ ადამიანს?“. ფურცლის მეორე მხარეს იქნება დაბეჭდილი ტექსტი:

ეს მე ვარ, იაკობ ჯუღაშვილი, სტალინის უფროსი შვილი. მე-14 ჯავშნოსანი დივიზიის მე-14 პოლკის საარტილერიო ბატარეის მეთაური, ათასობით სხვა ოფიცერთან და ჯარისკაცთან ერთად 16 ივლისს ვიტებსკის სიახლოვეს ტყვედ ჩავბარდი გერმანელებს“.

სტალინის შვილის ამ „მოწოდებას“ შემდეგ უკვე მოსდევდა ვერმახტის სარდლობის მიმართვა:

„სტალინის ბრძანებით, ტიმოშენკო და კომისრები თქვენ გასწავლიან, რომ ბოლშევიკები ტყვედ არ ბარდებიან. მაგრამ აქ წითელარმიელები განუწყვეტლივ ბარდებიან ტყვედ. იმ მიზნით, რომ თქვენ დაგაშინოთ, კომისრები თქვენ გატყუებენ თითქოს და გერმანელები ცუდად ექცევიან ტყვეებს.

სტალინის შვილმა თავისი პირადი მაგალითით აჩვენა, რომ ეს სრული სიცრუეა.

(...) მისდიეთ მის მაგალითს: ის ცოცხალია და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. რატომ უნდა წახვიდეთ უაზრო მსხვერპლზე ან სიკვდილზე, როცა თვით თქვენი მხედართმთავრის შვილი ჩაგვბარდა ტყვედ?!

თქვენც გადმოდით ჩვენს მხარეს!“ (ტექსტის პუნქტუაცია დაცულია - ლ.ო.)

სულ ქვევით პატარა შრიფტით უკვე ორ ენაზე, რუსულად და გერმანულად, ეწერა, რომ ეს სააგიტაციო ფურცელი წარმოადგენს გერმანელების მხარეს გადასასვლელ საშვს წითელარმიელებისათვის.

20 ივლისს, როცა წითელი არმიის სარდლობისათვის სტალინის ვაჟის გაქრობა გახდება ცნობილი, გენერალ ჟუკოვის ბრძანებით შეიქმნება სამძებრო ჯგუფი. 21 ივლისს ეს ჯგუფი მოიძიებს მე-14 ჯავშნოსანი დივიზიიდან გადარჩენილ ვინმე პოპურიდს. „ჩვენ ერთად დავმარხეთ მიწაში ჩვენი საბუთები და გადავიცვით სამოქალაქო ტანსაცმელი. როდესაც ტბის ნაპირთან მივედით, ამხანაგმა ჯუღაშვილმა განმიცხადა, რომ ის იქ დაისვენებდა ცოტას. მე კი გზა მარტო გავაგრძელე“ - დაწერს ჩვენებაში პოპურიდი.

25 ივლისს, კრემლის მიერ პროკლამაციის აღმოჩენის შემდეგ, უკვე სტალინის ბრძანებით იქნება გაგზავნილი ნკვდ-ს ჯგუფი ლეიტენანტ ჯუღაშვილის მოსაძებნად. ეს მისიაც უშედეგოდ ჩაივლის. დარწმუნებული იმაში, რომ საკუთარი შვილი მტერს ჩაბარდა ტყვედ, სტალინი იაკობს სამშობლოს ღალატში დაადანაშაულებს და მისი მეუღლის დაპატიმრების ბრძანებას გასცემს (იულია მელცერს მხოლოდ 1943 წლის გაზაფხულზე გამოუშვებენ ციხიდან).

იაკობ ჯუღაშვილის მე-14 ჯავშნოსანი დივიზია, რომელიც მე-7 მექანიზირებული კორპუსის ნაწილი იყო, წითელი არმიის ერთ-ერთ საუკეთესო შენაერთად ითვლებოდა. ამ კორპუსის რეალური მდგომარეობა ნათელ წარმოდგენას იძლევა, თუ რა მდგომარეობაში იყო წითელი არმია 1941 წლის ზაფხულში: კორპუსის 959 ტანკიდან მხოლოდ 12% იყო თანამედროვე (Т-34 და КВ). ამ შენაერთის დაკომპლექტებას აკლდა 300 უმცროსი ოფიცერი, 800 სერჟანტი და ორი მესამედი სატვირთო მანქანებისა. ომის დაწყების შემდეგ ეს კორპუსი გადაცემული იქნება მეოცე არმიას, რომლის მისიაც სმოლენსკის დაცვა იყო. მოსკოვიდან გადასროლილია და ჯერ კიდევ გზაში მყოფი, კორპუსი მექანიკური პრობლემების გამო უბრძოლველად დაკარგავს 381 ტანკს! 7 ივლისს, დარჩენილი ტანკების და საწვავის დეფიციტის პირობებში, მე-14 დივიზია განახორციელებს შეტევას გერმანიის ჯარის მე-7 სატანკო დივიზიაზე, რომელიც ვერმახტის ერთ-ერთი საუკეთესო სატანკო შენაერთი გახლდათ. რამდენიმე საათში გერმანელები გაუნახევრებენ ტანკებს მე-14 დივიზიას. ერთი კვირის შემდეგ კი საბოლოოდ ბოლოს მოუღებენ ამ დივიზიის ნაშთებს.

დივიზიის ამ მძიმე ბრძოლების დროს იაკობ ჯუღაშვილი ძალიან კარგად წარმოაჩენს თავს. იგი უარს განაცხადებს შტაბის ოფიცრებთან ერთად მანქანით გაქცევაზე და დარჩება თავისი ბატარეის სამხედროებთან ერთად. 16 ივლისს, ორდღიანი ხეტიალის შემდეგ (მას შემდეგ რაც მას სავარაუდოდ ადგილობრივი გლეხები დაასმენენ), ჯუღაშვილს გერმანელები დაატყვევებენ ლიოზნოს სიახლოვეს.

ჯუღაშვილის პიროვნების ვინაობა ძალიან მალე გამოაშკარავდება. ამის შემდეგ გერმანელები სტალინის შვილს დასაკითხად ბორისოვოში გადაიყვანენ, სადაც არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ შტაბი მდებარეობდა. იაკობ ჯუღაშვილის დაკითხვას სამი ოფიცერი: ერთი არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ შტაბის სადაზვერვო გაყოფილებიდან, ერთი რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოდან და ერთიც - ლუფტვაფეს პროპაგანდის ბიუროდან.

დაკითხვის შემდეგ იაკობ ჯუღაშვილს გაამწესებენ ბერლინის სასტუმრო ადლონში. მაგრან ვინაიდან გერმანელები ძალიან სწრაფად დარწმუნდებიან, რომ იაკობი კოლაბორაციაზე არასდროს დათანხმდებოდა, სტალინის ვაჟი ჯერ გადაყვანილი იქნება ჰამელბურგის ოფიცერთა ბანაკში, შემდეგ კი საქსენჰაუზის კონცენტრაციულ ბანაკში, სადაც, 1943 წლის 14 აპრილს იაკობი თავს მოიკლავს - იგი აიძულებს ბანაკის დაცვას, რომ მისთვის ესროლათ.

იაკობ ჯუღაშვილის დაკითხვის ტექსტი იქნება მოძიებული საბჭოთა დაზვერვის მიერ 1946 წელს ლუფტვაფეს არქივში. იგი ისტორიკოსებისათვის მისაწვდომი პერესტროიკის შემდეგ გახდება. (დაკითხვის ეს გრძელი ოქმი ძალზედ საინტერესო და მრავლისმთქმელია: ეს დოკუმენტი კარგ წარმოდგენას გვაძლევს როგორც იაკობ ჯუღაშვილის პიროვნებაზე, ისე ჰიტლერის სადაზვერვო სამსახურის პროფესიონალიზმზე).

ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა კავშირში ბევრი ჭორი ცირკულირებდა იაკობ ჯუღაშვილის ბედის გარშემო. ერთ-ერთი ვერსიით, ჯუღაშვილი 1943 წელს გერმანელების მიერ გადაყვანილ იქნა იტალიის ერთ-ერთ სამხედრო ტყვეთა ბანაკში, საიდანაც სტალინის ვაჟს ადგილობრივი პარტიზანები გამოიხსნიან. ამ ლეგენდის თანახმად, პატიმრობიდან განთავისუფლებული ჯუღაშვილი, კაპიტან მონტის ფსევდონიმით, სათავეში ჩაუდგება პარტიზანების ჯგუფს (აბა სხვანაირად როგორ იზამდა სტალინის შვილი?!) და გმირულად იბრძოლებს გერმანელების წინააღმდეგ. შემდეგ შეუყვარდება შავთვალება ადგილობრივი ლამაზმანი სახელად პაოლა, რომლისგანაც მალე ვაჟი, სახელად ჯორჯო, ეყოლება. სკეპტიკოსების დასარწმუნებლად ამ ვერსიის ადეპტები იტალიურ სოფელსაც კი ასახელებდნენ, - რეფრონტოლს ვენეციის რეგიონში, - სადაც ომის შემდეგ ცხოვრობდა კაპიტანი მონტი-ჯუღაშვილი.

თუ ერთი ლეგენდა ქვევიდან, „ხალხის წიაღიდან“ მოდის, მეორე ლეგენდა სავარაუდოდ კრემლში იღებს სათავეს. ამ მეორე ლეგენდის მიხედვით ჰიტლერს შეუთავაზებია სტალინისთვის ფრიდრიხ პაულუსის იაკობში გაცვლა, რაზეც სტალინს ქედმაღლურად უპასუხია, რომ ჯარისკაცში ფელდმარშალს არ გაცვლის (თუმცა იაკობი ლეიტენანტი იყო და არა ჯარისკაცი).

სინამდვილეში ჰიტლერს არასდროს არ მოსვლია თავში მარშალ პაულუსის ტყვეობიდან გამოხსნა. მეტიც, ჰიტლერი ალყაშემორტყმულ სტალინგრადში პაულუსისთვის მარშლის წოდების მინიჭებას მაშინ განიზრახავს (1943 წლის 30-დან 31 იანვრის ღამეს), როცა გაიგებს, რომ მისი გენერალი მტრისთვის ჩაბარების გადაწყვეტილებას მიიღებს. ფელდმარშლის წოდების მიცემით ჰიტლერი იმედოვნებდა, რომ პაულუსი თავს მოიკლავდა და მტრისთვის ჩაბარებაზე უარს იტყოდა. განრისხებული, რომ პაულუსი თვითმკვლელობას ტყვედ ჩაბარებას ამჯობინებს, ჰიტლერი გამოაცხადებს, რომ მეტი არც ერთ თავის გენერალს არ მისცემდა ფელდმარშლის კვერთხს. თუმცა ამ დანაპირებს 1944 წელს დაარღვევს, როცა ვალტერ მოდელს (ვერმახტის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და ამასთანავე ერთ-ერთ ყველაზე ნაცისტ გენერალს), მარშლის კვერთხს გადასცემს.

სტალინი (რომელიც ყოველთვის ყველას და ყველაფერს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებდა) საკუთარი შვილის ტრაგიკულ ბედსაც რომ პოლიტიკურ იარაღად აქცევდა, ამაში არაფერია გასაკვირი. ერთი კითხვა, რომელიც რჩება, ისაა, თუ რატომ ჩამოაქვეითა სტალინმა ამ მითში ლეიტენანტი ჯუღაშვილი ჯარისკაც ჯუღაშვილამდე... მითის დრამატიზების მიზნით თუ უბრალო გულმავიწყობით?

1944 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული 1945 წლის მაისამდე 7 მილიონ გერმანელს მოუწევს წითელი არმიის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაქცევა. 1945-1948 წლებში ამ 7 მილიონი ლტოლვილის განდევნას მოჰყვება პოტსდამის კონფერენციაზე (1945 წლის ივლისი-აგვისტო) მოკავშირეების გადაწყვეტილება, რომ კიდევ 5 მილიონი ეთნიკური გერმანელი იქნეს განდევნილი უნგრეთიდან, ჩეხოსვლოვაკიიდან, რუმინეთიდან და იუგოსლავიიდან, ანუ ტერიტორიებიდან, სადაც ისინი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა ეთნიკური წმენდისა მიღებული საერთაშორისო დონეზე (პოტსდამის კონფერენციამდე არსებობდა ეთნიკური უმცირესობების გაცვლა-გამოცვლა ორმხრივი შეთანხმების შედეგად, როგორც, მაგალითად, 1913 წელს თურქეთსა და ბულგარეთს, ან 1923 წელს თურქეთსა და საბერძნეთს შორის).

ასე იქცევა 1945-1948 წლებში 12 მილიონი გერმანელი ლტოლვილად. ამ ეთნიკურ წმენდას ხშირად თან ახლდა ეთნიკური გერმანელების ხოცვა-ჟლეტა მათი თანამემამულეების მიერ: მაგალითად, 1945 წლის ივლისში ჩეხეთის ქალაქ უსტი-ნად-ლაბემში სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 2 700 გერმანულენოვანი ჩეხი იქნა მოკლული მათი მეზობელ სლავ თანამემამულეების მიერ. სულ 1944-1948 წწ-ში, 2 მილიონამდე ეთნიკური გერმანელი დაიღუპება ამ „ბიბლიური გამოსვლის“ დროს.

12 მილიონ ლტოლვილთა შორის ყველაზე ცნობილი გერმანელი გახლდათ დანციგში დაბადებული ვინმე გიუნტერ გრასი. იმ დანციგში, რომელსაც გრასი დედამიწის ჭიპად მიიჩნევდა და რომელიც ომის შემდეგ გდანსკად იქცევა. იმ დანციგში, რომელიც თუნუქის დოლის გამოქვეყნების შემდეგ (სადაც დღეს მწერლის და მისი მთავარი რომანის მთავარი გმირის ქანდაკებაცაა), ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთ დედაქალაქად იქცევა.

„მე ჩავედი გდანსკში, რათა დანციგი მეპოვნა“ - დაწერს მოგვიანებით გიუნტერ გრასი. და პოლონურ გდანსკშიც დანციგელ გერმანელ გრასს როგორც თავისიანს, ისე მიიღებენ: „ჩვენმა გრასმა მიიღო ნობელი“ - დაწერს ერთი პოლონური ჟურნალი 1999 წელს. „ვერც ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა ვერ გაბედა დაეწერა ‘ჩვენი გრასი’“, - აღნიშნავს პოლონური ჟურნალის ამ სათაურზე მწერლის ერთი ფრანგი მეგობარი. „მე ვიღებ ნობელის პრემიას, როგორც გერმანულ ენაზე მწერალი და არა როგორც გერმანელი მწერალი“ - დაამატებს გიუნტერ გრასი.​

ისტორიული ვიზიტი: ვარშავის გეტოს მსხვერპლთა მემორიალთან მუხლმოდრეკილი ვილი ბრანდტი. 1970 წ. 7 დეკემბერი.
ისტორიული ვიზიტი: ვარშავის გეტოს მსხვერპლთა მემორიალთან მუხლმოდრეკილი ვილი ბრანდტი. 1970 წ. 7 დეკემბერი.

გერმანულ-პოლონურ დანციგ-გდანსკში სლავი დედისა და გერმანელი მამის შვილი გიუნტერ გრასი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე საკუთარი ლიტერატურული და პოლიტიკური ცხოვრებით იყო განსახიერება ცნებისა Vergangenheitsbewältigung, რომელიც ქართულად შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც სურვილი ღიად დაუპირისპირდე საკუთარ წარსულს. ნობელიანტ ჰაინრიხ ბიოლის სიკვდილის შემდეგ, ნობელიანტი გიუნტერ გრასი გახდება „შერპა“ იმ სხოვნისა, რომელიც დაფუძნებული იყო გერმანულ დანაშაულზე და რომელსაც მწერალი თაობიდან თაობაში გაატარებს.

გიუნტერ გრასი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ნაციონალისტურ ნოსტალგიას და უარს ამბობდა საკუთარი ერის მსხვერპლად გამოყვანაზე: „თუნუქის დოლის“ ის თავები, სადაც აღწერილია წითელი არმიის დანციგში შეჭრა და მოსახლეობის „ბიბლიური გამოსვლა“, განსაკუთრებული გროტესკულობით გამოირჩევა.

ოდერ-ნაისეს ხაზი
ოდერ-ნაისეს ხაზი

გიუნტერ გრასის ნახევარსაუკუნოვანი მოქალაქეობრივი და ლიტერატურული ბრძოლა დამყარებული იყო ერთადერთ ლოზუნგზე : „სამშობლოს დაკარგვა სინდისის გამარჯვებაა“. გიუნტერ გრასი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ძალზე გავლენიანი დევნილთა ფედერაციის (გერმანელი დევნილების ინტერესების დამცველი პოლიტიკური გაერთიანება) წინააღმდეგ იბრძოდა და გერმანია-პოლონეთის ახალი საზღვრის უპირობო აღიარებას ითხოვდა (1945 წლის საზღვრებით გერმანიამ დაკარგა 100 000 კვ კილომეტრზე მეტი. ახალ საზღვარს, რომელსაც ოდერ-ნაისეს ხაზი ეწოდება, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხოლოდ 1970 წლის 7 დეკემბერს აღიარებს ვილი ბრანდტის ვარშავაში ვიზიტის დროს. 1970 წლის დეკემბერში ვარშავაში ვილი ბრანდტს გიუნტერ გრასიც ახლდა, რასაც პოლონელები განსაკუთრებით დააფასებენ).

მაგრამ გიუნტერ გრასი არ თვლიდა, რომ Vergangenheitsbewältigung იყო მხოლოდ ნაცისტურ წარსულში ქექვა. თავის ბოლო ნაწარმოებში „კიბორჩხალას ტრაექტორია“ მწერალი თავის თანამემამულეებს შეახსენებს გერმანელი ლტოლვილებით სავსე გემის, „ვილჰელმ გუსტლოფის“ ჩაძირვას (1945 წლის 30 იანვარს საბჭოთა წყალქვეშა ნავი ჩაძირავს „ვილჰელმ გუსტლოფს“. ამ საზღვაო კატასტროფის შედეგად, სხვადასხვა მონაცემით, დაიღუპება 5-დან 9 ათასამდე ადამიანი. სავარაუდოდ, დაღუპულთა თითქმის ნახევარს ბავშვები შეადგენდენ. „ვილჰელმ გუსტლოფის“ ჩაძირვა წარმოადგენს ყველაზე დიდ საზღვაო კატასტროფას მსოფლიო ისტორიაში).

რატომ გადაწყვეტს გიუნტერ გრასი სიცოცხლის ბოლოს ამ რომანის დაწერას? მწერალი ამ რომანით გერმანული ტანჯვის ებრაელებისა და სლავების ტანჯვასთან დაახლოებას მოინდომებს? იგი ნაცისტების დანაშაულის რელატივიზაციას მოახდენს? არის ეს გერმანელის მხრიდან მცდელობა, თავი მსხვერპლად გამოიყვანოს, როგორც ეს ზოგიერთმა კრიტიკოსმა ივარაუდა?

თუ, უბრალოდ, გრასმა ამ რომანის დაწერა საჭიროდ ჩათვალა, ვინაიდან იცოდა, რომ ისტორიის ნაწილის იატაკქვეშეთში დატოვებამ შეიძლება მითების ისტორიზაცია მოახდინოს და იგი ნაციონალისტების პოლიტიკურ იარაღად აქციოს?... როგორც გიუნტერ გრასი „კიბორჩხალას ტრაექტორიაში“ დაწერს, „ისტორია, რომელშიც ხელებს ვაფათურებთ, სხვა არაფერია, თუ არა საპირფარეშოს გაჭედილი კანალიზაცია: ვასხამთ და ვასხამთ წყალს და, მიუხედავად ამისა, განავალი სულ უფრო და უფრო ზევით ამოდის“.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG