Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ოთხშაბათი, 22 სექტემბერი 2010

Ex libris

მაშ, ასე - ქალაქის მერიამ აკრძალა წიგნებით ვაჭრობა ქუჩებში, გარდა სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილი ადგილისა.

ამ აკრძალვას უკვე ბევრი კარგი მკითხველი გამოეხმაურა კრიტიკულად: მალხაზ ხარბედია, დავით პაიჭაძე, რატი ამაღლობელი. მეც მინდა ჩემი ხმა შევაშველო მათ არგუმენტებს.

თავისთავად ადგილის გამოყოფა წიგნების ბაზრობისათვის შესანიშნავი აზრია. დარწმუნებული ვარ, წიგნის ყველა მოყვარული დიდი სიამოვნებით გაისეირნებს ხოლმე დედაენის ბაღში შაბათ-კვირას და ხელცარიელი არ გამობრუნდება. მით უმეტეს, რომ მისი მოწყობის მოდელად სენის სანაპიროზე განლაგებული პარიზის ბუკინისტები იქნა არჩეული.

მაგრამ აქ არის ერთი სერიოზული განსხვავება.

საქმე ისაა, რომ, პარიზისგან განსხვავებით, თბილისში სამარცხვინოდ ცოტა წიგნის მაღაზიაა. სამარცხვინოდ იმიტომ, რომ არ შეიძლება კულტურულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნის დედაქალაქში წიგნს არ კითხულობდნენ და, შესაბამისად, ყიდულობდნენ.

ვიღაც აქ მეტყვის, ეს იმის ბრალია, რომ წიგნები ქუჩებში იყიდება და ხალხი მაღაზიებში არ შედისო, მაგრამ ეს არაა მართალი. მაღაზიების წიგნები და ქუჩის წიგნები ერთმანეთისგან განსხვავდება. წიგნის მაღაზიაში შემიძლია ვიყიდო ახალგამოცემული ქართული და რუსული წიგნები (ძირითადად, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა) და ასევე ინგლისურონოვანი წიგნების სტანდარტული კომპლექტი (კლასიკოსები). ესაა და ეს.

მაგრამ ეს ძალზე ცოტაა.

წიგნების მაღაზიებში - მხოლოდ ქართული ენა რომ ავიღოთ მაგალითად - მე ვერ ვიყიდი ჰომეროსს, პლატონს, ვაჟას მრავალტომეულს, ბექა ოპიზრის ალბომს, თბილისის ისტორიას. უბრალოდ იმიტომ, რომ ამ წიგნებს ქართულად დღეს არც ერთი გამომცემლობა აღარ გამოსცემს (არა, უბრალოდ წარმოიდგინეთ, ახალგაზრდას პლატონის წაკითხვა რომ უნდოდეს, შევა მაღაზიაში და ვერ იყიდის, რადგან პლატონს აღარავინ გამოსცემს. არადა, მადლობა ღმერთსა და ბაჩანა ბრეგვაძეს, თარგმნილია). რუსეთიდან წიგნების ჩამოტანა უაღრესად გაძნელებულია, თანაც ახალი თაობა რუსულს უკვე ვეღარ ფლობს საკმარისად (რაც ტრაგედიად სულაც არ მიმაჩნია). ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა ის, რომ ინგლისურს - სხვა ევროპულ ენებზე არაფერი რომ ვთქვა - ქართველი მკითხველების იმდენად მცირე ნაწილი ფლობს, რომ წიგნების მაღაზიები მათ იმედად ვერ იქნება.

ყოველივე ამის გამოა ალბათ, რომ წიგნების მაღაზიების რაოდენობა თბილისში კი არ იმატებს, არამედ მცირდება. ”ლიტერატურული კაფეები” ნელ-ნელა კარგავენ ლიტერატურულობას და უბრალო კაფეებად იქცევიან, რაც აისახება იქ წიგნებისათვის გამოყოფილი სივრცის მუდმივ და შეუნელებელ შეზღუდვაში.

ბუკინისტების მაღაზიები? ისინი ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება. მათ ადგილებს იკავებენ ბანკის ფილიალები, ტანსაცმლის ბუტიკები, სათამაშოების მაღაზიები და ა. შ.

ასეთ ვითარებაში წიგნების ქუჩაში გაყიდვა გამოსავალია. არა მხოლოდ მათთვის, ვინც უკვე კითხულობს, არამედ მათთვისაც, ვინც ახლა უნდა დაიწყოს კითხვა. არ შეიძლება, ქვეყნის დედაქალაქში არ იყოს რამდენიმე ადგილი მაინც, სადაც წიგნს შეიძენ.

წიგნების შემთხვევას ხშირად ადარებენ სურსათით გარე ვაჭრობას. სასტიკად არ მომწონს ეს ანალოგია, მაგრამ, კარგი, გავყვეთ მას - დღეს თბილისში წიგნების ქუჩაში გაყიდვის აკრძალვა იგივეა, მთელს ქალაქში მხოლოდ ორი სუპერმარკეტი რომ არსებობდეს, აქედან არც ერთი არ ყიდდეს ხილს და ბოსტნეულს და მერია გარემოვაჭრეებს მაინც ერთ ბაზარში უყრიდეს თავს. მოგეწონებოდათ? წიგნები ქალაქის კულტურული ლანდშაფტის აუცილებელი კომპონენტია, ისინი უნდა იყოს ბევრგან, ისინი უნდა იყოს ბევრი. მიუხედავად იმისა, ეს მდიდარი ქალაქია თუ ღარიბი.

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დედაენის ბაღში წიგნების ბაზრობა არ უნდა მოეწყოს. ისევ ვიტყვი, რომ კარგი გადაწყვეტილებაა წიგნებისთვის ცალკე ადგილის გამოყოფა, ოღონდ მათი გაყიდვა არც ქალაქის ქუჩებში უნდა აიკრძალოს. ისეთი ადგილები, როგორებიცაა მეტრო ”თავისუფლება”, ზემელი თუ თსუ-ს მიწისქვეშა გადასასვლელი ჩვენთვის Barnes and Noble-ის ფუნქციას ასრულებდა. ვაცალოთ მათ, ვიდრე თბილისში ნამდვილი Barnes and Noble გაჩნდებოდეს: სამსართულიანი, განყოფილებებად დანაწილებული, კაპუჩინოთი და ნამცხვრებით. გარწმუნებთ, ამის შემდეგ მტვრიანსა და წვიმაში ცელოფანგადაფარებულ წიგნებს ცოტა თუ მიაწყდება. შეიძლება აკრძალვაც აღარ გახდეს საჭირო, იმდენად მცირე იქნება გამყიდველთა და მყიდველთა რიცხვი.

ქუჩაში წიგნების გაყიდვა ჩვენს მიერ იმის აღიარებაა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ. ვაღიაროთ ეს, სანამ გავმდიდრდებით.
ვის რა დაგიშავათ მაია ასათიანმა? ხუთშაბათს „პროფილის“ ახალი სეზონი იწყება და მისმა პრომომ სრულიად ფეისბუკის აღშფოთება გამოიწვია. ანტიმაიაასათიანიზმი ამ სოციალურ ქსელს არც მანამდე აკლდა. აქ „პროფილის“ და მისი წამყვანის საწინააღმდეგო ათზე მეტი ჯგუფი და გვერდია დარეგისტრირებული. თან, უბრალოდ საწინააღმდეგო კი არა, მოძულე. ერთს პირდაპირ „მძულს მაია ასათიანი“ ჰქვია. მეორეს „მეზიზღება მაია ასათიანი“. მესამეს - „დავახრჩოთ მაია ასათიანი“. კიდევ არის „მაია ასათიანი ლინჩის წესით უნდა გასამართლდეს“.

რა ვიცი. მე მგონია რომ ყვითელ, ბულვარულ, საჭორაო გადაცემებში ყველას სჯობია. კი, რამდენჯერმე „პროფილსაც“ გაუკეთებია საოცარი საშინელება, მაგრამ, როგორც წესი, გადაცემას „გოიმობისთვის“ ლანძღავენ და არა იმიტომ, რომ მაყურებლის სასეიროდ პატარა ბავშვი ატირა ან თენგო გოგოტიშვილის რასისტული გამონათქვამები არ ამოჭრა. ბოლო აღშფოთებებიც ხომ პრომოში ნაჩვენებ „დარიდური დარიდარალეებს“ მოჰყვა. გოიმობაა? ალბათ კი. სხვანაირი გადაცემა ბევრი იცით ქართულ ტელეარხებზე?

აი, რითი სჯობს მაია ასათიანი და მისი „პროფილი“ სხვებს:

1. გადაცემას ჩვენი ფულით არ აკეთებს. ხოლო ისინი, ვინც გადაცემებს ჩვენი ფულით აკეთებს, სატელევიზიო სეზონებს ისე იწყებენ და ისე ამთავრებენ, რომ ვერაკაცი ვერაფერს იგებს. როგორც ჩანს, საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი, ფუნქცია აქვს - იყოს ოპოზიციონერების სამიტინგო „ბოლო პასადკა“. მთელი ღამის „ფართის“ მერე ახალგაზრდები დილის ხუთ საათზე „მასპინძელოში“ მიდიან ხოლმე. სხვა არაფერია ღია. ზუსტად ასევე გადაწყვეტენ ხოლმე ოპოზიციონერები ერთი კვირის მიტინგობის მერე საზოგადოებრივი მაუწყებლის დალაშქვრას. ჯერჯერობით ამ სტრატეგიამ არ გაუმართლა, მაგრამ, ხომ იცით, ერთსა და იმავეს რომ აკეთებ და ყოველ ჯერზე ერთნაირ შედეგს იღებ, უპრიანია, იმავეს კეთება გააგრძელო. ვინძლო ბოლოს განსხვავებული შედეგი მიიღო.

2. მაია ასათიანი უწყინარია. მასზე თუ რამე კრიტიკულს იტყვი, სადღაც, გულის სიღრმეში, არ გეშინია, რომ მისი ქმარი გაბრაზდება და მეორე დღეს უცებ განყოფილებაში აღმოჩნდები; რომ ჯიბე უცებ სუბუტექსით გექნება გამოტენილი და ისეთ შარში გაეხვევი, რომ მერე, სიბერეშიც კი, წამყვანის სახელის უბრალო ხსენებაზეც მტკივნეული ფლეშბეკები გექნება. რომ წლების განმავლობაში ღამე ცრემლებით გაჟღენთილ ბალიშზე ჩახუტებული დაიძინებ და ყოველი დაძინების წინ თავში მხოლოდ ეს ორი სიტყვა დაგიტრიალდება: „რა მრჯიდა?“

3. გადასარევი რჩევა მომაფიქრდა კაცებისთის და ბარემ დავწერ, თორემ დამავიწყდება. მაია ასათიანს არ ეხება. ერთხელაც უნდა აიღო და გადაყარო ყველა წინდა. მერე იყიდო 20 ერთნაირი. ჰოდა, არასოდეს დაგჭირდება მათი დაწყვილება და ერთნაირების ძებნა ან რამე მაგდაგვარი. აიღებ ბრმად ორ ცალს და იცი, რომ ერთი ფერისაა. ჰა, როგორია?

4. მაია ასათიანის გადაცემა ათობით ენჯიოს მოკრძალებულ წვლილს წყალში არ ყრის და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ ქვეყანას 200 წლით უკან არ აბრუნებს. განსხვავებით „სიმართლის დროსგან“, რომელიც თითო გადაცემაში იმდენს აკეთებს ჰომოფობიის გასაღვივებლად, რამდენისთვისაც მალხაზ გულაშვილს საუკუნეები დასჭირდებოდა. სხვაზე რა გითხრათ, მაგრამ მე სულ მეგონა, რომ გეები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციით. ნურას უკაცრავად! „სიმართლის დროში“ რომ ხალხი ჩნდება, მაგათი ჩატარებული აღლუმის პროფილაქტიკისათვის მეც ვილოცებ. აღლუმი კი არა, სამზე მეტი არ შეიკრიბოს ერთად, თორემ წასულია ჩვენი საქმე. ვერ გაუძლებს სივრცულ-დროითი კონტინუუმი ამდენ ანომალიას!

5. „პროფილს“ ხალხი განსატვირთად უყურებს და არა ახალი ამბების გასაგებად. თუ მაია ასათიანმა კარგი გადაცემა ვერ გააკეთა, ამით არაფერი დაშავდება. ხოლო ისინი, ვინც, წესით, უნდა გვიყვებოდეს, თუ რა ხდება ქვეყანაზე და მსოფლიოში, სანაცვლოდ სულ სხვა საქმეებით არიან დაკავებულნი. ჰო, აი, მაია ასათიანი აშტერებს ერს და „ქრონიკა“ და „კურიერი“ აჭკვიანებენ. მაია ასათიანი უნდა დავახრჩოთ და „მოდელირებულ ქრონიკას“ პრემიები მივცეთ. „პროფილი“ - „omg დასახურია lol შეურაწყოფას გვაყენებს გოიმები lol როგორ მეზიზღებაააა ნეტა არ დაიწყოს ახალი სეზონი“ და საინფორმაციოებში კლოუნადა კიდე მოსულა.

„პროფილი“ თავის საქმეს აკეთებს, თან კარგად. ყვითელ, ბულვარულ, საჭორაო გადაცემებში ყველას ჯობია. გოიმობა საინფორმაციოებში მოიკითხეთ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG