Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ძვირფასო მეგობრებო, არჩევნებში რომ ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებდა და მთელი საქართველოს საკრებულოებს უმრავლესობით დააკომპლექტებდა, ეჭვი არ მეპარებოდა. მაგრამ არჩევნების შემდეგ მაინც საგანგებოდ ცუდ ხასიათზე დავდექი. არა იმის გამო, რაც მოხდა, არამედ, იმის გამო, რაც უსათუოდ მოხდება.

* * *

ვარდების რევოლუციის შემდეგ ექვსი არჩევნები ჩატარდა – ორი საპარლამენტო, ორი საპრეზიდენტო და ორიც – ადგილობრივი თვითმმართველობის. ამ ექვსი არჩევნებიდან, მხოლოდ ერთი – 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ჩატარდა კონსტიტუციურ ვადაში. დანარჩენ ხუთ შემთხვევაში დაირღვა არჩევნებისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული თარიღი.

თუ არ გავაანალიზებთ, რატომ ტარდებოდა არჩევნები ვადების დარღვევით და თუ ვერ აღმოვფხვრით უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციის გამომწვევ მიზეზებს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2012 და 2013 წლებში დაგეგმილი არჩევნებიც სხვა დროს ჩატარდება და არა მაშინ, როდესაც ამას საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს.

ადვილი მისახვედრია, რომ არჩევნების ვადის შეცვლას ყოველთვის წინ უძღოდა სახალხო პროტესტი, არჩევნები კი ინიშნებოდა, როგორც ამ პროტესტის შედეგი და ვითარების განმუხტვის საშუალება. ასე მოხდა 2004–შიც, ვარდების რევოლუციის შემდეგ; 2008–შიც, შვიდი ნოემბრის დარბევის შემდეგ; 2010–შიც – ომის და ორთვიანი ხალხმრავალი აქციების შემდეგ. ხელისუფლება კრიზისის განმუხტვის საუკეთესო საშუალებად არჩევნებს მიიჩნევდა და ძალიან საფუძვლიანადაც: გადაწყვეტილება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ პოლიტიკურ ოპოზიციასაც და ხალხსაც აკმაყოფილებდა, როგორც პროტესტის ადეკვატური შედეგი.

* * *

დღეს დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება არასოდეს არის ისეთი მიზანმიმართული, ორგანიზებული, ძლიერი და უშეცდომო, როგორიც არჩევნებისთვის მზადების პერიოდში და არჩევნების დღეს. მას არაფერი გამოსვლია უკეთ, ვიდრე – არჩევნების მოგება იმ შედეგით, რა შედეგიც წინასწარ ყოფილა დაგეგმილი. ამიტომ, ვადამდელი არჩევნებით პროტესტის განმუხტვა იწვევდა და იწვევს კონსტიტუციის რღვევას ოპოზიციისა და საზოგადოების თანხმობით, მაგრამ არ იწვევს რეალურ ცვლილებებს ქვეყნის ცხოვრებაში.

უფრო მეტიც: იმის გამო, რომ კრიტიკულ მომენტში არჩევნების ჩატარებით, ხელისუფლება მხოლოდ იუმჯობესებს პირობებს ერთპარტიული მართვისთვის, – დროთა განმავლობაში კრიტიკული მუხტი ისევ და ისევ გროვდება და განმუხტვის აუცილებლობა ჩნდება.

ქვეყანა, ფაქტობრივად, ვადამდელი არჩევნებით იმართება.

* * *

მაგრამ 2010 წლის 30 მაისის შემდეგ პოლიტიკური პროცესი ნაწილობრივ ამოვარდნილია ტრადიციული სქემიდან – ორი ფაქტორის გამო.

1. ბოლო არჩევნებმა თვალნათლივ დაადასტურა, რომ ვადამდელი არჩევნები ხელისუფლების ანკესია, რომელსაც პერიოდულად გადაუგდებს ხოლმე მეამბოხე საზოგადოებას: როგორც კი საპროტესტო ტალღა აგორდება, ხელისუფლება ნიშნავს არჩევნებს და დიდი უპირატესობით უგებს ყველა კონკურენტს. ბოლოს და ბოლოს, გაცხადდა მწარე რეალობა: იმის გარდა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არც ლიდერი დარჩა და არც პარტია, რომელიც ხალხს კეთილსინდისიერი პროტესტის ორგანიზებაში დაეხმარებოდა, აღმოჩნდა, რომ თავად ორგანიზებული პროტესტიც უაზრობაა. არჩევნების მითი გარდაიცვალა.

2. 30 მაისის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ არჩევნები უახლოესი ორი წლის მანძილზე აღარ ჩატარდება. მან კარგად იცის, რასაც ამბობს, რადგან ვადამდელი არჩევნების ინიციატორი ყოველთვის თავად პრეზიდენტია. ახლა მან საზოგადოება გააფრთხილა, რომ აღარ აპირებს საარჩევნო ვადების გადახედვას. ეს სრულიად გასაგებია, რადგან მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის მეორე ვადა ეწურება და ვერავითარ სპონტანურ არჩევნებს მისი კარიერა ვეღარ აიტანს. ახალი კონსტიტუცია გაგვიმხელს, რა სურს პრეზიდენტს ვადის ამოწურვის შემდეგ. საკონსტიტუციო ცვლილებებამდე კი გაუთვალისწინებელი სვლები და მოძრაობები მიხეილ სააკაშვილს აღარ სჭირდება.

* * *

მაგრამ როგორ უნდა აიცილოს პრეზიდენტმა თავიდან საპროტესტო მუხტის დაგროვება და ვითარების დაძაბვა მომდევნო ორი წლის განმავლობაში?

ამისთვის, თეორიულად, ორი გზა არსებობს: ან მეტი დემოკრატია და პროცესებში მეტი ადამიანის ჩართულობა, ან მეტი ავტორიტარიზმი და მაქსიმალური კონტროლი.

სხვათა შორის, დაახლოებით ასეთი ფრაზა ადრეც არაერთხელ დამიწერია და სასწორის პინა დემოკრატიისკენ არასოდეს გადახრილა. სულ პირიქით. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, უკვე თითქმის შვიდი წელია, ჰყავს ქვეყნის პრეზიდენტი, საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და უმრავლესობა ქვეყნის ყველა საკრებულოში; ჰყავს ერთგული ხალხი მთელ აღმასრულებელ ვერტიკალზე; აქვს ნებისმიერი არჩევნების მოგებისთვის საჭირო ფული, ცოდნა და უნარ–ჩვევები; აქვს გამოცდილება, როგორ ჩამოიშოროს გუნდის ყველა მეამბოხე წევრი უმტკივნეულოდ და აქვს სურვილი, რაც შეიძლება დიდხნას შეინარჩუნოს ქვეყნის მართვის სადავეები.

ყველა ეს ფაქტორი ერთდროულად აძლიერებს და ასუსტებს მმართველ პარტიას. სწორედ იმით ასუსტებს, რომ მეტისმეტად აძლიერებს. ყოველი მოგებული არჩევნების შემდეგ, გულმოცემული პრეზიდენტი, როგორც წესი, შეცდომების დაშვებას იწყებს. არასოდეს მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ისე საშიში არ არის ქვეყნისთვის, როგორც – არჩევნებს შორის პერიოდში. ახლა კი ეს პერიოდი ორ წელიწადს უნდა გაგრძელდეს.

მართვის სისტემა, რომელიც ორიენტირებულია მცირერიცხოვან ჯგუფში მიღებულ გადაწყვეტილებებზე და მათი შესრულების ძალისმიერ მეთოდებზე, ჰუმანური ვერ გახდება იმის გამო, რომ პირველ პირს ასე სჭირდება. გაჰუმანურების მცდელობა მთელ სისტემას დაანგრევს და ეს მიხეილ სააკაშვილს არც არასოდეს უცდია, თუმცა, არაერთხელ გამოუცხადებია დემოკრატიის ახალი ტალღა.

ასე რომ, სიმშვიდის შესანარჩულებლად, პრაქტიკულად, ერთადერთი გზა რჩება: მაქსიმალური კონტროლი და ყველა სფეროს ცენტრალიზაცია, ძალაუფლების მზარდი თავმოყრა პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის ხელში და საჯარო დაწესებულებების პოლიტიზაცია. ყველა სიახლე, რომელსაც ხელისუფლება 2012 წლამდე შემოგვთავაზებს, ამ სტრატეგიას დაექვემდებარება.

ახალი სტრატეგიის ნაწილი იქნება ფავორიტების კეთილდღეობის ზრდა, პრივილეგირებული ფენის კიდევ მეტად დაწინაურება, ინტელიგენტების დაჯილდოება პრეზიდენტის მიერ, ინტელექტუალების თავდადება პრეზიდენტისთვის და, საბოლოოდ, ღრმა ნაპრალის გაჩენა „ჩემიანებსა“ და „უცხოებს“, „ღვთის შვილებსა“ და „დევის შვილებს“ შორის.

* * *

მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად ისე მოიქცევა, როგორც ზემოთ აღვწერე: ძალაუფლების შესანარჩუნებლად, სულ უფრო მეტად დამუხტავს ვითარებას, მაგრამ ვეღარ განმუხტავს ჩვეული მეთოდით – ვადამდელი არჩევნებით. როგორ მოიქცევა საქართველოს მოსახლეობა? შეეგუება მძიმე წნეხს, თუ დაუპირისპირდება მას? სწორედ შეგუება–წინააღმდეგობის ბალანსი გასცემს პასუხს სათაურში გატანილ კითხვას – როდის ჩატარდება შემდეგი არჩევნები?
არ ვნანობ, რომ უამინდობის მიუხედავად დავთანხმდი ჩემს მეგობარს და შაბათს ბაჰნაში წავყევი, ჩეხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ სამხედრო შოუზე. ერთადერთი ის ვინანე, რომ ამ საერთო-სახალხო დღესასწაულს არ ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების ის წარმომადგენლები, ვისაც დღემდე ჰგონია, რომ საბჭოური ყაიდის სამხედრო აღლუმები პატრიოტიზმის მწვერვალია, მათი ჩატარების უცვლელი ადგილი კი - რუსთაველის პროსპექტი.

მაგრამ ეს იყო მოგვიანებით. მანამდე კი ცოტა წავუწუწუნეთ. აირჩიეს რა - დაჭაობებული ადგილი, პრაღიდან 65 კილომეტრში, გზის მიმართულების აღმნიშვნელებიც არ დგას; თუ პრაღის ცენტრში ადგილი არ ჰყოფნიდათ, ჩაეტარებინათ აქვე სადმე ლეტნაზე ან პოდოლიზე, აქ ვინ უნდა მოვიდეს შაბათს, თან ფეხბურთებია და რამე; არადა, იარე ფეხით ამ ჭაობებში, რა უნდა ნახო ახალი და არასაბჭოური? ჰა და ჰა, მაგათი "დანები" (თვითმავალი საარტილერიო სისტემებია), რომლებიც საქართველოს არმიას მგონი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ჩეხეთისას და რომლებიც, არა მხოლოდ პოლიგონზე, არამედ საქმეშიც მინახავს - 2008 წლის აგვისტოში.

მოკლედ, არა, ძმაო, "პიარის" საკითხში ჩეხები ვერ "ქაჩავენ" - დაილოცოს მიშა და ვანო! მწარედ შევცდი! ბაჰნა, სულაც არ აღმოჩნდა უნუგეშოდ ჭაობიანი ადგილი და წინ, ჭაობის შოუს ნაცვლად, ნამდვილი სახალხო დღესასწაული და საინტერესო სანახაობა გველოდა.

წარმოიდგინეთ, არა გორი-თბილისის ტრასაზე, არამედ, ვთქვათ, სადღაც თეძმის ან რკონის ხეობაში მდებარე სამხედრო ბაზა. სწორედ ასეთ, ნაძვნარ ტყეში ჩაფლულ, სტრატეგიულად საკმაოდ მოხერხებულ მთაგორიან რაიონში მდებარეობს ჩეხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სამხედრო ბაზა, რომელიც რამდენიმე ალტერნატიული სამანქანო გზით უკავშირდება ცენტრალურ პრაღა-პლზენის მთავარ მაგისტრალს. ღონისძიების მთავარ სპონსორს, ფირმა "ლენდ როვერს" ცენტრალური გზიდან და რამდენიმე ახლომდებარე სოფლიდან სპეციალური ავტობუსებით მიჰყავს უკლებლივ ყველა მსურველი პოლიგონზე, სადაც დილის 9 საათიდან საღამოს ხუთამდე, 20-ზე მეტი ღონისძიება აქვთ მომზადებული ჩეხეთის არმიას, პოლიციას, სკაუტურ და სამხედრო-პატრიოტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;

ეწყობა სხვადასხვა სახის თეატრალიზებული სანახაობა მეორე მსოფლიო ომის თემაზე (ბაჰნა 2010-ის შემთხვევაში მოკავშირეთა არმიების შეხვედრა ელბაზე და პრაღის გათავისუფლება); მერე დგება პოლიციის ჯერი, რომელიც ახდენს ტერორისტების შეპყრობის დემონსტრირებას; ფეთქდება ფუჭი ჭურვები; ჰაერში მანევრირებს ავიაცია; სადღაც მოშორებით სამხედრო ორკესტრი ასრულებს ცნობილ მარშებს.

მძიმე ტექნიკის გამოფენის მოპირდაპირე მხარეს ყმაწვილებისათვის მოწყობილია პეინტბოლის სასროლეთი, უფრო პატარებისათვის ატრაქციონები, თუმცა რომელი ატრაქციონი შეედრება ნამდვილი ტანკის კაბინაში ჩაძრომას, ნამდვილი ავტომატის ანდა ყუმბარსატყორცნის (ოღონდ დაუტენავის) ხელში აღებას, შენი სამშობლოს ჯარისკაცთან და ოფიცერთან გამოლაპარაკებას, ცნობილ სამხედრო პირებთან სამახსოვრო სურათების გადაღებას, ანდა სამხედრო ფორმის ჩაცმას?

საველე კარვებში ცნობილ სამხედრო ფირმებს („ბრენდებს“, როგორც ჩვენში ეძახიან) მოწყობილი აქვთ პავილიონები, სადაც შეგიძლია იყიდო ყველაფერი - მშრალი სამხედრო ულუფით დაწყებული და "მეორადი" ტანკით დამთავრებული. დიახ, ტანკით - ჩეხეთის კანონმდებლობით რეგისტრირებულ არასამთავრობო სამხედრო-პატრიოტულ ორგანიზაციას უფლება აქვს, სასწავლო მიზნებისათვის შეისყიდოს ავტომატიც და ტანკიც. ასეთი პარამილიტარისტული ორგანიზაციების რაოდენობა დუჟინია და მათში გაწევრიანება საკმაოდ პოპულარულია ჩეხეთის რესპუბლიკაში. ჰო, აბა ჩეხური ლუდის, ძეხვეულობისა და ტრდელნიკის გარეშე რომელი სახალხო დღესასწაული ჩაივლის? სხვათა შორის საზკვების პუნქტების მოწყობის ექსკლუზიური უფლება სპონსორების გარდა აქვთ სწორედ სამხედრო-პატრიოტულ ორგანიზაციებს, რომლებიც შემოსული თანხებით საველე გასვლებს და სხვა საორგანიზაციო ხარჯებს ისტუმრებენ.

შემოსავალი კი ცუდი არ უნდა იყოს - ყველა კვების ობიექტთან რიგები დგას. როგორც ჩემი მეგობარი მიხსნის, ბაჰნაში ხმელი პურიც კი იყიდება. მთაგორიან სუფთა ჰაერზე, პოლიგონზე ხეტიალი მადას უღვიძებს დამთვალიერებლებს ჩეხეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და ავსტრიიდან, რომელთა რაოდენობა ყოველწლურად, 50-60 ათასს შორის მერყეობს. აუ, ერთი ახლა აქ იყოს პატარა ჯიხური ცნობილი ქართული ღვინოებით, ჩვენებური მწვადით და ხაჭაპურით, რას იხეირებდა კაცი? ოცნება გაგვირბის საქართველოზე და გვავიწყდება ბაჰნაც, სამხედრო შოუც, პეინტბოლიც და ჩეხური ლუდიც. ორი ქართველი ხმამაღლა ვიწყებთ ლაპარაკს და ასე გვგონია, რომ ჩავახშეთ ტანკების გრუხუნისა და იმიტირებული აფეთქებების ხმაც.

საუბარს პრაღამდე ვაგრძელებთ, თუმცა დასკვნა ერთია და საჭირბოროტო - რა პრობლემაა, რომ ასეთი ლაღი, ჭეშმარიტად საერთო-სახალხო დღესასწაული საქართველოშიც მოეწყოს იმ არქაული, სადაოდ ქცეული სამხედრო აღლუმების ნაცვლად, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა დროის, ჯარისკაცების ენერგიისა და საბიუჯეტო თანხების უყაირათო ფლანგვა?

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG