Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ნაირა გელაშვილმა თქვა ერთხელ: სულ მიკვირს, როცა ამბობენ რომ მარტოობა და დეპრესია ტანჯავთ... ბოლოს და ბოლოს ერთი კატა მიიყვანონ სახლში, მოუარონ და დეპრესია გაუვლითო.

თუმცა, ისეთი ტიპის ადამიანებს, რომელთაც დეპრესია ემართებათ ხოლმე, როგორც წესი, ეზარებათ სხვაზე ზრუნვა.

ჩვენ, "უოჯახო ხალხმა" (დედაჩემი ასე მეძახის), გამოვიგონეთ მარტოობასთან ბრძოლის სხვა ფორმები, რომელთაგანაც სახლიდან გასვლა და ადამიანებზე დაკვირვება ყველაზე ეფექტიანი გამოდგა. გადაადგილდები, სამყაროს შეიცნობ და დარწმუნდები, რომ შენი წვრილ-წვრილი "ტანჯვები" არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ხალხი განიცდის.

სხვა საქმეა, რომ ერთ სივრცეში გაჭედილი ადამიანები გარკვეული ხნის შემდეგ კატასტროფულად ემსგავსებიან ერთმანეთს... აი, თუნდაც ისე, როგორც დღევანდელ საქართველოში: ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დებატებს მართავენ ტელევიზიით - ერთმანეთს წარსულს ახსენებენ, რაღაცებს აბრალებენ, ზოგჯერ შეურაცხყოფაზეც გადადიან. მაგრამ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის სტილი, რიტორიკა, ბრალდებების ჩამონათვალი, განუწყვეტლივ გვახსენებს პოპულარულ რუსულ გამოთქმას - "სამ დურაკ!"... ასეთ სივრცეში დეპრესიისა და ნერვიული კრიზისის ზღვარზე მყოფ "უოჯახოს" კატა ნამდვილად ვერ უშველის. მან, თუკი საშუალება აქვს, ბარგი უნდა ჩაალაგოს და სასწრაფოდ გაარღვიოს აგრესიით, ზიზღით, ფანატიზმით, უმეცრებით გაჟღენთილი ეს სივრცე. წავიდეს სადმე - მონასტერში, ტყეში, სოფელში...

ანდა ჩემსავით - კანის კინოფესტივალზე.

სხვათა შორის, სივრცეში გადაადგილება და მრავალფეროვნების შემეცნება რაღაც ძალიან დიდს, მნიშვნელოვანს, ღვთაებრივს რომ აღმოგვაჩენინებს, ამას კანის 62-ე კინოფესტივალის ორგანიზატორებიც გვახსენებენ. უოლტ დისნეის კომპანიის ახალი ფილმი, "ზევით", სრულმეტრაჟიანი ანიმაცია, რომლითაც გაიხსნა კანის წლევანდელი კინოფორუმი, მოგზაურობასა და მარტოობის დაძლევას ეძღვნება. ესაა ამბავი საჰაერო ბურთების გამყიდველზე, 78 წლის მოხუცზე, რომელმაც ცოლის გარდაცვალების შემდეგ ბავშვობის ოცნება აისრულა - გაემგზავრა სამხრეთ ამერიკაში. თანაც ისე, რომ თავისი სახლი არ მიუტოვებია - ბუშტს გამოაბა და "სამშობლოსთან" ერთად დაიწყო მოგზაურობა.

ასეთივე იდეას ამკვიდრებს კანის წლევანდელი კინოფორუმის აფიშა - მიქელანჯელო ანტონიონის ფილმის, "თავგადასავლის" სტილიზებული კადრი; კამერის მიმართ ზურგშექცეული ქალი, რომელიც გახსნილი კარის მიღმა უყურება. ამ პლაკატს სხვადასხვანაირად ხსნიან - ზოგი ამბობს, კინემატოგრაფისტები კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ ყველანაირი კრიზისის დაძლევის ერთადერთი საშუალება "ღიაობა" და ადამიანთა სოლიდარობააო, მეორენი კი პლაკატსა და პოსტერში "კინოხელოვნების თვითკრიტიკას" ხედავენ; თანამედროვე საავტორო კინომ ზურგი შეაქცია მაყურებელს, თვითტკბობას მიეცა, მაგრამ კანის წლევანდელი კინოფორუმი აუცილებლად გამოიყვანს კინოხელოვნებას ამ ეგოცენტრულ-სნობური ლაბირინთიდან.

წლევანდელ კონკურსში წარმოდგენილი ოცი ფილმით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა, მართლაც გამოიყვანოს. შეხედეთ, როგორი პროგრამაა! კინოხელოვნების დიდი ფანი არ უნდა იყო, ეს სახელები რომ გქონდეს გაგებული - პედრო ალმოდოვარი, მიხაელ ჰანეკე, კვენტინ ტარანტინო, კენ ლოუჩი, ლარს ფონ ტრიერი, ალენ რენე... უცნაური მხოლოდ ისაა, რომ თითქმის ყველა ამ რეჟისორმა, უწინ უფრო მეტად კინოს ენის გამდიდრებას რომ ცდილობდა, ექსპერიმენტებს რომ მიმართავდა, კანში წარმოადგინა ჟანრული კინოს ნიმუშები - კომედიები, ისტორიული ფილმი, "საშინელებათა" ფილმი, დეტექტივი... უფრო მეტიც, ფესტივალის გახსნიდან მეორე დღეს კონკურსში უჩვენეს კორეული სურათი, რომლის გმირი, სეულელი კათოლიკე მღვდელი (!) ვამპირი ხდება...

რა არის ეს? მაყურებლისკენ დაბრუნება? საავტორო კინოს ჰოლივუდიზაცია? თუ ეკონომიკური კრიზისის შედეგები?

იმ ატმოსფეროთი თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ფესტივალის გახსნის დღიდან იგრძნობა წლევანდელ კინოფორუმზე, ალბათ, მაინც, კრიზისი უნდა იყოს ყველაფრის მიზეზი. ასეთი რამ არ ახსოვს კანის ფესტივალს; სასტუმროები ნახევრად ცარიელია, ნავსადგური გადაჭედილია იახტებით, რომელთაც აღარ ქირაობენ კინოვარსკვლავები (ჟიურის წევრებს თუ არ ჩავთვლით, გახსნის დღეს, წითელ ხალიჩაზე მხოლოდ ერთი "ვარსკვლავი", ტილდა სვინტონი გამოჩნდა - ისიც, წითელი ხალიჩისთვის ტრადიციული, ბრილიანტის სამკაულების გარეშე), საღამოობით, ოფიციალურ მიღებებზე, შამპანურის ნაცვლად, წითელ შუშხუნა ღვინოს მიირთმევენ... უფრო მეტიც, მაქსიმალურად შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებათ. უწინ ფესტივალის დარბაზში შესასვლელად ჟურნალისტებს ხანგრძლივი ჩხრეკა უნდა გაგვევლო. წელს ეს პროცედურაც გაამარტივეს - ხალხი არ ჰყავთ. კანის წლევანდელ ფესტივალს სამმა სპონსორმა დაფინანსებაზე უარი უთხრა.

ევროპასა და ამერიკაში ზედიზედ გაკოტრდა კინოჟურნალები. გაკოტრება ემუქრებათ ეგრეთ წოდებულ "პრიალა ჟურნალებსაც". შესაბამისად, წლევანდელ ფესტივალზე შემცირდა აკრედიტებულ ჟურნალისტთა რიცხვიც. თუმცა, საქართველოს ეს არ ეხება... პირიქით, არასდროს ყოფილა საქართველოს დელეგაცია კანში ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორც წელს - ეტყობა, კინობაზრობაზე გახსნილი ქართული პავიოლონის "ხათრით", პავიოლიონისა, სადაც უცხოელ პროდიუსერებს საქართველოში კინოს გადასაღებად ეპატიჟებიან, სთავაზობენ საუკეთესო პირობებს, არა მარტო იაფ, არამედ "ლამაზ მასალას" - საქართველოს მრავალფეროვან ბუნებას.

რა დახვდება ამ პროდიუსერს დღევანდელ საქართველოში? რამდენად ჰგავს კინობაზრობაზე წარმოდგენილი "ქართული სურათი" იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ? სურათს, რომელიც უამრავ ადამიანს, განსაკუთრებით ჩემსავით "უოჯახოებს", დეპრესიაში აგდებს...

ეს უკვე სხვა საკითხია.

ვისღა აინტერესებს ეს რეალური სურათები? ხომ ხედავთ, დიდი კინორეჟისორებიც კი ზღაპრებს იღებენ ანტიქრისტეებსა და ვამპირებზე. დიდმა კინორეჟისორებმაც კი შეაქციეს ზურგი რეალობას...
ამ ბლოგის დაწერა წინა ბლოგის კომენტარებმა გადამაწყვეტინა.

ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, როგორ აფასებს ჩემს საქმიანობას საზოგადოების რომელიმე წევრი. თქვენ – კომენტარების ავტორებს – არ გაქვთ (არ შეიძლება გქონდეთ) ანგარებიანი მიზნები ჩემთან დაკავშირებით, არც ჩემი დაცენზურება შეგიძლიათ და არც სამსახურიდან გაშვება. ერთადერთი, რასაც ჩემგან მოითხოვთ, კეთილსინდისიერი ინფორმაციაა. და თუ არ მოგწონთ ის, რასაც ვაკეთებ, ჩემი პრობლემაა.

ამიტომ ვკითხულობ ერთგვარი ღელვით და შიშით თითოეულ კომენტარს.

მთავარი წინააღმდეგობა ის არის, მაქვს თუ არა უფლება მე, როგორც ჟურნალისტს, საკუთარი აზრი გამოვხატო ზოგადად და, კერძოდ, პოლიტიკურ მოვლენებზე? მაქვს თუ არა უფლება, გულწრფელად ვთქვა, რომ ჩემი საქართველო ჩემს ცნობიერებაშია და რეალობაში რა საქართველოა, არ ვიცი? იმ ფონზე, რომ საკუთარ აზრებს გამოვთქვამ, მაქვს თუ არა უფლება, ვიმუშაო რადიო თავისუფლებაში, რომელსაც 50-წლიანი ობიექტური მაუწყებლობის ისტორია და გამოცდილება აქვს? თუნდაც, სუბიექტურ მოსაზრებებს ვწერდე ბლოგზე, რაც, ფაქტობრივად, ჩემი პირადი დღიურია, ოღონდ, საჯარო სივრცეში გატანილი.

ახლა იმას ვიტყვი, რასაც ამბიციური ჟურნალისტები ამბობენ ხოლმე: ვიღაცის მხარეს კი არ ვარ, ღირებულებების მხარეს ვარ. ჟურნალისტს არათუ უფლება აქვს, ევალება კიდეც ღირებულებების ერთგულება. საკითხავი ისაა, ხომ არ ცდილობს ესა თუ ის ჟურნალისტი – მათ შორის, მეც – საზოგადოების მოტყუებას, აქაოდა, ღირებულებების ერთგული ვარო და სინამდვილეში, მისი პროფესიის მიმართ არსებულ ნდობას რომელიმე პიროვნების, იდეის ან ძალის პროპაგანდისთვის ხომ არ იყენებს?

საზოგადოების ნდობას იწვევს ჟურნალისტის მიერ სტანდარტის დაცვა ხანგრძლივად. სტანდარტი კი მოვლენების კეთილსინდისიერ, სამართლიან გაშუქებას გულისხმობს. შესაბამისად, ჟურნალისტი ღირებულებების ერთგულია თუ პიროვნებების, მისივე ქცევის მიხედვით გაირჩევა. ნდობის მოპოვებას წლები სწორედ იმიტომ სჭირდება, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ხანგრძლივი საქმიანობით უნდა ვაჩვენოთ, ვისი და რისი ერთგული ვართ.

საქართველოში ხშირად ღვივის დაპირისპირების მუხტი და პოლიტიკური ძალებიც ხშირად ცდილობენ, საზოგადოების ცნობიერებაზე გავლენა ჟურნალისტების მეშვეობით მოახდინონ; ცდილობენ, იმგვარად გააშუქებინონ და შეაფასებინონ მათ ფაქტები, როგორც თავად თვლიან საჭიროდ. პოლიტიკური დაძაბულობის მომენტებში ჟურნალისტი ყველაზე უკეთ იცდება: საზოგადოება მისგან მიუკერძოებელ ინფორმაციას ელოდება, პროცესში ჩართული „მოთამაშეები“ კი, სადამდეც ხელი მიუწვდებათ, ჟურნალისტებს მათთვის მომგებიანი ინფორმაციის გავრცელებისკენ უბიძგებენ. ასეთ დროს განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება ნებისმიერი სუბიექტური აზრი, ნებისმიერი კერძო მოსაზრება. ეს ჩემთვის გასაგები და მისაღებია.

მეორე მხრივ, ყოველთვის, როდესაც პოლიტიკური პროცესი რადიკალიზაციის ეტაპზე გადადის, ავტომატურად დგება ღირებულებების საკითხი: ვისი პოზიციაა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი? ვისი პოზიციაა სამართლიანი და ჰუმანური? ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ – ტყუილს? ვინ არის ორიენტირებული მომავალზე და ვინ – წარსულზე? ვინ მოქმედებს „სკამის“ მოტივაციით და ვინ – სამშობლოს სიყვარულით?

ამ კითხვებზე პასუხის მოსმენის სურვილი ყოველთვის ახლავს დაძაბულ პოლიტიკურ პროცესებს. და არ არის გასაკვირი, ჟურნალისტი, რომელიც, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად ესაუბრება საზოგადოებას, ამ და სხვა კითხვებზე საკუთარი პასუხების საჯაროდ გაცხადებას ცდილობდეს.

საშიშია თუ არა ეს ბუნებრივი სწრაფვა საზოგადოებისთვის?

ხომ ხდება, რომ ჟურნალისტი ამბობს, ნეიტრალური ვარო და, სინამდვილეში, დაპირისპირებულ მხარეთაგან რომელიმესთან ანგარებით არის დაკავშირებული? ხომ ხდება, რომ ჟურნალისტი, რომელიმე უწყების პირველ პირთან ურთიერთნდობის ნიადაგზე, ამ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელად ინიშნება? ხომ ხშირად ხედავენ რომელიმე ჟურნალისტს რომელიმე საჯარო პირის გარემოცვაში? ხომ არიან ჟურნალისტები, რომლებიც არჩევნების პერიოდში პოლიტიკოსის შტაბში აღმოჩნდებიან ხოლმე ჩასახლებულები?

მეორე მხრივ, ისეთი ჟურნალისტებიც ხომ არიან, რომელთა მიმართაც არ არსებობს უწესობის ეჭვი? ხომ არიან ჟურნალისტები, რომლებსაც კრიტიკულ მომენტში გავლილი აქვთ კეთილსინდისიერების ტესტი?

ჰოდა, თუკი ჟურნალისტი – თავისი პასუხისმგებლობით თუ უპასუხისმგებლობით – პროცესების გულისგულში ტრიალებს და, თანაც, პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად ესაუბრება საზოგადოებას, უნდა მოვუწოდოთ თუ არა მას, საკუთარი აზრები თავისთვის შეინახოს და მხოლოდ საბეჭდი მანქანის ფუნქცია შეასრულოს? უნდა ვაიძულოთ თუ არა იგი, რომ საკუთარი მოსაზრებები დააბალანსოს მაშინაც კი, როდესაც სინდისი ბალანსის რესურსს ვერ სთავაზობს?

ძვირფასო კომენტატორებო, გვაქვს თუ არა ჩვენ – მე და ჩემს კოლეგებს – უფლება, რომ ჩვენი საერთო სამშობლოს შესახებ და იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საქართველოს ბედს წყვეტენ, ჩვენი პირადი მოსაზრებები გაგიზიაროთ?

მოდით, ვილაპარაკოთ...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG