Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2009

ამ ბლოგში 2009 წლის საუკეთესო ფილმების გახსენება მინდოდა. წერა დავიწყე, მაგრამ ძალიან მალე მივხვდი, რომ ბლოგი უსაშველოდ გრძელი და ახალი წლისთვის სრულიად შეუფერებელი გამოდიოდა. ერთხანს თემის შეცვლაზეც ვიფიქრე. მაგრამ ოპტიმისტურ-საშობაო სიუჟეტი მაინც არ გამოვიდა.

ამდენი წვალების შემდეგ მით უფრო კარგად გავუგე ამერიკელ რეჟისორს, ორენ მოვერმანს, რომლის ფილმი ”მაუწყებელი” (The Messenger”) http://www.youtube.com/watch?v=2SYuzDcVUJg&feature=related - ჩემს სიაში, 2009 წლის საუკეთესო ფილმი - ნოემბერში გამოვიდა მსოფლიო ეკრანებზე და როგორც ამბობენ, ამერიკული კინოგაქირავების ”სივრცეში” კატასტროფული მარცხი განაცადა.

არცაა გასაკვირვი - პრემიერა სურათისა, რომელიც 2009 წლის დასაწყისში, ბერლინის კინოფესტივალზე უჩვენეს პირველად, ჯერ გაზაფხულისთვის, მერე შემოდგომისთვის გადაიდო. ბოლოს მაინც ზამთარში გამოუშვეს - მაშინ, როცა ხალხი შობის აღნიშვნისთვის ემზადებოდა და ნამდვილად არ იყო განწყობილი ტრაგიკული ფილმისთვის ამერიკელ ოფიცერებზე, რომლებმაც ნათესავებს ოჯახის წევრის ერაყში დაღუპვა უნდა შეატყობინონ. ამბობენ, რომ ამერიკაში ისედაც არაა მოთხოვნილება ერაყის თემაზე გადაღებულ ფილმებზე. ჰოდა, ამ შობა-ახალი წლის წინ ვინ დაინტერესდებოდა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური განყოფილების (Casualty Notification) მუშაკთა საქმიანობით, იმ ადამიანების საქმიანობით, რომელთაც ამერიკაში ”სიკვდილის ანგელოზებს” ეძახიან? (ამ ხალხის მოვალეობაა, რაც შეიძლება სწრაფად შეატყობინონ ჯარისკაცის სიკვდილი ახლობლებს, რათა ნათესავებმა ტელევიზიიდან არ შეიტყონ ეს ამბავი.)

”მაუწყებელში” ადამიანთა რეაქციების მთელი გალერეა იქმნება; ”სიკვდილის ანგელოზებს” განსხვავებულად მასპინძლობენ; ზოგი თავს იკავებს, ზოგს გული ერევა... მამა, რომელსაც ერთადერთი შვილის დაღუპვას ატყობინებენ, სურათის ერთ-ერთ მთავარ გმირს, ტონის სახეში აფურთხებს.

ტონის, ამერიკელ ოფიცერს, რომელიც ”სიკვდილის მაუწყებლად” მსახურობს ჯარში, ვუდი ჰარელსონი თამაშობს (ამ როლისთვის ჰარელსონი ”ოქროს გლობუსზეა” წარდგენილი). მის უმცროს მეგობარს, ვილის, ბენ ფოსტერი. ვილი თვალში დაჭრეს ერაყში, რის გამოც მან ტირილის უნარი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ბენ ფოსტერი სწორედ თვალებით თამაშობს! ვაინ ვონგის ”ბოლის” მერე, უილამ ჰარტისა და ჰარვი კეიტელის დუეტის მერე (http://www.youtube.com/watch?v=f5Iv11DT-hs&feature=related), მე ვერ ვიხსენებ ფილმს, რომელშიც ორი მამაკაცი მზერის ასეთ ”ქორეოგრაფიას” ქმნიდეს ეკრანზე.

მზერათა თამაში მთავარია ”მაუწყებელში”. ”სიკვდილის ანგელოზები” ვალდებულები არიან დაიცვან ინსტრუქცია, რომელიც საგანგებოდ დააწესეს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებმა; მათ ეკრძალებათ, მაგალითად, დაღუპული ჯარისკაცის ნათესავებთან შეხება, რადგან ასე, შესაძლოა, გადაედოთ მწუხარება, რომელსაც განიცდიან ეს ადამიანები. დისტანციის დაჭერა აუცილებელია! წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიცერს სასჯელი ელის. ოფიცერს უნდა ესმოდეს, რომ დაღუპული ჯარისკაცის სიცოცხლე არაფერია ამერიკულ დემოკრატიასთან შედარებით, რომელსაც ერაყში საფრთხე დაემუქრა... რომ ამ ჯარისკაცებმა სამშობლოს, თავისუფლებას, ქვეყნის და, თუ გნებავთ, პლანეტის მომავალს შესწირეს თავი.

ოფიცერს უნდა ესმოდეს, რომ მსხვერპლის გარეშე არაფერი გამოდის. ასეა მოწყობილი ადამიანი და ისტორია.

ჰოდა, აბა ვის მოუნდება მსხვერპლებსა და სიკვდილის ანგელოზებზე ფიქრი შობის დღეებში, როცა ქრისტიანები წესით და რიგით უკანასკნელი მსხვერპლის, იესო ქრისტეს დაბადებას ზეიმობენ? არადა, ხომ გახსოვთ, როგორ დაიწყო ყველაფერი? ასი წლის აბრამს ვაჟი შეეძინა, ისაკი. საკუთარი რწმენის სიძლიერის გამოსაცდელად აბრამმა შვილის მსხვერპლშეწირვა გადაწყვიტა. მაგრამ რიტუალის დაწყების წინ გამოეცხადა სიცოცხლის ანგელოზი და გააჩერა, უფრო მეტიც, დააწესა ტაბუ ადამიანის მსხვერპლშეწირვაზე. აქ ბარბაროსობიდან ცივილიზაციაზე გადასვლა გამოხატულია მამის სახით, მამისა, რომელიც შვილის მსხვერპლშეწირვით აპირებს გაანადგუროს ხალხი, რომელიც მისი შვილისგან უნდა ჩაისახოს. ხალხი და მომავალი!

მაგრამ ბარბაროსობა ასე ადვილად არ დანებდება ცივილიზაციას. მსხვერპლშეწირვა გაგრძელდება მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეებში. მსხვერპლშეწირვის ვნება ბობოქრობდა 2009 წლის საქართველოშიც, სადაც ძეგლის აფეთქებას უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.

”ოპოზიციური მუხტის” ჩასახშობად, მითუმეტეს, მოახლოებული არჩევნების წინ, ხელისუფლება აქტიურად ჩაერთო მსხვერპლებით თამაშში; პრინციპში ამას ადრეც ადვილად აკეთებდა - საქართველოში, "რუსეთის აგენტის" ბრალდებით საკმაოდ ადვილი გახდა ადამიანის განადგურება, შესაძლებელია, ლიკვიდაციაც კი. გარდა ამისა, ჩვენი გულუბყვილო, როგორც წესი, დაუსაქმებელი და უსაქმურობისგან დაღლილი ამომრჩევლის გულის მოსაგებად, იმ ამომრჩევლისა, რომელიც საღამოებს ”პროფილის” მსგავსი სატელევიზიო გადაცემების ყურებაში ატარებს, ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო იმის მტკიცება, რომ არ არის ”ეკლესიის დამანგრეველი”... ამას მოჰყვა სწორედ ფონდ ”ინკლუზივის” ბარბაროსული დარბევა და ასეთივე ბარბაროსული ჰომოფობია ქართულ ტელეარხებზე. დემოკრატიული ღირებულებები შეეწირა ნაციონალურ-მართლმადიდებლურს ისევ და ისევ ერთი მიზნით - ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!

ამასობაში შობა-ახალი წელიც მოგვიახლოვდა. სიცოცხლის, განახლების დღესასწაული. ამერიკის მსგავსად არც ჩვენ გვინდა ამ ახალ წელს მსხვერპლისა და ომის გახსენება. არ გვინდა და აგერ უკვე პუტინსაც კი ვართმევთ ხელს.

ბედნიერი მომავლისთვის!

მე კი... საშობაო-ოპტიმისტური სიუჟეტები არ გამომდის, მაგრამ მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ; სავსებით შესაძლებელია, 2010 წელს გამოჩნდეს ”სიცოცხლის ანგელოზი”, რომელიც ადამიანის და ადამიანური ფასეულობების მსხვერპლშეწირვაზე ტაბუს დააწესებს... იქნებ ამის შემდეგ მაინც აღარ მოინდომონ მამებმა შვილების დახოცვა, ისტორიის გაჩერება? იქნებ 2010 წელს მაინც მოიხსნან შვილებმა ბორკილები. თანაც ისე, რომ მამებს არ გაუსწორდნენ. მსხვერპლად არ შეწირონ, არ ”ჩარეცხონ” ბედნიერი მომავლისთვის!?
დღეს ბლოგის ბოლო მასალას ვწერ ამ წელიწადში და მინდა, ჩვენს ბლოგზე გიამბოთ – ისეთზე, როგორსაც მე მას ვხედავ.

ჩვენი ბლოგის სახელი „იანეთია“. ეს სოლომონმა მოიფიქრა, დოდიმ კი ნამდვილი იანეთის ფირნიშს ფოტო გადაუღო. ახლა ჩვენ გვაქვს სახელიც და სახელის შესაბამისი სიმბოლოც. ია ანთაძის ბლოგისთვის „იანეთის“ დარქმევა ცოტა ინფანტილურია და ცოტაც – გოიმური. მაგრამ, სწორედ ამიტომ, ცოტა მამაცურიც არის და საყვარელიც, რომ ჩვენს ბლოგს თავისი სახელი აქვს და „ფეისბუკი“ ან „ოდნოკლასსნიკები“ კი არა, სწორედ იანეთი ჰქვია.

ბლოგი დღე–ღამეში თითქმის ოცი საათის განმავლობაში საქმიანობს. ამ წუთას, მაგალითად, შუაღამე დიდი ხნის გადასულია, ოთხის ოცი წუთია და ორი კომენტარი მელოდება გამოსაქვეყნებლად. ახლავე ვნახავ, ვის არ ძინავს ჩემთან ერთად: მანანა გვწერს ამერიკიდან. ის საკმაოდ იშვიათად გვწერს, მაგრამ ბლოგის დაარსებიდან მოგვყვება, ჯერ კიდევ აპრილის თვეში მახსოვს მისი პირველი კომენტარი. საქმეც ეს არის: როცა საქართველოში ღამეა, დედამიწის სხვა ნაწილებში დღეა. ჰოდა, იანეთში მოფრინავს კომენტარები დღისით და ღამით, ღამით და დღისით... კვირიდან კვირამდე, როგორც წესი, 1000–ზე მეტი კომენტარი გროვდება.

დაახლოებით 20–25 ადამიანი ყოველდღე ჩვენთან არის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს ადამიანები თავისი ყოველდღიური ცხოვრების რამდენიმე საათს იანეთს უთმობენ. ერთხელ ვითხოვე, მოდით, დავთქვათ და საღამოს ცხრა საათიდან ღამის ორ საათმდე ვიყოთ ერთად, მერე კი დავიშალოთ–მეთქი. არაო, – იანეთელებმა, – ორ საათზე დაშლა ვის გაუგია, ბავშვები ხომ არ ვართო. არც კი ვიცი, რა უფრო გამიხარდებოდა, თანხმობა თუ უარი... ალბათ, მაინც, უარი.

რომ არ გეგონოთ, უძინართა მცირერიცხოვანი კლუბი გაუხსნიათო, იმასაც გეტყვით, რომ იანეთს კვირიდან კვირამდე 4 000 ადამიანი სტუმრობს. მათი დიდი უმრავლესობა მხოლოდ კითხულობს, რასაც დანარჩენები წერენ. აპრილიდან დეკემბრამდე არც „მწერლების“ რიცხვი შეცვლილა მაინცდამაინც და არც „მკითხველების“. სტაბილურობა იანეთის ძლიერი მხარეა.

ეს სტაბილურობა, გარკვეულწილად, ჩემს უძილობაზე დგას. რადგან წესი წესია – თუ კომენტარს წინასწარ არ წავიკითხავ და არ დავასკვნი, რომ კომენტატორს ბლოგის წესები არ დაურღვევია, ვერაფერიც ვერ გამოქვეყნდება. წაკითხვას კიდევ სიფხიზლე სჭირდება. ჰოდა, ჩემი მეგობრები იანეთს არ წყალობენ, მეუბნებიან – შეეშვი, გაუფრთხილდი შენს თავს, დაიძინე, დაისვენე... მარტო უძილობაც არ არის მიზეზი. სადაც მივალ, ათ წუთში ჩანთას ვხსნი და პატარა კომპიუტერს მოვიმარჯვებ. „აუ, დაიწყო!“ – ამბობენ ჩემი მეგობრები. მე კი ვუხსნი, რომ თუ კომენტარებს არ გამოვაქვეყნებ, ადამიანები ინერვიულებენ – „მწერლებიც“ და „მკითხველებიც“. კულმინაცია მაინც ის იყო, როდესაც პატარა კომპიუტერი ჩემი მეგობრის შვილის ქორწილში მოვიდგი გვერდით.

...ხუთის თხუთმეტი წუთია და ბოლო თხუთმეტი წუთის განმავლობაში ირმა მესაუბრება სკაიპით. ვერ იძინებს და რაკი იცის, რომ ახალ მასალას ვწერ ბლოგისთვის, მამხნევებს. თან რომანტიკულ მელოდიებს გვიგზავნის ბლოგზე.

...ხუთი საათისკენ სოლომონი მემშვიდობება. თურმე, აქამდე მუშაობდა. ჩვეულებრივი ბლოგური ღამეა. ხან ერთს ღვიძავს, ხან მეორეს, ხან მესამეს. ბლოგის სტაბილურობა მათ სიფხიზლეზეც დგას.

სტატიის წერას ვაგრძელებ. მაკოს 28 დეკემბრამდე ტელეფონი და ინტერნეტი გამოურთეს; უცხო ავარიიდან გამოყოლილ ჭრილობას იშუშებს, დღეს ძაფები ამოუღეს; ალექსანდრე ახლახან გამოკეთდა გრიპისგან, ბავშვები ჯერ კიდევ სურდოიანები არიან; ლაჩოს არდადეგები დაეწყო; კაპიტანი სადღაც მიემგზავრება და დამავიწყდა, მეკითხა, ინტერნეტი ექნება თუ არა საახალწლოდ; ამ დილით ივერი გავანაწყენე, მთელი დღე აღარ გამოჩენილა; თორნიკე წუხელ დაბრუნდა გურჯაანიდან – პაპა მოინახულა და ღვინოც გადაიღეს; თემური დღეს არ დამლაპარაკებია, მაგრამ ვიცი, მისკენ ყველაფერი რიგზეა; ლოკს კომპიუტერი გაუფუჭდა და მეგობრის ლეპტოპით გვეხმიანება ალაგ–ალაგ; ლიკა არ ჩანს, სამსახურში ცხელი პერიოდი აქვს, უნდა მოვიკითხო... ოჰო, დილის ექვსი საათია და ბლოგზე ირაკლი შემოგვიერთდა, მაგარ–მაგარი სიტყვები მოგვწერა ფილადელფიიდან. რვის ნახევრისკენ კიდევ ორი კომენტარი შემოგვემატა: გიო გვწერს ვირჯინიიდან და კარაოკე – ათენიდან. სწორედ დღეს აღმოვაჩინე, რომ კარაოკე ჩვენი ძველთაძველი კომენტატორი ყოფილა, არადა, აღარ მახსოვდა.

ეს არის იანეთი: ადამიანების ურთიერთობა. ძირითადად, თავისუფალი ადამიანების ურთიერთობა. და ბლოგიც იმდენად არის თავისუფალი ურთიერთობების ადგილი, რამდენადაც თითოეული ჩვენგანის პიროვნული თავისუფლების ნაწილია. სწორედ ეს ნაწილი გვიზიდავს ერთმანეთისკენ და იზიდავს იმ 4 000 თავისუფლებისმოყვარე ადამიანს ბლოგისკენ.

შესაძლოა, მთლად ასეც არ იყოს საქმე. ვის რა იზიდავს და ვის კიდევ – რა. იანეთში განსჯაც არის და დრამატურგიაც. ალბათ, ზოგი იმისთვის სტუმრობს ბლოგს, რომ ჭკვიანური კომენტარები წაიკითხოს, ზოგს ჰუმანიზმი მოსწონს, ზოგს გამჭრიახობა და ზოგს კიდევ უცაბედად გამწვავებული ურთიერთობები. ჩვენ ყველანი ისეთები ვართ, როგორიც საქართველოა – მისი ნაწილი ვართ და ვინც იანეთის ხილული თუ უხილავი მეგობარია, მას მოსწონს ისეთი საქართველო, როგორსაც ჩვენთან ხედავს.
მგონი, რაღაცით მაინც განვსხვავდებით. რა არის იანეთის ხიბლი, ყველაზე კარგად გავიგე 20 დეკემბის ღამეს, ქუთაისში მემორიალის აფეთქებიდან რამდენიმე საათში. ტელევიზიებმა გადაცემები დაასრულეს და ეკრანი გამორთეს; „ფეისბუკი“ რელიგიურ თემებს ვერ და არ მოსწყდა; ერთადერთი, მალხაზ ხარბედია იყო, ნერვებს რომ ვერ ერეოდა და, გამწარებული, უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა; საქართველოს მოქალაქეებს გულდამძიმებულებს ეძინათ; იანეთი კი დილამდე ბორგავდა. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ ვამბობდით მთელი საქართველოს სათქმელს და, მე თუ მკითხავთ, ქართული საზოგადოების ნამუსი იმ ღამეს სწორედ ჩვენმა ბლოგმა გადაარჩინა. იმიტომ, რომ იანეთი ნამუსიანი და თავისუფალი საქართველოს ნაწილია, თბილი და მზიანი ნაწილი. ჩემთვის ზუსტად ასეა, ზუსტად ასე.

ჰოდა, მოდი და დაიძინე... მოდი და დახურე კომპიუტერი... მოდი და არ ინაღვლო, ვინ როგორ არის, არ მოიკითხო, ვის რა უჭირს და ულხინს... არ იფიქრო იმ ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღე ელოდებიან ჩვენს სიტყვებს, ჩვენს აზრებს, ჩვენს ურთიერთობებს...

დამდეგ ახალ წელს და შობას გილოცავთ, იანეთელებო! უკეთეს საქართველოში გვეცხოვროს!

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG