Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ნანა ექვთიმიშვილი​
ნანა ექვთიმიშვილი​

ქვეყნისათვის შენი არსებობა არაფერს ნიშნავდეს, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ისეთი ინტენსივობით ვიწვნიე, რომ იმის მერე აღარასდროს მქონია ილუზია ან მოლოდინი, რომ ვინმე ოდესმე ჩემზე, როგორც ერთ-ერთ მოქალაქეზე იზრუნებდა.

ისე მოხდა, რომ 90-იან წლებში, როცა უნივერსიტეტში სასიარულოდ 20 თეთრიც არ მქონდა, გადავწყვიტე სხვა ქვეყანაში მიმეღო განათლება. ტრავმატულად მახსოვს მაშინდელი რიგები საელჩოების წინ, როგორ არ მიცავდა არაფერი, როგორ უწევდა ხალხს იმის მტკიცება, რომ სამშობლოდან გასვლის შემთხვევაში, ისევ უკან დაბრუნდებოდნენ. საკუთარი ისე არა, როგორც სხვების ისტორიები კოშმარივით მახსოვს. როგორ უწევდათ დათრგუნულებს თავის მართლება, რომ უკან აუცილებლად მობრუნდებოდნენ, აუცილებლად დაუბრუნდებოდნენ მცირეწლოვან შვილებს; რას ნიშნავდა უარი მათთვის, ვინც ყველაფერს ყიდდა, ვიზებში რაღაც კორუფციული მანქანებით ფულს იხდიდა, მაგრამ ხშირად არ უმართლებდათ და საბოლოოდ უარს იღებდნენ, არადამაჯერებელი გასაუბრების გამო და იმის გამო, რომ საკუთარ ქვეყანაში საკმარისად ბედნიერი ცხოვრებით ვერ ცხოვრობდნენ. ჩვენ არაფერი გვიცავდა. ეს შეგრძნება ომში ყოფნას ჰგავდა, სადაც გასროლილ ტყვიაზე არავინ აგებდა პასუხს და არავის მოეკითხებოდა შენი მორალური და ფიზიკური განადგურება. ​

გერმანია ის ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც განათლება მივიღე და გავიზარდე. ყველა იმ კითხვას, რომელიც ახალგაზრდა ადამიანს შეიძლება ცხოვრების ამა თუ იმ რთულ ეტაპზე გაუჩნდეს, წლების განმავლობაში ვპასუხობდი მარტო. ხან სწორად, ხან ალბათ შეცდომებით და ტკივილით, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ მარტოობამ გამზარდა.​

ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი დავწერე და გერმანიის კულტურის ფონდიდან (რომელიც კინოცენტრის მსგავსი ორგანიზაციაა) დაფინანსება მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ სცენარში არაფერი იყო გერმანული, მათ „გრძელი ნათელი დღეები“ დააფინანსეს. ეს იყო პირველი რეალური ნიშანი, რომელიც იმედს მაძლევდა, მარწმუნებდა იმაში, რომ შეგიძლია იყო ქართველი და მაინც გქონდეს შენი ადგილი ევროპაში. შეგიძლია დაწერო რაღაც თუნდაც საქართველოზე, და მაინც გაიგონ.​

კადრი ფილმიდან „გრძელი ნათელი დღეები“
კადრი ფილმიდან „გრძელი ნათელი დღეები“

წლების მერე, როცა 2018 წელს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მწერალთა სახლში სხვა კოლეგებთან ერთად შევხვდი, მისი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, გენერალურმა დირექტორმა კულტურისა და კომუნიკაციის დარგში, ქართული კულტურის კარგად მცოდნემ და დიდმა გულშემატკივარმა, ანდრეას გორგენმა შეხვედრის დაწყებამდე მთხოვა სპონტანურად სიტყვა მეთქვა; მირჩია, იმაზეც მესაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნდა ქართველი ხელოვანებისთვის, რომ ევროპული ფონდების სივრცე მათთვის ღია ყოფილიყო; მეხსენებინა, თუ რას ნიშნავდა ქართველებისათვის კულტურის ადაპტირებული საფონდო სისტემა, სისტემა, რომლით სარგებლობაც საქართველოს მოქალაქეებს, იდეალურ შემთხვევაში, სრულფასოვნად ექნებოდათ. ამაზე საუბარი ადვილი იყო - ჩემი გამოცდილება მოვყევი, და ის, თუ რას ნიშნავდა პირადად ჩემთვის, გერმანიაში ცხოვრების საწყის პერიოდში, ჩემი შემოქმედებითი ორიენტაციისთვის, სწორედ ჩემი ქართული სცენარის დაფინანსება გერმანიის მხრიდან. ​

კინოსკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ კიდევ არ იყო გამოკვეთილი საით წავიდოდი, რას გავაკეთებდი, უნდა დავბრუნებულიყავი თუ არა საქართველოში, თუ გამეგრძელებინა ცხოვრება და მუშაობა გერმანიაში. სულ სხვაგან წასვლა ხომ არ სჯობდა? ვეძებდი სახლს, ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის შანსებს, ვეძებდი საკუთარ თავსაც და ვგრძნობდი, რომ ჩემს ქვეყანაში დაბრუნების მეშინოდა. შევარდნაძის დროს დატოვებულ ქვეყანაში ახლობელი ადამიანების გარდა და ჩემი მშობლიური შეგრძნებების გარდა არაფერი მეძახდა. არ მეძახდა არავინ და არაფერი, რასაც და ვისაც შეიძლებოდა გამოვდგომოდი. ვერ წარმომედგინა, ჩემს ქვეყანაში ჩემი ფილმის გადაღებას ვინმე ენთუზიაზმით თუ შეხვდებოდა, ქვეყანაში, სადაც ჩემი ცნობიერი ცხოვრების მანძილზე კინო თითქმის მხოლოდ პრივილეგირებულების უფლება იყო, მე კი არავინ განსაკუთრებულის შვილი არ ვიყავი და არც არავინ არასდროს მფარველობდა. ვფიქრობდი, რომ ერთადერთი რეალური შანსი, რაც შეიძლებოდა ჩემს ქვეყანაში მეკეთებინა, იყო პედაგოგად მუშაობა, რაზეც სრულიად თანახმა ვიყავი, მაგრამ ამისათვის ხომ სამუშაო გამოცდილებაც მჭირდებოდა? სად შევიძენდი ამ გამოცდილებას? ​

სწორედ მაშინ შევავსე განაცხადი და ჩემდა გასაკვირად მოვიგე ამერიკის შეერთებული შტატების „მწვანე ბარათი“ და პოტსდამ-ბებელსბერგის კინოსკოლის დამთავრების შემდეგ წავედი ამერიკაში. იქ, ნაქირავებ ბუნგალოში ვესტ-ჰოლივუდში, დავწერე „გრძელი ნათელი დღეების“ საბოლოო სცენარი, რომელიც 2011 წელს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში შევიტანე. ჩამოვედი გასაუბრებისთვის კინოცენტრში, სადაც სახეზეც კი არავის ვიცნობდი, მათ შორის არც მაშინდელი კომისიის წევრებს. დღემდე არ ვიცი ზუსტად, იმ ადამიანებიდან ვინ დამიჭირა მხარი და ვინ არა, შეფასების საბუთი არასდროს გამომითხოვია, არასოდეს მიფიქრია, რომ ეს მჭირდებოდა, რადგან ჩემი მადლიერება მაშინდელი ჟიურის ყველა წევრს და განსაკუთრებით კინოცენტრს ეკუთვნის. ​

კადრი ფილმიდან „გრძელი ნათელი დღეები“
კადრი ფილმიდან „გრძელი ნათელი დღეები“

არ ვიცი, კინოცენტრის რომელმა თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, რომ დამაფინანსეს, მაგრამ მას აუცილებლად ემახსოვრება ჩემი რეაქცია. არ მაინტერესებდა, რამდენით დამაფინანსეს, ვინ რა თქვა, ვინ რა ქულა დამიწერა... მქონდა მხოლოდ მადლიერების გრძნობა და განცდა იმისა, რომ სხვა, ახალ საქართველოში დავბრუნდი; რომ ეს ფილმი, რომელსაც უკვე დიდი ხანია თითქმის შემაწუხებლად ვხედავდი ყოველ ჯერზე, როცა დასაძინებლად თვალებს ვხუჭავდი, უკვე ეკრანზე გადაინაცვლებდა და სხვაც დაინახავდა.​

შემდეგ დაიწყო რთული პროცესი: ფილმის პროდუქცია დააფინანსეს საფრანგეთის და გერმანიის კინოცენტრებმაც. დისტრიბუტორი კი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფრანგული სადისტრიბუციო კომპანია, რომელსაც ეკუთვნის ფილმის ქართული სათაურის ინგლისური თარგმანის იდეა In Bloom. კინოში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ სხვა ქვეყნების ე.წ. კინოცენტრებიდან თანხის მოპოვება შეუძლებელია, თუ შენივე ქვეყანა ნაწილობრივ მაინც არ გაფინანსებს. ისიც ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს უცხოელი პარტნიორებისთვის გადაწყვეტილება სადისტრიბუციოდ აირჩიონ ქართულენოვანი ფილმი, ფილმი პატარა, უცნობი ქვეყნიდან, თუნდაც დიდი კინოწარსულით, დახარჯონ თანხები მისი კინოგაქირავებისთვის, სარეკლამო კამპანიისთვის. რთულია მოკლედ ახსნა, თუ რამდენს მუშაობენ ქართველი და უცხოელი კოლეგები თითოეული ქართული ფილმის წარმატებაზე, რა მასშტაბების გამოხმაურება აქვს უამრავ მათგანს და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის. მე ჩემს მაგალითს ვყვები, იმიტომ კი არა, რომ ის საუკეთესოა, არამედ იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი იმ უამრავთაგან, რომელიც ცხადყოფს, თუ როგორ შეიქმნა ფილმები, რომლებიც დიდ ეკრანზე აჩვენეს და რომლებმაც ქვეყანა, მის ფარგლებს გარეთ, ათასობით ადამიანისთვის, და მათ შორის არაერთი მნიშვნელოვანი ფიგურისათვის კულტურისა და პოლიტიკის სფეროდან თვალსაჩინო გახადეს. ​

შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს საქართველოში დაბრუნებაში უდიდესი წვლილი აქვს იმას, რომ 2011 წელს საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ჩემი ფილმი დააფინანსა. მე დავაბრუნე ამერიკის მწვანე ბარათი, რადგან გადავწყვიტე, რომ ჩემს ქვეყანაში შემეძლო ცხოვრება და იმის კეთება, რაც მიყვარს. რომ არა ჩემი პირველი ფილმი, არ ვიცი დღეს სად ვიქნებოდი, სად ვიცხოვრებდი, როგორი სცენარების წერა მომიწევდა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რადგან საბოლოოდ გაირკვა ჩემი შემოქმედებითი იდენტობა და ყველა ცდუნებამ, რაც კი მანამდე გზაზე შემხვედრია, ამ მიზანს არ ამაცდინა.​

მას მერე არაერთ ახალგაზრდა ადამიანთან მქონია შეხება საქართველოში. ეს ადამიანები დღეს ყველგან არიან, საქართველოშიც და მის ფარგელებს გარეთ. ბევრ მათგანს აქვს უნიკალური ხედვა, ცხოვრებისეული გამოცდილება, საინტერესო ბიოგრაფია, გამორჩეული იდეები, ენერგია, შრომის უნარი. მათ შეუძლიათ ბევრი რამ მისცენ სამშობლოს, მათ შეუძლიათ საქართველო ისე დაანახონ მსოფლიოს, როგორც ვერცერთი ცალკეული პოლიტიკოსი ვერასოდეს, ან ძნელად თუ შეძლებდა. მაგრამ ეს შეუძლებელია, თუ ქვეყანაში არ იარსებებს ცივილიზებულ სამყაროსთან ადაპტირებული ინსტიტუცია, რომელიც იქნება ამ ადამიანების პოტენციალის გამტარი და დამაკავშირებელი დანარჩენ სამყაროსთან. ძალიან რომ უნდოდეთ სხვა ევროპულ ფონდებს ჩვენი დახმარება, სხვა ქვეყნებს ჩვენს გვერდში დგომა, ისინი ამას კინოცენტრის ბრუტალური რეორგანიზაციის შემდეგ ვეღარ შეძლებენ. რადგან მათ ქვეყანაში არსებობს ძალიან მკაფიო და მკაცრად გაწერილი რეგულაციები, თუ როგორ და რა ფორმით უნდა ჰქონდეთ მათ ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან თანაწარმოების შემთხვევაში და რა პირობები უნდა შეასრულონ მხარეებმა. იქ სადაც ამის საკანონმდებლო და იურიდიული წინაპირობა აღარ არსებობს, ნებას და კეთილგანწყობას რომ თავი დავანებოთ, თანამშრომლობა შეუძლებელი ხდება. ​

როცა ჩემი პირველი ფილმი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფესტივალზე მიიწვიეს, „მწვანე ბარათი“ უკვე ჩაბარებული მქონდა. დღემდე ქართული პასპორტის პატრონს, ისევ მომიწია ამერიკის საელჩოში კიდევ ერთ გასაუბრებაზე გასვლა.​

„თქვენ გრინკარტა გქონდათ?“ - მკითხა ამერიკის საელჩოს ამერიკელმა თანამშრომელმა, როცა გასაუბრებაზე მისული შუშის სარკმელს მივუახლოვდი.​

„დიახ.“​
„და დააბრუნეთ?“​
„დიახ.“​
„რატომ?“​

„მოხდა ისე, რომ საქართველომ ჩემი ფილმი დააფინანსა, მე ფილმი გადავიღე და ახლა აქ მსურს ცხოვრება, ვხედავ, რომ შემიძლია აქ ჩემს პროფესიაში რეალიზაცია. ამიტომ არსად აღარ მივდივარ, აქ ვრჩები.“​

თანამშრომელმა შემომხედა და მითხრა:​

„გასაგებია.“​

და მართლაც, ამ გადაწყვეტილებას არასოდეს ვინანებ! ​

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ეგრეთ წოდებული რეოგანიზაცია არის მისთვის ლეგიტიმაციის ჩამორთმევა, იყოს ხიდი ქართველებსა და სხვა ევროპულ ფონდებს შორის. პირველ რიგში იურიდიული საფუძვლის წართმევა, ვისარგებლოთ უამრავი სიკეთით, რასაც ევროპული ფონდები და სისტემა გვთავაზობს ქართული კინოს შესაქმნელად და გასავითარებლად. მისი გაუქმება და მოშლა ისეთივე უპატიებელია, როგორც საქართველოს დაყოვნება ევროპის გზაზე. ეს არის შანსის წართმევა დავბრუნდეთ ჩვენსავე ქვეყანაში, გვჯეროდეს, რომ აქ საჭირონი ვართ, რომ აქვს აზრი აქ ცხოვრებას, ყოფას და შრომას. მისი გაუქმების მცდელობა არის პირდაპირი განაცხადი, რომ ადამიანები, ვინც ამდენი წლების განმავლობაში რაღაცას ქმნიდნენ, გადამღები ჯგუფები, რომელთა მხრებზეც უამრავმა ფილმმა გადაიარა, უფუნქციოდ დარჩებიან. უფუნქციოდ და სავარაუდოდ უსახსროდაც კი. კინოცენტრზე შტურმი არის სწორედ მორიგი ბიძგი წავიდეთ აქედან, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ აქ ჩვენ არავინ გველის და არავის ვჭირდებით.​

კინოცენტრის ამბავი ერთი პატარა ფაზლია იმ დიდი სურათისა, რომელსაც თუ მთლიანად ავაწყობთ და კარგად შევხედავთ, ერთ დიდ კოშმარულ კომპოზიციას დავინახავთ. ამ კოშმარიდან თავის გამოღწევა წარსულში თითქოს შევძელით, უდიდესი მსხვერპლის გაღებით და ტრავმებით. ამ პროცესში თაობები ჩაიკარგნენ. ჩაიკარგნენ მსახიობების, რეჟისორების და კინოს დარგის სხვა პროფესიონალების თაობები, რომლებსაც არ მისცა ქვეყანამ შანსი, ეკეთებინათ ის, რაც უყვარდათ. კინოცენტრის ეგრეთ წოდებული რეორგანიზაცია, რომელიც ძალიან ჰგავს მზადებას გაუქმებისკენ, იქნება შესაძლებლობების გაუქმება უამრავი ადამიანისთვის და კიდევ ერთი უარი ევროპას. უარი უამრავ ფესტივალს, უამრავ მაყურებელს, უარი მსოფლიოში წამყვან პრესას კინემატოგრაფიის შესახებ, სადაც ყოველთვის ხვდება სულ მცირე ერთი ქართველი რეჟისორი და ფილმი, რომელსაც მიმოიხილავენ; ეს იქნება უარი, თავისუფალი ადამიანების მიერ კინოში აღიბეჭდოს კონკრეტული დრო და სივრცე, აღიბეჭდოს ჩვენი ყველას ინდივიდუალური ისტორია და სიმართლე. ​

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.​

გვიყვარს ხაჭაპური, ყველისა და ცომის მაღალკალორიული კომბინაცია, ენდორფინების შადრევანი, რომელიც პრიზმაში გატარებული სინათლის მსგავსად იშლება სპექტრის იმერულ, მეგრულ და აჭარულ კომპონენტებად. ხაჭაპური, თავისი მშვიდობიანი, უსისხლო ინგრედიენტებითა და თვლემაში გარდამავალი ნეტარებით, ყველაფერთან შეიძლება ასოცირდებოდეს, მაგრამ არა ძალადობასთან. ხაჭაპურის რბილ ცომსა და წელია ყველში ყველაზე მძაფრი და ნეგატიური ემოციებიც კი ეფლობა და ცხრება.

ამიტომ გგონია, რომ სახაჭაპურეც მშვიდობის ერთგვარი ტერიტორია და ძალადობისგან თავისუფალი სივრცეა, სადაც ერთმანეთთან ბრძოლით დაღლილი ადამიანები თავიანთი წილი ბედნიერების დასაღეჭად მიდიან. ერთადერთი, რამაც შეიძლება გუნება გაუფუჭოს სახაჭაპურის სტუმარს, კილოკალორიების რაოდენობაა, მაგრამ საბაზრო ეკონომიკის მოუსვენარმა ხელმა ეს საფიქრალიც მოხსნა ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპურის სახით. მართალია, კვლავინდებურად სახეზე თუ თეფშზეა უზომოდ ბევრი კილოკალორია და Junk food-ის ყველა ელემენტი, მაგრამ თავს ასე უფრო იოლად ვიმშვიდებთ, ვიტყუებთ...

ძალიან მოხერხებული რამ აღმოჩნდა ეს ცომგამოცლილობა, ზუსტად მოერგო ჩვენს ხასიათსა და ცხოვრების წესს. ხაჭაპურის გამოგონებაში კიდევ შეიძლება მოგვედავონ სხვა ერები, მაგრამ ცომგამოცლილობის სამშობლო უცილობლად საქართველოა, ცომგამოცლილობა ჩვენი ცხოვრების წესი, modus vivendi-ა.

ბათუმის ის სახაჭაპურეც, რომელიც განთქმული იყო თავისი ცომგამოცლილი ხაჭაპურით და ბოლო დღეები ყურადღება ძალადობის კადრებით მიიქცია, ცომგამოცლილობის ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ.

სახაჭაპურეში არ ელოდები ჩაგვრასა და ძალადობას, გგონია, რომ კეთილდღეობის ამ სივრცეში ურთიერთობები სახაჭაპურე ცომივით რბილი და ელასტიკურია, მაგრამ, თურმე, განსხვავება სხვა ბიზნესებისგან დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ხაჭაპურსა და ცომგამოცლილ ხაჭაპურს შორის.

ცომგამოცლილობა პირველ რიგში თავის მოტყუება, ფორმალურის შინაარსზე ზეიმი და, შეიძლება ითქვას, ილუზიაა, თითქოს, მარტივად, ხელის ერთი მოსმით შეიძლება რაღაცის თვისებრივად შეცვლა.

რაში ჩანს ჩვენი ცომგამოცლილობა?

ცომგამოცლილობაა, როცა ოკუპანტს ისე ექცევი, როგორც ძვირფას სტუმარს ანუ, როცა ფორმით კარგი, ცომგამოცლილი ხაჭაპური ხარ (ვაჟას სტუმარ-მასპინძელს ეფარები), მაგრამ შინაარსით ცომით სავსე კოლაბორაციონისტი გამოდიხარ.

ცომგამოცლილობაა, როცა კლანის წევრსა და რესტორნების სალახანას (ცომიანს) მანტიას ასხამ და მოსამართლედ (ცომგამოცლილად) ასაღებ.

ცომგამოცლილობაა, როცა კანონის უზენაესობაზე ლაპარაკობ (ცომგამოცლილი პოლიტიკოსი), მაგრამ არაფორმალურ მმართველს ემორჩილები (აფუებული მორჩილი უმრავლესობა).

ცომგამოცლილობაა, როცა სწორ განცხადებებს აკეთებ და არასწორად იქცევი; ცომგამოცლილობაა, როცა ფორმალურად გამოხატვის თავისუფლების მომხრე ხარ, მაგრამ სუფთა ფურცლების გამო აკავებ; როცა ოკუპაციას გმობ, მაგრამ ოკუპანტს საჰაერო და ყველა სხვა სახის კარს უხსნი.

ცხადია, სხვა ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო ალბათ ევროკავშირთან ურთიერთობისას გამოვლენილი ცომგამოცლილობაა. ბრიუსელის მიერ ჩვენ წინაშე დაყენებული 12 საკითხი სხვა არაფერია, თუ არა არსებითი, შინაარსობრივი ცვლილებების (რეფორმების) გატარების მოთხოვნა, თუმცა, ყველა ნიშანი სახეზეა, რომ ჩვენ კვლავინდებურად ცომის გამოცლით ვცდილობთ გაკეთილშობილებას, თანაც შიგადაშიგ მუქარასავით მივანიშნებთ, რომ აქვე გვყავს რუსეთი, რომელიც ცომიანადაც კარგად მიგვირთმევს.

იტყვით, რომ ეს უკვე ტვინგამოცლილობაა?

გამოდის, ბევრად უარესად ყოფილა საქმე...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG