Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 15 ნოემბერი. See content from before

ხუთშაბათი, 9 ნოემბერი 2023

Georgia/France -- Paris-based Georgian historian Lasha Otkhmezuri. Undated
Georgia/France -- Paris-based Georgian historian Lasha Otkhmezuri. Undated

7 ოქტომბრის ტერაქტების შემდეგ მსოფლიოს ქალაქები ერთმანეთს ეჯიბრებიან ანტისემიტიზმში: სინაგოგების დაბომბვა მოლოტოვის კოქტეილით (გერმანია), ებრაული სასაფლაოების შებღალვა (ავსტრია), ებრაელთა დაჭრა (საფრანგეთი), ცემა-ტყეპა ფატალური შედეგით (აშშ) და ა.შ. ყველაფერთან ერთად გულსატკენი ის არის, რომ ეს პოგრომები ხდება ბროლის ღამის (1938 წლის 9-10 ნოემბერი) 85 წლის თავზე. მოკლედ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ანტისემიტები ტოლობის ნიშანს სვამენ ისრაელის პოლიტიკასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ებრაელებს შორის.

ღაზის ტერიტორიის ყოველი ახალი დაბობვა, და მასმედიის მიერ ამ ტრაგედიის გაშუქება, უფრო და უფრო აგრესიულს გახდის მსოფლიოში ანტიებრაულ მანიფესტაციებს. „ვიზუალურ-ინფორმაციული ომი“ ისრაელს უკვე წაგებული აქვს: მკითხველს შევახსენებ, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ გადაღებული ისრაელელების ხოცვა-ჟლეტის კადრები იმდენად აუტანელია, რომ ისრაელმა ისინი შეგნებულად არ გაავრცელა. ამან კი გამოიწვია ისრაელის ტრაგედიის სწრაფი ჩანაცვლება ღაზის ტრაგედიით.

სხვათა შორის, მანიფესტაციები ისრაელის დროშების დაწვით და შეძახილებით „სიკვდილი ებრაელებს“ დაიწყო მანამდე, სანამ ისრაელი ერთ ტყვიას გაისროდა ღაზის მიმართულებით. იმ დღეებში მანიფესტანტები გაიძახოდნენ, რომ ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადამ გადააწყვეტინა მათ ებრაელებზე „სიმბოლური“ ნადირობა გამოეცხადებინათ. ის, რომ ღაზის ბლოკადა არა ისრაელის, არამედ ისრაელისა და ეგვიპტის მიერ ერთად იყო დაწესებული, ეს მანიფესტანტებს არ აინტერესებდათ; ის, რომ ღაზის ტერიტორია როგორც ისრაელს, ისე ეგვიპტეს ესაზღვრება, ეს მანიფესტანტებმა სავარაუდოდ ვერ შენიშნეს.

შემდეგ იყო საავადმყოფო „ალ-აჰლი არაბი“, რომელიც, „ჰამასის“ მტკიცებით, ისრაელმა დაბომბა და 500 ადამიანი მოკლა. ამან მსოფლიოს დედაქალაქებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ის, რომ 7 ოქტომბრის „ჰამასის“ ტერორისტულ აქტს სულ ცოტა 40 ფრანგის (ორმაგი მოქალაქეობის მქონე) სიცოცხლე შეეწირა, ეს არავინ დააფიქრა. შემდეგ გაირკვა, რომ აფეთქება ღაზის ტერიტორიიდან ტერორისტების მიერ გასროლილი წუნიანი რაკეტის ჩამოვარდნის გამო მოხდა. თუმცა ამას არავინ გაუჩერებია - პარიზის ქუჩებში ისევ ისმოდა ტერორისტული საუნდტრეკი.

ამის შემდეგ იყო იორდანიის დედოფალ რანიას ინტერვიუ CNN-თან. იორდანიის სამეფოში 400 000 პალესტინელი ლტოლვილი ცხოვრობს და ეთნიკური პალესტინელი რანია მათი სიამაყის სიმბოლოა. და რანიამაც CNN-ის ჟურნალისტ კრისტიან ამანპურთან საუბარში დასავლეთი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. სამწუხაროდ, ამის პასუხად, კრისტიან ამანპურმა არ იკითხა, სად იყო თვით რანია და მისი პრინციპულობა, როცა მისმა აწ გარდაცვლილმა მამამთილმა (და პარალელურად იორდანიის მეფემ), ათობით ათასი მშვიდობიანი პალესტინელი ლტოლვილი გაწყვიტა 1970-71 წლებში?!

ან სად იყო რანია სირიის სამოქალაქო ომის დროს? რატომ არც იორდანიაში და არც სხვაგან არავინ გაჰყვიროდა „სიკვდილი ასადს! სიკვდილი პუტინს!“ - 2011 წლიდან მოყოლებული ასადის რეჟიმმა ხომ, რუსეთის დახმარებით, ათიათასობით პალესტინელი მშვიდობიანი ლტოლვილი გაჟლიტა სირიაში?!

არც ის იკითხა კრისტიან ამანპურმა, სად იყო რანია სულ რაღაც ექვსი წლის წინ, როცა მიანმარში (ბირმა), ადგილობრივმა სამხედრო ხუნტამ ასობით ათასი როჰინჯა მუსულმანს ეთნიკური წმენდა მოუწყო? ის, ვინც დღეს ისრაელის მიერ მოკლულ პალესტინელების ბედზე ნიანგის ცრემლებით ტირის, ერთი ცრემლი მაინც ჩამოუვარდა მაშინ?

ან ერთხელ მაინც გაახსენდა ან რანიას, ან სხვას, უიღურები (ჩინეთის მუსულმანი უმცირესობა), რომლებიც სი ძინპინის რეჟიმს ასიათასობით ჰყავს საკონცენტრაციო ბანაკებში გამოკეტილი? აგერ, სულ რაღაც ერთი წლის წინ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს ორგანოში ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების წინადადებას, ჩინეთში მუსლიმი უიღურების უფლებების დარღვევაზე დებატები გამართულიყო, არაბული სამყაროს არცერთმა სახელმწიფომ არ დაუჭირა მხარი. სად იყვნენ არაბი ქვეყნების ლიდერები მაშინ? სად იყო რანია მაშინ, რატომ არ მოსთხოვა პასუხი საკუთარ ქმარს?

ან იქნებ იორდანიის დედოფალ რანიასათვის, ისევე როგორც დღევანდელი ანტიებრაელი მანიფესტანტებისათვის, განსხვავება იმაშია, ვისი მოკლულია მუსულმანი - არაბის, მიანმელი ბუდისტის, ჩინელი კომუნისტის თუ ისრაელელის? იქნებ თვით რანია იყენებს ორმაგ სტანდარტებს?

ხოლო რაც შეეხება ევროპის ქუჩებში „ალაჰუ აკბარის“ მომღერლებსა თუ სინაგოგებსა და ებრაელებზე მონადირეებს - იქნებ ისინი ცდილობენ ამგვარად თავი „დიდი სიონისტური შეთქმულების“ მსხვერპლად იგრძნონ? ეს ახალი იდენტობა ხომ მათ ყველაფერზე შავ-თეთრ პასუხს აძლევს?! ეს ახალი იდენტობა ხომ მათ „მოწამეთა არისტოკრატიაში“ აღავლენს?! და რაც მთავარია - ეს ახალი იდენტობა ხომ გზამკვლევია იმ ძირძველი სიძულვილისა, რომელსაც ანტისემიტიზმი ჰქვია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ეკატერინა მარგოლისი
ეკატერინა მარგოლისი

სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ მცირე საქმეების თეორიასა და დიდ ბოროტებას შორის უშუალო კავშირზე. არაერთხელ შემიმჩნევია (და დარწმუნებული ვარ თქვენც, ყურადღებიანმა მკითხველებმა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმაც შეამჩნიეთ), რომ ყველაზე კაციჭამიურ კომენტარებს ტოვებენ დეიდები ან ყმაწვილქალები, რომელთა გვერდები სოციალურ ქსელებში დამშვენებულია ფისოებით, ყვავილებითა და "სიკეთისა და პოზიტივის სხივებით."

და ეს შემთხვევითი არ არის.

სენტიმენტალურობა ადამიანურობის ანტონიმია.

სენტიმენტალურობა მხოლოდ სხეულის ზედაპირული ემოციური რეაქციაა, რომელიც არ საჭიროებს ძალისხმევას. სენტიმენტალურობა ფიზიოლოგის რეაქციაა და არა სულიერი შრომის ნაყოფი. ეს არის იაფფასიანი სულიერი ნიღაბი, თანაგრძნობად მოკაზმული, რომლის მიღმა სწორედაც რომ თანაგრძნობის, ემპათიის ნაკლებობა იმალება. ეს ფისუნიები და ყვავილები (ისევე როგორც „ჩვენიბიჭები“) არსით იაფფასიანი ევფემიზმებია, ადამიანურობის ერზაცები; შინაგანი კომფორტის დაცვაა, ანესთეზიაა შინაგანი სამუშაოს ნაცვლად.

მე მაქვს ჰიპოთეზა, რომ სწორედ მასთანაა დაკავშირებული კნინობითი ფორმების ახალი გაფურჩქნა თანამედროვე რუსულ მეტყველებაში (ახალგაზრდობაში მქონდა შესაძლებლობა მეთარგმნა დიდი პოლონელ-ავსტრალიელი ენათმეცნიერის ანა ვერჟბიცკას შესანიშნავი სტატია რუსულ ენაში კნინობითი სუფიქსების სემანტიკის შესახებ, მაგრამ ეს იყო დღევანდელ მოზღვავებამდე).

ენათმეცნიერები ყოველ ენაში გამოყოფენ ე.წ. Baby-talk-ს - ძირითადი ენის ქვე-ენას, რომელზეც ზრდასრულები ესაუბრებიან პატარებს. ამ ენის განსაკუთრებულობასა და ბუნებაზე მრავალი გამოკვლევაა დაწერილი. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე რუსულ ენაში ბავშვის ლაპარაკისთვის დამახასიათებელი კნინობითი სიტყვები იქცნენ არა დაცვის ენად, არამედ ძალადობის დაფარვის ენად. ეს კი, როგორც მე მგონია, პირდაპირ კავშირშია ობლობასთან, როგორც გულაგის მენტალიტეტის ნაწილთან და მიჯაჭვულობის აშლილობის ეროვნულ სინდრომთან (ამის შესახებ დეტალურად დავწერე სტატიაში "რუსეთი ბავშვთა სახლი").

ყველა ეს „ბაიები“, „ბაღუნიები“, „დედიკოები“, რომლებითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში გადაივსო რუსული მეტყველება, უბრალოდ კნინობითი და მოფერებითი ან ინფანტილური და სენტიმენტალურ-ყალბი ფორმები კი არაა, არამედ ლაქიური პირფერობაა („სკამუნია“, „ბილეთუნია“, „ცნობუკა“ , „წყალუკა“ – საზოგადოებრივი ადგილებიდან და სახაზინო დაწესებულებებიდან დაწყებული, რესტორნებითა და მომსახურების სფეროთი დამთავრებული). და სწორედ ამგვარ ბმაში ეს სიტყვები კარგად ასახავენ თანამედროვე რუსეთის ლაგერულ-ფაშისტურ სულს.

„კრიმინალურ სამყაროსთან მომიწია შეხება. კრიმინალური სამყაროს ფოლკლორი ყოველთვის სენტიმენტალურია, ამიტომ გმირი საკუთარ თავს „საწყალ ბიჭს" უწოდებს. ამასთან, სენტიმენტალურობა ჩვეულებრივ შერწყმულია სისასტიკესთან, უფრო მეტიც, ამას გულისხმობს. მჩაგვრელის წარმოდგენა, რომ ის დაჩაგრული და ნაწყენია. აქედან მომდინარეობს უტიფრად მოქცევის ჩვეული ნორმა, რასაც ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში დავარქმევდით თავდაცვის ზომების გადამეტებას. როცა ადამიანურად ელაპარაკები დამნაშავეებს, რომლებმაც ასეთი რამ ჩაიდენს, აწყდები შინაგან რწმენას, რომ ისინი თავს იცავდნენ, რომ ყველა მათ წინააღმდეგაა“ -იური ლოტმანი (1922-1993, ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი, სემიოტოლოგი, ლიტერატურათმცოდნე და კულტუროლოგი).

როგორ მკაფიოდ ჩანს ამ მსჯელობაში პუტინის ომის მთელი რიტორიკა, რომელიც გამჯდარია მთელ საზოგადოებაში.

სენტიმენტალურობა, როგორც ბოროტების დეკორაცია. ვიქტიმური აგრესია. უპასუხისმგებლო ინფანტილიზმი. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ობლობის კომპლექსთან და „კომფორტის ზონასთან“, ასევე ზოგად ლაგერულ მენტალიტეტთან და ამჟამინდელი რუსული საზოგადოების ზონის ყაიდაზე მოწყობასთან.

„ციხის სენტიმენტალურობაზე ბევრი ფუჭი რამ დაიწერა. სინამდვილეში, ესაა მკვლელის სენტიმენტალობა, მკვლელისა, რომელიც ვარდების კვალს რწყავს თავისი მსხვერპლის სისხლით. სენტიმენტალობა ადამიანისა, რომელიც ჩიტს ჭრილობას უხვევს, მაგრამ შეუძლია ეს ჩიტი ერთ საათში ცოცხლად დაგლიჯოს საკუთარი ხელებით, რადგან ცოცხალი არსების სიკვდილის ცქერა ბლატნოისთვის (კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლისთვის) საუკეთესო სანახაობაა“ - ვარლამ შალამოვი (1907-1982, მწერალი, ჟურნალისტი, პოეტი. კოლიმური მოთხრობების ავტორი, გადასახლებული იყო რუსეთის გულაგში.)

ამიტომაა რუსული სენტიმენტალიზმი ახლა ასეთი შეუსაბამო, ამიტომაა უხერხული სიკეთის სხივების შესახებ მოთხრობების წაკითხვა ომის მოწინააღმდეგე რუსებისგანაც კი, რომლებიც ამასთან ერთად დროდადრო მას (სენტიმენტალიზმს)უპირისპირებენ „დეჰუმანიზაციას“.

სინამდვილეში კი ყველაფერი ზუსტად პირიქითაა.

ნაცისტები ასევე ძალიან სენტიმენტალურები იყვნენ: მათ ასევე უყვარდათ ყვავილები და ფისუნიები, ვიოლინოს კონცერტებზეც ტიროდნენ.

შეგახსენებთ ჰაფნერს აქვს „ერთი გერმანელის ამბავში“: „მსოფლიომ და კონკრეტულად ლიტერატურულმა სამყარომ თითქმის ვერ შეამჩნია ის ფაქტი, რომ გერმანიაში 1934–1938 წლებში დაიწერა მანამდე არნახული რაოდენობის მოგონებები ბავშვობაზე, საოჯახო რომანები, პეიზაჟური ლირიკა, უნაზესი ნატიფი რაღაცები, ელეგანტური წვრილმანები, ლიტერატურული თავშესაქცევები... დაიწერა წიგნები სავსე თიკნების ზანზალაკებით, მინდვრის ყვავილებით, არდადეგების ბედნიერებით, პირველი სიყვარულებით, ზღაპრული სურნელებით, ვაშლებისა და ნაძვის ხეებით... მომაბეზრებლად უზომო გულწრფელობისა და უდროობის ლიტერატურამ, თითქოს სასტვენის ნიშანს ელეოდაო, იხუვლა წიგნის მაღაზიების თაროებისკენ პოგრომების, ფაშისტური მსვლელობების, სამხედრო ქარხნებისა და საკონცენტრაციო ბანაკების მშენებლობის დროს..."

კანიბალიზმის მხარდამჭერი რუსი ქველმოქმედების სიის ნახევრის წაკითხვაც კი ვერ შევძელი. მაგრამ ის შთამბეჭდავია.

ნდობით აღჭურვილ პირებთან და მრავალნაირ „სოფის არჩევანთან“ (Sophie's Choice - ულიამ სტაირონი რომანი) დაკავშირებული ექსცესები მზარდი სიხშირით გასდევდა პუტინის ათწლეულებს. არ შეგახსენებთ, მათი სახელები ისედაც ცნობილია. არგუმენტები X-ის გადარჩენის გამო ბოროტებასთან მეგობრობის შესახებ (X შეიძლება იყოს თეატრი, ბიზნესი, ფაკულტეტი ან თუნდაც ავადმყოფი ბავშვები) უკვე ასჯერ იქნა განხილული და გადაღეჭილი.

ახლა კი, როცა დროდადრო შევეჩეხები ხოლმე ჩემი ყოფილი ქველმოქმედი კოლეგების სიყრუესა და სიბრმავეს, სულ უფრო და უფრო ცხადად მესმის: ეს კანონზომიერია და არა შემთხვევითი. ისევე როგორც ფისუნიები და ყვავილები ნამდვილი ადამიანურობის ნაცვლად.

ფსიქოლოგიური პრაქტიკისა და ქოუჩების გაფურჩქნა. ორაზროვნება და კრიტიკული აზროვნების ჩახშობა. კომფორტის ზონა, როგორც მთავარი ტერმინი და სიმბოლო, რომელშიც ყოველწლიურად პირველი სულ უფრო იმატებდა, მეორე კი იკლებდა.

სწორედ ახლა, უკრაინის ომთან დაკავშირებულ „ბოლო რამეების“ ფონზე გახდა განსაკუთრებით შესამჩნევი პაპა კარლოს ნახატი ბუხრის ეს კონსენსუსი და საერთო რუსული მორალური რელატივიზმი. წლების განმავლობაში პუტინიზმის მიერ თანდათანობით დანერგილმა რელატივიზმმა მოხდენილად ჩაანაცვლა დასავლური ცივილიზაციისა და ეთიკის ღირებულებითი ბაზის ათვისება, კომფორტითა და ინტერესებით, მისი (დას. ცივილიზაციის) გარეგანი გამოვლინებებით: ველოსიპედის ბილიკებით, გოგრის ლატეთი, მოდური გამოფენებით, მაღალი ხელფასებით და ეს ყველაფერი მორალური კომპრომისების სანაცვლოდ. რეპრეზენტაციამ (და თვითრეპრეზენტაციამ) შეცვალა არსი. კულტურა, როგორც მოფარდაგება და შენიღბვა (კონცეფცია, რომელიც ასე ახლოსაა რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების გებისტურ (ГБ - სახელმწიფო უშიშროება) ფსიქოლოგიასთან) თავის საშინელ, ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა მარიუპოლის თეატრის ნანგრევების დეკორაციაში, რომელიც უმოწყალოდ დაიბომბა ბავშვებთან და რუსი კლასიკოსების პორტრეტებთან ერთად.

და, რა თქმა უნდა, ფონდებისა და სისტემური ქველმოქმედების აყვავება (რაც ასე აუცილებელი და ამავდროულად მოსახერხებელია სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მოქალაქეებზე გადასატანად და იმავდროულად მათ გასაკონტროლებლადაც), ასევე შემთხვევითი არ არის. სინამდვილეში, რუსული ქველმოქმედების მთელი სისტემა შენდებოდა სახელმწიფო ბოროტებასთან თანდათანობით სიმბიოზზე. (ეს იყო ზუსტადაც რომ გადაბირება - როგორც ევგენი დობრენკომ შენიშნა რუსეთის სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობაზე, რასაც კანონზომიერად მიჰყავდა საზოგადოება მძევლობამდე) .

„ვინც მცირე ბოროტებას ირჩევს, ძალიან სწრაფად ავიწყდება, რომ ბოროტება აირჩია. (...) უფრო მეტიც, თუ განვიხილავთ ტოტალიტარული მმართველობის ტექნიკას, აშკარა გახდება, რომ „მცირე ბოროტების“ არგუმენტი - ფართოდ გამოყენებული მათ მიერაც, ვინც უშუალოდ მიეკუთვნება მმართველ ელიტას, წარმოადგენს ტერორისა და დანაშაულის აპარატის განუყოფელ ელემენტს. მცირე ბოროტების მიღების იდეა მიზანმიმართულად გამოიყენება იმისათვის, რომ განაწყონ სახელმწიფო მოხელეები და მთლიანად მოსახლეობა, ბოროტების, როგორც ასეთის, მიღებისთვის. აი, მრავალი მაგალითიდან ერთ-ერთი: ებრაელების განადგურებას წინ უძღოდა თანმიმდევრულად აგებული რიგი ანტიებრაული ზომებისა, რომლებსაც ადამიანები თანხმდებოდნენ იმ არგუმენტით, რომ მათში მონაწილეობაზე უარის თქმა ყველასთვის გააუარესებდა ვითარებას, მაგრამ საბოლოოდ, სიტუაცია ისეთი არ გახდა, რომ უფრო უარესი შეუძლებელი იყო“ -ჰანა არენდტი (1906-1975 ფილოსოფოსი, პოლიტიკური თეორიტიკოსი და ისტორიკოსი, ტოტალიტარიზმის თეორიის შემქმნელი).

მიმდინარე ომის აბსოლუტური ბოროტების ფონზე რუსული (და ნებისმიერი რეპრესიული საზოგადოებისთვის) ტრადიციული დიქოტომია „ადამიანი VS სახელმწიფო“ შიზოფრენიაში გადაიზარდა.

ფსიქოლოგიურად ეს გასაგებია. არსებობს დიდი ცდუნება, რომ ყველაფერი ცუდი გამოცხადდეს პუ-ს და აბსტრაქტული „სახელმწიფოს“ ან „რეჟიმის“ ხრიკებად, ხოლო ყველაფერი კარგი - „ჩვენი ხალხის სულიერებად“, ხალხისა რომელმაც მხოლოდ ამ პოზიტიურ კონტექსტში შეიძინა მოულოდნელად სუბიექტურობა. ასევე ნიშანდობლივია ნაცვალსახელების „ჩვენ“ VS „ისინი“ გამოყენება. ბევრი რუსი ანტიპუტინისტი პუბლიცისტისა და ავტორის რიტორიკული ძალისხმევა მიმართულია სწორედ პირველი პირის მესამისგან გამიჯვნისკენ. ფსიქოლოგიურად ეს გასაგებიცაა. ერთდროულად აშკარა ბოროტების წინაშე უძლურებისა და სირცხვილის განცდით ცხოვრება აუტანელია. პასუხისმგებლობის აღება რთული და, რაც მთავარია, უჩვეულოა. თავდაცვითი რეაქციები ადვილად გადადის აგრესიაში.

უკრაინაში შეჭრის დღიდან სოციალურ ქსელებში ბევრს ვწერ და ყურადღებით ვსწავლობ ჩემი ტექსტების რეცეფციასა და მკითხველთა კომენტარებს. ამგვარი უშუალო უკუკავშირი და მისი გამოკვლევის შესაძლებლობა, კლასიკური პრესისგან განსხვავებით, სოციალური ქსელების ყველაზე საინტერესო და სასარგებლო თვისებაა.

საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ბევრი რუსის გააფთრებული რეაქცია კრიტიკულ ტექსტებზე, მიმდინარე ომის სიღრმისეულ მიზეზებსა და რუსული კულტურის იმპერიულ ფესვებზე, დანაშაულსა და პასუხისმგებლობაზე, სულ უფრო დაუნდობლად ამხელს და აშიშვლებს შიდა ეთიკურ ვაკუუმს „ყველაფერი არაერთმნიშვნელოვანიას“ მთელი პანორამით. მორალურმა კონფორმიზმმა და რელატივიზმმა გამოზარდა თავდაცვითი იდეა, რომ ეთიკური განსჯისათვის საჭიროა გარკვეული სახის მორალური „უფლება“ (შეძენილი გაუგებარი ბუნდოვანი კრიტერიუმების მიხედვით) და ყოველმხრივ ეწინააღმდეგება იმის გაცნობიერებას, რომ ასეთი მსჯელობა სინამდვილეში უფლება კი არა, იმპერატივია. ჭეშმარიტების ძიებაში საკუთარი ნების არარსებობის პირობებში, რელატივიზმითა და კონფორმიზმით გადღაბნილი ღირებულებებით და პრინციპებით გამოთქმული აზრი შინაგანად გარდაუვალად აღიქმება გაკიცხვად. აქედან მძვინვარება.

დანაშაულისა და დანაშაულის გრძნობის ერთმანეთისგან გარჩევის შეუძლებლობა, ინფანტილიზმი და ვიქტიმურობა, პასუხისმგებლობის აღების არცოდნა და შეუძლებლობა, პასუხისმგებლობის სუბიექტური და არა რეპრესიული ბუნების ვერგაგება იწვევს იმას, რომ ბევრი თავშესაფარს ეძებს სენტიმენტალურობაში.

მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სულის ფიზიოლოგიის, სენტიმენტალურობის იმპულსის წუთიერი დამორჩილებით, ჩვენ არა მხოლოდ უკეთესები და ჰუმანურები არ ვხდებით, არამედ პირიქით: ვაგრძელებთ უპიროვნობის და უპასუხისმგებლობის (და ხშირად უპასუხობის) ხაზს ბოროტების წინაშე. ჩვენ ვღალატობთ როგორც ჩვენს ადამიანურ მოწოდებას, ასევე იმათაც, ვისაც სიცოცხლე სურდა, მაგრამ დაიხოცნენ გუშინ და დღეს გამთენიისას რუსული რაკეტების ქვეშ. ჩვენ ვღალატობთ ადამიანურ სოლიდარობასა და პასუხისმგებლობას იმათ წინაშე, ვისკენაც ახლა მიფრინავენ რაკეტები.

რაკეტებს ისვრიან რუსები. რუსები მართავენ მათ. რუსებს მიაქვთ დანიშნულების ადგილამდე. ისინი დაპროგრამებულია რუსების მიერ. მათ არ ამჩნევენ ასევე რუსები.

უკრაინელებს არ შეუძლიათ ვერ შეამჩნიონ ისინი. მათ ასეთი ფუფუნება არ აქვთ. მათ ამით ხოცავენ. პირდაპირ ახლა.

და ვერანაირი კნინობითი სახელით ამ ბოროტებას ვერ შეამცირებ, ვერანაირი ყვავილებით ვერ შენიღბავ. ასევე ვერაფერს შეცვლი როგორც ჩახუტებებით, თბილ გრძნობებსა და უპიროვნო სახელმწიფოზე საუბრით, ასევე ნამდვილი მცირე და მნიშვნელოვანი საქმეების კეთებითაც კი.

ეკატერინა მარგოლისი - მხატვარი და მწერალი

"ბლოგების" განყოფილებაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის შეხედულებებს

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG