Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომი ნიუანსების გარეშე


Georgia/France -- Paris-based Georgian historian Lasha Otkhmezuri. Undated
Georgia/France -- Paris-based Georgian historian Lasha Otkhmezuri. Undated

7 ოქტომბრის ტერაქტების შემდეგ მსოფლიოს ქალაქები ერთმანეთს ეჯიბრებიან ანტისემიტიზმში: სინაგოგების დაბომბვა მოლოტოვის კოქტეილით (გერმანია), ებრაული სასაფლაოების შებღალვა (ავსტრია), ებრაელთა დაჭრა (საფრანგეთი), ცემა-ტყეპა ფატალური შედეგით (აშშ) და ა.შ. ყველაფერთან ერთად გულსატკენი ის არის, რომ ეს პოგრომები ხდება ბროლის ღამის (1938 წლის 9-10 ნოემბერი) 85 წლის თავზე. მოკლედ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ანტისემიტები ტოლობის ნიშანს სვამენ ისრაელის პოლიტიკასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ებრაელებს შორის.

ღაზის ტერიტორიის ყოველი ახალი დაბობვა, და მასმედიის მიერ ამ ტრაგედიის გაშუქება, უფრო და უფრო აგრესიულს გახდის მსოფლიოში ანტიებრაულ მანიფესტაციებს. „ვიზუალურ-ინფორმაციული ომი“ ისრაელს უკვე წაგებული აქვს: მკითხველს შევახსენებ, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ გადაღებული ისრაელელების ხოცვა-ჟლეტის კადრები იმდენად აუტანელია, რომ ისრაელმა ისინი შეგნებულად არ გაავრცელა. ამან კი გამოიწვია ისრაელის ტრაგედიის სწრაფი ჩანაცვლება ღაზის ტრაგედიით.

სხვათა შორის, მანიფესტაციები ისრაელის დროშების დაწვით და შეძახილებით „სიკვდილი ებრაელებს“ დაიწყო მანამდე, სანამ ისრაელი ერთ ტყვიას გაისროდა ღაზის მიმართულებით. იმ დღეებში მანიფესტანტები გაიძახოდნენ, რომ ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადამ გადააწყვეტინა მათ ებრაელებზე „სიმბოლური“ ნადირობა გამოეცხადებინათ. ის, რომ ღაზის ბლოკადა არა ისრაელის, არამედ ისრაელისა და ეგვიპტის მიერ ერთად იყო დაწესებული, ეს მანიფესტანტებს არ აინტერესებდათ; ის, რომ ღაზის ტერიტორია როგორც ისრაელს, ისე ეგვიპტეს ესაზღვრება, ეს მანიფესტანტებმა სავარაუდოდ ვერ შენიშნეს.

შემდეგ იყო საავადმყოფო „ალ-აჰლი არაბი“, რომელიც, „ჰამასის“ მტკიცებით, ისრაელმა დაბომბა და 500 ადამიანი მოკლა. ამან მსოფლიოს დედაქალაქებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ის, რომ 7 ოქტომბრის „ჰამასის“ ტერორისტულ აქტს სულ ცოტა 40 ფრანგის (ორმაგი მოქალაქეობის მქონე) სიცოცხლე შეეწირა, ეს არავინ დააფიქრა. შემდეგ გაირკვა, რომ აფეთქება ღაზის ტერიტორიიდან ტერორისტების მიერ გასროლილი წუნიანი რაკეტის ჩამოვარდნის გამო მოხდა. თუმცა ამას არავინ გაუჩერებია - პარიზის ქუჩებში ისევ ისმოდა ტერორისტული საუნდტრეკი.

ამის შემდეგ იყო იორდანიის დედოფალ რანიას ინტერვიუ CNN-თან. იორდანიის სამეფოში 400 000 პალესტინელი ლტოლვილი ცხოვრობს და ეთნიკური პალესტინელი რანია მათი სიამაყის სიმბოლოა. და რანიამაც CNN-ის ჟურნალისტ კრისტიან ამანპურთან საუბარში დასავლეთი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. სამწუხაროდ, ამის პასუხად, კრისტიან ამანპურმა არ იკითხა, სად იყო თვით რანია და მისი პრინციპულობა, როცა მისმა აწ გარდაცვლილმა მამამთილმა (და პარალელურად იორდანიის მეფემ), ათობით ათასი მშვიდობიანი პალესტინელი ლტოლვილი გაწყვიტა 1970-71 წლებში?!

ან სად იყო რანია სირიის სამოქალაქო ომის დროს? რატომ არც იორდანიაში და არც სხვაგან არავინ გაჰყვიროდა „სიკვდილი ასადს! სიკვდილი პუტინს!“ - 2011 წლიდან მოყოლებული ასადის რეჟიმმა ხომ, რუსეთის დახმარებით, ათიათასობით პალესტინელი მშვიდობიანი ლტოლვილი გაჟლიტა სირიაში?!

არც ის იკითხა კრისტიან ამანპურმა, სად იყო რანია სულ რაღაც ექვსი წლის წინ, როცა მიანმარში (ბირმა), ადგილობრივმა სამხედრო ხუნტამ ასობით ათასი როჰინჯა მუსულმანს ეთნიკური წმენდა მოუწყო? ის, ვინც დღეს ისრაელის მიერ მოკლულ პალესტინელების ბედზე ნიანგის ცრემლებით ტირის, ერთი ცრემლი მაინც ჩამოუვარდა მაშინ?

ან ერთხელ მაინც გაახსენდა ან რანიას, ან სხვას, უიღურები (ჩინეთის მუსულმანი უმცირესობა), რომლებიც სი ძინპინის რეჟიმს ასიათასობით ჰყავს საკონცენტრაციო ბანაკებში გამოკეტილი? აგერ, სულ რაღაც ერთი წლის წინ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს ორგანოში ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების წინადადებას, ჩინეთში მუსლიმი უიღურების უფლებების დარღვევაზე დებატები გამართულიყო, არაბული სამყაროს არცერთმა სახელმწიფომ არ დაუჭირა მხარი. სად იყვნენ არაბი ქვეყნების ლიდერები მაშინ? სად იყო რანია მაშინ, რატომ არ მოსთხოვა პასუხი საკუთარ ქმარს?

ან იქნებ იორდანიის დედოფალ რანიასათვის, ისევე როგორც დღევანდელი ანტიებრაელი მანიფესტანტებისათვის, განსხვავება იმაშია, ვისი მოკლულია მუსულმანი - არაბის, მიანმელი ბუდისტის, ჩინელი კომუნისტის თუ ისრაელელის? იქნებ თვით რანია იყენებს ორმაგ სტანდარტებს?

ხოლო რაც შეეხება ევროპის ქუჩებში „ალაჰუ აკბარის“ მომღერლებსა თუ სინაგოგებსა და ებრაელებზე მონადირეებს - იქნებ ისინი ცდილობენ ამგვარად თავი „დიდი სიონისტური შეთქმულების“ მსხვერპლად იგრძნონ? ეს ახალი იდენტობა ხომ მათ ყველაფერზე შავ-თეთრ პასუხს აძლევს?! ეს ახალი იდენტობა ხომ მათ „მოწამეთა არისტოკრატიაში“ აღავლენს?! და რაც მთავარია - ეს ახალი იდენტობა ხომ გზამკვლევია იმ ძირძველი სიძულვილისა, რომელსაც ანტისემიტიზმი ჰქვია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG