Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 13 დეკემბერი. See content from before

ორშაბათი, 12 დეკემბერი 2022

"ძმური კოცნა", დმიტრი ვრუბელი, 2014
"ძმური კოცნა", დმიტრი ვრუბელი, 2014

კაცები სულ კოცნიდნენ ერთმანეთს - ხან მხარზე, ხან ლოყაზე და ხანაც ტუჩებში, საზოგადოებას კი ამაზე განსხვავებული რეაქცია ჰქონდა იმის მიხედვით, სად და ვინ ვის კოცნიდა. კაცების ყველაზე ცნობილი ტუჩებში კოცნა 1979 წლის ოქტომბრით თარიღდება. 33 წლის წინ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, 73 წლის ლეონიდ ბრეჟნევმა და გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, 67 წლის ერიხ ჰონეკერმა ორი ქვეყნის - სსრკ-ისა და გდრ-ის 30-წლიანი სიყვარული ხანგრძლივი, მხურვალე და, შეიძლება ითქვას, ვნებიანი კოცნით დაადასტურეს.

ბრეჟნევისა და ჰონეკერის ეს კოცნა, რომელიც გდრ-ის შექმნის 30 წლისთავზე შედგა, მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა დმიტრი ვრუბელის გრაფიტით, რომელიც მხატვარმა ბერლინის კედელზე გააკეთა გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ის კორესპონდენტის, ბარბარა კლემის მიერ პაპარაცულად გადაღებული ფოტოს მიხედვით.

კაცური კოცნა

ლეონიდ ბრეჟნევი საყოველთაოდ იყო ცნობილი თავისი „ვნებიანი კოცნით“ და, შესაბამისად, მმართველობის ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მას ბევრი პარტიული თუ უპარტიო ამხანაგი ჰყავს დალოშნილი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს უახლოეს წარსულში მხოლოდ თანამდებობის პირი კაცები კოცნიდნენ ერთმანეთს და სხვები შურით ან სიძულვილით უცქერდნენ. აი, რას წერს გურამ რჩეულიშვილი თავის ერთ-ერთ დღიურში:

“შოთა ხარბედია ვნახე არყის სმის დროს, რატომღაც ვიგრძენი დარდი, დაბადებით სევდიანი ბიჭია და მართლა არაფერი არ უმართლებს საწყალს - ძმა, უმაღლესში ვერმოწყობა, ბებოს დამბლა, დედის კიბო... მეორე პატარა ტიპი ალაპარაკდა მთელი საათი კიბოზე, შოთაც მოჰყვა. სვამდნენ და მე უსინდისოდ ვიგრძენი თავი, რომ არა ვსვამდი, რომ არა მქონდა მათსავით დარდი, რაღაცნაირად შემოიზილა ჩემში შოთას არსება და მძიმედ დამაწვა გულზე. ხელი ჩამოვართვი წამოსვლისას, მერე მივუბრუნდი და ვნებით ვაკოცე (ასე არ კოცნიან ბიჭს, არც გოგოს), რაღაცნაირად სხვა ვნებით ვაკოცე ტუჩებში ორჯერ და მხურვალედ, პირველად ვიგრძენი, რომ იმანაც ზუსტად ისევე მაკოცა, როგორც ვაკოცე მე - უთვალავჯერ მიკოცნია ბიჭისთვის, გოგოსთვის და ასეთი შეგრძნება პირველად მქონდა, რომ ეს კოცნა არ იყო ტყუილი, რომ ამ კოცნას გაუგო და იმანაც ისევე მაკოცა. მე ვკოცნიდი მის დარდს და მან გაიგო ეს. ის ჰკოცნიდა ჩემ იმ დარდს, რომელმაც გაიგო სხვისი დარდი“.

გასული საუკუნის 50-იანი წლების საბჭოთა საქართველოში კაცების ასეთი კოცნა არ იყო “იოლად გასატარებელი“ ამბავი, რადგან, საზოგადოებრივი მორალის გარდა, საბჭოთა ზნეობისა და წესრიგის სადარაჯოზე იდგა სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლი, რომელიც 5-იდან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა კაცებს შორის საეჭვო ურთიერთობისთვის. სისტემისთვის დასმენაც კი საკმარისი არგუმენტი იყო.

კოცნაზე მეტი

პოეტი შოთა ჩანტლაძე 1957 წლის 28 აპრილით დათარიღებულ ერთ უსათაურო ლექსს ასე ამთავრებს:

ზოგჯერ ვერ იშოვი ქალს შესახებელად
და დაგედევნება კაცის უკანალი,
თუ კაცს არა უშავს შესახედავად,
ვერ დაგაბრკოლებს მორალთა მუქარანი.
ღმერთო ჩემო, ქვეყანა როგორ აირია,
ეხლა ცხოვრება სულ სხვანაირია,
ცხოვრება შარია,
ცხოვრება შაირია.

ამ ლექსის ავტორი მართლა შეიძლებოდა გახვეულიყო შარში, რადგან საფრთხე მხოლოდ ჰომოფობიური საზოგადოებიდან და „მორალთა მუქარანი“-დან როდი მოდიოდა. საქმე ისაა, რომ უკვე ნახსენები სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით საბჭოთა კავშირში 60 ათასზე მეტი მამაკაცი გასამართლდა, ყველაფერი კი დაიწყო 1933 წლის 17 დეკემბრიდან, როცა საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. „მამათმავლობის“ კრიმინალიზაციის შესახებ.

მეფის რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსშიც იყო მუხლი, რომელიც დანაშაულად აცხადებდა მამაკაცებს შორის ურთიერთობას, მაგრამ დე ფაქტო ამ კანონს თითქმის არასოდეს უმუშავია. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა შექმნეს ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც ასეთი მუხლი და, შესაბამისად, აკრძალვა საერთოდ არ არსებობდა. ეს გარემოება ნაწილობრივ უკავშირდებოდა ძველი ბოლშევიკების მიერ მოწონებულ „თავისუფალი სიყვარულის“ (სხვანაირად „ჭიქა წყლის“) თეორიას, რომელსაც 1920-იან წლებში მნიშვნელოვანი მომხრეები ჰყავდა, მაგრამ 30-იანი წლებიდან ყველაფერი იცვლება და კვლავ ხდება ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაცია: „სქესობრივი კავშირი მამაკაცსა და მამაკაცს შორის“ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე. დანაშაული ჩადენილი თანამდებობის გამოყენებით ან ძალადობით ან საფასურის გადახდით ან საჯაროდ ისჯება რვა წლიანი პატიმრობით“.

ეს ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში 1934 წლის 1 აპრილს შევიდა და ლამის საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოქმედებდა. ამასთან, ისჯებოდნენ მხოლოდ მამაკაცები. საბჭოთა ხელისუფლება, რატომღაც, გულგრილი იყო ქალების ჰომოსექსუალობის მიმართ.

ცხადია, 30-იანი წლების საბჭოთა კავშირში ლაპარაკი არ იყო ღია ურთიერთობებსა და უფლებების დაცვაზე, თუმცა, როგორც ირკვევა, ამგვარი იშვიათი გამონაკლისებიც არსებობდა. მაგალითად, ცნობილია, რომ მოსკოვში აკრედიტებულმა შოტლანდიელმა ჟურნალისტმა, ჰარი ვაიტმა ვრცელი წერილი მისწერა სტალინს და ბელადის იმაში დარწმუნება სცადა, რომ ჰომოსექსუალები კარგი კომუნისტები არიან. ჟურნალისტს მაქსიმ გორკიმ უპასუხა „პრავდის“ ფურცლებიდან: „ქვეყანაში, სადაც პროლეტარიატი გაბედულად და წარმატებულად მართავს, ჰომოსექსუალიზმი, რომელიც ხრწნის ახალგაზრდობას, აღიარებულია სოციალურ დანაშაულად და ისჯება.“

ჯაშუშები, დამცირებულები, სამკურნალონი

მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი, რუსტამ ალექსანდერი წიგნში „ჩაკეტილები“, რომელშიც საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალთა დევნის ისტორიაა გამოკვლეული, ამბობს, რომ სსრკ-ში ჰომოსექსუალობა ერთდროულად ავადმყოფობაც იყო და - დანაშაულიც. ითვლებოდა, რომ ეს ჯგუფი მოწყვლადი იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წინაშე გადაბირების თვალსაზრისით, რადგან იოლად შეიძლებოდა მათი დაშანტაჟება ორიენტაციის საჯარო გამჟღავნების მუქარით. გასაკვირი არ არის, რომ ჯაშუშომანიით შეპყრობილმა სტალინმა უმალვე მოაწერა ხელი შესაბამის დოკუმენტს, რომელიც მალევე გამოიყენეს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში მკაცრი წმენდების ჩასატარებლად და ყოფილი კომისრის, გიორგი ჩიჩერინის მიყვანილი საეჭვო კადრების, მათ შორის პროტოკოლის სამსახურის უფროსის, დმიტრი ფლორენსკის მოსაშორებლად. წმენდის დასრულების შემდეგ ГПУ-ს (მთავარი პოლიტიკური სამმართველო) თავმჯდომარის მოადგილემ, იაკოვ აგრანოვმა ხელმძღვანელობას მოახსენა, საგარეო საქმეთა კომისარიატში გერმანელი ჯაშუშების "ჰომოსექსუალური ცენტრები" აღმოფხვრილიაო.

სტალინის სიკვდილის შემდეგ სტიგმა შეიცვალა. ყველამ დაივიწყა ჯაშუშები, მაგრამ დაიწყო ჰომოსექსუალობის განხილვა, როგორც რაღაც უკიდურესად დამამცირებლისა. ბევრმა საბჭოთა ადამიანმა გაიარა ციხეები და მათ მშვენივრად იცოდნენ, რა ხდებოდა ზონებში, სადაც ამ ადამიანებს საერთო ჭურჭლით სარგებლობის უფლებაც კი არ ჰქონდათ.

სსრკ-ში ე.წ. დათბობასთან ერთად დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის შემსუბუქების პირველი მცდელობები, რაც გამოიხატა სასჯელის ხუთიდან სამ წლამდე შემცირების ინიციატივაში. რუსტამ ალექსანდერის თქმით, ეს იქნებოდა დიდად ჰუმანური ნაბიჯი, რადგან პრაქტიკაში, სასჯელის მცირე ვადა, პირველი ნასამართლობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, შეიცვლებოდა პირობითი სასჯელით და განსასჯელი გადაურჩებოდა ციხეს.

1960-იან და 1970-იან წლებში ჰომოსექსუალობა აღარ მიიჩნეოდა დანაშაულად არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებში, არამედ სოციალისტური ბლოკის რამდენიმე ქვეყანაშიც კი, თუმცა სსრკ-ში ასე არ მოხდა.

რუსტამ ალექსანდერის თქმით, საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალებს არა მხოლოდ სჯიდნენ, არამედ „მკურნალობდნენ“ კიდეც: ქალებში ტრანკვილიზატორის გამოყენებით, რომელიც მთლიანად ანგრევდა ლიბიდოს. შემდეგ მედიკამენტის დოზას ამცირებდნენ, პარალელურად კი პაციენტს უტარებდნენ ფსიქოთერაპიულ სეანსებს ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების სარგებლიანობისა და სიჯანსაღის შესახებ. მამაკაცებში “მკურნალობა” ხდებოდა ფსიქოთერაპიისა და ჰიპნოზის ზღვარზე, ამასთან თერაპიის ნაწილი იყო დასავლური ჟურნალებიდან ამოღებული ეროტიკული ფოტოების დათვალიერება.

ჰომოსექსუალები არა მხოლოდ ავადმყოფებად მიაჩნდათ, არამედ ავადმყოფობის, მათ შორის შიდსის გამავრცელებლებადაც ითვლებოდნენ. 1980-იან წლებში КГБ აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ შიდსი შეიქმნა ამერიკულ ლაბორატორიებში, ხოლო "ჰომოსექსუალები" ამ მომაკვდინებელ ვირუსს მთელ პლანეტაზე ავრცელებენ. სისხლისსამართლებრივ დევნას დაემატა საზოგადოების ბევრად დიდი ნაწილის შიში და აგრესია, თუმცა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაწყებულმა გლობალურმა ცვლილებებმა მაინც იქონია გავლენა ჰომოსექსუალობის აღქმაზე. პირველად გაჟღერდა მოსაზრება, რომ ჰომოსექსუალობა სექსზე მეტად იდენტობისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ამბავია.

კიდევ ერთი-ორი წელიც და საბჭოთა კავშირთან ერთად არსებობა შეწყვიტა საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსმა და მისმა 121-ე მუხლმა. ახალ, ეროვნულ სისხლის სამართლის კოდექსში კაცების კოცნისა და უფრო შორს მიმავალი ურთიერთობისთვის ადგილი „არ მოიძებნა“, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება დიდად შეიცვალა. კაცების კოცნა, თუ ბრეჟნევი და ჰონეკერი არ არიან, კვლავაც ხმაურიანი განხილვისა და ვნებათაღელვის საკითხად რჩება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები 6 დეკემბრის ბრიუსელის შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის 2023 წელს 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფაზე. ამის მარტივი ახსნაა, რომ კონსენსუსი ვერ შედგა - უნგრეთი წინააღმდეგი იყო. უფრო კომპლექსური პასუხი კი ის არის, რომ იმ შეხვედრაზე ისედაც თითქმის ვერაფერზე შეთანხმდნენ. წლის ბოლოს ბრიუსელში სულ ასეა ხოლმე. ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში.

ბუდაპეშტი უკრაინის დახმარების პაკეტთან დაკავშირებით ასეთ განმარტებას აკეთებს: კიევს მხარს ვუჭერთ, ფინანსურ დახმარებას ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე გამოვყოფთ, თუმცა არ ვართ თანახმა, რომ ევროკავშირმა საერთო ვალი აიღოს ქვეყნისთვის სესხის გამოსაყოფადო.

როდესაც შემოდგომაზე ევროკომისიამ დახმარების ეს პაკეტი მოამზადა, გათვალისწინებული იყო, რომ კიევისთვის გამოყოფილი სესხის გარანტია ახალი წესით დამტკიცდებოდა - ეს იქნებოდა განსხვავება იმ მაქსიმუმს შორის, რის მოთხოვნაც შეუძლია ევროკომისიას ევროკავშირის წევრებისთვის და კომისიის მიერ ყველა საბიუჯეტო ხარჯის დასაფარად გათვალისწინებულ ფონდებს შორის.

ეს სისტემა მიიჩნეოდა წინგადადგმულ ნაბიჯად დახმარების წინა პაკეტებთან შედარებით, როდესაც ორმხრივი სესხის გარანტიას თავად წევრი ქვეყანა უზრუნველყოფდა. ზოგი ქვეყანა - პირველ რიგში, გერმანია - ამას ეწინააღმდეგებოდა და ამის გამო 2022 წელს უკრაინისთვის გამოყოფილი 9 მილიარდიდან დანიშნულების ადგილას მხოლოდ 6 მილიარდი ჩავიდა.

ცხადია, საკამათო თემაა, სინამდვილეში რამდენადაა გამოწვეული უნგრეთის ოპოზიცია საერთო სესხის არგუმენტით. ზოგი ვარაუდობს, რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, რომელიც კრემლის მხარდამჭერად მიიჩნევა, ევროკავშირსა და უკრაინას საბოტაჟს უწყობს. მეორე მიზეზი კი ფულია. ბრიუსელში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით კი შობის წინა დღეებში, როდესაც ყველა ცდილობს დროზე მორჩეს საქმეებს და გლინტვეინებს, თხილამურებსა და საშობაო სპექტაკლებს მიხედოს.

ბრიუსელში რამდენიმე კვირაა ლაპარაკობდნენ, რომ ბუდაპეშტი თავის თანხმობას უკავშირებდა უნგრეთისთვის პანდემიის შედეგებთან გასამკლავებელი 5,8 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას და ევროკომისიის შეთავაზებას, შეეჩერებინათ ბუდაპეშტისთვის კიდევ 7,5 მილიარდი ევროს გადარიცხვა ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობის და კორუფციის კუთხით არსებული პრობლემების გამო. ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა ეს ლამის პირდაპირ თქვა - ყველა ეს საკითხი დაკავშირებულია და „ერთ პაკეტად“ უნდა განვიხილოთო.

ელიან, რომ ეს საკითხები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გადაიჭრება. მთავარი პუნქტი 7,5 მილიარდი ევროს შეჩერებაა - შეჩერების მექანიზმი ევროკომისიამ პირველად სექტემბერში გამოიყენა და უნგრეთს ორი თვე მისცა გარკვეული რეფორმების გასატარებლად.

უნგრეთის პარლამენტმა შემოდგომაზე მთელი რიგი რეფორმები მიიღო, თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, კომისია მაინც უკმაყოფილო დარჩა. ბრიუსელმა განაცხადა, რომ პროგრესი არასაკმარისი იყო და ფონდები გაყინული დატოვა. თუმცა, მათ ასევე თქვეს, რომ თუ დამატებითი რეფორმები გავიდოდა, ამ თანხას პანდემიის შედეგებთან გასამკლავებელ 5,8 მილიარდ ევროსაც დაამატებდნენ.

ბუდაპეშტს 7 დეკემბერს უთხრეს, რომ 2 დღეში წარუდგინოს ახალი ანგარიში ევროკომისიას. უნგრეთის დახმარების საკითხი ან 12 დეკემბერს გადაწყდება ფინანსთა მინისტრების მორიგ შეხვედრაზე, ან რამდენიმე დღის შემდეგ, 15-16 დეკემბერს, როდესაც ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს.

ევროკომისიას უნგრეთის წინააღმდეგ სამოქმედოდ ბევრი კარტი აღარ დარჩა. შეიძლება, რომ მათ გადაწყვიტონ თანხის ნაწილის გამოყოფა, ან ბუდაპეშტისთვის წამოყენებული მოთხოვნების შემსუბუქება. საფრანგეთმა და გერმანიამ გააცნობიერეს, რომ ევროკავშირში უნგრეთის ფულის გაყინვის ბევრი მხარდამჭერი აღარ დარჩა. ზოგი მიიჩნევს, რომ უკრაინის დახმარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბუდაპეშტის დასჯა. სხვები შიშობენ, რომ ორბანი კითხვის ქვეშ დააყენებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. უნგრეთის პრემიერს კიდევ ბევრი ბერკეტი დარჩა ევროკავშირის შანტაჟისთვის.

მეორე მხრივ, ევროკავშირსაც შეუძლია ბუდაპეშტის შანტაჟი. უნგრეთისთვის პანდემიის შედეგებთან გასამკლავებელი დახმარების დამტკიცების ბოლო ვადა 19 დეკემბერია. თუ ამ დროს გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ქვეყანა 5,8 მილიარდი ევროს 70 პროცენტს დაკარგავს. მზარდი ინფლაციის პერიოდში ქვეყნისთვის ეს დიდი ზარალი იქნება. ევროკავშირის დანარჩენი 26 წევრი კი აცხადებს, რომ უნგრეთის თანხმობას თუ ვერ მიიღებს, უკრაინის დასახმარებლად ალტერნატიულ გზებს გამონახავენ.

ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონსენსუსის წესი ევროკავშირისთვის და რატომ არის, რომ ბევრი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს მის შესანარჩუნებლად. ყველა მხარე მიმართავს შანტაჟს ერთმანეთის მისამართით და მეტაფორულ თოფებს უმიზნებს ერთმანეთს. ხოლო ბოლოს ამ დაპირისპირებას ბრიუსელი განმუხტავს და ფულს ჩამოარიგებს. საშობაოდ კი ბრიუსელი გულუხვი იქნება და ამას ყველა დააფასებს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG