Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

საქართველოს მმართველი პარტია თავს იწონებს პანდემიასთან წარმატებული ბრძოლით. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას ეს წარმატება სახელისუფლებო გუნდის პროფესიონალიზმითა და ხალხის (ქვეყნის) მსახურების წყურვილით ახსნა.

ბიძინა ივანიშვილს არაფერი უთქვამს შეუსრულებელ დაპირებებზე, ისევე როგორც არაფერი უთქვამს ამ დაპირებების (ან ახალი დაპირებების) სამომავალოდ შესრულების პერსპექტივაზე. ისე გამოვიდა, თითქოს, 2012 წელს მხოლოდ იმის გამო შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ მაშინდელი მმართველი პარტია, რომ 2020 წელს ახალი კორონავირუსისგან ეხსნა ხალხი და ქვეყანა.

უცნაურია, მაგრამ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას არაფერი თქმულა სიღარიბის, უმუშევრობის, ინფლაციის, ეკონომიკის, მართლმსაჯულების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სხვა საკითხებზე. მთავარი აქცენტი ეპიდემიასთან წარმატებულ ბრძოლაზე გაკეთდა!

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ექსტრემალურ ვითარებაში, როდესაც რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როდესაც ყველაფერი სხვა გაუფერულდა ამ განსაცდელის წინაშე, ხალხმა ხელშესახებად იგრძნო მზრუნველი ხელისუფლების ხელი და მის გარშემო გაერთიანდა. ...კრიზისის დროს უკეთ გამოჩნდა, ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაზე ღირებულია. ასეთი იყო „ქართული ოცნება“ და ასეთად დარჩება ყოველთვის“, - განაცხადა ტრიბუნასთან მდგომმა ბიძინა ივინიშვილმა და, მისი სიტყვით გამოსვლის პარალელურად, მთავრობის წევრების სახეებთან ერთად საზოგადოებამ მსხვილი ხედით იხილა „პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი მუშკეტერები“:

  • ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე;
  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე;
  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე;
  • პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი.

თუ გავიხსენებთ იმას, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებულ Edison Research-ის კვლევის მიხედვით, ნდობის 79 %-იანი მაჩვენებლით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) მხოლოდ ჯარს (90 %) და ეკლესიას (88 %) ჩამორჩება, ხოლო პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ნდობის მაჩვენებლები, სულ რაღაც, 63 % და 52 %-ია, გასაგები გახდება, თუ რატომ მიიწვიეს პარტიულ ღონისძიებაზე და რატომ შეურიეს მმართველი პარტიის „სახეებში“ NCDC-ის ხელმძღვანელები და სხვა სახელოვანი ექიმები.

წინა წლებში მმართველი პარტიები, როგორც წესი, ცნობილი სპორტსმენებისა და კულტმუშაკების პოზიტიურ იმიჯს მოიხმარდნენ. აშკარაა, რომ პანდემიამ ამ მიმართულებითაც დიდი ცვლილებები გამოიწვია, თუმცა ისიც აშკარაა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე „ჩვენი სახელოვანი ექიმების“ გამოჩენა დიდად არ წაადგება მათ იმიჯსა და, ზოგადად, ექიმებისადმი ხალხის ნდობას.

ნდობის მაღალი ხარისხის გარეშე ძნელია ეპიდემიის ეფექტიანი მართვა. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხომ ისედაც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ბოროტად იყენებს პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს, რომ მთავრობა პოლიტიკური მოტივებით ცდილობს ვითარების გაბუქებას და ამგვარი ეჭვების გამო ან ზერელედ იცავს დაწესებულ შეზღუდვებს ან, საერთოდ, უგულებელყოფს მედიკოსთა რეკომენდაციებს.

ხომ არ მიგაჩნიათ, რომ მმართველი პარტიის პარტიულ ღონისძიებაზე დასწრებით დამატებით არგუმენტებს აძლევთ ოპონენტებს, რომლებიც ეჭვობენ, რომ მთავრობა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს როგორც კოვიდის ეპიდემიას, ასევე სამედიცინო პერსონალს?" - რადიო თავისუფლებამ ეს კითხვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს დაუსვა.

ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე: ბევრჯერ განვაცხადე: მე პოლიტიკა დავტოვე, როცა მინისტრობიდან წამოვედი 2004 წელს. ამის შემდეგ პოლიტიკურ დისკუსიებში არ ვმონაწილეობ. განა იმიტომ, რომ არ შემიძლია. შეგნებულად ვარიდებ თავს, აპოლიტიკური პიროვნება ვარ. სპეციფიკურ მნიშვნელოვან ინსტიტუტს ვხელმძღვანელობ და ვცდილობ ამით დავეხმარო ჩემს ქვეყანას. 20 ივლისს ვისი წარდგენაც იყო და რომელი პარტიისაც, სერიოზული როლი ითამაშეს იმაში, რომ 8 წლის განმავლობაში, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჯანდაცვა, რომლის წარმომადგენელიც მე გახლავართ, გამხდარიყო პოლიტიკური პრიორიტეტი. რა არის გასაკვირი, რომ მე მიმიწვიეს იქ და მათი მხარდამჭერი ვარ?

რადიო თავისუფლება: ეს რომ ყოფილიყო მთავრობის ღონისძიება, თქვენც სამთავრობო სტრუქტურას წარმოადგენთ და გასაკვირი არაფერი იქნებოდა, მაგრამ ეს იყო პარტიული ღონისძიება....

ამირან გამყრელიძე: კი, მაგრამ ეს პარტია ხომ მმართველი პარტიაა?

რადიო თავისუფლება: პარტიები იცვლებიან, ბატონო ამირან...

ამირან გამყრელიძე: იცვლებიან, კი ბატონო. როცა პოლიტიკური თანამდებობა მეჭირა, მაშინ სხვა პარტია იყო...

რადიო თავისუფლება: დავაზუსტებ: სოციალურ ქსელში ვუყურებდით თქვენს პირდაპირ ეთერს. კომენტარებში ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ, აი, მმართველ პარტიას სჭირდება covid-ი საარჩევნოდ შეზღუდვების დასაწესებლად და ამისთვის იყენებენ გამყრელიძეს და მის დაწესებულებასო...

ამირან გამყრელიძე: არა, ბატონო! არ ვიცი, თქვენ რამდენად მიცნობთ მე. ჩემი გამოყენება ეგრე ადვილი არ არის. მე ვარ საკმაოდ პრინციპული ადამიანი! კარგზე ვიტყვი კარგს და ცუდზე ვიტყვი ცუდს. ასევე ადვილი არ არის ამირან გამყრელიძის გამოყენება, ვერავინ ვერ გამოიყენებს ამირან გამყრელიძეს. ამირან გამყრელიძე ამ 30 წლის განმავლობაში ემსახურება მხოლოდ ერთს - თავის ქვეყანას და თავის ხალხს. ნებისმიერ პოზიციაზე - ვიყავი უბრალო ექიმი, ვიყავი პროფესორი, ვიყავი დირექტორი თუ ვიყავი მინისტრი... ამირან გამყრელიძე დგას ყოველთვის თავისი ხალხის სამსახურში, სულ ერთია, რომელი პარტია ხელმძღვანელობს ქვეყანას. თქვენ გგონიათ, სააკაშვილის დროს ნაკლებს ვაკეთებდი? ან შევარდნაძის დროს? გამორიცხულია, რომ სადმე ქვენააზრების გამო ვყოფილიყავი. არ ვმალავ, რომ მხარდამჭერი ვარ. ჩემთვის ყველაზე მთავარია ის, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა გახდა პოლიტიკური პრიორიტეტი, რაც არასოდეს ყოფილა. ვიმეორებ, მოგვეცა მეგაპროექტების განხორციელების საშუალება, რამაც გარკვეული შვება მოუტანა მოსახლეობას. ამაში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის და დამიძახეს, რა მოხდა, რა არის ამაში გასაკვირი?

ამირან გამყრელიძის მსგავსად, მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას ასევე დაესწრო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი:

ლევან რატიანი
ლევან რატიანი

„პირველ რიგში ექიმი ვარ და სადაც დავჭირდები ჩემს ქვეყანას, იქ ვიქნები. ვისაც დავჭირდები, ყველგან ვიქნები“.

რადიო თავისუფლება: კი, მაგრამ ეს ხომ არ იყო სამედიცინო ღონისძიება, რომ ექიმის დასწრების აუცილებლობა ყოფილიყო?

ლევან რატიანი: სამედიცინო ღონისძიება იქნება თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. ვისაც დავჭირდები, ვინც დამპატიჟებს, ყველგან მივალ... ოღონდ საქართველოს სახელმწიფოს საკეთილდღეოდ“.

რადიო თავისუფლება: სხვა პარტიებმაც რომ დაგპატიჟონ, მიხვალთ?

ლევან რატიანი: სადაც იქნება ქვეყნის საკეთილდღეო ამბავი და უკეთესი მომავლის პერსპექტივა ექნებათ ჩვენს შვილებს, იქ ვიქნები მეც. ასე რომ, ექიმი ვარ და პოლიტიკა არ მაინტერესებს!

რადიო თავისუფლება: თქვენ შეიძლება არ გაინტერესებთ, მაგრამ პოლიტიკოსები იყენებენ თქვენს დადებით იმიჯს...

ლევან რატიანი: არავინ არ იყენებს, ნამდვილად. დამიჯერეთ, თავს არავის გამოვაყენებინებ. აპოლიტიკური ვარ, პოლიტიკის არაფერი არ მაინტერესებს!

ცხადია, „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობით „ჩვენი ექიმები“ საქართველოს კანონმდებლობას არ არღვევენ. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი, ნინო რიჟამაძე ამბობს, საარჩევნო კანონმდებლობა საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას მხოლოდ ოფიციალური კამპანიის პერიოდში (კენჭისყრის დღემდე 2 თვის განმავლობაში) უზღუდავს.

ნინო რიჟამაძე
ნინო რიჟამაძე

იქიდან გამომდინარე, რომ ფიციალური კამპანია ჯერ არ დაწყებულა (იწყება აგვისტოს ბოლოს, როცა ოფიციალურად დაინიშნება არჩევნები), საარჩევნო კანონმდებლობა პირდაპირ არ დარღვეულა, თუმცა, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის თანახმად, მაქსიმალურად უნდა იყოს დისტანცირებული პარტიული ღონისძიებები სახელმწიფო ინსტიტუტებისგან, რათა ამომრჩეველს არ ჰქონდეს აღქმა, რომ სახელმწიფო და პარტია ერთი და იგივე ინსტიტუტებია და მათ შორის ზღვარი არ არსებობს. ეს არის საერთაშორისო პრინციპი, რომლის დაცვაც ევალება როგორც მთავრობას, ასევე მმართველ პარტიას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა, ნინო რიჟამაძემ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

29 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემით გაიმართება. თუკი აქამდე პროპორციული წესით 77 დეპუტატს ვირჩევდით, ახლა 120 დეპუტატს ავირჩევთ; ხოლო მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა 73-დან 30-მდე შემცირდება. პროპორციულ არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი წესდება აქამდე არსებული 5%-იანის ნაცვლად.

ამ ცვლილებების შედეგად, საარჩევნო სისტემა ბევრად უფრო წარმომადგენლობითი გახდება, ვიდრე აქამდე იყო. მაგალითისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ ამ სისტემით ჩატარებულიყო, პარლამენტში მოხვდებოდნენ შემდეგი პარტიები: „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“, „სახელმწიფო ხალხისთვის“ (პაატა ბურჭულაძის პარტია), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ და „უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“. ასევე, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მიიღებდა.

ამ პირობებში მსხვილი პოლიტიკური პარტიებისთვის მთავარი პოლიტიკური გამოწვევა, არჩევნების მოგების გარდა, ის არის, თუ ვისთან შევლენ კოალიციაში, თუკი მთავრობის დასაკომპლექტებლად საპარლამენტო მანდატების უმრავლესობას ვერ დააგროვებენ. ასეთ გარემოში იზრდება ისეთი პატარა პარტიების გავლენა, რომლებსაც აქამდე მთავრობის დაკომპლექტების შანსი არ ჰქონდათ.

ჩვენს შემთხვევაში განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ორი ღიად ანტიდასავლური პარტია: „პატრიოტთა ალიანსი“ და ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“. „პატრიოტთა ალიანსი“ დაკავშირებულია მედიაკავშირ „ობიექტივთან“. „ობიექტივის“ ეთერიდან წლების მანძილზე ისმოდა ღიად ანტიდასავლური და პრორუსული მესიჯები. თავად „პატრიოტთა ალიანსი“ შედარებით ნაკლებად ხისტი ფორმებით აქტიურად ცდილობს საქართველოს ღიად პროდასავლური კურსის დისკრედიტაციას.

ნინო ბურჯანაძეს, თავის მხრივ, აქტიური კავშირები აქვს კრემლთან. ბურჯანაძემ 2017 წელს რუსულ ტოკშოუში განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში აგრესორი არ არის და მისი ასეთად წარმოჩენა გარეშე ძალებს სურთ. მან 2018 წლის სექტემბერში მიიღო მონაწილეობა რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტულ „ქალთა ევრაზიულ ფორუმში“, სადაც სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმ/რ პუტინი. ამავე წელს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერით ბურჯანაძემ განაცხადა:

"პუტინმა ფეხზე დააყენა რუსეთი და გახადა ძლიერი და სტაბილური ქვეყანა, რომელსაც ანგარიშს უნდა უწევდეს ყველა, მით უმეტეს მეზობელი პატარა ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ვიღაცას უნდა დაემორჩილოს. პრინციპში, ამას არავინ ითხოვს."

ღიად პრორუსულ ძალებთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის დეკლარირებულად პროდასავლურ კურსს შეარყევს. ამიტომ როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია კატეგორიულად უნდა გაემიჯნოს აშკარად გამოხატულ პრორუსულ ძალებს. გამიჯვნის გარკვეული მცდელობები მართლაც არის ხოლმე, მაგრამ წითელი ხაზების გავლება საკმარისად მკაფიოდ არ ხდება.

დავიწყოთ იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება აქვს. ზოგიერთი ექსპერტი და პოლიტიკოსი ამის გამო თვლის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ რეალურად „ქართული ოცნების“ რადიკალური ფრთაა. ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკურ პროცესზე დაკვირვებით, მსგავსი შთაბეჭდილება მართლაც შეიძლება შეგვექმნას. მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, „პატრიოტთა ალიანსი“ აგრესიულად უჭერდა მხარს მეორე ტურში „ქართული ოცნების“ დე ფაქტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. ამავე პერიოდში მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებიც გამართეს. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ამ პერიოდში აცხადებდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი შეცდომა ის არის, რომ მან „ნაციონალურ მოძრაობას“ და მისგან გამოყოფილ პოლიტიკურ ძალებს არსებობის საშუალება მისცა. „პატრიოტთა ალიანსი“ ბევრ შემთხვევაში მიჰყვება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და ზოგჯერ უბრალოდ ამ პოლიტიკის შედარებით რადიკალურ ვერსიას გვთავაზობს.

ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მაინც ცდილობს ფორმალურ დონეზე მაინც გაემიჯნოს „პატრიოტთა ალიანსს“. გასული წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამორიცხავს „პატრიოტთა ალიანსთან“ და „დემოკრატიულ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას. კობახიძისთქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ამ ორ პარტიასთან კოალიციაში შესვლა გამორიცხულია იმიტომ, რომ ისინი ღიად აფიქსირებენ თავიანთ ანტიდასავლურ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას.

საბოლოო ჯამში, მაინც გაუგებარია, რა უფრო მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის არდაშვება თუ ღიად პრორუსულ ძალასთან კოალიციაში არშესვლა? „ქართული ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარსული თანამშრომლობის გათვალისწინებით, ასევე, ამ ორი პარტიის მსგავსი პოლიტიკური რიტორიკის (და, შესაძლოა, მსგავსი ელექტორალური ბაზის) გამოც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ბევრად მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირეების დამარცხება. თუკი „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, ან მის ჯინაზე, „ქართული ოცნება“ ღიად ანტიდასავლურ პარტიასთან კოალიციაში შევა, ეს ქვეყანას გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს. ასევე, არის იმის შანსიც, რომ ასეთი უგუნური ნაბიჯი კიდევ ერთი საყოველთაო სამოქალაქო არეულობის მიზეზი გახდეს.

თავის მხრივ, ოპოზიციურ ფრონტზე გაურკვევლობაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიცია უნდა ჰქონდეთ ნინო ბურჯანაძის პარტიასთან მიმართებაში. შარშან აგვისტოში „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი გამორიცხავს ყველანაირ კოალიციას „ქართულ ოცნებასთან“, ასევე, პრორუსულ ძალებთან, როგორიცაა „პატრიოტთა ალიანსი“ და ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“. (ბოკერიამ იქვე დასძინა, რომ „ქართული ოცნებაც“ მისთვის ასევე განიხილება, როგორც პრორუსული ძალა.) თუმცა ბოკერიას განცხადებამდე, მისმა თანაპარტიელმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ იგი არ იტყვის უარს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის მონოპოლია პოლიტიკურ სივრცეში პრორუსულ ძალებთან ერთად დაამარცხოს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ლიდერებს არ გაუკეთებიათ მკაფიო განცხადება იმაზე, შევლენ თუ არა ბურჯანაძესთან კოალიციაში. შარშან ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ მათ ბურჯანაძესთან მხოლოდ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აკავშირებთ. ამ საკითხზე გაუგებარი პოზიცია აქვს მიხეილსააკაშვილს, რომელიც ოპოზიციას მოუწოდებს „ერთიანი სიის გაკეთებისკენ“, რომელშიც „ყველა ოპოზიციური ჯგუფი“ იქნება გაერთიანებული. თავადბურჯანაძის თქმით, იგი არ გეგმავს კოალიციას არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამავე დროს, ბურჯანაძე არ გამორიცხავს იმას, რომ მაჟორიტარულ არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადოს „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოს“ ისეთ კანდიდატს, რომელიც მისთვის მისაღები იქნება.

პროდასავლური ოპოზიციის მხრიდან ასეთი გაუგებარი პოზიციის ქონა რუსული რბილი ძალის გამტარ ბურჯანაძის პარტიასთან მიმართებაში, სახიფათოა. ამის ნაცვლად საჭიროა ისეთი მკვეთრი პოზიციის ქონა პრორუსულ ძალებთან მიმართებაში, როგორიც მაგალითად, გიგა ბოკერიას ან თაკო ჩარკვიანს აქვთ.

ორივე ღიად ანტიდასავლური პარტია: „პატრიოტთა ალიანსიც“ და „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობაც“ საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და სუვერენიტეტისთვის. დემოკრატიულ ქვეყანაში, ცხადია, მათ არსებობის უფლება აქვთ, მაგრამ მათთან თანამშრომლობაზე მეინსტრიმულ პოლიტიკურ სივრცეში ტაბუ უნდა არსებობდეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ბევრად მნიშვნელოვანი - შეიძლება ითქვას, ეგზისტენციალური საკითხია, ვიდრე შიდა დაპირისპირებები თუნდაც „ქოცებსა“ და „ნაცებს“ შორის.

რუსეთის მიზანი, როგორც მოგეხსენებათ არის მეზობელი ქვეყნების დე ფაქტო და დროთა განმავლობაში დე იურე დაქვემდებარება. საბოლოო მიზანი კი საბჭოთა კავშირის მსგავსი ნაძალადევი ერთობის აღდგენაა, ე.წ. „ევრაზიული იდეოლოგიის“ საფარქვეშ. განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ისედაც რთული ხდება ხაზის გავლება პრორუსულობასა და რუსეთთან ფრთხილ დამოკიდებულებას შორის. მომავალში, „პატრიოტთა ალიანსთან“ შესაძლო კოალიაცია ამ ხაზს სრულიად გააქრობს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG