Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 2 იანვარი. See content from before

სამშაბათი, 1 იანვარი 2013

წესით, როცა გინდა, რომ წლის მიმოხილვა დაწერო, უნდა მოემზადო, სულ ცოტა, ინტერნეტ-გამოცემებს და ჟურნალ-გაზეთებს მაინც გადაავლო თვალი. ეს მომზადება კი ჩემთვის ზედმეტად სერიოზულ საქმედ მივიჩნიე და გადავწყვიტე მეხსიერებას მივნდობოდი. აქედან კი ბევრი არაფერი გამოვიდა.

წლევანდელი პირველი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც გავიხსენე, საქართველოსთან არ იყო დაკავშირებული: 24 იანვარს, მიტოციკლეტზე ამხედრებული პოლიციელი დაეჯახა დიდ ბერძენ რეჟისორს, თეო ანგელოპულოსს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არც მეორე ფაქტი იყო მხიარული, პირიქით - ძალიან მძიმე და მტკივნეულად გასახსენებელი: საქართველოს პრეზიდენტის ავღანეთში ჩასვლიდან მეორე დღეს, 22 თებერვალს დაიღუპა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე.

შემდეგი, რაც გავიხსენე, ფეხბურთი იყო. ჩემპიონთა ლიგის მოგებით მაისში “ჩელსიმ” გამახარა. არა, მათ არ ვგულშემატკივრობ. პრემიერ-ლიგაში ჩემთვის ყველაზე საძულველი კლუბია. აბრამოვიჩი მაღიზიანებს - ძალიან არაპრემიერლიგურად იქცევა. თანაც მის სამშობლოს ჩემი სამშობლოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. მაგრამ ეს ტურნირი რომ მოიგეს, გამიხარდა. ჯერ ერთი, “ბაიერნს” ფინალი სახლში, მიუნხენში მოუგო და თანაც ნახევფინალში უძლეველი “ბარსელონა” დაამარცხა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გამიხარდა. “ბარსას” კი არ ვერჩი რამეს - მაგარი გუნდია, მაგრამ მთელი საქართველო და მსოფლიო რომ ყველაზე მაგარს გულშემატკივრობს, ეგ არ მომწონს ცოტა. მაგრის “ბალელშიკობა” ადვილია: შენ სუსტი თქვი. მაგილათად, “ფულემს” მგონი ჰიუ გრანტისა და ჩემი ინგლისელი ძმაკაცის გარდა აღარავინ “ბალელშიკობს”. ერთხელ ძმაკაცს ვკითხე, “ფულემი” რატომ აირჩიე-თქო. არ ამირჩევია, მისი სიყვარული მემკვიდრეობით მერგო წინაპრებისგანო. სიყვარულის რა მოგახსენოთ, მაგრამ წინაპრებისგან ბოლშევიკების სიძულვილი ნამდვილად მერგო. ეტყობა ამის ბრალია, რომ “ბარსელონის” ფანი არ ვარ და კიდევ ყველანაირი უმრავლესობა რომ მაღიზიანებს.

ივნისში უფრო ლიტერატურული მოტივებით ვიყავი დაკავებული. ეს “საბას” ბრალია. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო - მიხარია, რომ ფეისბუკზე არ ვარ დარეგისტრირებული: იქ თურმე ამბები ხდებოდა, ლიტერატურა არა - იხვი.

კიდევ კარგი, ივლისში დროზე მომისწრო ევროპის ჩემპიონატმა ფეხბურთში. მერე კიდე აგვისტოში ლონდონის ოლიმპიური თამაშები იყო თავისი გახსნა-დახურვიანად და ცოტა გავერთე.

ასეთი სპორტული ზაფხულის შემდეგ წინასაარჩევნო სექტემბერი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ალბათ ჩემზე უკეთ გახსოვთ ხელისუფლება-ოპოზიციამ რა ტყუილების ქარბუქი, ურთიერთბრალდებების კორიანტელი და ვიდეო-მტკიცებულებების ნიაღვარი დაგვატეხა თავს. ასეთ ვითარებაში ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ სისტემა უნდა დაინგრეს და საბოლოოდ, ვარდებით მოსული ხელისუფლება 1 ოქტომბერს ცოცხებით გააცილეს უმცირესობაში.

ეს ყველაფერი ჩემთვის კი ასე ჩანდა: ადამიანმა, რომელმაც მაღალი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულების ბაგრატის ტაძრის ნანგრევებზე რელიგიური დანიშნულების ოფისი ააშენა, ძალაუფლება გადააბარა ადამიანს, რომელმაც ერთობ სერიოზული ფინანსური წვლილი შეიტანა თბილისში ანალოგიური პროფილის, ოღონდ გაუმართლებელი მასშტაბების, უგემოვნებო ნაგებობის მშენებლობაში.

ადამიანი, რომელმაც საქართველოს ქალაქების ისტორიული უბნები კიტჩად აქცია, შეცვალა ადამიანმა, რომელმაც ფსიქოანალიზი აქცია კიტჩად.

ადამიანი, რომელმაც რიყეზე უშველებელი დოქები დაყარა, უპირისპირდება ადამიანს, რომელმაც სოლოლაკის ფერდობზე, მაწვნის ქილა შემოდგა.

ამ ორის და მათი ნაზირ-ვეზირების დაპირისპირების ფონზე შემოდგომა-ზამთარში განვითარებული ისეთი მოვლენები, როგორიცაა გაფიცვები, დაჭერები, მედიაორგანიზაციების ტრანსფორმაციები, დირექტორების გადადგომა-გადაყენება-არჩევნები, ჟურნალისტების უაზრო მოძრაობები არხიდან არხზე, მედიიდან პოლიტიკაში და უკან, მასშტაბური შეწყალებები, სპორტულ ფედერაციებში ატეხილი არასპორტული აქტივობები, კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებული უკულტურო ვნებები, მორიგი ფსიქიურად გაუწონასწორებელი ამერიკელის 27 მსხვერპლი, კიდევ ერთი ტრაგედია ავღანეთში და სხვა მრავალი, - მეორე პლანზე გადაიწია.

წლის უკანასკნელი თვე მუსიკალური თვალსაზრისითაც სევდიანი გამოდგა: ერთი კვირის ინტერვალით გარდაიცვალა თანამედროვეობის ორი უდიდესი მუსიკოსი - ამერიკელი დეივ ბრუბეკი და ინდოელი რავი შანკარი. ორივემ დიდხანს - 92 წელი (ბრუბეკს ერთი დღე დააკლდა) და ძალიან ნაყოფიერად იცხოვრა. მათ დიდი შემოქმედებითი და გენეტიკური მემკვიდრეობა დაუტოვეს კაცობრიობას: ბრუბეკი ერთ დროს თავის შვილებთან - დარიუსთან, დენისთან, მეთიუსთან და ქრისთან ერთად გამოდიოდა სცენაზე, რავი შანკარის შვილები ცნობილი მუსიკოსები - ნორა ჯონსი და ანუშკა შანკარი არიან.

ძალიან სავსე და ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ მათი ამ ქვეყნიდან წასვლა შეიძლება ერთგვარად ლოგიკურიც კი ჩანდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ადამიანების წყალობით ცხოვრება ბევრად უფრო დიდებულია, ვიდრე ამ პოსტიდან ჩანს.
მართლმადიდებლური ეთიკა არ არსებობს.

არისტოტელეს შემოტანილი ტერმინი „ეთიკა“ ნაწარმოებია ბერძნული სიტყვა „ეთოსისგან“, რომელიც ზნე-ჩვეულებებსა და ქცევის ტრადიციებს ნიშნავს. განსხვავებით ეთოსისგან, ეთიკა არის რეფლექსია, განსჯა დაწესებულ ნორმებსა და ზნე-ჩვეულებებზე. სოფისტებად წოდებული ძველი ბერძენი ფილოსოფოსები და მათთან მოკამათე სოკრატე, რომლებმაც ის, რასაც ეთიკა ეწოდა, ფილოსოფიის ერთ-ერთ მთავარ სფეროდ აქციეს, მიიჩნევდნენ, რომ ადამიანი, როგორც გონების მქონე არსება, უხერხულიც კია, ტრადიციებისა და კონვენციების მხოლოდ ბრმა მიმდევარი ყოფილიყო და საჭირო იყო, რომ მას თავისი ქმედებისა და ყოფა-ცხოვრების ნორმატიული საფუძვლების გააზრებაც შეძლებოდა.

ეთიკა კითხვის დასმით იწყება: „რატომ?“ – რატომ უნდა ან არ უნდა ვიქცეოდე, ვფიქრობდე, ვხედავდე ასე? რატომ მაქვს ან არა მაქვს რაღაცის უფლება და რას ეფუძნება ის? – ეს კითხვები განასხვავებს ეთიკას ეთოსისაგან, რომელიც მხოლოდ ნორმატიულ წესებს გვთავაზობს და არ სვამს კითხვებს. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ეთიკა წინააღმდეგობაში შედის რელიგიურ ეთოსთან, რომელიც ნორმატიულ წესებს არა რაციონალურად, არამედ მთლიანად საკრალურ, ღვთაებრივ ავტორიტეტებზე და ამ ავტორიტეტებისადმი უსიტყვო მორჩილებაზე აფუძნებს. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიებში ზნეობის, სიკეთისა და ბოროტების განსაზღვრებას ცენტრალური ადგილი უკავია, თანამედროვე ეთიკა, რომელიც სათავეს ძველ და ახალ დროებათა მიჯნაზე – რენესანსის, ჰუმანიზმისა და განმანათლებლობის ეპოქებიდან იღებს, სწორედ რელიგიურ (ქრისტიანულ) დოგმატიკასთან პოლემიკაში წარმოიშვა. ამდენად, ეთიკა აუცილებლად გულისხმობს სადისკუსიო სივრცის არსებობას და არა ავტორიტეტებზე მიბმულ მორჩილებას.

აღმოსავლურ (ბიზანტიურ) ქრისტიანობაში, რომელიც მართლმადიდებლობის სახელით მოიხსენიება, ამ სარწმუნოების და მისი აღმსარებელი ხალხების ისტორიული განვითარებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად არც გაჩენილა ზნეობის გონებრივი გააზრებისა და დაფუძნების თემა. ბიზანტიისა და რუსეთის, როგორც ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ქვეყნების ისტორიები კი, ამის საწინააღმდეგოდ, ნიმუშია რელიგიური ფანატიზმისა და „მწვალებლობასთან“ დაუსრულებელი ბრძოლებისა, რომელთან შედარებით კათოლიკური ინკვიზიცია, რომელიც მთელი თავისი სისასტიკით რეფორმაციის, ანუ პროტესტანტული მოძრაობების შიშით ამოქმედდა, რელიგიური მსოფლმხედველობის ბოლო გაბრძოლება იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეკლესიის ჰეგემონიური როლის შენარჩუნებისათვის, რამდენადაც დოგმებისგან გათავისუფლებული და გონებასა და მეცნიერულ არგუმენტებზე დაფუძნებული აზროვნება ეკლესიის უსაზღვრო ძალაუფლების აღსასრულს მოასწავებდა.

მართლმადიდებლურ სამყაროში, რომლისთვისაც ყოველგვარი რეფორმაცია უცნობია, არსებობს მხოლოდ მართლმადიდებლური ეთოსი, რომელიც ძირითადად რიტუალური წესებით შემოიფარგლება, ადამიანთა ყოფას და ზნეობრივ ნორმატივებს მარხვების დაცვით, აღსარებითა და ზიარებით, „მოძღვრისადმი“ მორჩილებითა და მოძღვრების ბრმად, უმსჯელოდ მიღებით განსაზღვრავს. მართლმადიდებლობის პასუხს, რომ თუ ასე არ მოიქცევი, ვერ ცხონდება შენი სული ან ჯოჯოხეთში მოხვდები, არაფერი საერთო ეთიკასთან არა აქვს და პრელოგიკური ან არაგონისმიერი აზროვნების გამოხატულებაა, ისეთივე, როგორიც, მაგალითად, ის, რომ სასმელი ან საჭმელი, რომელზეც იტყვიან, „მიაგებოს“, მიცვალებულს „მიუვა“. მართლმადიდებლობაში ზნეობის განმსაზღვრელი ფაქტობრივად ერთადერთი კრიტერიუმი მორჩილება და საკუთარი განსჯის უნარის ავტორიტეტებისათვის დაქვემდებარებაა, რომლებიც მორწმუნე ადამიანის ნაცვლად აზროვნებენ, ფიქრობენ, განსჯიან, მის ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს. ამიტომაც არ ყოფილა შემთხვევითი, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ტოტალიტარული საბჭოთა სისტემა სწორედ მართლმადიდებლობის წიაღიდან იშვა და ორგანულად შეერწყა ადგილობრივ არათავისუფალ მსოფლმხედველობით ტრადიციებს.

უკვე მე-18 საუკუნიდან მოყოლებული დასავლური განმანათლებლური სააზროვნო ტრადიციები, მათ შორის ეთიკაც, აღმოსავლეთ საქრისტიანოშიც გავრცელდა, რამაც ამ კულტურულ სივრცეში შიდა განხეთქილება გამოიწვია. ამისი თვალსაჩინო მაგალითია რუსეთის იმპერია, რომელიც ტრადიციონალისტი „სლავოფილებისა“ და „მედასავლეთეების“ დაპირისპირების ასპარეზად იქცა. ანტიდასავლურობა, რომელიც საბჭოთა სისტემამ მართლმადიდებლური ტრადიციისგან მემკვიდრეობით მიიღო, სწორედ თავისუფალი, არადოგმატური და ანტიავტორიტარული მსოფლმხედველობის საწინააღმდეგო აფექტს გამოხატავდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი ამ აფექტს შეიძლება ეწოდოს „მართლმადიდებლური ეთიკა“, რომელიც ავტორიტარიზმის, ობსკურანტიზმისა და პიროვნული თავისუფლების დათრგუნვის მთავარი იდეოლოგიური საფუძველია.

„მართლამადიდებლური ეთიკა“ თავისი არსით ყველაზე ახლოს საბჭოთა იდეოლოგიის პრინციპებთან – „შიდაპარტიულ დემოკრატიასთან“ და „კომუნისტურ მორალთან“ დგას და ფაქტობრივად მათი რესაკრალიზებული, ანუ რელიგიურად შეფერილი ნაირსახეობაა: როგორც საბჭოთა მორალისა და „შიდაპარტიული დემოკრატიისათვის“, ასევე „მართლმადიდებლური ეთიკითაც“ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და მორალურ-ზნეობრივი პრინციპები არა ყველა ადამიანზე, არამედ მხოლოდ მართლმადიდებლებზე ვრცელდება. ეს პრინციპი კი უკვე სხვის, არამართლმადიდებლის არასრულფასოვან, არათანასწორუფლებიან ადამიანად წარმოდგენას გულისხმობს, რომელსაც არ შეიძლება ისეთივე უფლებები ჰქონდეს, როგორიც მართლმადიდებელს. ამ დებულების თეოლოგიური საფუძველი მართლმადიდებლური ეთოსის ის ასპექტია, რომლის მიხედვითაც მხოლოდ მართლმადიდებლის სული ცხონდება და ყველა სხვას ჯოჯოხეთის კუპრში მოუწევს ხარშვა.

„მართლმადიდებლური ეთიკა“ ვერ ეგუება და მტრულადაა განწყობილი დასავლური და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ და მისთვის ყველაზე მიუღებელი პიროვნული თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინებაა, რომელიც საეკლესიო კონტროლს არ ექვემდებარება. ქართველი მართლმადიდებელი პოლიტიკოსები, მსგავსად მათი რუსი კოლეგებისა, „მართლმადიდებლურ ეთიკაზე“ აპელაციით ცდილობენ იმის გამართლებას, რომ საქართველოში დემოკრატია არ შეიძლება იყოს ისეთი, როგორიც ევროპაშია. როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განმარტა, „მართლმადიდებლური ეთიკისათვის“ შეუთავსებელია დასავლური დემოკრატიის ისეთი ღირებულება, როგორიცაა სექსუალური უმცირესობების თანასწორუფლებიანობა. ქალბატონი კობახიძის პოლიტიკური განცხადებები, როლმებიც საბჭოთა პარტფუნქციონერის აზროვნების მართლმადიდებლურად რესაკრალიზაციის ქრესტომათიული ნიმუშებია, ჩემი აზრით, სწორედ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებთან ქართველ პოლიტიკოსთა ცნობიერების შეუთავსებლობაზე მიანიშნებს, რის გამოც საქართველოში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნა უახლოესი მომავლის პროექტი ვერ იქნება. „მართლმადიდებლური ეთიკა“ კი იდეალურ გამართლებას მოუძებნის ადამინის უფლებების შელახვას, უმცირესობებზე ძალადობას თუ ადამიანთა წამებას და მუდამ შეეცდება ტოტალიტარული ცნობიერებისა და ყოფის რეანიმაციას, მით უმეტეს, რომ ეს „ეთიკური“ მოძღვრება საქართველოში მთლიანად ავტორიტარული შინაარსისაა.

„მართლმადიდებლური ეთიკა“ თანამედროვე საქართველოში ფაქტობრივად ერთ მთავარ ავტორიტეტსა და მის უცდომელობის პრინციპზე დგას: ესაა კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომლის ავტორიტეტი და საკულტო რანგში თაყვანისცემა მართლმადიდებლური სამყაროს ისტორიაში მხოლოდ ბიზანტიის კეისრისას (რომელიც ღმერთის მიწიერ ანალოგად მიიჩნეოდა) და სტალინის პიროვნების კულტს თუ შეედრება. თუკი ეს კულტი აქამდე მხოლოდ მორწმუნეთა რწმენა-წარმოდგენებში არსებობდა, თანდათანობით ის პოლიტიკური ინსტიტუციის სახეს იძენს. საქართველოს პარლამენტშიც და მის გარეთაც საკმაოდ მაღალი პილიტიკური ეშელონებიდან არაერთხელ გაისმა, რომ პატრიარქის სიტყვა კანონზე მაღლა დგას. უახლესი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებებსა და შესწორებებს გულისხმობს, კათალიკოს-პატრიარქს აკადემიური ხარისხის მინიჭების უფლებაც ეძლევა. ამით პატრიარქი აკადემიურ საბჭოსთან ერთად, უმაღლეს აკადემიურ ავტორიტეტად ცხადდება. აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა დღემდე ერთადერთი იყო, რომელსაც მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ და აბსურდის ძალით რატომღაც სეკულარული ღირებულებების მქონედ მონათლულმა აწ უკვე ოპოზიციურმა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ შეხმატკბილებულად დაუჭირეს მხარი.

პროცესების ამგვარ განვითარებას თუ მივყვებით, ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტმა მიიღოს მორიგი საკონსტიტუციო შესწორება და დააკანონოს, რომ პატრიარქი უცდომელია! საერთოდაც, საქართველოს პარლამენტი დროდადრო უნდა ითავსებდეს კიდევაც წმინდა სინოდის ან სულაც საეკლესიო კრების ფუნქციებს და აუხსნას გენეტიკურად მართლმადიდებელ ქართველ ერს, რომ ბუსუსთა რაოდენობა პრეზერვატივზე პირდაპირპროპორციულია მის მომხმარებლზე მოხვედრილი როზგების რიცხვისა გეენიასა შინა.

არსებობს კიდევ „მართლმადიდებლური ეთიკის“ ქართული „ხალხური“ ნაირსახეობაც, რომ ეკლესიის დანახვაზე პირჯვარი უნდა გადაიწერო, - აი ისე, შავი კატა რომ გადაგირბენს და სამჯერ გადააფურთხებ; კიდევ ყველაფერი მოძღვართან რომ უნდა შეათანხმო, მისი ლოცვა-კურთხევით რომ უნდა წახვიდე დასასვენებლად, გქონდეს სექსი – რა თქმა უნდა, მხოლოდ საკუთარ მეუღლესთან და ისიც არასამარხვო პერიოდში; „მოძღვარს“ ჰკითხო რჩევა ელემენტარულ ყოფით საკითხებზეც კი, აკურთხებინო ბინა, ავტომანქანა, საყოფაცხოვრებო ნივთები, სუფრაზე აუცილებლად ფეხზე ადგომით შესვა პატრიარქის სადღეგრძელო, რომელიც სტალინისას ჩაენაცვლა, და ა.შ. თუ ამ წესებს იცავ, მაშინ ყველაფრის უფლება გაქვს. დოსტოევსკის ცნობილი ფრაზა „ძმები კარამაზოვებიდან“ – „თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია“ – თანამედროვე ქართულ „მართლმადიდებლურ ეთიკაში“ ამგვარად ჟღერს: თუ მართლმადიდებელი ხარ, მოძღვარი გყავს, მარხვას იცავ, ეზიარები, მაშინ შენთვის ყველაფერი ნებადართულია!

არათუ სიბნელე, არამედ წყვდიადი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ამბიონებიდან იფრქვევა, იმ სნეულების სინდრომადაც შეიძლება იქნეს გაგებული, რომელსაც თავისუფალი აზროვნებისა და არსებობის, ზოგადად, თავისუფლების სიძულვილი ჰქვია.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG