Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 3 ნოემბერი. See content from before

ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2012

ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: თუკი თავიდანვე დავთმეთ მილიმეტრი, ხვალ სანტიმეტრს წაგვართმევს ხელისუფლება-მეთქი. ვფიქრობ, ახლავე უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება სამ საკითხს.

დღეს გავრცელებული ცნობის თანახმად, საქართველოს საპატრიარქო ეწინააღმდეგება სახალხო დამცველად თამარ გურჩიანის კანდიდატურას. როგორც გაირკვა, საპატრიარქოსთვის ცალსახად მიუღებელია გურჩიანის პოზიცია სექსუალური უმცირესობების დაცვის შესახებ. პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი პირდაპირ აცხადებს: “საპატრიარქოსთვის ყველა ის ადამიანი მიუღებელია, ვინც სექსუალურ უმცირესობების პროპაგანდა-რეკლამირებით იქნება დაკავებული”. ჯერ ერთი, რა იცის ბოტკოველმა, მომავალში ვინ რისი პროპაგანდით იქნება დაკავებული. და მეორე, რაც შეეხება ადიამიანის უფლებების დაცვას, სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას ყველას უფლება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა! ნუთუ საპატრიარქოსთვის სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ადამიანები არ არიან? ნუთუ ამ ხალხს საპატრიარქო არაადამიანებად თვლის?

მოგვიანებით გავრცელებულ ცნობაში იგივე ბოტკოველი ამბობს, რომ გურჩიანს არ იცნობს და ამიტომ მასზე ვერაფერს იტყვის. სამაგიეროდ, თვალში მოსდის დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გელა ნიკოლაიშვილის კანდიდატურები. არადა, ეს ის ლორთქიფანიძეა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამბობდა: მამათმავლობა უნდა იყოს დასჯადი. რჯულის კანონში ასე წერია. რჯულის კანონი კი ჩემთვის კონსტიტუციაზე მაღლა დგასო. გელა ნიკოლაიშვილზე კი რა უნდა ითქვას, იგი გაზეთ “ასავალ-დასავალის” მეგობარია. გაზეთისა, რომელიც თითქმის ყოველ გვერდზე ძალადობას ქადაგებს.

ყველაზე მეტად აქ ტენდენციაა თვალში საცემი. მაგალითად, ამავე ხაზის გაგრძელება მგონია რამდენიმე დღის წინ მალხაზ გულაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება ციხიდან. ნუთუ არ არის ეს კარტ-ბლანშის მიცემა ქართველ რეაქციონერთათვის და მოფაშისტო ელემენტთათვის?

აქვე უკვე მერამდენედ უნდა ვახსენო თბილისის ზოოპარკი. როგორც ვიცი, საქართველოს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს ცხოველები უყვარს. რამდენი აღარ ითქვა და დაიწერა მის ფარშევანგებსა და პინგვინებზე. მაინტერესებს, რამდენად უყვარს მას ცხოველები და არა, მიაქციეთ ყურადღება, “თავისი ცხოველები”. მაინტერესებს, აქაც კლანური მიდგომა გაიმარჯვებს თუ არა, ანუ გამოარჩევს თუ არა იგი საკუთარ ჩიტებსა და ცხოველებს სხვათაგან? აქ არ ვითხოვ თბილისის ზოოპარკის ბინადრთა გალიებისა და ვოლიერების დემიენ ჰერსტისა და ჯეფ კუნსის ნამუშევრებით შელამაზებას. პირველ ყოვლისა, მათი თბილისის ცენტრიდან სადმე მშვიდ ადგილას გადაყვანაა საჭირო. სასწრაფოდ უნდა გავარიდოთ ისინი სმოგსა და ხმაურს.

ერთხელ გურამ დოჩანაშვილმა ასეთი ამბავი მიამბო. მისი ერთი ნაცნობი მთელი ცხოვრება დიდი უჟმური და ბაიყუში ვინმე ყოფილა. ახლა კი ერთბაშად გამოცოცხლებულს ერთი სული აქვს, შინ როდის მივა, რომ თავის ძაღლთან იყოსო. ადვილი დასაჯერებელია, რომ ცხოველს გაუკეთილშობილებია ის კაცი. დიახ, რაც უფრო მეტად გვეყვარება ცხოველები, მით უფრო ჰუმანურები გავხდებით. არ იქნება ჩვენში ამდენი აგრესია და დაუნდობლობა. ვიმეორებ, სანამ ცხოველთა უფლებებს არ დავიცავთ, მანამდე ადამიანის უფლებებსაც არად ჩავაგდებთ.

დაბოლოს, სამ ნოემბერს გუდიაშვილის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ჩანს, მოედნის ინვესტორს არ ანაღვლებს ხელისუფლების ცვლა და განარძობს შენობების დემონტაჟს. ახლავე თუ არ გავაჩერეთ იგი, ხვალ უკვე დასაცავი იქ არაფერი იქნება. ამ დღესთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება მანიფესტი. დიახ, ადამიანებთან და ცხოველებთან ერთად შენობებსაც აქვთ უფლებები.

უკაცრავად ავტოციტირებისთვის, მაგრამ აქ ერთი ჩემი რომანიდან მახსენდება ციტატა: “1. რაც იწყება კარგად - მთავრდება ცუდად; 2. რაც იწყება ცუდად - მთავრდება საშინლად; 3. რაც იწყება საშინლად - არასდროს მთავრდება”.
ხელისუფლების ცვლა ყველგან და ყოველთვის ქმნიდა ნოყიერ ნიადაგს მედროვეებისა და მლიქვნელებისათვის. გამონაკლისი, ცხადია, არც საქართველოა, სადაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, მედროვეთა ნამდვილი ბუმი დაიწყო. ამ საყოველთაო ისტერიაში, რეპრესირებული, დევნილი და შევიწროებული ხალხის გარდა, ძველი ხელისუფლების გააფთრებულ კრიტიკას ხელი მიჰყვეს მათაც, ვისაც მანამდე არანაირი „შეუთავსებლობა“ არ ჰქონია „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიასთან თუ პოლიტიკურ კურსთან.

შესაბამისად, სოციალურ მედიაში და ფორუმებზე, სადაც ამ დღეებში ბევრი მედროვის განცხადების გამომზეურება და კრიტიკული ანალიზი ხდება, გაჩნდა იდეა, გამოვლენილ იქნეს საუკეთესო მლიქვნელური გამონათქვამის ავტორი. ფეისბუკელი მეგობრების თხოვნით, რამდენიმე ნომინანტი მეც შევარჩიე, რაც - მასალის სიუხვის გამო - სულაც არ აღმოჩნდა იოლი საქმე.

ჩემი ვერსიით, მედროვეთა „სატურნირო ცხრილში“ ჯერჯერობით უპირობოდ ლიდერობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ფრაზისათვის, რომელიც მან 5 ოქტომბერს გამარჯვებული კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ წარმოთქვა. „საქართველოში ბიზნესისათვის რენესანსის დრო დგებაო“, - აი, ასეთი ხოტბით აღნიშნა საქმიანი წრეებისათვის ნანატრი ეპოქის დადგომა ბანკ „რესპუბლიკის“ პრეზიდენტმა. ჩვენს დუხჭირ ყოფაში, რენესანსის მოლოდინს ვერავის აუკრძალავ, მაგრამ ფართო საზოგადოებისათვის უცნობია, „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობის რომელ მონაკვეთში იგრძნო დეკადანსის მარწუხები ბატონი პაპაშვილის საბანკო ბიზნესმა, რომელმაც, როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, განსაკუთრებით ფართოდ გაშალა ფრთები წინა ხელისუფლებასთან ჰარმონიულად თანაარსებობის წყალობით.

ჩემი ღრმა რწმენით, მედროვეთა „შორტ-ლისტში“ მოხვედრა გარანტირებული აქვს სამგზის მაჟორიტარ დეპუტატს ხობიდან გოდერძი ბუკიასაც, რომელმაც ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე დატოვა აწ უკვე უმცირესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები და განაცხადა, რომ იგი ყოველთვის თანამშრომლობდა და მომავალშიც ითანამშრომლებს მთავრობასთან. როგორც სოციალურ ქსელში ჩატარებული ბლიც-გამოკითხვით ირკვევა, მთავარი მედროვის ტიტულის მოსაპოვებლად, ბუკიას პოლიტიკურ სპექტრში ბადალი არ ჰყავს. ხობელთა რჩეული ყოველთვის გამარჯვებულის მხარესაა. „ვარდების რევოლუციის“ დღეებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე ჯერ არც კი ჰქონდა დალეული პარლამენტის ტრიბუნაზე ედუარდ შევარდნაძის დატოვებული მწვანე ჩაი, ბატონი ბუკია უკვე გამარჯვებული ლიდერის ნავში იჯდა და ჟურნალისტებს სააკაშვილის მხარდამჭერ ინტერვიუს აძლევდა.

რაკი სიტყვა ჩემს კოლეგებზე ჩამოვარდა, აღვნიშნავ, რომ საუკეთესო მედროვის გარკვევა, დიდი კონკურენციის გამო, ყველაზე მეტად სწორედ ჟურნალისტთა შორის გაჭირდება.

თუმცა, „მეორე უძველესი პროფესიის“ წარმომადგენელთა შორის პირველობას, ჩემი აზრით, ჯერჯერობით არავის უთმობს აკაკი გოგიჩაიშვილი. ჟურნალისტმა, რომელიც თავის საავტორო პროგრამა „ბიზნეს-კურიერში“ დაარსების დღიდან ქართული ბიზნეს-გარემოს კონკურენტუნარიანობაზე, ხელისუფლების ფილიგრანულ ეკონომიკურ პოლიტიკასა და ქართული ბიზნესის აყვავებაზე ლაპარაკობდა, საპარლამენტო არჩევნებიდან სულ ორი კვირის თავზე აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ბლომად ყოფილან რეპრესირებული ბიზნესმენებიც. ცენზურის მარწუხებიდან განთავისუფლებულმა ჟურნალისტმა მალე, რომ იტყვიან, ბოლომდე გაშალა აფრები. 13 ოქტომბერს „ბიზნეს-კურიერში“ ბატონმა გოგიჩაიშვილმა სტუმრად დაპატიჟა ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ფსიქოლოგი, რომელმაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფსიქოლოგიურად ტრავმირებულ“ და „სექსუალურად აღვირახსნილ“ პიროვნებად გამოიყვანა.

„ცხვირიდან ნიკაპამდე მანძილი, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მეცნიერების აზრით, გვაძლევს პროგნოზს, რომ ეს ადამიანი არის, ასე ვთქვათ... სექსუალურად აღვირახსნილი. ასეთ [სექსუალურად აღვირახსნილ] ადამიანებს აქვთ ხოლმე ამ დონის მანძილი [ცხვირსა და ნიკაპს შორის]. თუმცა, ეს არის მეცნიერების აზრი და ყოველთვის არსებობენ გამონაკლისები,“- სტუდიის ტელეეკრანზე გამოსახულ მიხეილ სააკაშვილის სახეზე დაკვირვებით აი, ასეთი დასკვნა გააკეთა ფსიქოლოგმა ხათუნა მუზაშვილმა.

ამ მეტად ფრივოლურ ფსიქო-ანალიზს კი უდრტვინველად უსმენდა ჟურნალისტი, რომლის საავტორო გადაცემაში მიხეილ სააკაშვილზე მანამდე ან კარგი ითქმებოდა ან - არაფერი!

მედროვეთა ფერხულში პირველ ეტაპზე, ცოტა არ იყოს, მწერლები მოიკოჭლებდნენ, თუმცა გასულ კვირაში ვაკუუმი ამ მხრივაც საინტერესოდ შეივსო. ვგულისხმობ რევაზ მიშველაძის ინტერვიუს 19 ოქტომბრის გაზეთ „რეზონანსში“, რომელიც მოგვიანებით თითქმის სრულად გადაბეჭდა ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსმაც“.

მწერალმა, რომელიც მანამდე არ ყოფილა შემჩნეული ხელისუფლების ოპონენტობაში, „დესპოტური“ უწოდა სააკაშვილის მმართველობას, რომელიც თურმე ქართველი ერის „დაჩმორებას და დადედლებას“ ცდილობდა.

ქართულ ზეპირსიტყვიერებასა და პუბლიცისტიკაში ამ და მსგავსი ევფემიზმებით ბევრი მეტყველებს, მაგრამ „ბნელი წარსულის“ მაღალმხატვრული ასახვის მწერლისეული ოსტატობა ნამდვილ კულმინაციას აღწევს ინტერვიუს იმ ნაწილში, სადაც ბატონი მიშველაძე 1 ოქტომბრის არჩევნებს დიდგორის ბრძოლას ადარებს: „ამ დროს ხალხმა ძალა მოიკრიბა, მისთვის საძულველი ხელისუფლება დაამხო. ეს გაკეთდა ბრწყინვალედ, ისე, რომ რეაქციულ ძალებს უკვე ძალა აღარ შესწევდათ არჩევნები გაეყალბებინათ. ამაში მე ვხედავ „ქართული ოცნების“ დიდ გამარჯვებას. ეს არის მარტყოფისა და დიდგორის ბრძოლის მოგების ტოლფასი. საქართველო გადარჩა.“

მოკლედ, რაკი ღმერთმა გადაგვარჩინა და „რეაქციულმა ძალებმა“ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს, მეც ცოტა მოვეშვები, ძვირფასო მკითხველებო, და თქვენთან ერთად შედარებით მშვიდად გავაგრძელებ ნომინანტების შერჩევას მედროვეთა სამამულო კონკურსისათვის. ვინძლო, ამით მაინც გავუწიო სამსახური იმ ჩემს კოლეგებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ უკრიტიკოდ უნდა ალანძღვინონ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა იმ „ცნობად სახეს“, რომლებმაც კოალიცია „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვება ჩიორა თაქთაქიშვილზე ცოტათი ადრე და დოდოშკაზე გაცილებით გვიან აღიარეს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG