Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

„თავისუფლების ინსტიტუტი“ რომ არაპოპულარულია და თითქმის ყოველთვის არაპოპულარული იყო - ამაზე, ალბათ, შევთანხმდით.

მეც შემიძლია გავკრა კბილი. რით ვარ სხვებზე ნაკლები?

სააკაშვილის ხელისუფლებასთან სიახლოვე და, ამავე დროს, არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყების თითქმის მუდმივი ადვოკატობა, გულგრილობა სოციალური სფეროს მიმართ, ქალთა, სექსუალურ უმცირესობათა, მოხუცთა, ბავშვთა, ინვალიდთა უფლებების მიმართ.

ეს პრეტენზიები შეიძლება წავუყენოთ „თავისუფლების ინსტიტუტის“ აქტივისტებს და მერე, რა თქმა უნდა, მათაც მოვუსმინოთ. გავიგოთ, იქნებ ვცდებით... ან, იქნებ, რაღაც არ ვიცით?

თუმცა, ლევან რამიშვილის ინსტიტუტის კრიტიკოსებს რატომღაც სულ სხვა „სფერო“ აქვთ აჩემებული - უფესვობა!

დიახ, დიახ - უფესვობა. რაც განსხვავებულ პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ ჯგუფებში, განსხვავებულადაა ახსნილი. გასაგებია, რომ ჯონდი ბაღათურიას სტილის პოლიტიკოსისთვის, ასეთი „უფესვო“ ეკლესიების დამანგრეველსა და მსოფლიო მასონური შეთქმულების მონაწილეს ნიშნავს. მაგრამ, ცოტა არ იყოს, უცნაურია, რომ ამ ორგანიზაციას „უფესვობას“ და „უსიყვარულობას“ უკვე ის ადამიანები აბრალებენ, რომლებმაც თავად გამოსცადეს (ჯონდი ბაღათურიას სტილის პოლიტიკოსებისგან), რაოდენ მტკივნეულია, როცა სამშობლოს სიძულვილს გაბრალებენ.

ცოტა ხნის წინ ერთი ძალიან საყვარელი ადამიანისგან მოვისმინე, რომ ლევან რამიშვილს „ოჯახი ვერ შეუქმნია“ და აბა, რაიმე ფასეულს როგორ შექმნის?.. კვირაში კიდევ ერთი, ასევე ძალიან საყვარელი ადამიანისგან მოვისმინე, რომ ქართულ სოფელს მიზანდასახულად აჩანაგებენ. რაც ბუნებრივია: შევხედოთ „თავისუფლების ინსტიტუტის“ აქტივისტებს - მათ ხომ არ უყვართ სამშობლო! მათ ხომ არა აქვთ ფესვები!

საყვარელო ადამიანებო! რა გჭირთ?

მესმის, რომ ძნელია, მთელი ცხოვრება გაუძლო ფანატიკოსთა კენჭებს, ქვებს და ლოდებს. მესმის, რომ ძნელია მთელი ცხოვრება ატარო ტვირთი, რომელიც წყვდიადში გაჭედილმა ბრბომ აგკიდა. მესმის, რომ გინდა მოიშორო ეს სტიგმა და ხალხს უთხრა: „მე სულაც არა ვარ ისეთი, თქვენ რომ გგონიათ. მეც მიყვარს ჩემი ქვეყანა!“ მესმის, რომ რაღაც ასაკში ადამიანი იღლება ბრძოლისგან და თავის ხალხში ყოფნა უნდა - უხარია, როცა ეს ხალხი თავისიანად მიიჩნევს.

მაგრამ იმისათვის რომ დაგიჯერონ, ნუთუ აუცილებელია დააყოლო, რომ გძულს ვიღაც? მაგალითად, „თავისუფლების ინსტიტუტი“?

უბედურება ისაა, რომ უძღები შვილის ხალხში დაბრუნების ეს აქტი სხვისი დამცირების, შეურაცხყოფის, ზოგჯერ კი, უბრალოდ, წყევლა-კრულვის ხარჯზე ხდება. „რაც შეიძლება აუგად მოიხსენიე ის, ვინც არაა პოპულარული და აუცილებლად ჩაგიკრავენ გულში“ - ეს გახდა ჩვენი ცხოვრების პრინციპი, რომლისგანაც, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს ვერ გავთავისუფლდებით.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხალხს დაურიგეს ჯადოსნური სასწორები, რომლებითაც შეიძლება გაიგო, ვინ რამდენი გრამი პატრიოტია, რამდენი გრამი მართლმადიდებელი, რამდენი გრამით უყვარს, რამდენი გრამითაა ხელისუფლების ერთგული და რამდენი გრამით - ოპოზიციისა... ჰოდა, სასწორმომარჯვებული ქართველი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მღვდლები, მომღერლები, ტელევარსკვლავები, მწერლები, რეჟისორები ტელეკამერების წინ დადგებიან და „აწონილის შედეგებს“ გვიზიარებენ.

ამხელენ!

ქართული პოლიტიკურ-კულტურული სივრცე ცარიელ მხილებად იქცა. ამხელენ პოლიტიკურ ოპონენტებს, თუმცა თითქმის არასდროს ამბობენ, თავად როგორ მოიქცეოდნენ კონკრეტულ სიტუაციაში. ამხელენ არაპოპულარულ სოციალურ ჯგუფებს, ინსტიტუტებს, ადამიანებს... ვიღაცას არ უყვარს სამშობლო, რადგანაც „მოსყიდულია“, „აგენტია“; ვიღაცას არ უყვარს სოფელი, ბუნება, რადგან „არაბუნებრივია“, „ანომალიაა“; ვიღაცას არ უყვარს ეკლესია, რადგან ღამ-ღამობით სატანისტთა შეკრებებზე დაძვრება... სხვისი მხილება საზოგადოებაში დამკვიდრების საუკეთესო საშუალება ხდება; თუ სხვაზე იტყვი, სამშობლო არ უყვარსო, ვიღაც-ვიღაცები დაიჯერებენ, რომ თავად მგზნებარე პატრიოტი ხარ. თუ სხვაზე იტყვი, კონფორმისტია და კარიერისტიო, დააჯერებ, რომ წესიერი ხარ, რომ შენი მოსყიდვა შეუძლებელია. სხვაზე თუ იტყვი, პედერასტიაო, ყველას მაგარი მაჩო ეგონები!

ჰოდა, ამ თქმა-ართქმაში, ამ ურთიერთმხილებაში, ამ აგენტომანიასა თუ ტოტალურ „პედერასტიაში“ საზოგადოება უკვე კატასტროფულად რადიკალიზებული ხდება. გია ნოდია, 24 ივნისის „24 საათში“, საზოგადოების გახლეჩასა და ორად გაყოფას ბუნებრივად მიიჩნევს დემოკრატიისათვის. მე კი არ მესმის, რატომაა „ორად გახლეჩა“ პლურალიზმის გამოხატულება. „გახლეჩა“ იმდენად არ მაკვირვებს, - რადგან დიდად არც მე მჯერა საყოველთაო ადამიანური ჰარმონიისა და სამოთხის (თუმცა გულით ძალიანაც მინდა, რომ ვცდებოდე) - რამდენადაც მაკვირვებს „ორად გახლეჩის“ წარმოდგენა პლურალიზმად.

რატომ მხოლოდ ორად? რატომ მილიონად არა? სამ მილიონად? რატომ არ შეიძლება, არსებობდეს არა ორი, არამედ სამი, ოთხი მილიონი აზრი? იქნებ სწორედ ასეთმა მრავალფეროვნებამ გაათავისუფლოს საზოგადოება რადიკალიზმისგან? იქნებ ამ ქვეყანაში ამის მერე მაინც აღარ დასვან კითხვა „შენ ვის გვერდით დგახარ?“ და რომელიღაც პოპულარულ პოლიტიკურ, თუ სოციალურ ჯგუფში დამკვიდრების მიზნით სხვისი ღირსება არ შეურაცხყონ?

თუ ასე არ გამოდის, რა იქნება, ჩვენც გვათხოვონ ის მაგიური სასწორი ქართველმა საერო და სასულიერო მოღვაწეებმა. გვათხოვონ იმ ხალხს, ვისაც კითხვები გვტანჯავს - კითხვები, რომლებიც მუდმივად ახლავს საკუთარი თავის შეცნობას. თორემ იმდენს იზამენ, მართლა დავიჯერებთ, რომ არ გვიყვარს ეს ქვეყანა, არ გვაქვს ფესვები და არაფერი ფასეულის შექმნა არ შეგვიძლია.
მოკლედ, კვერცხისა და ქათმის ამბავია... ოღონდ, ცოტა შორიდან უნდა გამოვყვე.

ბატონმა სოლომონმა შეადგინა თერთმეტპუნქტიანი გეგმა – „მთავრობისა და ოპოზიციის შეთანხმების პირობები“. მანვე, ჩვენი ბლოგის კომენტატორების დახმარებით, გეგმა ოდნავ ჩაასწორა, საბოლოოდ, 12 პუნქტად ჩამოაყალიბა და მთხოვა, „შეთანხმების პირობები“ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის გამეცნო. ბატონ სოლომონის მიმართ ღრმა პატივისცემის ფონზე, ამ იდეასთან დაკავშირებით ერთი კითხვის ნიშანი მაქვს და ერთიც – მხარდამჭერი არგუმენტი.

კითხვის ნიშნით დავიწყოთ. პოლიტიკური დაპირისპირების პროცესში მოლაპარაკება მეტად ქმედითი და ფაქიზი იარაღია. ამ იარაღს თითოეული მხარე პასუხისმგებლობით ეკიდება და სათავისოდ იყენებს - მათ შორის, ის პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან (მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი ან ნინო ბურჯანაძე), ამით მხოლოდ ამკვეთრებენ და ზრდიან პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. დაპირისპირებული მხარეების სამოქმედო გეგმებში მთავარი ორიენტირი სწორედ მოლაპარაკებაა – ვინ რა რესურსით მივა იმ მომენტამდე, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, შეთანხმების პირობების განხილვა უნდა დაიწყოს. თუ პროცესი იმგვარად წარიმართება, რომ მოლაპარაკება არ შედგა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ერთი მხარე პირწმინდად მოგებული დარჩება, მეორე კი – პირწმინდად წაგებული.

ამიტომ პირადად მე პოლიტიკური კონფლიქტის დროს მოლაპარაკება მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირებული მხარეების საქმე მგონია. შეუძლებელია, ექსპერტებმა, ინტერესთა ჯგუფებმა ან საზოგადოების წევრებმა პოლიტიკოსებს შეუკვეთონ მოლაპარაკება ამა თუ იმ დროს და ამა თუ იმ პირობით. ეს პროცესში ჩარევას ნიშნავს ერთ–ერთი მხარის სასარგებლოდ, რაც მეორე მხარეს განსაკუთრებულად აღიზიანებს.

რა მდგომარეობა გვაქვს დღეს? 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო ტალღის ამჟამინდელ ეტაპზე ხელისუფლებამ ისე მოუგო ოპოზიციას, რომ მასთან მოლაპარაკება, ფაქტობრივად, არც უცდია (არ დასჭირვებია!). მაგრამ, როგორც წინა ბლოგში ვწერდი, სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ერთი მისხალიც არ დათმო და ხალხის ძალაუფლება მთლიანად უგულებელყო, მან დაპირისპირების ეს ეტაპი ერთმნიშვნელოვნად წააგო საზოგადოებასთან. ამიტომ ბუნებრივიც კი მეჩვენება, რომ ბატონ სოლომონს (და არა მხოლოდ მას) გაუჩნდა სურვილი, მთავრობისა და ოპოზიციის შეთანხმების პირობების მოკარნახე ამ ეტაპზე სწორედ საზოგადოება გამხდარიყო.

მაგრამ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ სერიოზული მნიშვნელობა მიანიჭოს ოპოზიციასთან შეთანხმების თაობაზე საზოგადოების შეთავაზებას (გნებავთ – მოთხოვნას), სულ მცირე, პრეზიდენტმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ საკუთარი შეცდომა უნდა გააცნობიეროს. ხელისუფლება თავს გამარჯვებულად მიიჩნევს, რაც კარგად ჩანს როგორც პრეზიდენტის, ისე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების რიტორიკაში. ისინი ხედავენ და საჯარო გამოსვლებში ხაზგასმით აღნიშნავენ საკუთარ გამარჯვებას ოპოზიციაზე, მაგრამ ვერ ხედავენ ან სრულიად უგულებელყოფენ საკუთარ მარცხს საზოგადოების პროტესტულად განწყობილი ნაწილის წინაშე.

ამიტომ, ვიდრე საზოგადოება ხელისუფლებას იმ პირობებს უკარნახებს, რაც, პირველ რიგში, თვითონ ხელისუფლებას გამოიყვანს ჩიხიდან, აუცილებელია, პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ გააცნობიეროს და აღიაროს, რომ ძალაუფლების ნაწილი ხალხს ეკუთვნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული ვითარების ფონზე, „შეთანხმების პირობების“ შესახებ ნებისმიერი შეთავაზება იმდენად შეუსაბამოა, რომ ხელისუფლების თვალში, დარწმუნებული ვარ, სასაცილოდ გამოიყურება.

მეორე მხრივ, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებაც დამარცხებულია (საკუთარ ხალხთან) და ოპოზიციაც (ხელისუფლებასთან), განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების ფაქტორი. ამიტომ მიმაჩნია დიდ საქმედ ჩვენს ბლოგზე გამართული დისკუსიები და, მათ შორის, თორმეტპუნქტიანი გეგმის ჩამოყალიბება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ, ძალზე მნიშვნელოვანი პროცესის ინიციატორები გავხდეთ.

შესაბამისად, ბატონი სოლომონის გეგმის შემხვედრი წინადადება მაქვს: იქნებ, პირველ რიგში, იმაზე ვიზრუნოთ, როგორ გავაცნობიერებინოთ და ვაღიარებინოთ ხელისუფლებას, რომ ათიათასობით მოქალაქის პროტესტის იგნორირება მისი მძიმე შეცდომაა. ვფიქრობ, მთელი ჩვენი პიროვნული და ინტელექტუალური რესურსი ახლა ამ საქმეს უნდა მოვახმაროთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დარწმუნდება, რომ ძალაუფლება ეკუთვნის არა მხოლოდ მას, არამედ ქვეყნის მოსახლეობასაც (მათ შორის, მოსახლეობის პროტესტულ ნაწილს), შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებაზე საუბრის განახლება და შეთანხმების პირობების შეთავაზება.

როცა კვერცხისა და ქათმის ამბავი ვახსენე, სულ სხვა რამეს ვგულისხმობდი – ვანო მერაბიშვილის „ხერხემლობის“ კორელაციას ბატონი სოლომონის გეგმის განხორციელებასთან. შორიდან დავიწყე და სულ სხვაგან აღმოვჩნდი. მაგრამ, მგონი, სწორ გზაზე ვდგავარ. შეთანხმების კონკრეტული პირობების განხილვა მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს რეალურ მნიშვნელობას და შინაარსს, რაც ხელისუფლებას საზოგადოების ძალაში, თვითორგანიზების უნარსა და მიზანსწრაფულობაში დავარწმუნებთ. საჯარო გამოსვლების გარდა, ჯერჯერობით სხვა ხომ არაფერი გვიცდია?! თითოეული ჩვენგანის სურვილი, რამე გავაკეთოთ ჩვენი საერთო სამშობლოსთვის, ახლა ამ მიზნის მისაღწევად უნდა გავაერთიანოთ. ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, ვიმოქმედოთ და ხელისუფლებას ჩვენი ძალა ვაღიარებინოთ.

თუ რამე შეგვიძლია, ახლა უნდა გამოჩნდეს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG