
დაძაბული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა იზრდება. ზოგიერთი ინდიკატორი მომხმარებლების პესიმიზმზე მიუთითებს, მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყანამ ეკონომიკური კრიზისი თავიდან აირიდა.
2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,1%-ით გაიზარდა. ეს იმ ფონზე, როცა თავად საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 6% იქნებოდა. დაახლოებით ასეთივე მოლოდინი ჰქონდათ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ადგილობრივ კვლევით ორგანიზაციებს.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ხშირად არ მართლდება, ერთი თვის მონაცემები კი დანარჩენ წელზე არ მეტყველებს. ამისდა მიუხედავად, ეკონომისტები ვარაუდობდნენ, რომ ბოლო თვეების პოლიტიკური მოვლენები საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა.
სამთვე-ნახევრიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე, ექსპერტებთან ერთად შევაფასეთ რა მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა.
უარყოფითი სენტიმენტები
„დეკემბრის და იანვრის ზრდა უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჩვენი მოლოდინი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას TBC-ის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია.
2024 წლის დეკემბერში მთლიანი შიდა პროდუქტი 6,7%-ით გაიზარდა, 2025 წლის იანვარში - 11,1%-ით.
ამის მიუხედავად, ოთარ ნადარაიას აზრით, გარკვეული ეკონომიკური ინდიკატორები იმაზე მიუთითებს, რომ დაძაბული პოლიტიკური ფონი უარყოფითად აისახა მოსახლეობის განწყობაზე, რაც თავის მხრივ, ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს.
პირველი, რასაც TBC-ის მთავარი ეკონომისტი გამოყოფს - შემცირდა მოთხოვნა გრძელვადიანი მოხმარების საგნებზე - რასაც ის ეკონომიკური განწყობების გამოხატვის კლასიკურ მაგალითად მიიჩნევს.
გრძელვადიანი მოხმარების საქონელი ისეთი ნივთებია, რომლებსაც ხანგრძლივად, როგორც წესი, წლების განმავლობაში იყენებენ. მაგალითად, ავტომობილები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო მოწყობილობები, ელექტროტექნიკა.
იმის გამო, რომ ასეთი ნივთები ჩვეულებრივ ძვირი ღირს, გაურკვევლობის ან დაძაბულობის დროს ადამიანები მათი ყიდვისგან თავს იკავებენ. თავის მხრივ, ეს მიუთითებს მათ ზოგად განწყობაზე.
TBC Capital-მა, TBC ჯგუფის კვლევითმა ორგანიზაციამ, გაზომა, თუ როგორ იცვლებოდა მათი მომხმარებლების მოთხოვნა ასეთ საქონელზე 2024 წლის იანვრის შემდეგ.
აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა იზრდებოდა 2024 წლის ნოემბრამდე - საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე. ამის შემდეგ, ტრენდი დაღმავალია - ანუ მომხმარებლები მეტად იკავებენ თავს ძვირი ნივთების შეძენისგან.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ პოლიტიკური ვითარების გაუარესება მოსახლეობამ უარყოფითად აღიქვა, მაგრამ ამის გამო ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია - შემცირების მიუხედავად, გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე მოთხოვნა 2025 წლის თებერვალში მაინც იმაზე მაღალი იყო, ვიდრე 2024 წლის სექტემბრამდე. გარდა ამისა, ამგვარი ნივთები, როგორც წესი, იმპორტულია - ამდენად, მათზე მოთხოვნის შემცირება ნაკლებად ეხება ადგილობრივ წარმოებას. თანაც, იმპორტზე მოთხოვნის შემცირება ეროვნული ვალუტის კურსზე დადებითად აისახება.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ოთარ ნადარაიამ გამოყო, ლარში განთავსებული დეპოზიტების კონვერტაციის მაჩვენებელია. TBC-ის მთავარი ეკონომისტის თქმით, მოსახლეობა ელოდებოდა, რომ არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტა გაუფასურდებოდა, რის გამოც არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე დაიწყო ლარში შენახული დეპოზიტების კონვერტაცია.
როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2024 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე TBC-ის სულ უფრო ნაკლები კლიენტი ინახავდა ფულს ლარში. ეს ტენდენცია დროებით შეიცვალა არჩევნების შემდეგ, თუმცა ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებებზე უარის თქმის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ტრენდი კვლავ დაღმავალი გახდა.
უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურია
„არსებობდა მოლოდინი, რომელსაც მეც ვიზიარებდი, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში განვითარებული პოლიტიკური კრიზისი პირველ რიგში უძრავი ქონების ბაზარზე აისახებოდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკონომისტი ეგნატე შამუგია.
თუმცა 2024 წლის დეკემბრის და 2025 წლის იანვრის მონაცემების თანახმად ვერ ვიტყვით, რომ უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისია. TBC Capital-ის თანახმად, დეკემბერში, როცა მდგომარეობა განსაკუთრებით დაძაბული იყო, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა, იანვარში კი 6%-ით შემცირდა.
ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ბაზარზე მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, განსაკუთრებით კი თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ზოგადი კლების მიუხედავად, იანვარში მაინც გაზრდილი იყო ახალაშენებული ბინების გაყიდვები. ეს იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების გაყიდვების ზრდა ემიგრაციით ვერ აიხსნება.
ნიშანდობლივია ისიც, რომ დეკემბერში და იანვარში შემცირებულია უძრავი ქონების გაყიდვები თბილისის ყველაზე ძვირადღირებულ, ცენტრალურ უბნებში, ხოლო ზრდა, ძირითადად, გარეუბნებზე მოდიოდა.
ეგნატე შამუგიას თქმით, უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა მიუთითებს, რომ მოსახლეობა შეიძლება არც ისე მწვავედ აღიქვამდეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.
„უნდა ვაღიარო, რომ უფრო მწვავედ წარმომედგინა სიტუაცია, ვიდრე ეს ყველაფერი საზოგადოებაში ყოფილა აღქმული“.
„თუ არასტაბილურობის განცდა აქვთ ადამიანებს და უახლოესი მომავლის პროგნოზირება შეუძლებელია, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციაზე უარს ამბობენ“, - ამბობს ეკონომისტი რადიო თავისუფლებასთან.
როგორ იზრდება ეკონომიკა?
ოთარ ნადარაია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იანვრის ეკონომიკური ზრდის მიზეზების შეფასება შეუძლებელია მანამდე, სანამ სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) დეტალურ კვარტალურ მონაცემებს არ გამოაქვეყნებს, რაც აპრილამდე არ მოხდება. ამჟამინდელი ზრდის მაჩვენებელი წინასწარ შეფასებას ეფუძნება, რაც შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არცთუ ძალიან.
საქართველოში 2024 წელსაც მაღალი იყო ეკონომიკური ზრდა - მთლიანი შიდა პროდუქტი 9,5%-ით გაიზარდა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ერთ-ერთი კი ტურიზმის გაზრდილი შემოსავლები იყო.
საქართველოს ბანკის ანალიტიკურმა ორგანიზაციამ, „გალტ ენდ ტაგარტმა“, იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა 2024 წლის ტურიზმის სექტორის დინამიკა. როგორც აღმოჩნდა, 2024 წლის პირველ კვარტალში, შედარებით მშვიდი პოლიტიკური ვითარების ფონზე, 40,9%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა.
ამის შემდეგ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ხელახლა შემოიღო ე.წ. „აგენტების კანონი“ და საქართველო კვლავ საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა, ევროკავშირიდან შემოსული ტურისტების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით კლება დაიწყო.
ამის მიუხედავად, „გალტ ენდ ტაგარტი“ თავის ანგარიშში წერს, რომ ევროპელი ტურისტების რაოდენობის კლება გადაწონა გაზრდილმა ინტერესმა აზიის ქვეყნებიდან - ისრაელიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, საუდის არაბეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.
„გალტ ენდ ტაგარტი“ ელის, რომ პესიმისტურ სცენარშიც კი, აზიის ქვეყნებიდან მზარდი ნაკადების გათვალისწინებით, ტურისტული ნაკადები მკვეთრად არ შემცირდება.