
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ იანვრის ბოლოს ჩატარებული საზოგადოებრივი განწყობების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა გახანგრძლივებულ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) უახლესი კვლევის თანახმად, რომელიც 2025 წლის 18-30 იანვარს ჩატარდა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ მოსწონს ქვეყნის ტრაექტორია.
გამოკითხულების 61,7% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო დაახლოებით 35% ფიქრობს, რომ საქართველო სწორ გზას ადგას.
შედარებისთვის, იმავე ორგანიზაციის 2024 წლის ივნისის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 57% ამბობდა, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდებოდა.
მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ, რომელიც უკვე ორ თვეზე მეტია გრძელდება, „ქართული ოცნების“ ლიდერები ხან ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში „არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის“, ხან კი ამბობენ, რომ „კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული“.
ISSA-ს კვლევიდან ირკვევა, რომ მოსახლეობა „ოცნების“ ლიდერებს არ ეთანხმება - 82,1% ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს პოლიტიკური კრიზისია, 77,9% კი კრიზისზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. შედარებისთვის, 16% თვლის, რომ კრიზისზე პასუხისმგებელი „ნაციონალური მოძრაობაა“, დაახლოებით იმდენივე ასახელებს რომელიმე სხვა ოპოზიციურ პარტიას, 1,1% კი - „დიფ სტეიტს“ ან „გლობალური ომის პარტიას“ (საქართველოში მათი გავლენის არსებობა, იმავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 19,5%-ს მიაჩნია დამაჯერებლად).
უმრავლესობა მხარს უჭერს პროტესტს და მის მოთხოვნებს
კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტს.
სოციოლოგებმა გამოკითხულებს სთხოვეს, 1-დან 10-მდე სკალაზე შეეფასებინათ, რამდენად იწონებენ აქციებს.
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიხედვით, მოსახლეობის 60% პროტესტის მიმართ „ლოიალურია“, აქედან 45% კი აქტიურ მხარდაჭერას გამოხატავს, ხოლო 23,7% პროტესტის მიმართ „გამოკვეთილად შეურიგებელია“. დანარჩენებს ISSA პროტესტის მიმართ „რეზისტენტულებს“ უწოდებს.
ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს პროტესტის ორ მთავარ მოთხოვნას - აქციების დროს დაპატიმრებულების გათავისუფლებას (76,3%) და ახალი არჩევნების დანიშვნას (62%).
საგარეო პოლიტიკა და ომის საფრთხე
უარყოფითია მოსახლეობის აზრი საპროტესტო გამოსვლების კატალიზატორზე - ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.
გამოკითხულების 67,1%-ს ეს განცხადება მიუღებლად მიაჩნია, მისაღები კი 24,%-სთვის არის.
გარდა ამისა, 54,9%-ის აზრით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის ინტერესების გატარებას ემსახურება და მხოლოდ 7% თვლის, რომ „ოცნებას“ დასავლეთთან ინტეგრაციის გზისთვის არ გადაუხვევია. 30,1% ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ „დაბალანსებულ პოლიტიკას“ ატარებს.
ამის პარალელურად, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ემხრობა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას - ევროკავშირში გაწევრიანებას 86,3%, ხოლო ნატოში გაწევრიანებას - 74,2%.
საინტერესოა, რომ ნატოში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერის მიუხედავად, გამოკითხულების 52,8% ფიქრობს, რომ საქართველო არცერთ პოლიტიკურ ან სამხედრო სტრუქტურას არ უნდა შეუერთდეს და ნეიტრალიტეტი ჰქონდეს.
მოსახლეობის უმრავლესობა (55%) ასევე არ იზიარებს აზრს, რომ „ქართული ოცნება“ თუ ხელისუფლებიდან წავა, რუსეთთან ომის საფრთხე გაიზრდება, 35,5% კი საპირისპირო აზრზეა.
ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსები
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, დღეისთვის საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი სალომე ზურაბიშვილია. მისდამი კეთილგანწყობილია მოსახლეობის 49,6%.
ამასთან, გამოკითხულების უფრო დიდი წილი მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია (ასე თვლის 40,1%), და არა მიხეილ ყაველაშვილი (37,7%).
კეთილგანწყობის რეიტინგით ზურაბიშვილს მოსდევენ გიორგი მარგველაშვილი (32,6%), კახა კალაძე (31,8%), ნიკა მელია (30%), ირაკლი კობახიძე (29,8%) და გიორგი გახარია (29,6%).
„იმედი“ ყველაზე პოპულარული არხია
მკვლევრებმა გამოკითხულებს ისიც ჰკითხეს, თუ საიდან იღებენ ინფორმაციას. გამოკითხულების 66,3% ამბობს, რომ ინფორმაციას ტელევიზიით იღებს, 56,8% - სოციალური მედიით.
სატელევიზიო არხებიდან ყველაზე პოპულარული „იმედია“ - მას უყურებს გამოკითხულების 41,8%.
„იმედს” მოსდევს „მთავარი არხი” (37,8%), ტვ „პირველი“ (33,4%), „რუსთავი 2“ (22,7%) და „ფორმულა“ (15,2%).
გამოკითხულების მხოლოდ 9%-მა თქვა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს უყურებს.
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” და „საქართველოს გაეროს ასოციაციის” დაფინანსებით ჩატარებული კვლევის ფარგლებში, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” 2000 რესპონდენტი გამოჰკითხა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. ცდომილების ზღვარი ±2.2%-ია.