მიმდინარე კვირა ქართულ პრესაში კვლავ აგვისტოს ომზე საუბრით დაიწყო. ორშაბთს, 9 აგვისტოს, გაზეთი “მთელი კვირა” სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ექსპერტი აგვისტოს ომის პერსპექტივის საკუთარ ანალიზს გვთავაზობს. ”მე, როგორც სამხედრო ექსპერტი, ვფიქრობ, რომ სავარაუდო ჩანაფიქრი იყო ასეთი: რუსეთი აპირებდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოკლე ოპერაციის ჩატარებას, რომელსაც დიდი მომზადება არ სჭირდებოდა, შემდეგ გორის მიმართულებით წამოვიდოდა, გადაკეტავდა თბილისი-ფოთის მაგისტრალს, საქართველოს გაყოფდა ორ ნაწილად“, - ამბობს თავდგირიძე.