Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


“ბოლო დღეებში ყველაზე დიდ ინტერესს ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები იწვევს და ეს არც არის გასაკვირი. ბოლოს და ბოლოს, საუბარი ოპოზიციის ერთიანობას შეეხება და გასაგებია, რომ არჩევნებისთვის ოპოზიციის რეალურ ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ისიც ცხადია, რომ ალასანიამ წინა კვირას გადაწყვეტილებები, რომელიც პრაიმერის მომხრე პარტიებთან ერთიანობას გულისხმობს, სწორედ ამ მიზნით მიიღო”, - წერდა ორშაბათს გაზეთი ” მთელი კვირა” და მთელი კვირის განმავლობაში სწორედ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები იყო ქართული პრესის მთავარი თემა.
”მთელი კვირა” ასევე წერდა, რომ “ალასანიას პოლიტიკური პარტნიორები არ გამოუცვლია და რეალური გაერთიანებისთვის განსაზღვრული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ალასანია უახლოეს დღეებში გაახმიანებს. “მთელი კვირის” ინფორმაციით კი, საუბარი მიდის იმ სქემაზე, რომ ალასანია ოფიციალურად უარს იტყვის ნოღაიდელთან პარტნიორობაზე და მას ოპოზიციის ერთიან კანდიდატად ყოველგვარი გამოკითხვებისა და პრაიმერის გარეშე დაასახელებენ. ამასთან, მას მხარს ლევან გაჩეჩილაძე დაუჭერს”, - წაიკითხავდით სტატიაში „ოპოზიციის საიდუმლო გეგმა“.
უკვე კვირის ბოლოს კი „ახალი თაობა“ წერდა: “ვერის ბაღის კალათბურთის დარბაზში “ქართულმა აკადემიამ” და 24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ირაკლი ალასანიას შეხვედრა მოუწყო. შეხვედრას მოსახლეობაც ესწრებოდა. შეხვედრას არ ესწრებოდნენ “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარეები დავით გამყრელიძე, დავით უსუფაშვილი და სოზარ სუბარი, თუმცა დარბაზში იყვნენ “ახლებისა” და “რესპუბლიკელების” წარმომადგენლებიც”. სწორედ რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის, კომენტარს აქვეყნებს ამ პუბლიკაციაში „ახალი თაობა“:

“ქართული აკადემიის” ამოცანა მიღწეულია, - თქვა მან. - მათ სურდათ, რომ კითხვები დაესვათ, რომლებიც საზოგადოებას ჰქონდა. მე პირადად დარბაზში და სახალხოდ არ მჭირდება ამ კითხვებზე პასუხების მოსმენა ირაკლისგან, რადგან ისედაც ვიცი. ”

„რეზონანსის“ მიხედვით კი იმ დღეს: “ალასანიამ კიდევ ერთხელ გაახმოვანა, რომ ის ოპოზიციურ კონსულტაციებს ვეღარ დაუცდის და აქტიურ კამპანიას იწყებს. მისივე თქმით, საუბარი შედგა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან, თუმცა დიალოგში აღმოჩნდა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება იოლი არ არის. ამასთან, მან პირობა დადო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების საშუალებას ყველას, მათ შორის, “ნაციონალურ მოძრაობასაც” მისცემს. პოლიტიკურ ტოლერანტობაზე საუბრისას ალასანიამ განაცხადა, რომ არჩევნებში დამარცხებული მხოლოდ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წამსვლელი სუბიექტი იქნება, დანარჩენები კი, მათ შორის, მისი ოპონენტებიც - გამარჯვებულები.”

კვირის დასაწყისში პოლიტოლოგმა ანდრო ბარნოვმა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

“დავამტვრევ” არა, - “მივატეხ”! - სწორედ ასე თქვა ნოღაიდელმა! ძალიან სასაცილოა. ეს, ალბათ, პიარფანდიცაა და პუტინის მფარველობის იმედად ყოფნაც. მაგრამ, საბოლოოდ, ეს ყველაფერი სასაცილო კი არა, ძალიან ნაღვლიანი ამბავია. ტრაგიკომედია არ არის, რომ უცებ ყველაზე გონებაგახსნილი ნოღაიდელი და კუკავა აღმოჩნდნენ?! თურმე მათ გარდა არავის ესმის, რა არის სახელმწიფოს ინტერესი! ვინც მათ არ გაჰყვება, “ხელებს მიატეხენ”. გენიალურია! მგონი, ამ ძალების მარგინალიზაცია მალე დასრულდება და პოლიტიკურ სცენასაც მიატოვებენ”, - უთხრა გაზეთს ანდრო ბარნოვმა ორშაბათს. კვირის ბოლოსათვის კი პრესა უკვე ოპოზიციური ძალების კიდევ ერთი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის, მოსკოვში ვიზიტს აშუქებდა.
შაბათს “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე ამბობს: ” დიახ, მე ვარ ის საიმედო პოლიტიკოსი, რომელიც მისაღებია ყველა მხარისთვის - ვაშინგტონისთვისაც, ბრიუსელისთვისაც, მოსკოვისთვისაც. ერთი მარტივი მიზეზის გამო - მე ვარ პროქართველი პოლიტიკოსი, ეს არის ყველასთვის ცნობილი. მე ვარ ადამიანი, რომელიც ღიად ვიცავ ჩემი ქვეყნის ინტერესებს და მე ვარ ადამიანი, რომელიც პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე... ჩემს ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი, ბოლომდე არ გამოვიყენე ის რესურსები, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში არსებობდა და არ გამოვიყენე იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, რომელიც ღიად თუ ფარულად ხორციელდებოდა.”

“სჯერა თუ არა მოსკოვს ბურჯანაძის ცრემლების” - ასეთი იყო შაბათს „რეზონანსის“ მთავარი პუბლიკაციის სათაური. სტატიაში კი ვკითხულობთ, რომ, ბურჯანაძის გარდა, ” მოსკოვში ჩასვლისა და რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს “ლეიბორისტებმაც”. შრომის პარტიამ მოსკოვში წერილი უკვე გაგზავნა და მედვედევის ხელისუფლებას შეხვედრა სთხოვა. მოსკოვში ჩასვლას აპირებს “კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურიც. ვიზიტის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც თავად ძიძიგური განმარტავს, შეხვედრა უახლოეს თვეებში შედგება. ვიზიტთან დაკავშირებული შესაბამისი კონსულტაციები უკვე დაწყებულია. “ალიანსი საქართველოსთვის” კრემლთან საუბარს ხელისუფლებაში მოსვლამდე არ აპირებს. ამასთან, ალასანიას თანაგუნდელმა ვიქტორ დოლიძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა კრემლის ლიდერებისგან ალასანიამ მიპატიჟება მიიღო. მისივე თქმით, “ალიანსი” რუსეთთან სერიოზულ დიალოგს ნამდვილად გეგმავს, თუმცა ეს მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოხდება.”

ამ პუბლიკაციამდე ერთი დღით ადრე კი კახა კუკავამ „რეზონანსს“ განუცხადა:

“ეს ვიზიტი ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი. უბრალოდ, ჩვენ ვამბობთ, რომ ამას არ გამოვრიცხავთ... სხვათა შორის, მე და ნინო ბურჯანაძე ხშირად ვჩხუბობთ. ძალიან ბევრ საკითხზე გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ მის ნაბიჯს დიდ პატივს ვცემ. საერთოდ, ეს არის სიგიჟე, რომ არ შეიძლება ელაპარაკო რუსეთს. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ინერგება სოროსის ფულებით, სოროსის ექსპერტებით და სოროსის პოლიტიკოსებით. ეს არის სიგიჟე, რომელშიც სოროსი იხდის ფულს”, - უთხრა „რეზონანსს“ კახა კუკავამ. უფრო დაწვრილებით კი ექსპერტთა და პოლიტიკოსთა მოსაზრებებს ამ თემაზე მიმდინარე კვირის ქართულ პრესაში გაეცნობით.
XS
SM
MD
LG