დეივ ბრუბეკი ისეთ მუსიკალურ ოჯახურ ჭუპრში დაფრთიანდა, მეტი რომ არ შეიძლება. დედამისი ბესი კლასიკური ყაიდის პიანისტი გახლდათ. შვილების კომპოზიციური აზროვნების უნარზე ზრუნავდა, ამიტომ რადიოს ჩართვას უკრძალავდა: თუ მუსიკის მოსმენა გნებავთ, კეთილი ინებეთ და საკუთარი პიესები გამოაცხვეთო. დეივის ბავშვობის საძმაკაცოც საგულდაგულოდ შეარჩია: შოპენის, ლისტის, მოცარტისა თუ ბახის თხზულებებს საკუთარი შესრულებით აცნობდა და სანოტო ტექსტების კითხვაშიც წვრთნიდა. უფრო სწორად, ეგონა, რომ ასწავლიდა. სინამდვილეში კი დეივი ნოტების გონზე არ გახლდათ, თავს იკატუნებდა, თითქოს კითხულობდა. სამაგიეროდ, ისეთი ხვითო ბრძანდებოდა, რომ ერთხელ მოსმენილს აბსოლუტური სიზუსტით ასრულებდა.