საყოველთაოდ გავრცელებული ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობა არის ნაწილი იმისა, რასაც აქტივისტები უწოდებდნენ გლობალურ თავდასხმას ქალთა უფლებებზე.
ეს ყველაზე კარგად ავღანეთში ჩანს, სადაც თალიბებმა გააქრეს ქალები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და მკაცრად შეზღუდეს მათი ძირითადი უფლებები.
ექსტრემისტული ჯგუფის მმართველობის პირობებში, ავღანეთი გახდა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც თინეიჯერ გოგოებს სკოლაში სიარული ეკრძალებათ.
„მინდოდა, ექიმი გავმხდარიყავი და ჩემი ქვეყნისათვის მემსახურა, უთხრა რადიო თავისუფლების „რადიო აზადის“ მარზიემ, თინეიჯერმა ავღანელმა გოგომ, - ცხრა წელი ვისწავლე, მაგრამ ეს ყველაფერი ამაო აღმოჩნდა. ახლა სახლში დარჩენა მომიწია“.
თალიბანი, რომელმაც ძალაუფლება ხელში 2021 წელს ჩაიგდო, არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. თუმცა, მზარდია ქვეყნების რაოდენობა, მათ შორის დასავლეთში, რომლებიც თანამშრომლობენ მის მთავრობასთან ვაჭრობის, იმიგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებში.
„თუ მსოფლიო შეხედავს, რას უშვრება თალიბანი ქალებსა და გოგოებს, მხრებს აიჩეჩავს და გააგრძელებს თალიბანთან პარტნიორობას სხვა საკითხებზე. ეს ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად უმნიშვნელოა ქალებისა და გოგოების უფლებები გლობალური ლიდერებისთვის“, - თქვა ჰეზერ ბარმა, ქალთა უფლებების ასოცირებულმა დირექტორმა Human Rights Watch-ში (HRW).
თალიბანის მმართველობის პირობებში, გაიზარდა იძულებითი, ადრეული და ბავშვთა ქორწინებები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბავშვთა ქორწინება დაახლოებით 25 პროცენტით გაიზარდა.
უფლებადამცველმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ეს ზრდა განაპირობა გამანადგურებელმა ეკონომიკურმა და ჰუმანიტარულმა კრიზისმა, ქალების განათლებისა და პროფესიული პერსპექტივების ნაკლებობამ.
„14 წლის გავთხოვდი, პირველი შვილი კი 15 წლისას შემეძინა“, - განუცხადა რადიო აზადის შაზიამ. - „გოგონა გამიჩნდა. ძალიან გამიჭირდა. მეგონა, ვერ გადავრჩებოდი. ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო“.
"არჩევანის თავისუფლება"
მეზობელ ირანში ქალებს ეკრძალებათ მრავალ სფეროში სწავლა, სპორტული ღონისძიებები, პასპორტის აღება ან ქვეყნის გარეთ გამგზავრება ქმრის თანხმობის გარეშე.
ქალებს, რომლებიც ქვეყნის მუსლიმური ჩაცმულობის კოდექსს დაარღვევენ, ჯარიმები და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
იზრდება ირანელი ქალების რაოდენობა, რომლებიც უარს ამბობენ სავალდებულო ჰიჯაბის, ანუ მუსლიმური თავსაბურავის ტარებაზე და ქვეყნის სასულიერო ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან.
ჰიჯაბი ირანში ქალების ჩაგვრის სიმბოლოა, განუცხადა რადიო „ფარდას“ ამ ქვეყანაში მცხოვრებმა 20 წლის ქალმა.
„ეს ნაჭერი წარმოადგენს უფლებას, რომელიც წაგვართვეს, - თქვა მან, - ანუ, თავისუფლება იმისა, რომ თავად ავირჩიო სამოსი“.
ჰიჯაბი საკვანძო საკითხი იყო იმ უპრეცედენტო საპროტესტო აქციების დროს, რომლებმაც ირანში 2022 წელს იფეთქა. დემონსტრაციები გამოიწვია ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის, პატიმრობაში სიკვდილმა. ის დააკავეს ჰიჯაბის კანონის სავარაუდო დარღვევისთვის.
საპროტესტო აქციების დროს ქალებმა და გოგოებმა მოიხსნეს და დაწვეს თავსაბურავები.
ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია მომიტინგეები და გააძლიერა ჰიჯაბის ტარების კონტროლი.
ამავდროულად, ირანში ყოველწლიურად უამრავი ქალი იღუპება მათი მამრობითი სქესის ნათესავების - მათ შორის, ქმრების, მამებისა და ძმების - ხელით, ოჯახის „ღირსების“ შენარჩუნების სახელით.
ნიუ-იორკში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის Stop Femicide Iran-ის თანახმად, 2023 წელს ირანში 150-ზე მეტი ქალი გახდა ფემიციდის მსხვერპლი.
"პრობლემები რჩება"
გენდერული ძალადობა გავრცელებულია იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ქალებს არ აქვთ შეზღუდვები გარეგნობის, გადაადგილების თავისუფლებისა და მუშაობის ან სწავლის მხრივ.
გაეროს შეფასებით, 2023 წელს მსოფლიოში ყოველ 10 წუთში ერთხელ კლავდა ქალს თავისი პარტნიორი ან ოჯახის წევრი. მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას სიცოცხლეში ერთხელ მაინც.
კოსოვოში ბოლო 14 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 58 ქალი მოკლეს.
მათ შორის იყო 20 წლის ერონა, რომელიც ყოფილმა ქმარმა განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ მოკლა.
ერონას დედა ფიქრობს, რომ მისი ქალიშვილი წლების განმავლობაში განიცდიდა ოჯახში ძალადობას.
„ის მოდიოდა სახლში და მეუბნებოდა, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა მასთან, მაგრამ მერე რაღაც მოხდებოდა ხოლმე და ბრუნდებოდა“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლების კოსოვოს სამსახურს.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში მამაკაცმა ინსტაგრამზე პირდაპირ ეთერში გაავრცელა ყოფილი მეუღლის მკვლელობა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
მკვლელობამ ბალკანეთის ამ ქვეყანაში შოკი გამოიწვია და აჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი.
მაიდა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ცხოვრობს, განქორწინდა და პოლიციას განუცხადა, რომ ქმარი მასზე ძალადობდა.
„მოვიდა და კისერში მომიჭირა ხელი. ჩემმა შვილებმა ეს დაინახეს და ტირილი დაიწყეს. მე ვუთხარი "კარგად ვარ", მაგრამ შემდეგ მან ხელი გამარტყა“, - უთხრა მაიდამ რადიო თავისუფლების ბალკანეთის სამსახურს.
შემდეგ, მისი თქმით, ქმარი მას და მათ შვილებს მოკვლით დაემუქრა. „მე ვიცი, რისი უნარიც აქვს და გადავწყვიტე პოლიციაში წავსულიყავი და შემეტყობინებინა“, - თქვა მან.
ექსპერტები ამბობენ, რომ გენდერული ძალადობის პრევენცია შესაძლებელია და ამ საკითხის მოგვარებას ხშირად მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება.
„ეს არ არის იდუმალი, გადაუჭრელი პრობლემები, უბრალოდ საჭიროა, რომ მთავრობებმა ჭეშმარიტად მოინდომონ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვა და დანერგონ ამისთვის საჭირო რესურსები, სისტემები და ექსპერტიზა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჰეზერ ბარმა.