Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღირსების მკვლელობები“ აფხაზურად


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის რაიონში, ძმამ საკუთარი და მოკლა. მოკლულია ოთხი შვილის დედა, ერთ-ერთი მათგანი ძუძუთა ბავშვია. მსგავსი ფაქტების მსხვერპლნი თითქმის ყოველთვის ქალები არიან.

მკვლელობა 9 ივნისს მოხდა. ამის შესახებ ცნობა არ გამოქვეყნებულა სამართალდამცველი ორგანოების ოფიციალურ ვებსაიტებზე, ინფორმაცია ფეისბუკის მეშვეობით გავრცელდა.

სოხუმი
სოხუმი

​როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, მანამდე ქალს რვა წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი თავისი ქმრის სახლიდან ფულის მოპარვის ბრალდებით. განაჩენის გამოტანისას სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მას ოთხი შვილი ჰყავდა, რომელთაგან უმცროსი - ჩვილი ბავშვია. განაჩენის აღსრულება გადავადებულ იქნა მანამდე, სანამ უმცროსი ბავშვი 14 წლის ასაკს მიაღწევს.

წინასწარი პატიმრობის ადგილიდან ქალი თავისმა ძმამ წამოიყვანა. მეორე დღეს მან ის პისტოლეტით მოკლა, სამართალდამცავ ორგანოებს ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. ამჟამად ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ზუსტად ერთი წლის წინ რობერტ ჯღამაზიამ მოკლა თავისი 23 წლის ქალიშვილი ანჟელიკა ჯღამაზია. რობერტ ჯღამაზიას დებმა მაშინ განაცხადეს, რომ მათ მამას მკვლელობისკენ უბიძგა პარლამენტის დეპუტატმა ალმას ჯაპუამ. ჯღამაზია გაასამართლეს და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

2018 წლის 12 მარტს ვიქტორ ჯანბამ დღისით-მზისით ქუჩაში ავტომატით მოკლა გულგაზ მამედოვა, საკუთარი მცირეწლოვანი ვაჟის დედა. მამედოვა ადგილზე გარდაიცვალა. ჯანბას მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

და, აი, ახლა ძმის მიერ საკუთარი დის მოკვლა, რამაც კიდევ ერთხელ შეძრა აფხაზური საზოგადოება.

სოხუმი
სოხუმი

ამ უკანასკნელ მკვლელობას ფართო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. გაისმის რიტორიკული შინაარსის შეკითხვები „როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი?“, „რატომ არ იღებს ხმას ინტელიგენცია, უხუცესთა საბჭო?“ და სხვ.

ახლაც და აქამდეც არაერთხელ მიუთითებდნენ, რომ აფხაზური ტრადიცია არ იცნობს დაკანონებულ მკვლელობებს და - როგორც ახლა სურთ ამის გასაღება - „ღირსების მკვლელობებს“. ამორალური ქცევისთვის უმაღლეს სასჯელად ითვლებოდა განდევნა. ამის მიუხედავად, ქალების მკვლელობები გრძელდება.

XS
SM
MD
LG