კიევი სხვა მნიშვნელოვან შედეგებსაც მოელის, მათ შორის - გაძლიერებული სამხედრო დახმარების კუთხით. სამიტში მონაწილეობს ვოლოდიმირ ზელენსკი - ამას ის მხოლოდ ხელშესახები შედეგების შემთხვევაში აპირებდა.
ნატოს უმაღლესი დონის სამიტისთვის, ლიეტუვის დედაქალაქში უკვე ჩადიან დასავლეთის ლიდერები და მათ შორის - აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.
სამიტზე საქართველოს არა უმაღლესი პირი, არამედ - საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს.
რას ჰპირდებიან უკრაინას?
ამ ეტაპზე ასე ჩანს, რომ ნატოს სამიტზე უკრაინა გაწევრიანების შეთავაზებას ვერ მიიღებს. ჯერჯერობით რეალისტურად არც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოთხოვნა გამოიყურება, რომ - უკრაინას მიეცეს ნატოში გაწევრიანების დაპირება ომის დასრულების დროისთვის და ეს დოკუმენტით დადასტურდეს.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თვლის, რომ უკრაინა წევრობისთვის არ არის მზად და ამ საკითხის განხილვა ომის შემდეგ უნდა დაიწყოს. მანამდე კი, ვაშინგტონის პოზიციით, უნდა გაგრძელდეს უკრაინის სამხედრო დახმარება და პარალელურად, უნდა გატარდეს გასაწევრიანებლად აუცილებელი რეფორმები, მათ შორის - კანონის უზენაესობისა და სასამართლოს მიმართულებებით.
საშუალოვადიან პერსპექტივაში უკრაინის სამხედრო დახმარების გაძლიერებას გაწევრიანებაზე უფრო პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევენ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც - გერმანია, საფრანგეთი თუ ნიდერლანდი.
ასევე ნახეთ ბაიდენი: უკრაინა ნატოს წევრობისთვის მზად არ არის ასევე ნახეთ თეთრი სახლი: უკრაინამ უნდა ჩაატაროს რეფორმები, რათა შეესაბამებოდეს ნატოს სტანდარტებსნატოს ლიდერთა სამიტამდე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთი პარტნიორი ქვეყანა მოიარა და მათ შორის - ნატოში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის საჯარო მადლობა გადაუხადა: თურქეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთსა თუ ბულგარეთს.
„საუკეთესო შედეგის“ მისაღწევად გეგმები შეათანხმეს, 9 ივლისს, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმაც, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეხვედრისას. დისკუსიას „ხანმოკლე, მაგრამ არსებითი“ უწოდა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
ნატოს სამიტამდე, 9 ივლისს, "მნიშვნელოვანი" სატელეფონო საუბარი გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის.
უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხის გარშემო ალიანსის მობილიზებას ასახელებს საერთაშორისო მედია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ევროპული ტურნეს ერთ-ერთ მთავარ მიზნად. ბაიდენი ლონდონში, 10 ივლისს, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-სა და პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შეხვდა.
გზის შემოკლება
ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინას ალიანსში გასაწევრიანებლად, აღარ დასჭირდება MAP-ი, ისევე, როგორც სკანდინავიის ორი ქვეყანას - შვედეთსა და ფინეთს.
კიევს ეს გადაწყვეტილება ნატოსკენ „გზას უმოკლებს“, რადგან, ნატოს პრაქტიკით, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ, ქვეყნებს კიდევ არაერთწლიანი ლოდინი უწევთ.
- ივნისის ბოლოს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ ვოლესმა, კანადელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ლონდონში განაცხადა, რომ უკრაინას ნატომ უნდა მოუხსნას MAP-ის მიღების ვალდებულება და ეს საკითხი ალიანსის წევრებმა სწორედ ნატოს სამიტზე უნდა განიხილონ.
ნატოს წევრებთან გათანაბრებული
ივნისში, ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრების სამიტის შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრები თანხმდებიან, ნატო-უკრაინის თავდაცვის საბჭოს ფორმატში უკრაინა „თანასწორ წევრად“ შეიყვანონ. ითქვა ისიც, რომ დეტალები ვილნიუსის სამიტზე გაცხადდება.
როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, უკრაინას საშუალება ექნება, რომ მონაწილეობა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვაში, მოკავშირეებთან ერთად ისე, რომ, „მაგალითად, უნგრეთმა არ დაბლოკოს მისი მონაწილეობა“.
ექსპერტების შეფასებით, ეს არის, შესაძლოა - სიმბოლური, მაგრამ წინსვლა, რადგან ამ დრომდე მოქმედებდა ნატო-უკრაინის კომისია [როგორც საქართველოს შემთხვევაში]; ხოლო რანგით უფრო მაღალი - საბჭოს ფორმატი - ნატოს ყირიმის ანექსიამდე, რუსეთისთვის ჰქონდა შექმნილი. „ამ სტატუსის [რუსეთის ნაცვლად] უკრაინისთვის მიცემა ნათელი მესიჯია ბატონი პუტინისთვის“, - წერს გამოცემა.
- ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი სხდომა, სამიტის განრიგის თანახმად, 12 ივლისს, თბილისის დროით 15:00 საათზეა დანიშნული.
- ასევე 12 ივლისს, 14:35 წუთზე, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ ნატოს გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი.
- 11 და 12 ივლისს, განრიგშია არაერთი შეხვედრა, ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია, მათ შორის - ჯო ბაიდენის მონაწილეობით.
- საქართველო განრიგში ნახსენებია ერთგან - თბილისის დროით 19:30 საათზე, გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, შვედეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლის მონაწილეობით.
უკრაინის გარდა, სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის დასახელებული იყო: ალიანსში შვედეთის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებული უთანხმოება [თურქეთის წინააღმდეგობა], ნატოს მოკავშირეთა თავდაცვის ხარჯების მასშტაბი და კლიმატის ცვლილებები.
თუმცა შვედეთთან დაკავშირებული საკითხი სამიტის დაწყებამდე გადაწყდა - 10 ივლისს, როცა თურქეთისა და შვედეთის ლიდერები ვილნიუსში ჩავიდნენ. გვიან საღამოს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ერდოანი თანახმაა, რატიფიცირებისთვის გადასცეს პარლამენტს შვედეთის ნატოში გაწევრიანების დოკუმენტი.
ოდნავ უფრო ადრე, ორშაბათს, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ევროკავშირში მისი ქვეყნის გაწევრიანების პროცესის განახლების შემთხვევაში დასთანხმდებოდა. ამაზე გერმანიის კანცლერის პასუხი იყო, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთს არ უკავშირდება.
სად არის საქართველო?
ვილნიუსის სამიტზე საქართველოს წარმოდგენს დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.
„სამიტზე მიღებული იქნება დასკვნითი დეკლარაცია, სადაც ასახული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და პერსპექტივები. სამიტზე ასევე დადასტურებული იქნება ალიანსის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ჩავიდოდა, ჯერ კიდევ მაისში ივარაუდა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, თბილისში ვიზიტის დროს. იმ დროსთვის სამიტის გეგმები, როგორც მან აღნიშნა, ჯერ კიდევ არ იყო შეთანხმებული.
კოლომინამ თბილისში კრიტიკული განცხადებები გააკეთა და შეშფოთებაც არაერთ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვა.
ასევე ნახეთ საქართველო ვილნიუსის სამიტში, დიდი ალბათობით, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მიიღებს მონაწილეობას - კოლომინა
„სამიტი ნიშნავს მთავრობის ან სახელმწიფო მეთაურების შეხვედრას და როდესაც მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მიგიწვევენ, ეს ცალსახა გამოკვეთილი გზავნილია ნატოსგან, პასუხი - იმ პოლიტიკასა და იმ მიდგომებზე, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე და ამატებს, რომ ეს მხოლოდ მისი აზრი არ არის.
ექსპერტი სწორედ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას მიაწერს იმ ფაქტსაც, რომ ვილნიუსის სამიტის მოსამზადებელ, აქტიურ ეტაპზე, უკრაინაზე ლაპარაკისას, მსოფლიო ლიდერები აღარ ახსენებენ საქართველოს, რომელმაც 2008 წელს, აპრილში, ბუქარესტის სამიტზე, გაწევრიანების დაპირება სწორედ უკრაინასთან ერთად მიიღო და მომზადების ბევრი პარამეტრით, უკრაინაზე ბევრად წინაც იყო.
„გასაგებია უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება - უკრაინა რუსეთს ებრძვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას იცავს. მაგრამ ასევე ლოგიკურია, რომ საქართველოსთან მიმართებით [ნატო] წინსვლაზე არ ფიქრობს, როცა - საქართველოს ხელისუფლება არაფერს ითხოვს, რიტორიკა პრორუსულია, დასავლეთს წარმოაჩენენ საფრთხედ, რომ - ჩვენი ომში ჩათრევა უნდა, ნატო აღქმულია საფრთხედ და არა დაცვის გარანტად, შეკითხვებია სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით... მტერი და მოყვარე ერთმანეთშია არეული“, - გვეუბნება მუჩაიძე.
ასევე ნახეთ „უკრაინა-საქართველოს ტანდემი დაიშალა“: კიევი ნატოს გზაზე წინ მიდის, თბილისი კი სულ უფრო ჩამორჩებასაერთაშორისო ექსპერტები ახლა უკვე ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ უკრაინა და საქართველო ერთ სიბრტყეზე აღარ განიხილებიან.
„საქართველო და უკრაინა 2008 წლის შემდეგ ერთგვარი ტანდემი იყო. ისინი ალიანსისაკენ სხვადასხვა სისწრაფით მიდიოდნენ, მაგრამ მათ ყოველთვის ერთად ახსენებდნენ. მგონია, რომ უკრაინა-საქართველოს ტანდემი დაიშალა, ალბათ შეუქცევადად“, - ამბობს ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) წარმომადგენელი, ყოფილი თავდაცვის ატაშე საქართველოში, ბობ ჰამილტონი და აღნიშნავს რომ - „რაც უნდა მოხდეს ვილნიუსის სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით ... საქართველოს ნატოს წევრობის გზაზე არავინ ლაპარაკობს“.
30 ივნისს, როცა პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნატოსთან მიმართებით „ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ“ და მიანიშნა, რომ სათანადოდ არ დაფასდა საქართველოს მსხვერპლი და თავგანწირვა ნატოს მისიებში - ერაყსა და ავღანეთში. „32 ჩვენი გმირი შეეწირა... გული მოგიკვდება, ვერ ესაუბრები ამ ადამიანებს, როცა ხვდები“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ "სტრატეგიული მოთმინება" - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
„ჩვენი ამოცანაა, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, იყოს სათანადოდ აღიარებული, შეფასებული, დაფასებულიც... ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ საზოგადოებასაც და ჩვენს თავსაც - რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ... ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ. სიმშვიდე გვჭირდება, მეგობრებო, სიმშვიდე და გონიერება“, - უთხრა პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს, რომლებმაც სხდომაზე არაერთი შეკითხვა დასვეს ქვეყნის ნატოს სამიტისთვის მზადების შესახებ.
10 ივლისს, ნატოს სამიტის დაწყებამდე, წინა დღით გამოქვეყნებულ ღია წერილში პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს, რომ საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას, რეფორმებშიც მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს და „უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატოში".
ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილი: აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატოში
პაპუაშვილი აკრიტიკებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და მიკერძოებაში სდებს ბრალს. ამბობს, რომ ერთ დროს ყველაზე „გულმხურვალე მხარდაჭერით“ გამორჩეული ქვეყნები დღეს სკეპტიკოსებად იქცნენ „მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში“.
„ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ნატოსგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს ნატოში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს”, - აღნიშნავს პაპუაშვილი.
ოპოზიცია, უკვე წლებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბრალს სდებს, რომ ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით აქტიურობა შედეგზე არ არის ორიენტირებული და პროცესი აშკარად მუხრუჭდება.