NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას თქმით, 11-12 ივლისს დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე უკრაინის თემა იქნება პრიორიტეტული. 24 მაისს NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მანვე აღნიშნა, რომ ამ სამიტში საქართველო, "დიდი ალბათობით", საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მიიღებს მონაწილეობას.
"ჩვენ ჯერ კიდევ იმის გადაწყვეტის პროცესში ვართ, როგორ წარიმართება სამიტი. მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამიტში, დიდი ალბათობით, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. პრემიერ-მინისტრი [ირაკლი] ღარიბაშვილი მადრიდში მონაწილეობდა, ბევრი პარტნიორი არ იყო იმ სამიტზე მაღალ დონეზე ან მინისტრის დონეზე.
ახლა კითხვა ისმის, ვინ დაესწრება [ვილნიუსის] სამიტს. ჩვენ ერთგული ვართ და დავრჩებით საქართველოს მიმართ იმის მიუხედავად, ვინ დაესწრება. მე მინდა, საქართველოს წარმომადგენლობა ჰყავდეს მას შემდეგ, რაც მადრიდში ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ და გვინდა შევაფასოთ, როგორ ხორციელდება ეს გადაწყვეტილებები", - თქვა ხავიერ კოლომინამ.
მანვე დაამატა, რომ ვილნიუსის სამიტზე მაღალი დონის კომუნიკეს მიღება იგეგმება და იქვე იმედი გამოთქვა, რომ მას საქართველოც შეუერთდება.
"ეს იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია NATO-ს მხრიდან მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში. მადრიდში ჩვენ დავამტკიცეთ სტრატეგიული კონცეფცია, მაგრამ ეს განსხვავებული პოლიტიკური წონის დეკლარაციაა. ველი, რომ საქართველოც შეუერთდება ამ კომუნიკეს".
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მეორე დღეა საქართველოში შეხვედრებს მართავს. ის საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა.