სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და, რომ „უკრაინა უდავოდ იმსახურებს ნატოს წევრობას“.
„სამართლიანი მშვიდობის დამყარებით არავინ იქნება წაგებული“, – განაცხადა ერდოანმა.
სააგენტო Associated Press-ი წერს, რომ ვიულნიუსის სამიტზე ალიანსის ლიდერები სავარაუდოდ დაადასტურებენ, რომ „უკრაინა ერთ დღეს შეუერთდება ნატოს“.
ერდოანმა ასევე თქვა, რომ მუშაობენ მარცვლეულის ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივებაზე - ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი საკვანძო თემა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მის შეხვედრაზე, რომელიც აგვისტოში თურქეთში გაიმართება.
„იმედი გვაქვს, ვადის გახანგრძლივება არა ყოველ ორ თვეში, არამედ ყოველ სამ თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი“, - დასძინა ერდოანმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების „დე ფაქტო“ შანსი არ არსებობს, „რადგან დაპირება არ შესრულდა“.
რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი დაეხმარება უკრაინას „ფეხზე წამოდგომაში“.
„ჩვენი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უკრაინაში ამ ბაზრის ლიდერები არიან, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ქვეყნის აღდგენაში დაეხმარებიან“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების მოლაპარაკების კიდევ ერთი პუნქტი იყო პატიმრების გაცვლის საკითხი: „ვმუშაობთ ჩვენი პატიმრების, პოლიტპატიმრების, ყირიმელი თათრების დაბრუნებაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სააგენტო „როიტერსი“ წერს, რომ ერდოანის განცხადებით, მას შეუძლია ამ საკითხის განხილვა პუტინთან ტელეფონით მათ შეხვედრამდე.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შორის ხშირად ასრულებს შუამავლის როლს.