60 უბანი საზღვარგარეთ - რომელ ქალაქებში შეძლებენ ხმის მიცემას ემიგრანტები

საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის

ცესკოს ახალი განკარგულებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 60 უბანი გაიხსნება - 42 ქვეყნის 53 ქალაქში. ემიგრანტებს 7 ოქტომბრის ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად. არ შესრულდა მათი მოთხოვნა დამატებითი უბნების გახსნის შესახებ.  

ემიგრანტები უფლებების შელახვაზე ლაპარაკობენ და ეჭვქვეშ აყენებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემსაც, რომლის მიხედვით, საკონსულო აღრიცხვის პროცედურა სულ 65 508 ამომრჩეველმა გაიარა.

2024 წლის არჩევნებისთვის პირველად იხსნება უბნები: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ავსტრალიაში. ამ ქვეყნებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რიცხვი 52-დან 136-მდე მერყეობს.

ახალი განკარგულება [№191/2024] ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 სექტემბრის სხდომაზე დაამტკიცა, მწვავე კამათის თანხლებით.

შეუსრულებელი მოთხოვნა

ესპანეთში მცხოვრებმა ნათია ბასიაშვილმა უკვე იცის, რომ მის პატარა ქალაქ არნედოში საარჩევნო უბანი არ გაიხსნება და 26 ოქტომბერს ისევ მადრიდში მოუწევთ ჩასვლა, 2020 წლის არჩევნების მსგავსად, როცა გზაში თითქმის 10 საათი გაატარა.

„მაშინ 50 ადამიანი ვიყავით ერთად. ავტობუსის დაქირავებაში, წასვლა-წამოსვლაში - როგორც მახსოვს, 1300-1400 ევრო გადავიხადეთ, მაგრამ წელს უფრო გაძვირებულია მგზავრობა. ყველა ვერ ახერხებს თანხის გადახდას და ასე მთელი დღით გამოსვლას. ზოგს პატარა ბავშვი ჰყავს, ზოგი სამსახურიდან ვერ თავისუფლდება და ამის გამო, თავისი ქვეყნისთვის თავის საარჩევნო ხმას პრაქტიკულად კარგავს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნათია ბასიაშვილი, ემიგრანტთა საერთაშორისო პლატფორმის - „თაობები ქვეყნისთვის“ წარმომადგენელი. ნათია უკვე რამდენიმე თვეა, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებისთვის რეგისტრაციაში ეხმარება. ის ამბობს, რომ მისი დახმარებით საკონსულო აღრიცხვაზე უკვე 100 ემიგრანტი დადგა.

ასევე ნახეთ არჩევნების შედეგები

არნედოში მცხოვრებმა ემიგრანტებმა უბნის გახსნის მოთხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართეს და წერილი ცესკოსაც გაუგზავნეს - რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთებით, მაგრამ - უშედეგოდ.

„უბნის გახსნაზე ერთი ხელის მოსმით გვითხრეს უარი, მაგრამ ძლიერად ვგრძნობთ თავს. ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს ჩვენი პლატფორმა და ზოგადად ჩვენი ემიგრაცია - ეს ყველას ბრძოლაა... ახლა მთლად ზვავია ემიგრანტების, რომლებსაც საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უნდათ და ჩვენ ღამეების გათენება გვიწევს, ვინც მათ ვეხმარებით“, - ეუბნება ნათია ბასიაშვილი რადიო თავისუფლებას.

ნათია ბასიაშვილი

ემიგრანტები, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის აუცილებლობაზე უკვე რამდენიმე თვეა ლაპარაკობენ.

ეს მოთხოვნა ეყრდნობა საარჩევნო კოდექსის ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც: საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ცესკომ [საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე] „არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის“ უნდა გახსნას.

ემიგრანტთა პლატფორმებმა 50-ზე მეტი ამომრჩეველი ევროპისა და აშშ-ის არაერთ ქალაქში აღრიცხეს. გროვდებოდა ხელმოწერები და იმართებოდა აქციებიც.

მარი კაიშაური

სტრასბურგში მცხოვრები მარი კაიშაური გვეუბნება, რომ ცესკოს სხდომის ყურებისას ბევრი ინერვიულა, გაბრაზდა და საშინლად იმედგაცრუებული დარჩა, როცა შეიტყო, რომ საფრანგეთში მხოლოდ ერთი უბანი პარიზში გაიხსნება.

ემიგრანტი გვეუბნება, რომ თანამოაზრეების ჯგუფთან ერთად, იურისტების ჩართულობით, საკონსულო აღრიცხვის პროცედურების გავლაში 100-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა და, შესაბამისად, სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნისთვის საჭიროზე მეტი [50+] ამომრჩევლის მობილიზაცია მოახერხეს.

„ჩვენ გვაქვს შესაბამისი სქრინები, რომ ისინი [სტრასბურგში მცხოვრები ემიგრანტები] ნამდვილად დგანან საკონსულო აღრიცხვაზე. მეტი რანაირად უნდა მოგვეთხოვა უბნის გახსნა?! ყველა წესის, ყველა ვადის დაცვით გავაკეთეთ ყველაფერი. ვერაფერს ვერავინ მოგვედავება. მოვითხოვეთ უბნის გახსნა, მაგრამ ახლა ვიგებთ, რომ არ ხსნიან“, - მარი კაიშაური ფიქრობს, რომ სტრასბურგში მცხოვრები ემიგრანტების დიდი ნაწილისთვის შეუძლებელი იქნება 500 კილომეტრით დაშორებულ პარიზში ჩასვლა:

„აქ [სტრასბურგში] არ არის სამუშაოდ ჩამოსული ემიგრაცია. აქ ძირითადად ის ხალხია, რომლებიც სამკურნალოდ არიან აქ ჩამოსული, რადგან საქართველოში ამის შესაძლებლობა არ მიეცათ - კოლოსალური თანხების გადახდის საშუალება არ ჰქონდათ და სამკურნალოდ საფრანგეთის სახელმწიფოს მიმართეს. სასუნთქი აპარატებით არის ხალხი და პარიზში მათ ვერ ჩაიყვან ასე. ისინი აქ არ მუშაობენ და ბევრს გზის ფულიც არა აქვს. სამგზავროდ, ერთ კაცს მინიმუმ 100 ევრო სჭირდება, საიდან უნდა მოიტანონ ეს თანხა?! “.

სად იხსნება საარჩევნო უბნები

ცესკოს ახალი განკარგულებით, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნაა დაგეგმილი:

  • თითო-თითო საარჩევნო უბანი [დედაქალაქებში] გაიხსნება შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელარუსი, ბელგია, ბულგარეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ისრაელი, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ჰოლანდია, პოლონეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, უზბეკეთი, უნგრეთი, ქუვეითი, ყაზახეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, კატარი, ჩინეთი, ნორვეგია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთი კორეა, იაპონია, ავსტრალია.
  • ორი უბანი გაიხსნება: ესპანეთში [მადრიდი და ბარსელონა].
  • სამი უბანი გაიხსნება: აზერბაიჯანში [სამივე - ბაქო]; თურქეთში [ანკარა, სტამბოლი, ტრაპიზონი]; იტალიაში [რომი, ბარი მილანი].
  • ოთხი უბანი გაიხსნება: გერმანიაში - ბერლინი, ფრანკფურტი, მიუნხენი, შტუტგარტი.
  • ხუთი უბანი გაიხსნება: აშშ-ში [ნიუ-იორკი - 3, ვაშინგტონი და სან-ფრანცისკო]; საბერძნეთში [ათენი - 3, სალონიკი - 2].

ცესკოს ინფორმაციით, ყველა ამ საარჩევნო უბნის გახსნა იგეგმება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში - ან საკონსულოებში, ან საელჩოს შენობებში. საარჩევნო ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ეს კანონის მოთხოვნაა და, მაგალითად, შტუტგარტისგან განსხვავებით, სტრასბურგში უბანი იმიტომ ვერ გაიხსნა, რომ იქ საკონსულო არ არის.

ცესკოში ოპოზიციური პარტიების წევრები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ კანონმდებლობა ასეთ მოთხოვნას არ იცნობს, ხოლო სტრასბურგელი ემიგრანტები გვეუბნებიან, რომ საკონსულო მომსახურებისთვის ისინი სტრასბურგის მისამართზეც არაერთხელ დაუბარებიათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე სტრასბურგში საკონსულოს არსებობა არ არის მითითებული, თუმცა ღია წყაროებით იძებნება, რომ კონკრეტულ მისამართზე [6 Rue Jean Hermann, 67000 Strasbourg, France] საკონსულო შემოვლის ფარგლებში, შეხვედრები 27-28 სექტემბერსაც არის დაგეგმილი. ოპოზიციისთვის ეს დასტურია, რომ არსებობს სივრცე, სადაც შესაძლოა არჩევნებიც გამართულიყო.

დამატებითი უბნების გახსნასთან დაკავშირებული ჩვენი შეკითხვებისთვის ჯერჯერობით არ უპასუხია საგარეო საქმეთა სამინისტროს. გვაინტერესებდა ასევე - შესაძლებელია თუ არა საარჩევნო უბნების გახსნა საელჩოებისა და საკონსულოების მიღმა.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 37 ქვეყანაში 50 უბანი იყო გახსნილი. აქედან ერთ უბანზე მეტი იყო მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ: აშშ-ში - 4 [ნიუ-იორკი - 2, ვაშინგტონი, სან-ფრანცისკო]; გერმანიაში - 3 [ბერლინი, ფრანკფურტი, მიუნხენი], თურქეთში - 3 [ანკარა, სტამბოლი, ტრაპიზონი]; საბერძნეთში - 3 [სამივე ათენში].

ხმაურიანი სხდომა

„იმის გამო, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ემიგრანტებისგან მხარდაჭერა არა აქვს, თქვენ ითვალისწინებთ, აგრძელებთ ხელისუფლების ამ კურსს და ცდილობთ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს ხელი შეუშალოთ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება აქვთ მათ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა 26 სექტემბერს, ცესკოში გამართულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა წევრმა - დავით კირთაძემ. მან სხდომაზე დააყენა ალტერნატიული წინადადება საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ ქალაქებში, სადაც საკონსულო აღრიცხვის მქონე ემიგრანტების რიცხვი 50-ზე მეტია.

მან ჩამოთვალა შემდეგი ქალაქები:

  • არნედო - ესპანეთი
  • ვალენსია - ესპანეთი
  • ცინცინატი - ოჰაიოს შტატი, აშშ
  • ლოძი - პოლონეთი
  • ლეჩე - იტალია
  • ნეაპოლი - იტალია
  • ტორონტო - კანადა
  • მაიამი - ფლორიდა, აშშ
  • ჰამბურგი - გერმანია
  • სტრასბურგი - საფრანგეთი

ამ ალტერნატიულ წინადადებას მხარი დაუჭირეს მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელმა ცესკოს წევრებმა. საკითხი ჩავარდა.

შემდეგ, ცესკოს დადგენილებას უყარეს კენჭი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მას მხარი არ დაუჭირეს. "65 ათასზე მეტი ადამიანის არჩევნებში მონაწილეობისთვის 60 საარჩევნო უბნის გახსნას თქვენ მხარი არ დაუჭირეთ და ამას ვერსად ვერ გაექცევით", - მიმართა მათ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

მანამდე, ცესკოს სხდომაზე, დამატებითი უბნების გახსნა მოითხოვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ და ცესკოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის დარღვევაშიც დასდო ბრალი. თქვა, რომ უპასუხოდ დარჩა მისი სადეპუტატო მოთხოვნა - ემიგრანტთა განცხადებების ასლების და წერილების მიწოდების შესახებ. ცესკოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ არაფერი იცის ამის შესახებ და „საკითხს პირად კონტროლზე აიყვანს“.

„ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც უნდა წავიდეს თბილისიდან ბათუმში და 800 კილომეტრი უნდა გაიაროს იქით-აქეთ, იმ ადამიანს შეიძლება ნაკლებად უჭირს?! ... გნებავთ იყოს ჭიათურაში ჩასასვლელი, გნებავთ იყოს ბათუმში ჩასასვლელი. ამას რატომ არ ითხოვთ?!“ - რიტორიკულ შეკითხვებს სვამდა არჩილ ანასაშვილი - ცესკოს წევრი „ქართული ოცნებიდან“. ის განმარტავს, რომ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხმის მიცემას საარჩევნო კანონმდებლობა არც ქვეყნის შიგნით ითვალისწინებს და არც ქვეყნის გარეთ.

ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ცესკო საარჩევნო უბნების შექმნისას კანონის მოთხოვნით ხელმძღვანელობს, ის მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა. შესაბამისად, აცხადებენ, რომ ემიგრანტთა განცხადებების შესწავლა და გადამოწმება მათი მოვალეობა არ არის.

  • საარჩევნო კოდექსის თანახმად, „სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის.
  • უბნების შესაქმნელად ცესკოსთვის განკუთვნილი ბოლო ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი ცესკოში, ანა კობახიძე, 26 სექტემბრის სხდომაზე დაჟინებით ითხოვდა საგარეო უწყებიდან ცესკოსთვის გაგზავნილ მონაცემებს - თუ რომელ ქალაქში რამდენი ემიგრანტია საკონსულო აღრიცხვაზე. მან განმარტა, რომ დადგენილებაზე კენჭისყრის წინ სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება ესაჭიროებოდა. ეს მოთხოვნა ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლებმაც გაიზიარეს.

ცესკოში „ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ თქვა, რომ თითოეული უბნის გახსნა უხარია, მაგრამ ეეჭვება, რომ მაგალითად სამხრეთ კორეაში [სადაც უბანი პირველად იხსნება], ამომრჩეველთა რიცხვი ბევრი ქვეყნის მსგავსად მაღალი იყოს.

გამოცხადდა შესვენება და ცესკოს წევრებს საზღვარგარეთ ამომრჩეველთა რიცხვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მანამდე, ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეკა ცაბაშვილი აცხადებდა, რომ საგარეო უწყებიდან მიღებულ მონაცემებს გადამუშავება ესაჭიროებოდა და მოგვიანებით იქნებოდა ხელმისაწვდომი.

სად რამდენი ამომრჩეველი დარეგისტრირდა?

ცესკოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საკონსულო აღრიცხვაზე მყოფთა 65 508-წევრიანი სია მიიღო, რაც 60 უბნის გახსნის შესაძლებლობას იძლეოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნებში, სადაც არჩევნები წელს პირველად ტარდება, აღრიცხულთა სტატისტიკა ასეთია:

  • იაპონია [ტოკიო] - 52;
  • ავსტრალია - 54;
  • სამხრეთი კორეა [სეული] - 63;
  • ფინეთი [ჰელსინკი] - 74;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები [აბუ-დაბი] - 136.

საკონსულო აღრიცხვის ცხრილებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა:

  • საბერძნეთში: ათენი - 8600, სალონიკი - 5372
  • აშშ: ნიუ-იორკი - 6486, ვაშინგტონი - 745, სან-ფრანცისკო - 537
  • აზერბაიჯანი: ბაქო - 6419.

ცხრილშია ასევე:

  • საფრანგეთი: პარიზი - 2976;
  • ესპანეთი: მადრიდი - 1502, ბარსელონა - 2790;
  • იტალია: რომი - 2325, ბარი - 1320, მილანი - 1080;
  • გერმანია: ბერლინი - 1860, ფრანკფურტი - 1846, მიუნხენი - 1295, შტუტგარტი - 619.

დავა აღრიცხულთა რაოდენობაზე

65 508 - კამათის საგნად იქცა.

დეპუტატმა თამარ კორძაიამ ცესკოს სხდომაზე თქვა, აგვისტოს ბოლოს, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მის სადეპუტატო შეკითხვას უპასუხა, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საარჩევნო ხმის უფლების მქონეთა საერთო რაოდენობად 66 999 დაასახელა. დეპუტატს აინტერესებს - რატომ შემცირდა მაჩვენებელი, როცა მიგრაციის პროცესი სულ უფრო იკრებს ძალებს.

26 სექტემბერს ეჭვები გამოიწვია საკონსულო მომსახურების ვებგვერდის [geoconsul.gov.ge] მაჩვენებელმაც, სადაც რეგისტრირებულთა ჯამი 128 000-ს შეადგენს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეჭვებს მანიპულაცია უწოდა და განმარტა, რომ ეს ვებგვერდი ამოქმედდა 2015 წელს და, შესაბამისად, სტატისტიკა „აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებგვერდით“ და „მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე“.

„საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებს და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში“, - აღნიშნავს საგარეო უწყება.

26 სექტემბერს, მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „მნიშვნელოვანი ხარვეზები“ ვლინდება იმ სუბიექტის მიერ გაწეულ მომსახურებაში, რომლებიც მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას სთავაზობენ და „ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც რიგი მათგანი არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყენებს თანამემამულეთა პირად მონაცემს“.

საგარეო უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრობლემების თავიდან აშორების მიზნით, მოქალაქეებმა უნდა ისარგებლონ ოფიციალური ვებპორტალით - geoconsul.gov.ge.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადასტურებული მაჩვენებელი [65 508] საეჭვოა პლატფორმებისთვის - „ემიგრანტთა გიდი“ [„ემგიდი“] და „თაობები ქვეყნისთვის“.

„თაობები ქვეყნისთვის“ დამფუძნებელი რევაზ ბეროზაშვილი, რომელიც ახლა ბელგიაში ცხოვრობს, ემიგრანტებს მოუწოდებს, სასწრაფოდ გადაამოწმონ თავიანთი მონაცემები საკონსულო აღრიცხვის სიებში და დარწმუნდნენ, რომ კვლავ იმყოფებიან აღრიცხვაზე, რადგან, როგორც ამბობს - არა აქვს ნდობა და შიშობს, რომ შესაძლოა უკვე რეგისტრირებული ემიგრანტებიც გააქრონ საკონსულო აღრიცხვის სიებიდან.

დამატებითი უბნების გახსნაზე 26 სექტემბერს მიღებული უარის შემდეგ, პლატფორმა აპირებს - უკვე მესამედ მიმართოს სასამართლოს და ამჯერად, ცესკოს 26 სექტემბრის განკარგულება გაასაჩივროს.

ბეროზაშვილი გვეუბნება, რომ ერთი პროცესი სასამართლოში 25 სექტემბერს წააგეს, როცა ქალაქების - არნედოსა და ნეაპოლის მაგალითზე ცდილობდნენ, სასამართლოს გზით დაედგინათ ცესკოს ვალდებულება დამატებითი უბნების გახსნის თაობაზე და სასამართლომ ამ თემაზე საერთოდ არ იმსჯელა; ხოლო მეორე სარჩელით ითხოვდნენ, რომ საგარეო უწყებას და მის სააგენტოს სასწრაფოდ გადაეცათ ცესკოსთვის მონაცემები საზღვარგარეთ, კონკრეტულ ქალაქებში რეგისტრირებულ მოქალაქეთა შესახებ. ბეროზაშვილი ამბობს, რომ ეს სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

„ეს [უარი დამატებითი უბნების გახსნაზე] არის დიდი პრობლემა. რეალურად იმაზე დიდი პრობლემაა, ვიდრე „რუსული კანონი“ იყო, რადგან დემოკრატიის ფუნდამენტს არღვევს. დემოკრატია დგას არჩევნებზე. ადამიანებს, ამომრჩევლებს თანასწორობის პრინციპს ურღვევენ - ამ უფლების დაცვა ჩვენი ყველას ვალია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით ბეროზაშვილი და გვიზიარებს გეგმასაც, რომ პლატფორმა „თაობები ქვეყნისთვის“ მთელ ამ ინფორმაციას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსაც მიაწვდის და პარალელურად, ყველაფერს გააკეთებს - ამომრჩევლების საარჩევნო უბნებთან მისაყვანად.

ცესკოს განკარგულების გასაჩივრებას აპირებს „ემგიდიც“. სამართლებრივ დავას გეგმავენ ოპოზიციური პარტიებიც.

რა გზები რჩებათ ემიგრანტებს?

მას შემდეგ, რაც 60 საარჩევნო უბანი უკვე შექმნილია, ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, 7 ოქტომბრის ჩათვლით, გაიარონ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში.

ეს აუცილებელი პროცედურა მათთვისაა, ვინც ამ ეტაპისთვის ჯერ ისევ არ არის საკონსულო აღრიცხვაზე და არც რეგისტრირებულია.

არსებობს ორი გზა: ან ელექტრონულად გაიარონ საკონსულო აღრიცხვის პროცედურები, ანდა ფიზიკურად გამოცხადდნენ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში - საელჩოებში ან საკონსულოებში. თან აუცილებლად უნდა იქონიონ პასპორტი.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საკონსულო აღრიცხვის პროცესი რამდენიმე დღეს მოითხოვს.

„ლელოს“ წარმომადგენელი ცესკოში, გიორგი სიორიძე პრობლემად თვლის იმ ფაქტსაც, რომ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრული ვადის ბოლო დღეს გაიმართა, რადგან საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციისთვის ემიგრანტებს ნაკლები დრო რჩებათ.

ცესკო აცხადებს, რომ თუკი 7 ოქტომბრამდე დარეგისტრირებული ამომრჩევლების რიცხვი გაიზრდება და მაჩვენებელი 3000-ს გადააჭარბებს, დამატებითი უბნები გაიხსნება.

ცესკოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი, ანა კობახიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ახალი უბანი შეიძლება გაიხსნას მხოლოდ იქ, სადაც ტერიტორიულად ახლა უკვე [ცესკოს ახალი დადგენილებით] ერთი უბანი მაინც არსებობს. ახალ ადგილას უბანი ვერ გაიხსნება, თუკი სასამართლო არ დააკმაყოფილებს საჩივარს“.

  • საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების საერთო რიცხვი დაუზუსტებელია, თუმცა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მაჩვენებელი მილიონს აჭარბებს.
  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო - 66 217; ხმის მისაცემად კი - მხოლოდ 12 ათასი ამომრჩეველი მივიდა.
  • 2020 წელს საზღვარგარეთის უბნები ოპოზიციამ მოიგო.

პასუხები არჩევნების შესახებ სხვა კითხვებზე ნახეთ აქ

ასევე ნახეთ “ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ” - როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოში