Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ვცხოვრობ - როგორ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა?


საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

სამწუხაროდ, თუ რუსეთში იქნებით, არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებთ. 

საზღვარგარეთ ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოს იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, გაიხსნება საუბნო საარჩევნო კომისიები.

2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ შეუძლიათ.

ანუ ხმის მიცემის შანსი არ მაქვს?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნებში მონაწილეობისთვის საქართველოში ჩამოხვალთ ან რომელიმე სხვა ქვეყანაში წახვალთ და წინასწარ დადგებით აღრიცხვაზე.

საქართველოში ჩამოსვლისას მხოლოდ არჩევნებზე ხმის მიცემის დღეს უნდა გამოვცხადდე საარჩევნო უბანზე?

იმაში დასარწმუნებლად, რომ ხმის მიცემას შეუფერხებლად შეძლებთ, დასაწყისისთვის თქვენი თავი გადაამოწმეთ, ხართ თუ არა ამომრჩეველთა ერთიან სიაში. თუკი ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ იპოვით თქვენს თავს, არჩევნების დღემდე 21 დღით ადრე შეგიძლიათ მიმართოთ სერვისების განვითარების სააგენტოს და თქვენი თავი დაარეგისტრიროთ ან საქართველოში თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე, ან დროებითი საცხოვრებელი სახლის მისამართზე.

ახალ მისამართზე გადაწერა დისტანციურად შესაძლებელია?

ახალ მისამართზე გადაწერა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე იუსტიციის სახლში მისვლით. ორივე შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

თუ ბინის მესაკუთრე თავად ხართ, ცხადია, რეგისტრაციის ადგილის შეცვლისთვის მხოლოდ საკუთარი მონაცემები დაგჭირდებათ.

ხოლო თუ რეგისტრირდებით, მაგალითად, ნათესავთან, დაგჭირდებათ ბინის მესაკუთრის ნებართვა ან ორი პირის დასტური.

ადგილზე მისვლის შემთხვევაში, მესაკუთრის თანხმობის დაფიქსირება შესაძლებელია:

  • თუ ის თავად მივა იუსტიციის სახლში;
  • ელექტრონული ფორმით – ე.წ. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით;
  • ნოტარიულად დამოწმებული.

რაც შეეხება მოწმეებით რეგისტრაციას, ამ შემთხვევაში, საჭიროა ორი ნებისმიერი სრულწლოვანი მოწმის ადგილზე გამოცხადება, რომლებიც დაადასტურებენ, რომ უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობთ კონკრეტულ მისამართზე.

როგორ შევძლებ დისტანციურად განაცხადის წარდგენას?

დისტანციური სერვისით ზემოთ ჩამოთვლილი ორივე გზის არჩევა შეგეძლებათ – მესაკუთრის თანხმობით ან ორი პირის დასტურით.

განაცხადის გასაკეთებლად, უნდა შეხვიდეთ სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge. მოძებნით დისტანციურ სერვისებს, დააჭერთ და ჩამონათვალში ნახავთ – რეგისტრაციის ადგილის შეცვლას. შემდეგ დაინახავთ გრაფას – ახალი განაცხადი და მიჰყვებით ინსტრუქციას.

წინასწარ გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ თქვენი ფოტოსურათი, თუ მესაკუთრის თანხმობით რეგისტრირდებით – მესაკუთრის, ხოლო ორი პირის დასტურის შემთხვევაში - მათი ფოტოსურათები. მას შემდეგ, რაც განაცხადს გააკეთებთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ პროცედურისთვის საჭიროა პროგრამა „სკაიპი“. მასში თქვენთან ერთად უნდა ჩაერთოს ყველა პირი, მესაკუთრე იქნება ეს თუ ორი მოწმე.

რა დრო სჭირდება ახალ მისამართზე რეგისტრაციას?

თუ მესაკუთრე ხართ ან მესაკუთრის ოჯახის წევრი/ნათესავი – ახალ მისამართზე რეგისტრაციას 5 დღე დასჭირდება. სხვა შემთხვევაში კი 1 თვე.

პასუხები არჩევნების შესახებ სხვა კითხვებზე ნახეთ აქ

ფორუმი

XS
SM
MD
LG