ვის რას ეუბნება მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტების გეგმა

ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად შეარჩია. არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რამდენიმე კვირაში, პრეზიდენტის სასახლეში, მკაფიოდ პროდასავლელი პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის ადგილს ანტიდასავლური განწყობებით ცნობილი მიხეილ ყაველაშვილი დაიკავებს. ყოფილ ფეხბურთელს ბიძინა ივანიშვილი მეექვსე პრეზიდენტობისთვის ამზადებს.

არაპირდაპირი არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. საქართველოში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ შენიშნავენ, რომ 21-ე საუკუნეში, საქართველოში პრეზიდენტად პირველად აირჩევენ ადამიანს უმაღლესი განათლების გარეშე. მთავარი აქცენტები კი - ანტიდასავლურ განწყობებსა და სახელმწიფოს მიტაცების დასკვნით ეტაპს უკავშირდება.

ყაველაშვილის კანდიდატურის წამოყენება უკვე ბევრის მთქმელია დასავლეთისთვის.

„მართალია, პრეზიდენტის პოსტი [საქართველოში] ძირითადად ცერემონიულ ხასიათს ატარებს, ყაველაშვილის არჩევა ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის, სავარაუდოდ, იქნება კიდევ ერთი ნიშანი, რომ საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს და უახლოვდება რუსეთს“, - ვკითხულობთ „როიტერსის“ მიერ 27 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც ჩამოთვლილია მიხეილ ყაველაშვილის ჩვეული ბრალდებები დასავლეთის მისამართით, ხოლო ყაველაშვილის პარტია - „ხალხის ძალა“ - ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ ღიად პრორუსულ ძალად მოიხსენიება.

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელისა და აწ უკვე პრეზიდენტობის კანდიდატის მკაფიო ანტიდასავლურ განწყობებს დასავლეთის მედია ხაზს უსვამს. სტატიებში ნახსენებია „რუსეთის მიმართ მეგობრული“ „ქართული ოცნების“ დაპირისპირება პროდასავლელ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ევროინტეგრაციის გაყინული გზა თუ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ეჭვები.

„მათი [„ქართული ოცნების“] გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე, გასულ თვეში, სადავოა ევროპელი დამკვირვებლებისთვის, რომლებიც აღწერენ მოსყიდვის, ხმის რამდენჯერმე მიცემისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს“, - წერს Sky News-ი და ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ კონტროლს 300-წევრიან კოლეგიაზე, რომელმაც 14 დეკემბერს საქართველოს ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.

POLITICO იხსენებს, რომ ყაველაშვილმა კენჭი ვერ იყარა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე [2015 წელს] უმაღლესი განათლების არქონის გამო, მაგრამ „ახლა, როგორც ჩანს, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გახდება“.

ყაველაშვილის დიპლომის თემაზე დისკუსიები გააქტიურდა სოციალურ ქსელებშიც. ბევრმა გააზიარა პოსტი, რომელშიც ავლებდნენ პარალელებს - ბიძინა ივანიშვილის მიერ მეექვსე პრეზიდენტად შერჩეულ მიხეილ ყაველაშვილსა და საქართველოს წინა ხუთ პრეზიდენტს: ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს, გიორგი მარგველაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის. განსხვავება და კონტრასტი ბევრისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

კრიტიკოსებს „ოცნებიდან“ უპასუხეს, რომ „სამშობლოს სიყვარულსა და ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება“.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „დემოკრატიული მიღწევა“ უწოდა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატებს დიპლომი არ მოეთხოვებათ.

„პარლამენტის წევრს შეიძლება დიპლომი არ სჭირდებოდეს, მაგრამ უფრო მეტად სახალხო, ქვეყნის ერთგული და პროფესიონალი იყოს. ეგერ ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა!“ - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ასევე ნახეთ საქართველოს, რუსეთის, შვეიცარიის ჩემპიონი, "ოცნების" რჩეული "ხალხის ძალიდან" - კიდევ რა ვიცით პრეზიდენტობის კანდიდატზე?

27 ნოემბერს, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენისას, ბიძინა ივანიშვილმა ილაპარაკა პრეზიდენტობის კანდიდატის ფეხბურთში „სტაჟიან“ კარიერაზე, მაგრამ არაფერი უთქვამს კანდიდატის განათლებაზე. განათლების გრაფა ცარიელია მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებულ ცნობებში - პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზეც. მთელი მისი საქმიანობა კი, პარლამენტის წევრობამდე - ძირითადად მთლიანად ფეხბურთს უკავშირდება.

„პატიოსნება“, „სამართლიანობა“, „პატრიოტიზმი“ და „პრინციპების ერთგულება“ - მთავარი თვისებებია, რასაც ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატს უფასებს და ამყარებს მტკიცე იმედს, რომ - მომავალი პრეზიდენტი „იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართველი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სამსახურში“.

ასევე ნახეთ მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სამშობლოს სიყვარულს დიპლომი არ სჭირდება

საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას გამოეხმაურა რუსეთის მედია.

მთავარი აქცენტებია: მიხეილ ყაველაშვილის დაპირისპირება მოქმედ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და დასავლელ პარტნიორებთან. რუსული პორტალები საგანგებოდ იხსენებენ ყაველაშვილის დაპირისპირებას აშშ-ის ყოფილ ელჩთან, კელი დეგნანთან.

„ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტი გახდება?“ - სტატიას ამ სათაურით RTVI აქვეყნებს და ყაველაშვილის ბიოგრაფიიდან ვლადიკავკაზის „ალანიას“ შემადგენლობაში, 1990-იან წლებში მიღწეულ წარმატებას იხსენებს.

„ახლა დაიწყებენ ანტიდასავლურ რიტორიკას და რაღაცებს იტყვიან, მაგრამ რეალურად, მიხეილ ყაველაშვილი არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნის თუ სხვა ქვეყნიდან წარმომავალი ჯგუფების გარკვეულ ინტერესებს და ა.შ.“, - თქვა მიხეილ ყაველაშვილზე მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად წარდგენის დღეს ბევრმა გაიხსენა რომის იმპერატორი კალიგულა, რომელმაც სენატში საკუთარი ცხენი წარადგინა.

„საქმე გვაქვს წარმოუდგენელ შეუსაბამობასთან ადამიანსა და მისთვის შეთავაზებულ თანამდებობას შორის… რაც უნდა შეზღუდული იყოს მისი უფლებები, ფსიქოლოგიურად პრეზიდენტი ხალხის წარმომადგენელია, ქვეყნის სიმბოლოა. მთლიანად ქართველ ერს უნდა წარმოადგენდეს… შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ასე ხედავს ქართველ ერს და მის მაღალ გამოვლინებას ხედავს ასეთ [მიხეილ ყაველაშვილის მსგავს] ფიგურაში… როგორ შეიძლება, რომ ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და აკაკი წერეთლის ერს წარმოადგენდეს ასეთი განვითარების ადამიანი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. ამასთან, დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ ყაველაშვილს, როგორც „არალეგიტიმური პარლამენტის“ ჩართულობით არჩეულს - არც კი დაელაპარაკებიან; თუმცა, როგორც ჩანს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას არც თავად ყაველაშვილი გეგმავს.

27 ნოემბერს, დაპირისპირებისა და რადიკალიზაციის ხელშეწყობაში მიხეილ ყაველაშვილმა კვლავ გარე ძალებს - „არაკეთილმოსურნე მეგობრებს“ დასდო ბრალი. განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს „კონსტიტუციურ ჩარჩოში“ დააბრუნებს.

„ანტიდასავლური დიქტატურა საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების დასრულების ზღვარზეა“, - დაწერა სოციალურ პლატფორმა X-ზე მარკო მიჰკელსონმა, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენის შემდეგ.

„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღად 14 დეკემბერი შეარჩია; ხოლო ინაუგურაციისთვის - 29 დეკემბერი. მომდევნო პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნების დასაჩქარებლად, საარჩევნო კოდექსში გაწერილი ვადებიც შეიცვალა.

მიხეილ ყაველაშვილი 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს.