რა ხდება ყარაბაღში – აგიხსნით მარტივად

ფოტოილუსტრაცია: დაცხრილული საგზაო ნიშანი მთიანი ყარაბაღის დასახლებული პუნქტების ჩამონათვალით, აზერბაიჯანის დროშის ფონზე.

მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონზე ერთდღიანი შეტევის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სატელევიზიო მიმართვაში აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი. ცეცხლი, ოფიციალურად, შეწყდა, თუმცა სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბულია. ადგილობრივების თქმით, დილიდან მაინც ისმოდა სროლის ხმა.

რა ხდება – აგიხსნით მარტივად.

როგორ დასრულდა პირველი შეხვედრა?

აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის სომეხთა წარმომადგენლების პირველი შეხვედრა ისე დასრულდა, მოლაპარაკებებში გარღვევის ნიშანი არ ჩანს.

შეხვედრა ხუთშაბათს, აზერბაიჯანის ქალაქ ევლახში გაიმართა, სადაც სომხური დელეგაცია რუსი სამშვიდობოების თანხლებით ჩავიდა. მოლაპარაკებებს პრეზიდენტ ალიევის წარმომადგენელი სომეხთა საკითხებში, რამინ მამედოვი ხელმძღვანელობდა.

აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელთა შეხვედრა ევლახში დახურულ კარს მიღმა გაიმართა. 21 სექტემბერი, 2023

მოლაპარაკებებმა უნდა განსაზღვროს ყარაბაღის დაახლოებით (სხვადასხვა შეფასებით) 80 000-დან 120 000-მდე ეთნიკურად სომეხი მკვიდრის ბედი.

სომხები უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვენ, სანამ იარაღს საბოლოოდ დათმობენ.

„გვაქვს შეთანხმება სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ველოდებით საბოლოო შეთანხმებას - მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, უთხრა როიტერს დევიდ ბაბაიანმა, მთიანი ყარაბაღის სომეხი ლიდერის სამველ შაჰრამანიანის მრჩეველმა. „უნდა გავიაროთ ბევრი კითხვა და საკითხი“.

ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებამ ტელეგრამის პოსტში განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.

ბაქომ შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა.

მხარეები, სავარაუდოდ, მალე კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.

როგორ დასხა ბაქომ ყარაბაღის სომხები მოლაპარაკების მაგიდასთან?

აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს წამოიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა მთიან ყარაბაღზე, რასაც ანტიტერორისტული ოპერაცია დაარქვა.

20 სექტემბერს აზერბაიჯანის შეტევის ფონზე, მთიანი ყარაბაღის დაბომბვის ქვეშ მყოფი სოფლებიდან, რეგიონის დე ფაქტო დედაქალაქ სტეფანაკერტში (აზერბაიჯანულად ხანკენდი) ევაკუირებულ იქნა 7000 ადამიანი.

სომეხთა მხარეს დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა ჯერ არ არის დათვლილი, მაგრამ ყოფილმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა არტაკ ბეგლარიანმა X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ სულ მცირე ხუთი ბავშვი დაიღუპა და 13 დაიჭრა.

ყარაბაღის მოსახლეობა სარდაფს აფარებს თავს აზერბაიჯანული შეტევის ფონზე. 20 სექტემბერი, 2023.

აზერბაიჯანი საკუთარ მსხვერპლზე არ საუბრობს. დამოუკიდებელი გამოცემა Meydan TV იუწყება, რომ ამ დროისთვის 80 მოკლული აზერბაიჯანელი ჯარისკაცის ვინაობა დაადგინა.

ერთდღიანი თავდასხმების შემდეგ, შეტევამ მიაღწია ბაქოს გაცხადებულ მიზანს: 20 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის სომხურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა მზადყოფნა დანებდეს აზერბაიჯანს, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი სისხლისღვრა. ადგილობრივ არმიას, ამჯერად სომხეთისგან დახმარება არ მიუღია.

იმავე დღეს, მთიანი ყარაბაღის ახლად არჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების „არაადეკვატური“ პასუხის გათვალისწინებით აზერბაიჯანის შეტევაზე, დე ფაქტო ხელისუფლება „იძულებული გახდა მიიღოს შესაბამისი ნაბიჯები, რაც მიზნად ისახავს პირველ რიგში მოსახლეობის ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.

ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ კი ქალაქ ხოჯალის აეროპორტი, სადაც რუსი სამშვიდობოების შტაბბინა დგას, ხალხით გაივსო, სომხეთში ევაკუაციის იმედით.

იყო თუ არა შეტევა მოულოდნელი?

ოპერაციას წინ უსწრებდა ნაღმის აფეთქება, რომელსაც ექვსი აზერბაიჯანელის სიცოცხლე შეეწირა 19 სექტემბერს, დილით ადრე, ქალაქ ხოკავენდთან, რომელიც ახლა რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშაა. ბაქომ განაცხადა, რომ ნაღმები სომხური წარმოებისა იყო და ინციდენტში სომეხი დივერსანტები დაადანაშაულა.

თუმცა იქამდეც, ვითარების გაუარესებაზე არაერთი დეტალი მიუთითებდა. ბოლო კვირებში მიმდინარეობდა აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მობილიზაცია ყარაბაღის კონტაქტის ხაზზე. იყო ცნობები აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის სამხედრო სატვირთო ფრენების შესახებ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბაქო შესაძლოა იარაღს იმარაგებდა ახალი ბრძოლისთვის.

ბოლო დროს ბაქოს რიტორიკაც უფრო რადიკალური გახდა. აზერბაიჯანი „არ მოითმენს თავის ტერიტორიაზე რაიმე ნაცრისფერი ზონის არსებობას“, - თქვა აგვისტოს ბოლოს პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა ჰიკმეტ ჰაჩიევმა.

რის მიღწევას ცდილობს აზერბაიჯანი?

აზერბაიჯანს სურს სრული სუვერენიტეტის აღდგენა თავის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე და არ ისაუბრებს ყარაბაღელ სომხებთან, თუ ისინი არ დანებდებიან და დაყრიან იარაღს.

როგორია ყარაბაღის ისტორია?

მთიანი ყარაბაღი, რომელსაც სომხები არცახს უწოდებენ, საერთშორისო სამართლით აზერბაიჯანის ნაწილია. ისტორიულად აქ ცხოვრობდნენ როგორც სომხები, ისე აზერბაიჯანელები.

ტერიტორიის სტატუსი სადავოა 1920-იანი წლებიდან, როცა სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა კავშირში ანექსიის შემდეგ, ყარაბაღი აზერბაიჯანის სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა.

საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში, ყარაბაღის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად სომეხი იყო. 80-იანი წლების ბოლოს, ადგილობრივ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ეთნიკური დაპირისპირება ომში გადაიზარდა, რომელმაც 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია.

1991 წელს რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მას შემდეგ საკუთარ თავს მართავდა, როგორც არცახის არაღიარებული რესპუბლიკა.

კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურმა მცდელობებმა პროგრესი პრაქტიკულად ვერ მოიტანა. 2020 წლის ყარაბაღის მეორე, 44-დღიან ომში აზერბაიჯანმა დაიბრუნა სომხეთის მიერ ოკუპირებული მიმდებარე შვიდი რაიონი და თავად მთიანი ყარაბაღის დაახლოებით მესამედი. მხარეებმა ცეცხლი რუსეთის შუამავლობით შეწყვიტეს.

მას შემდეგ, ბაქომ და ერევანმა დაიწყეს მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარებას. აზერბაიჯანის გაცხადებული მიზანი იყო სრული კონტროლის აღდგენა ყარაბაღის დანარჩენ ნაწილზე. სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანიც, ჩანდა, მზად იყო დათმობებზე.

მაგრამ ყარაბაღის დე ფაქტო ხელმძღვანელობა შიშობდა, რომ აზერბაიჯანის დაპირებები ეთნიკური სომხების მშვიდობიანი „რეინტეგრაციის“ შესახებ ფარსი იყო და ბაქოს რეალური მიზანი სომხების ყარაბაღიდან განდევნაა.

რა როლი აქვს რუსეთს?

პროცესი დააჩქარა სომხეთისა და მისი ტრადიციული მფარველის, რუსეთის ურთიერთობების ჩამოშლამ.

2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, 2000 რუსი სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდა ყარაბაღის იმ ნაწილში, რომელსაც ჯერ კიდევ ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ. რუსეთს ვალდებულება აქვს აღებული, დაიცვას სომხეთი თავდასხმისგან, რადგან ორივე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრია. თუმცა მოსკოვი, რომელიც უკრაინასთან ომშია გახვეული, არ ჩარეულა სომხეთის სასარგებლოდ აზერბაიჯანთან კონფლიქტში.

ერევანსა და მოსკოვს შორის გაუცხოებამ პიკს მიაღწია ბოლო თვეებში. სომხეთმა არაერთი ნაბიჯით გამოხატა თავისი უკმაყოფილება - განაცხადა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანების განზრახვის შესახებ; გაიყვანა თავისი წარმომადგენელი ОДКБ-დან; პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ცოლი, ანა ჰაკობიანი კიევში ჩავიდა და უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი გადასცა.

სომხეთ-რუსეთის განხეთქილება კი ბაქომ სათავისოდ გამოიყენა, რადგან რუსეთი ითვლება ერთადერთ აქტორად, რომელსაც მასზე გავლენის მოხდენა შეეძლო.

რა რეაქცია ჰქონდა მსოფლიოს?

ახლა სომხეთი მხარდაჭერას ეძებს ყველგან, სადაც შეუძლია. მაგრამ ერევანმა ამ დრომდე ვერ შეძლო აზერბაიჯანის შეჩერება.

რეაქცია დასავლეთში იყო სწრაფი და კრიტიკული, თუმცა შემოიფარგლებოდა შეშფოთებით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ალიევს მოუწოდა ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების სასწრაფო შეწყვეტისკენ.

ევროკავშირმა დაგმო „სამხედრო ესკალაცია“ და განაცხადა, რომ „ძალადობა უნდა შეწყდეს“.

ალიევთან საუბარში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გამოხატა იმედგაცრუება ძალის გამოყენების გამო. მან ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის და ყარაბაღის სომხების უფლებების დაცვის აუცილებლობას.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინმაც განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა“.

რას სთავაზობს ალიევი ყარაბაღელ სომხებს?

20 სექტემბერს, საღამოს, სატელევიზიო მიმართვაში, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ „ხუნტის კრიმინალური რეჟიმის დანებების შემდეგ დაძაბულობის ეს წყარო და შხამიანი ბუდე ისტორიას ჩაბარდა და ყარაბაღის სომხური მოსახლეობა შვებით ამოსუნთქვას შეძლებს“.

ალიევის მტკიცებით, „კრიმინალური სომხური რეჟიმის“ ქმედებების გამო სომეხი ხალხი არასდროს დაუდანაშაულებიათ. მისივე თქმით, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და სულ მალე იგრძნობენ უკეთესობას, რადგან ბაქოს მიზანია მშვიდობის საფუძველზე თანაცხოვრება.

ალიევმა პირობა დადო, რომ ყარაბაღს ხელახლა ააშენებენ და დაიცავენ ადგილობრივთა უფლებებს - განათლების, რელიგიური და მუნიციალური არჩევნების.

ჯერჯერობით ყოველგვარი განსაკუთრებული პოლიტიკური უფლებების გარეშე ინტეგრაციაზე მიდის საუბარი. იმის გამო, რომ ბრძოლის ველზე ბაქოს სრული უპირატესობა აქვს, ნაკლებად მოსალოდნელია სომხების მიმართ კომპრომისი.

ამასთან, აზერბაიჯანში არცერთ ეთნიკურ უმცირესობას არ აქვს რაიმე ავტონომია და პირიქით, მათი უფლებები საკმაოდ შეზღუდულია.

პარალელურად, სომხეთის წარმომადგენელმა გაეროში, ანდრანიკ ჰოვჰანისიანმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო გააფრთხილა, რომ აზერბაიჯანი ახორციელებს „ეთნიკურ წმენდას“ და „კაცობრიობის წინაშე დანაშაულს“.

რა ხდება სომხეთში?

სომხეთში 21 სექტემბერი, დამოუკიდებლობის დღე, დაძაბულობის ფონზე აღინიშნა. ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა წინა დღით, ოთხშაბათს საღამოს, ყარაბაღის კაპიტულაციის წინააღმდეგ და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

აქცია ერევანში, ყარაბაღზე აზერბაიჯანის შეტევის წინააღმდეგ. 19 სექტემბერი, 2023.

ოფიციალურმა ერევანმა განაცხადა, რომ ის არ არის ცეცხლის შეწყვეტის ან მოლაპარაკების მხარე.

ხუთშაბათს ფაშინიანმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიმართვაში თქვა, რომ სომხეთი დამოუკიდებლობისთვის „კონფლიქტისგან თავისუფალი“ უნდა იყოს. თუმცა კონკრეტულად მთიანი ყარაბაღი მას არ უხსენებია.

„ბევრს მიაჩნია, რომ ამ დაძაბულ რეგიონულ გარემოში, დროდადრო სამხედრო კონფლიქტების ფონზე, მშვიდობაზე საუბარი ადეკვატური არ არის. მაგრამ განსაკუთრებით ამ პირობებში მშვიდობა უნდა იყოს დაფასებული და მშვიდობა არ უნდა აგვერიოს ზავსა ან ცეცხლის შეწყვეტაში. მშვიდობა არის გარემო, რომელიც თავისუფალია კონფლიქტებისგან, სახელმწიფოთაშორისი, ეთნიკური კონფლიქტებისგან“, - განაცხადა ფაშინიანმა.

რა იქნება შემდეგ?

ბაქოს შეტევამ მოახერხა, დაეთანხმებინა სომხები დათმობებზე, რომელსაც აზერბაიჯანი ითხოვდა.

შეხვედრის წინ, ყარაბაღის ხელმძღვანელობის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებებზე განიხილება რეგიონის შესაძლო „რეინტეგრაცია“ აზერბაიჯანში და ყარაბაღის სომხების უფლებები და უსაფრთხოება „აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში“. ეს ის პირობებია, რომლებსაც ადრე ყარაბაღელი სომხები მიუღებლად თვლიდნენ.

აზერბაჯანის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ბოლო დღეებში სომხეთმა „მოულოდნელად გამოიჩინა პოლიტიკური კომპეტენცია“. მანვე დაადასტურა, რომ ბაქო აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

ალიევის თქმით, სომხეთის პოზიციამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები დაიწყებენ მუშაობას მომავალ, სამმხრივი ფორმატის თანამშრომლობაზე.