Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუღებელი და ბათილი: ყარაბაღელი დეპუტატები ფაშინიანის განცხადებებზე


 ე.წ. პარლამენტის შენობა სტეფანაკერტში
ე.წ. პარლამენტის შენობა სტეფანაკერტში

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ნებისმიერი განცხადება, რომელიც მთიანი ყარაბაღის სუვერენიტეტს, მისი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას და მისი განხორციელების იგნორირებას ახდენს, ისევე როგორც მის საფუძველზე შედგენილი ნებისმიერი დოკუმენტი, ჩვენთვის მიუღებელი და ბათილია, - განაცხადეს 22 მაისის საღამოს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა.

სტეფანაკერტში (ხანკენდი) აცხადებენ, რომ ფაშინიანის განცხადებამ, რომლითაც მან მზადყოფნა გამოხატა, განიხილოს მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში გაერთიანება, გამოიწვია „ბრაზი და აღშფოთება არცახის რესპუბლიკაში“.

ფაქტობრივად, ამ ვალდებულებით ნიკოლ ფაშინიანი უხეშად არღვევს დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დებულებებს არცახთან(მთიანი ყარაბაღი - რედ.) დაკავშირებით. კერძოდ, 1992 წლის 8 ივლისის სომხეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით მიღებულ იმპერატიულ დებულებას, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი საერთაშორისო ან შიდა დოკუმენტი, რომელშიც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში იქნება მითითებული, მიუღებლად ითვლება სომხეთის რესპუბლიკისთვის. კვლავინდებურად ვადასტურებთ, რომ არცახის სტატუსი უკვე განსაზღვრულია 1991 წლის 10 დეკემბერს ხალხის ნებით და არცერთ მთავრობას არ აქვს მისი შეცვლის უფლება. ნიკოლ ფაშინიანის ნებისმიერი განცხადება, რომელიც მთიანი ყარაბაღის სუვერენიტეტს, მისი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას და მისი განხორციელების ფაქტის იგნორირებას ახდენს, ისევე როგორც მის საფუძველზე შედგენილი ნებისმიერი დოკუმენტი, ჩვენთვის მიუღებელი და ბათილია. არცახი არასოდეს გადაუხვევს თავისი განუხრელი ბრძოლის გზიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები ხაზგასმით აცხადებენ, რომ „ღრმად შეშფოთებულნი არიან გარდაუვალი რეალური საფრთხის გამო“. ისინი მოუწოდებენ ყველა სომეხს, „არ დაუშვან სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების კატასტროფული ნაბიჯები, აზერბაიჯანისთვის სომხური სამშობლოს ნაწილის, არცახის რესპუბლიკის და სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიების დათმობა ანკლავების საფარქვეშ, რაც აუცილებლად გამოიწვევს სომხური სახელმწიფოებრიობის დაკარგვას”.

ამავდროულად, მოვუწოდებთ სომხეთის რესპუბლიკისა და არცახის რესპუბლიკის ყოფილ და ამჟამინდელ პრეზიდენტებს, დაგმონ ნიკოლ ფაშინიანის 2023 წლის 22 მაისის განცხადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს დუმილს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან თანხმობის ნიშნად ჩავთვლით“, - ნათქვამია მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ეროვნული ასამბლეის განცხადებაში.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი, ასევე მთიანი ყარაბაღის ყოფილი ლიდერები არკადი ღუკასიანი და ბაკო საჰაკიანი უკვე გამოეხმაურნენ ყარაბაღელი პარლამენტარების მიმართვას და განაცხადეს, რომ ფაშინიანის განცხადებები მათთვის მიუღებელია.

გუშინ, 22 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ერევანი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მთიანი ყარაბაღის ჩათვლით. მანვე დაამატა, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი სტეფანაკერტ-ბაქოს დიალოგის ფორმატში უნდა განიხილებოდეს.

XS
SM
MD
LG