Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღის ლიდერი მჯდომარე აქციას შეუერთდა - „იაფფასიანი სპექტაკლი“?


არაიკ არუთუნიანი თავისი რეზიდენციის წინ მიმდინარე მჯდომარე აქციას შეუერთდა. 2023 წლის 17 ივლისი
არაიკ არუთუნიანი თავისი რეზიდენციის წინ მიმდინარე მჯდომარე აქციას შეუერთდა. 2023 წლის 17 ივლისი

მთიანი ყარაბაღის ბლოკადის გაძლიერებისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების შემდეგ ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა „უკიდურეს ზომას“ მიმართა და სტეფანაკერტში მჯდომარე აქციას შეუერთდა.

ორშაბათ საღამოს, 17 ივლისს არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ „ექსტრემალური ნაბიჯის“ გადადგმა გადაწყვიტა, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ყარაბაღის ჰუმანიტარულ კრიზისს.

„იაფფასიანი სპექტაკლი“?

მეორე ღამეა, დე ფაქტო პრეზიდენტი ღამეს სტეფანაკერტის მთავარ მოედანზე გაშლილ კარავში ათენებს. სწორედ აქ დაიწყო წინა პარასკევს, 14 ივლისს, მასობრივი დემონსტრაციის შემდეგ მჯდომარე აქცია.

„ყარაბაღის ხელმძღვანელობა გაცილებით მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს, თუკი ჰუმანიტარული ვითარება ერთ კვირაში არ შეიცვლება“, - განაცხადა არუთუნიანმა, თუმცა არ დაუზუსტებია, ეს „გაცილებით მკაცრი ნაბიჯები“ რა შეიძლება იყოს.

არუთუნიანს დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი, არტურ ტომასიანიც შეუერთდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის აქციაში ჩართვა ბევრს არ მოეწონა. „არცახში სიტუაციის გარე სამყაროსთვის გაცნობის სხვა გზებიც არსებობს“, - უთხრა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს ოპოზიციური ალიანსის, Pativ Unem-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ტიგრან აბრაჰამიანმა.

„ვფიქრობ, რომ არცახის პრეზიდენტის მთავარი ამოცანა კრიზისის მართვა უნდა იყოს“, - თქვა აბრაჰამიანმა.

ოპოზიციონერის მტკიცებით, სტეფანაკერტელმა ლიდერებმა უნდა მოახერხონ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობებისთვის „ფაქტობრივი ინფორმაციის“ მიწოდება კრიზისის შესახებ, - სომხურ დიასპორასთან კოორდინაციით.

„იაფფასიანი სპექტაკლი“ უწოდა არუთუნიანის გადაწყვეტილებას ანდრანიკ თევანიანმა, დე ფაქტო პარლამენტის წევრმა ოპოზიციური ალიანსი „სომხეთიდან“ და ფეისბუკზე დაწერა, რომ „როდესაც ამ ნაბიჯს ქვეყნის ლიდერი დგამს, საკუთარ არაკომპეტენტურობას უსვამს ხაზს“.

საპროტესტო აქცია სტეფანაკერტში 14 ივლისს
საპროტესტო აქცია სტეფანაკერტში 14 ივლისს

ჰუმანიტარული კრიზისი

ყარაბაღი ბლოკადაში 2022 წლის დეკემბრიდან იყო, - ჯერ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხარდაჭერილი „ეკოაქტივისტების“, შემდეგ კი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დამსახურებით.

15 ივნისს მომხდარი მორიგი სასაზღვრო დაპირისპირების შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღში საკვების, მედიკამენტებისა და სხვა პირველადი მოხმარების ნივთების „გადაუდებელი მიწოდებაც“ კი აკრძალა, - რაც ისედაც შეზღუდულად მიდიოდა ადგილობრივ სომეხ მოსახლეობასთან.

ამჟამად ყარაბაღის მოსახლეობას უწევს ელექტროენერგიის, საწვავის, სურსათის, მედიკამენტების დეფიციტთან ერთად ცხოვრება.

„არ მინდა თავი შეგაცოდოთ, მაგრამ ახლა სახლში მხოლოდ ცოტაოდენი წიწიბურა მაქვს შერჩენილი“, - უთხრა 18 ივლისს ჟურნალისტმა მარუთ ვანიანმა რადიო თავისუფლების ცენტრალურ სამსახურს.

მარუთ ვანიანის სამზარეულო - სასურსათო დეფიციტის ფონზე.
მარუთ ვანიანის სამზარეულო - სასურსათო დეფიციტის ფონზე.

ვანიანმა გაგვიზიარა ფოტოები, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიღო ყარაბაღში: ცარიელი ბენზინგასამართი სადგური, პურის რიგები საცხობებთან და ა.შ.

პურის რიგი სტეფანაკერტში. 2023 წლის 18 ივლისი
პურის რიგი სტეფანაკერტში. 2023 წლის 18 ივლისი
ცარიელი დახლები სუპერმარკეტში. სტეფანაკერტი, 2023 წლის ივლისი
ცარიელი დახლები სუპერმარკეტში. სტეფანაკერტი, 2023 წლის ივლისი

მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი

15 ივლისს ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - კვლავ ბრიუსელში, შარლ მიშელის მედიაციით.

ფაშინიანის კაბინეტის განცხადებით, 2.5-საათიან შეხვედრაზე ისაუბრეს „ლაჩინის ბლოკადით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისზე“.

ალიევის კაბინეტს ეს თემა არ უხსენებია, მხოლოდ ის განაცხადა, რომ მოლაპარაკებები შეეხო „აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხური სამხედრო ნაწილების გაყვანასა და უკანონო ფორმირებების განიარაღებას“.

მოლაპარაკებების შედეგად ჯერჯერობით ადგილზე ვითარება არ შეცვლილა.

შარლ მიშელმა ბრიუსელში მიიღო ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი. 2023 წლის 15 ივლისი
შარლ მიშელმა ბრიუსელში მიიღო ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი. 2023 წლის 15 ივლისი

ალტერნატიული გზა - აღდამი?

შარლ მიშელმა ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ვითარება ცალსახად არ არის მდგრადი და არავის ინტერესებში არ შედის“. შემდეგ კი ხაზი გაუსვა, ერთი მხრივ, ლაჩინის გზის გახსნის საჭიროებას და, მეორე მხრივ, ალტერნატივა დასახა:

  • „მე ასევე აღვნიშნე აზერბაიჯანის მზაობა, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება აღდამიდან“.
  • „ვფიქრობ, ორივე ვარიანტი მნიშვნელოვანია და მოვუწოდებ, რომ გაგრძელდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ორივე მხრიდან“.

აღდამი ერთ-ერთია ყარაბაღის გარშემო მდებარე იმ შვიდი რაიონიდან, რომლებიც სომხეთის სამხედრო შენაერთებს ჰქონდათ ოკუპირებული. 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი ხელშეკრულების შედეგად, აღდამზე კონტროლი აზერბაიჯანს დაუბრუნდა.

ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების ლაჩინის ნაცვლად აღდამიდან შეგზავნას - ყარაბაღის ქალაქ ასკერანის მიმართულებით - სიმბოლური მნიშვნელობა ექნება: აქამდე ყარაბაღში დახმარება სომხეთიდან ჩადიოდა, ახლა კი აზერბაიჯანი ითხოვს, თავისი ტერიტორიიდან შევიდეს, რაც დაადასტურებს მის ტერიტორიულ მთლიანობას.

ამიტომაც განაწყენდნენ ყარაბაღელები შარლ მიშელის შეთავაზებაზე.

დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა, დავიდ ბაბაიანმა თქვა, რომ მიშელის ეს ნათქვამი „შეიცავს ძალიან ბევრ საშიშ იდეას, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობასა და, ზოგადად, მორალურ ნორმებს“.

ანალიტიკოსმა ტიგრან გრიგორიანმა შარლ მიშელის ამ განცხადებას უწოდა „სომხური დიპლომატიის კრახი და არაკომპეტენტურობა“.

18 ივლისს გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, თითქოს აღდამიდან უკვე დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, რის შემდეგაც მოსახლეობის მცირერიცხოვანმა ჯგუფმა აღდამი-ასკერანის გზა გადაკეტა.

ოთხშაბათს, 19 ივლისს სომხურმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა საერთო წერილით მიმართეს შარლ მიშელს და განაცხადეს, რომ „ლაჩინის დერეფნის ალტერნატივა არ არსებობს“.

„არ შეიძლება შიმშილის მოლაპარაკებების ტაქტიკად გამოყენების ნორმალიზება. თუკი ახლანდელი ვითარება გაგრძელდება, აღდამიდან სურსათისა და მარაგების შეთავაზება მძევლად აყვანას ჰგავს და ხელს უშლის ნდობის აღდგენის ყველა მცდელობას ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის, ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგის კონტექსტში“, - წერს 10-მდე ორგანიზაცია.

19 ივლისს ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ „ლაჩინის დერეფანი უნდა გაიხსნას, და, ამავე დროს, ვფიქრობ, ყველა შეთავაზება უნდა იქნეს გამოყენებული, არა როგორც ლაჩინის ალტერნატივა, არამედ როგორც მისი შემავსებელი“.

XS
SM
MD
LG