Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი: სომხეთი მზადაა, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს


ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

ერევანი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორია მთიანი ყარაბაღის ჩათვლით, განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.

სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის 86.6 ათას კვადრატულ კილომეტრს იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი მზად იქნება, აღიაროს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა 29.8 ათასი კვადრატული კილომეტრის ფარგლებში. აზერბაიჯანის 86,6 ათასი კვადრატული კილომეტრი მოიცავს მთიან ყარაბაღსაც. ასევე უნდა ითქვას, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი უნდა განიხილებოდეს ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ერევანი ფიქრობს, რომ ბაქო აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

მან მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად საერთაშორისო გარანტიებიც მოითხოვა და შეშფოთება გამოთქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანი რეგიონში ეთნიკურ წმენდას განახორციელებს.

ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალია.

ამ ოკუპაციის შედეგად ერთი მილიონი აზერბაიჯანელი განდევნეს მშობლიური მიწებიდან, ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებული იყო. ოკუპანტების მიტაცებულ ტერიტორიებზე გაანადგურეს, შეიძლება ითქვას, მთელი ინფრასტრუქტურა, შენობები, მათ შორის ისტორიული ძეგლები. მიგვაჩნია, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალია და, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ კონსტრუქციული ძალისხმევის გაწევას ამ მიზნის მისაღწევად. ბუნებრივია, ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს“, - განაცხადა მან.

ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები „საბოლოოდ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც ძირითადად მთიანი ყარაბაღის საკითხს უკავშირდება, 1980-იანი წლებიდან იწყება და ათიათასობით მსხვერპლს ითვლის. წლების განმავლობაში მოლაპარაკებების არაერთი მცდელობისა და მექანიზმის გამოყენების მიუხედავად, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა ვერ დამყარდა.

2020 წელს, ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი მნიშვნელოვან ტერიტორიაზე მთიან ყარაბაღში და მის გარშემო; ეს ომი დასრულდა 9 ნოემბრის ხელშეკრულებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ; მედიაცია რუსეთის ფედერაციამ გასწია და შეთანხმების შედეგად რეგიონში განათავსა 2000-მდე ჯარისკაცი, მშვიდობისმყოფელების მანდატით.

2021-22 წლებში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის რამდენჯერმე მოხდა ესკალაცია როგორც ყარაბაღთან, ისე ორი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებს შორის საზღვრის გასწვრივ, რამაც საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული პრობლემები გამოავლინა.

2022 წლის დეკემბრიდან მთიანი ყარაბაღი ფაქტობრივ ბლოკადაშია. „ლაჩინის დერეფანი“, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, აზერბაიჯანელ „ეკოაქტივისტებს“ ჰქონდათ გადაკეტილი; 2023 წლის აპრილის მეორე ნახევარში აზერბაიჯანმა დერეფნის ერთ-ერთ ბოლოში გამშვები პუნქტი აღმართა. ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე სისხლიანი დაპირისპირება.

XS
SM
MD
LG