2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, არაერთი კუთხით გაუარესდა კიდეც, - ამ შეფასებით იწყება ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გუნდის მიერ მომზადებული 347-გვერდიანი ყოველწლიური ანგარიში, რომელიც 3 აპრილს, ახალმა ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა წარადგინა და რომელსაც მალე პარლამენტმა უნდა მოუსმინოს.
როგორც ლევან იოსელიანმა ანგარიშის მოკლე წარდგენისას თქვა, მას ამ ანგარიშში არაფერი შეუცვლია.
ამ ანგარიშში მოხვდა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეები, სასამართლო რეფორმის ხარვეზები, მედიის შეზღუდული უფლებები და გამოუძიებელი 5 ივლისის საქმე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე უფლებრივი მდგომარეობა და ა.შ.
„სასამართლო რეფორმა“
სახალხო დამცველის ამ ბოლო, კრიტიკულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ე.წ. 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისას სასამართლოს რეფორმირების ნაწილში არ გაიზიარა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის:
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა;
- საქმეთა განაწილების სისტემის გაუმჯობესება და ამ პროცესში ზეგავლენების სრულად გამორიცხვა;
- კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღება ე.წ. ორმაგი უმრავლესობის პრინციპით;
- სასამართლოს (კოლეგიის, პალატის) თავმჯდომარეთა არჩევა ამავე სასამართლოს მოსამართლეების მიერ;
- 2021 წლის დეკემბერში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული იმ ცვლილებების გაუქმება, რომლითაც საფრთხე შეექმნა მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას.
ომბუდსმენი აქვე ახსენებს და „შემაშფოთებელს“ უწოდებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიციირებას და წერს, რომ კანონპროექტი საქართველოს სახალხო დამცველსა და უფლებადამცველებთან ერთად არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორმა გააკრიტიკა, რადგან ეს უკანასკნელი საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
მიხეილ სააკაშვილის საქმე
სახალხო დამცველის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების დინამიკა, დამძიმებული მდგომარეობის ხანგრძლივობა, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები და პროგნოზები, ექსპერტთა რეკომენდაციების შეუსრულებლობა და სააკაშვილის სიკვდილის საფრთხე ამ საქმეს აქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სივრცეში, ხოლო მისი პატიმრობა შეიძლება არაადამიანურ მოპყრობად ჩაითვალოს.
ასევე ნახეთ სად გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს - სხვა კლინიკაში, საპატიმროში თუ საზღვარგარეთ?სახალხო დამცველის აზრით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეულობით პატიმრის მხრიდან გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მისი ხანგრძლივობის, ინტენსივობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, 40-დღიანი შიმშილობის ფონზე, ასევე, რეანიმობილიდან ფიზიკური იძულებით გადაყვანის, შენობაში შეყვანისა და პალატაში განთავსების ფორმა და შემდეგ ამ კადრების გასაჯაროება, გარდა ამისა, პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნებისგან მაპროვოცირებელი, პატიმრის დამშვიდების საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებები და ფრაზები იწვევს ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას.
"ეს, შესაძლოა, აღწევდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ სისასტიკის მინიმალურ ზღვარს და წარმოადგენდეს დამამცირებელ მოპყრობას", - წერს სახალხო დამცველი.
პოლიტიკური მოტივი ნიკა გვარამიას საქმეში და პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის არარსებობა
სახალხო დამცველი პირდაპირ წერს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივით ხასიათდება. ამას განაპირობებს კრიტიკული ტელეკომპანიის დამფუძნებლისა და მედიამენეჯერისთვის, თავისი შინაარსით კორპორაციული სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენები იყო დაუსაბუთებელი, როგორც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის და მსჯავრდების, ასევე, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ნაწილში:
„ეს გარემოებები იმაზე მიანიშნებს, რომ მის მიმართ დაწყებული პროცესი არა მართლმსაჯულების ინტერესით, არამედ პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული“.
ასევე ნახეთ "საქართველო ღია ავტორიტარიზმია" - ინტერვიუ ნიკა გვარამიასთანანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელდა პოლიტიკური მართლმსაჯულება და დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით).
სახალხო დამცველი იმასაც მიანიშნებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა: კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა ომბუდსმენმა დაადგინა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზეც, სწორედ პოლიტიკური მოტივის არსებობის საფუძვლით.
მედია და გამოხატვის შეზღუდული თავისუფლება
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლებს 2022 წელს კვლავ საფრთხის შემცველ გარემოში უწევდათ საქმიანობა - მათ უკანონოდ უშლიდნენ ხელს პროფესიულ საქმიანობაში, თავს ესხმოდნენ, დევნიდნენ, ემუქრებოდნენ, ირღვეოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოების უფლებაც.
მაგალითად, მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც „მთავარი არხის“ გადაცემა „Post Factum“-ის დაგეგმვის პროცესს ასახავდა და შეიცავდა ინფორმაციას ჟურნალისტების კონფიდენციალური წყაროს შესახებ. „ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი ხდება მედიის წარმომადგენლების სავარაუდო არაკანონიერი მიყურადების შესახებ“, - წერს სახალხო დამცველი.
ნინოწმინდის პანსიონის დაუსრულებელი საქმე
ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტების გამოძიების პროცესში, ისევ ხარვეზებია. სახალხო დამცველის მოწოდებისა და გენერალური პროკურატურის მიმართ წარდგენილი წინადადების მიუხედავად, საქმეებზე კვალიფიკაცია არ შეცვლილა. დაზარალებულად ცნობილია მხოლოდ 1 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ არ დაწყებულა.
ასევე ნახეთ ნინოწმინდის პანსიონი ერთი წლის შემდეგ: უპასუხო კითხვები და ბავშვზე ზრუნვის „ჩამოშლილი სისტემა“სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულის სისტემური გამოძიება მნიშვნელოვანია წარიმართოს დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მუხლით, რადგან, საქმეების გაცნობის შედეგად, ბავშვების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ნიშნები იკვეთება და სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით კვალიფიკაცია არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტების სიმძიმეს ვერ ფარავს.
გამოძიება კი დღემდე კვლავ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) მიმდინარეობს, რომელზეც გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გასულია.
გაუქმებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში ნაჩქარევი იყო და, საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, პროცესს არ სდევდა წინასწარი კონსულტაციები.
ასევე ნახეთ საკონსტიტუციო სასამართლომ ლონდა თოლორაიას გათავისუფლების საქმეზე დარღვევა დაადგინასახალხო დამცველი წერს, რომ ამ სამსახურის გაუქმების და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტის, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნის შემდეგ მათი მთავარი გამოწვევა დღეს ის არის, რომ მათი გამართული მუშაობისთვის არანაირი ინსტიტუციური გარანტიები არ მოქმედებს. სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია ამ დამოუკიდებელი ორგანოების „რეფორმის“ ინიციირება და შემდგომ მათი რეორგანიზაცია.
სახალხო დამცველი, რომელიც წლების განმავლობაში ამბობდა, რომ საჭირო იყო გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციის მქონე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, წერს, რომ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ამ სამსახურის საგამოძიებო მანდატი გავრცელდეს გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რაც რეალურად არ ხდება.
სახალხო დამცველის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებას გავლენა ექნება სხვა დამოუკიდებელ ორგანოებზეც. დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტებს შეუმცირდათ სამართლებრივი დაცვის გარანტიები და შეექმნათ საფრთხე, რომ მათი სამსახურიც გაუქმდება, თუკი მათი საქმიანობა მიუღებელი იქნება პოლიტიკური ხელისუფლებისთვის.
5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების გამოძიება
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ ხარვეზებზე, რომლებიც 2021 წლის 5 ივლისს ლგბტქ+ პირებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების გამოძიების პროცესში არსებობს.
ანგარიშში წერია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობილი 20 პირიდან მხოლოდ 6 პირი გასამართლდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისათვის, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოცემულ ნაწილში შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ეს პირებიც გაამართლა.
ასევე ნახეთ 5 ივლისი: რატომ მოიხსნა ჯგუფური ძალადობის ბრალდება„პროკურატურამ არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება და კონკრეტულ პირს ბრალდება არ წარუდგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ბრალდებაში ყველა პირი გაამართლა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
სანდრო სულაბერიძის საქმე
სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმეც, როდესაც მან ეროვნულ გალერეაში გამართულ გამოფენაზე საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას, კედელზე საღებავით დააწერა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ და რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის მუხლით გამოძიება დაიწყო. თუმცა, რადგან დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა, სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.
ასევე ნახეთ როგორ შექმნა სისტემის პორტრეტი “ზოგიერთი ნაკლებად ცნობილი მხატვრის” პროტესტმასახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ შემოქმედებით თავისუფლებაში ჩარევის მცდელობად აღიქმება, სახიფათო და დაუშვებელია და ამან, შესაძლოა, მომავალში სხვა ხელოვანების დაშინებასაც შეუწყოს ხელი და საკუთარი პოზიციები ღიად აღარ გამოხატონ, რის გარეშეც, წერს ომბუდსმენი, შემოქმედებითი თავისუფლება არ არსებობს.
ეს სახალხო დამცველის ვრცელი ანგარიშის მხოლოდ რამდენიმე აქცენტია. მასში აღწერილია ციხეებსა თუ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არსებული მდგომარეობა, ცალკეა ფემიციდისა და ქალთა უფლებების ქვეთავები, არცთუ დამაიმედებელი ნაწილი მოხუცთა, შშმ პირებისა და ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის აღწერით. ასევე:
- ოპირებულ ტერიტორიებზე კვლავ გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობა. 2022 წელს დაფიქსირდა უკანონო „ბორდერიზაციის“ 69 შემთხვევა.
- პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევას წარმოადგენს ექთნების დეფიციტი, ძველი ინფრასტრუქტურა.
- შემაშფოთებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები (ე.წ. მოსმენების კანონი).
- ქვეყანაში დაიწყო ფსიქიატრიული დაწესებულებების და დიდი ზომის ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, თუმცა, აუცილებელია გაიზარდოს სათემო სერვისების რაოდენობა და გეოგრაფიული დაფარვის არეალი.
- წლებია არ გაუმჯობესებულა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული ვითარება, და არც შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება.
- სიღარიბე და განსაკუთრებით ბავშვთა სიღარიბე კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.
- ისევ არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივ მონაცემთა ბაზები.
- ერთ-ერთი ყველაზე გარიყული და დაუცველი ჯგუფის - ხანდაზმულთა 36% სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული.
- ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის რთულია განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა, მათი სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროპორციული და თანასწორი ჩართულობა და სხვ.
ანგარიშს ტრადიციულად ახლავს რეკომენდაციების ვრცელი ჩამონათვალი, რომელთა ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა. ანგარიში საქართველოს პარლამენტში უკვე გაგზავნილია.