საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასა და მისი მოადგილეების გათავისუფლებით სახელმწიფომ არ დაიცვა კონსტიტუციური სტანდარტი. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, 17 ნოემბერს, გამოაცხადა.
თოლორაიას ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა. ამავე საკითხზე სარჩელი ჰქონდა შეტანილი საქართველოს სახალხო დამცველსაც.
"საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს", - აღნიშნავს სასამართლო.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ (ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე) ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ სარჩელში აღნიშნა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან მათთვის კომპენსაციის მიცემის გარეშე გათავისუფლების შესახებ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს (საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით).
ლონდა თოლორაიამ იმ კანონის შეჩერება, რომელიც მის უწყებას აუქმებდა, საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვა. მას სურდა, კანონის მოქმედება იმ დრომდე შეჩერებულიყო, სანამ საკონსტიტუციოში ამ საკითხის განხილვა დასრულდებოდა.
"ვფიქრობ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის თავის სათქმელს დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და ყველა არჩევითი თანამდებობის სტაბილურობის, უსაფუძვლოდ მათი თანამდებობიდან გათავისუფლებისგან დაცვის კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნავდა ლონდა თოლორაია.
კანონი, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად ორი ახალი სტრუქტურა შეიქმნა, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. კანონპროექტის ინიციირებისას სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მისთვის მედიიდან გახდა ცნობილი.
ნაჩქარევად მიღებული კანონით, 1 მარტს თანამდებობები დატოვეს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და მისმა მოადგილეებმა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას საქართველოს კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ და მის დაჩქარებული წესით დაყოფას ეწინააღმდეგებოდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა.