ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, რომლის საქმეზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა, მიიჩნევს, რომ მოსამართლეებმა ვერ გაბედეს სწორი ნაბიჯების გადადგმა.
"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც აღუსრულებელი და მკვდარია, სწორედ იმიტომ, რომ არ შეაჩერა კანონის მოქმედება. ამ ე.წ. რეფორმისთვის სასამართლოს უნდა დაერქმია სახელი და ეთქვა, რომ ამ "რეფორმის" გატარების ლეგიტიმური მიზეზი არ არსებობდა. მიზანი იყო ჩემი მოშორება და ამ გადაწყვეტილებამ დაგვანახა", - უთხრა ლონდა თოლორაიამ რადიო თავისუფლებას.
ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საშიში გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პარლამენტს შესაძლებლობა მისცა, კომპენსაციის სანაცვლოდ გაათავისუფლოს თანამდებობაზე დანიშნული პირები.
"ახლა ამ გადაწყვეტილებით დააკანონა პარლამენტის გადაწყვეტილება - არჩევითი თანამდებობის პირი ნებისმიერ დროს მოისროლოს ქუჩაში. ამისთვის თურმე საკმარისია კომპენსაცია - მე ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არ ვარ კომპენსაციაზე გაგიჟებული ადამიანი. კომპენსაციებზე ჩამოკიდა არჩევითი თანამდებობის ბედი, რაც საშიშია.
რაც ყველაზე მთავარია, სასამართლომ ეს დავა დაიყვანა ერთ კონკრეტულ პირზე და არ გაითვალისწინა კონტექსტი და სხვა არჩევითი თანამდებობები", - ამბობს თოლორაია.
საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 17 ნოემბერს, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორისა და საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი - მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ სახელმწიფომ არ დაიცვა კონსტიტუციური სტანდარტი.
ამ საქმის განმხილველი კოლეგიის ერთ-ერთი წევრი, გიორგი კვერენჩხილაძე თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წლების წინ დადგენილ სტანდარტს - "გარდა ამისა, გადაწყვეტილებას გააჩნია „მსუსხავი ეფექტი“ სხვა, განსაკუთრებით კი დამოუკიდებელ საჯარო ორგანოებში დასაქმებულ ხელმძღვანელ პირებზე, რომლებიც გარანტირებული ვადით არიან თანამდებობაზე განწესებული".
"მიმაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებმა გადაწყვეტილებით სათანადოდ არ შეაფასეს სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეებისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ლეგიტიმური მიზანი. კერძოდ, ის გარემოება, თუ რამდენად იყო მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი ხელშესახები და რეალური პრაქტიკაში", - წერს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე თავის განსხვავებულ აზრში.
ლონდა თოლორაიამ იმ კანონის შეჩერება, რომელიც მის უწყებას აუქმებდა, საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვა. მას სურდა, კანონის მოქმედება იმ დრომდე შეჩერებულიყო, სანამ საკონსტიტუციოში ამ საკითხის განხილვა დასრულდებოდა.
"ვფიქრობ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის თავის სათქმელს დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და ყველა არჩევითი თანამდებობის სტაბილურობის, უსაფუძვლოდ მათი თანამდებობიდან გათავისუფლებისგან დაცვის კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნავდა ლონდა თოლორაია.
კანონი, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად ორი ახალი სტრუქტურა შეიქმნა, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. კანონპროექტის ინიციირებისას სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მისთვის მედიიდან გახდა ცნობილი.
ნაჩქარევად მიღებული კანონით, 1 მარტს თანამდებობები დატოვეს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და მისმა მოადგილეებმა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას საქართველოს კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ და მის დაჩქარებული წესით დაყოფას ეწინააღმდეგებოდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა.