Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EU-ს ელჩი: ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე წუხილს იზიარებს აშშ და ევროპის საბჭო


საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი კიდევ ერთხელ გამოხატავს წუხილს საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე. მან, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა მედიასთან.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ფუნდამენტური ინსტიტუტი, სახელმწიფო უწყებებს შორის ბალანსის უზრუნველსაყოფად და ეს საკითხი ჩვენ ნამდვილად გვაწუხებს. ევროკავშირმა ამ სამსახურში ჩადო დიდი ძალისხმევა და ასევე ძალიან დიდი ფინანსური რესურსი. ამ აზრზე ვართ არა მხოლოდ ჩვენ, წუხილს იზიარებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროპის საბჭო. როგორც ცნობილია, დღეს ეუთო/ოდირის დასკვნაც გამოქვეყნდება ამასთან დაკავშირებით", - თქვა ევროკავშირის ელჩმა.

ამ კომენტარის მედიისთვის მიცემის პარალელურად, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაასაჯაროვა ეუთო/ოდირის დასკვნა. მისი თქმით, ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, შეჩერდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ეუთო/ოდირის მოთხოვნაა, მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე.

„ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, ის პროცესი თუ როგორც წარიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართალს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეგულირების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ეუთოს სტანდარტებს.

ასევე მიაჩნია, რომ პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები, როდესაც დაჩქარებული წესით, ყოველგვარი ჩართულობის, წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და ასევე სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მოქმედებაზე, მათ შორის ახალშექნილ სამსახურებზე, ამიტომ ის მკაცრ რეკომენდაციას აძლევს, რომ შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს.

15 თებერვალს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად შექმნილი ერთ-ერთი ორგანოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა კოკა კაციტაძე აირჩია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად - ლელა ჯანაშვილი.

XS
SM
MD
LG