რატომ გახდა საჭირო ანექსირებული ყირიმის დასაცავად დეპუტატებისა და საჯარო მოხელეების მობილიზება?

ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფ "ბარს-კრიმის" წვრთნა ყირიმში, 19 სექტემბერი, 2024 წელი. ცენტრში ყირიმის ნახევარკუნძულის ხელმძღვანელი, სერგეი აქსენოვი.

მაშინ, როდესაც რუსეთი დიდ ძალებს უყრის თავს კურსკის ოლქზე კონტროლის აღდგენისთვის, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის მარიონეტული ხელისუფლება უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო იერიშის მოსაგერიებლად ემზადება.

რადიო თავისუფლების პროექტ „კრიმ.რეალიის“ ცნობით, ამისათვის აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლები ქმნიან ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფ „ბარს-კრიმს“, რომლის რიგებში სამხედრო მომზადებას ადგილობრივი ოფიციალური პირები და დეპუტატებიც გადიან. მაგრამ იმის გამო, რომ ყველა არ არის მზად გახდეს მოხალისე, რუსი სამართალდამცველები იძულებულები არიან, საჯარო მოხელეებს „პირადად მიაკითხონ“.

"მზად ვართ ნებისმიერი სიტუაციისთვის"

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წელს, მოსკოვის მიერ კონტროლირებადი ყირიმის ხელისუფლება რეგიონის დაცვას აძლიერებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ პრევენციული ღონისძიებები ასევე ხელს შეუწყობს და გონზე მოიყვანს ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ნახევარკუნძულის წინააღმდეგ რაღაცას გეგმავს. ყირიმი მზად არის სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის“, - ამბობს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ხელმძღვანელი, სერგეი აქსენოვი.

ყირიმის პრორუსული ხელისუფლება მოსახლეობას, ერთი მხრივ, ამშვიდებს, ნახევარკუნძულს არანაირი საფრთხე არ ემუქრებაო, მაგრამ, მეორე მხრივ, აძლიერებს ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფს, რომელიც უკვე ოთხი ბატალიონისგან შედგება.

ქვედანაყოფს თავად აქსენოვი მეთაურობს. თუ მანამდე „ბარს-კრიმში“ გაერთიანებული იყვნენ ყირიმის „თავდაცვისა“ და სხვა ფორმირებების მოხალისეები, ახლა ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფს მოქალაქეებისგან, მათ შორის, ოფიციალური პირებისა და დეპუტატებისგან აკომპლექტებენ. „ბარს-კრიმის“ მთავარი ამოცანა, დივერსიული ჯგუფების რეიდებზე რეაგირებაა.

„ბარს-კრიმის“ წარმომადგენლები, რუს სამხედროებთან ერთად, რეგულარულად ატარებენ წვრთნებს ნახევარკუნძულზე. ინსტრუქტორები მათ ასწავლიან ადმინისტრაციული რაიონების „ბლოკირებას“, დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებას და FPV (First Person View) დრონების მართვას.

იალტის პრორუსული საქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა, იანინა პავლენკომ (ცენტრში) ხელი მოაწერა კონტრაქტს ქვედანაყოფ "ბარს-კრიმთან" 31 ოქტომბერი, 2024 წელი

ამ წლის ოქტომბრის ბოლოს „ბარს-კრიმს“ შეუერთდა იალტის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იანინა პავლენკო. მისი პასუხისმგებლობის ზონაში შედის გურზუფიდან ფოროსამდე გადაჭიმული ტერიტორია და სანაპირო.

„კოლეგებმა შემომთავაზეს ფსევდონიმი „დედა“. თქვენ რას ფიქრობთ, მეგობრებო?“ - იკითხა პავლენკომ კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ.

სულ ახლახან, ნოემბერში, „ბარს-კრიმს“ შეუერთდა რუსი მომღერალი დანკოც (ალექსანდრ ფადეევი).

რუსი მომღერალი დანკო ხელს აწერს კონტრაქტს ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფ "ბარს-კრიმთან", იალტა, 7 ნოემბერი, 2024 წელი

„ჩვენი დიდი მეგობარი, ნამდვილი პატრიოტი, მომღერალი დანკო. ის ექვსი წლის წინ გადმოვიდა იალტაში, აქ ცხოვრობს და მისდევს შემოქმედებას. დღეს, როგორც ნამდვილი მამაკაცი, ქალაქის დასაცავად დადგა. მადლობელი ვარ და ვამაყობ“, - ამბობს იანინა პავლენკო.

თავად მომღერალმა კი თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ „ვალდებულია დაიცვას ის ადგილი, სადაც ცხოვრობს“.

"ხვალ შერცხვებათ, რომ არ გაწევრიანდნენ ჩვენს რიგებში"

მაგრამ ყირიმის ნახევარკუნძულის იარაღით ხელში დაცვას ყველა სიხარულით არ ხვდება. „ბარს-კრიმის“ მე-4 ბატალიონის შტაბის უფროსმა, ვლადიმირ მერცალოვმა პირდაპირ ეთერშიც აღიარა, რომ ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფში გაწევრიანებისათვის აგიტაცია ადგილობრივმა დეპუტატებმა უნდა ჩაატარონ.

„მე დავდივარ სასოფლო საბჭოებში, ახლახან ვიყავი სიმფეროპოლის სახელმწიფო საბჭოს სესიაზე, ავუხსენი დეპუტატებს, რომ „ედინაია როსია“, ერთიან მწყობრში, პირველი მოვიდა „ბარს-კრიმში“ ჩასაწერად.

არ ვიცი, რას იზამენ სხვა საპარლამენტო პარტიები - კომუნისტები და ლიბერალ-დემოკრატები. თუ ისინი ხვალ არ მოვლენ, ხვალ შერცხვებათ, რომ არ გაწევრიანდნენ ჩვენს რიგებში“, - განაცხადა მერცალოვმა.

ყირიმის პრორუსული პარლამენტის დეპუტატი, ვლადიმირ მერცალოვი, ქვედანაყოფ "ბარს-კრიმის" მე-4 ბატალიონის შტაბის უფროსი. 24 ოქტომბერი, 2024 წელი

მერცალოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი ოფიცერი იყო, მაგრამ 2014 წელს რუსეთის მხარეზე გადავიდა და მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიას. მერცალოვს, რომელიც ყირიმის პრორუსული პარლამენტის დეპუტატია, დაუსწრებლად ორი მძიმე სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებენ უკრაინაში.

მასთან ერთად ყირიმის ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფ „ბარს-კრიმში“ გაწევრიანდა ასევე კიდევ ერთი ადგილობრივი დეპუტატი, რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის თავგადაკლული მომხრე, ვადიმ ილოვჩენკო. მან ქვედანაყოფში გააწევრიანა ასევე კაზაკთა რაზმების წარმომადგენლები, რომლებსაც განუცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსული სანგრების თავზე „გამარჯვების ღვთაებრივი დროშა ფრიალებსო“.

თავის მხრივ, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიასთან შეგუებას არ აპირებს უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი გეგმა ყირიმთან დაკავშირებით.

„უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეიმუშავეს როგორც ყირიმის დაბრუნების, ასევე ქერჩის ხიდის დანგრევის გეგმა“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.

ასევე ნახეთ უკრაინამ შეიმუშავა ყირიმის დაბრუნებისა და ქერჩის ხიდის განადგურების გეგმა

ამასთან, მისივე თქმით, დეტალები არ გახმაურდება, რათა ხელი არ შეეშალოს ოპერაციების ეფექტიანობას.

ერთი წლის წინ, 2023 წლის ოქტომბერში, უკრაინელმა საზღვაო ქვეითებმა სადესანტო მანევრით, დაიკავეს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე, ხერსონის რეგიონის სოფელი კრინკი. უკრაინული სარდლობის ცნობით, იგი უნდა გამხდარიყო პლაცდარმი ანექსირებულ ყირიმზე შეტევისთვის.

სამხედრო თვალსაზრისით, სწორედ ხერსონის მარცხენა სანაპიროა ყველა მოკლე გზა ანექსირებული ყირიმისკენ, რომლის დეოკუპაცია უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

ასევე ნახეთ წინსვლა ხერსონში - უკრაინის პლაცდარმი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე
  • 2024 წლის 20 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს უპატაკა, რომ კრინკის „გაწმენდა“ დასრულებულია, კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ამ დასახლებული პუნქტის „გათავისუფლებამ“, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა უკრაინის კონტრშეტევას.
  • ამ ცნობას უარყოფდა უკრაინის არმიის სარდლობა, რომლის თანახმად, უკრაინული დესანტი კრინკში პოზიციებს 2024 წლის ივლისამდე ინარჩუნებდა. ივლისის შუა რიცხვებში უკრაინულმა მედიამ და დასავლეთის ანალიტიკურმა საიტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკან დაიხიეს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ კრინკიდან .
  • უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმსა და სევასტოპოლს კვლავაც უკრაინის ტერიტორიებად აღიარებს.
  • უკრაინის ხელისუფლება გადაჭრით გამორიცხავს თავისი ტერიტორიული მთლიანობის კომპრომისის საგნად გადაქცევის შესახებ დასავლეთის ცალკეული ქვეყნებიდან წამოსულ მინიშნებებს და აცხადებს, რომ სამართლიანი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის მთელი ტერიტორიის, მათ შორის, ყირიმის ნახევარკუნძულის სრული დეოკუპაციით.
ასევე ნახეთ ყირიმი უკრაინაა. წერტილი! - კიევში, სავარაუდოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უპასუხეს