Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ცნობა რუსეთის წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაურის მკვლელობის შესახებ


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ემბლემა
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ემბლემა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დღეს, 11 ივლისს, გამოაქვეყნა ინფორმაცია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავის, „კრასნოდარის“ ყოფილი მეთაურის მკვლელობის შესახებ. უკრაინის დაზვერვა მას მოიხსენიებს სერგეი რჟიცკად, რუსული სააგენტოების ცნობით კი, მოკლულის სახელი სტანისლავია.

უკრაინის დაზვერვა მისი პასუხისმგებლობის შესახებ არაფერს წერს, თუმცა, მოჰყავს მკვლელობის დეტალები. კერძოდ ის, რომ რჟიცკის 10 ივლისს, დაახლოებით დილის 6 საათისთვის, ქალაქ კრასნოდარის პარკში გარბენისას „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან 7-ჯერ ესროლეს და ის ადგილზე დაიღუპა. უკრაინის დაზვერვის ცნობითვე, ძლიერი წვიმის გამო პარკში ხალხი არ იმყოფებოდა, ამიტომ მკვლელობას მოწმეები არ ჰყავს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ხაზს უსვამს, რომ წყალქვეშა ნავი „კრასნოდარი“ ერთ-ერთია პროექტ „ვარშავიანკის“ 6 გემიდან. ისინი აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით „კალიბრი“. უკრაინული მედიის ცნობით, წყალქვეშა ნავი „კრასნოდარი“ მონაწილეობდა შავი ზღვიდან უკრაინაზე სარაკეტო დარტყმებში.

რუსული სააგენტოები ადასტურებენ, რომ 10 ივლისს მოკლული მე-2 რანგის კაპიტანი სტანისლავ რჟიცკი წყალქვეშა ნავის მეთაური იყო, ბოლო დროს კი კრასნოდარის სამობილიზაციო განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

XS
SM
MD
LG