Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ყირიმს უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევს. მაშ, რატომ დააფინანსა იქ მისმა ბირთვულმა სააგენტომ რუსული კვლევები?


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი (მარჯვნივ) ესალმება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს რაფაელ გროსის 6 მარტს სოჭში მოლაპარაკებების წინ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი (მარჯვნივ) ესალმება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს რაფაელ გროსის 6 მარტს სოჭში მოლაპარაკებების წინ.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევებს აფინანსებდა. ამას კრიტიკოსები სააგენტოს მიერ რუსეთის აგრესიის ლეგიტიმაციად მიიჩნევენ.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა სააგენტოს შიდა ჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც IAEA-მ ხელი მოაწერა, სულ მცირე, ორ შეთანხმებას რუსულ კვლევით ინსტიტუტებთან. ეს შეთანხმებები ეხებოდა საველე სამუშაოებს ყირიმში, - უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთმა 2014 წლის მარტში დაიპყრო.

2014 წლის მარტში, - რუსეთის მიერ ყირიმის ხელში ჩაგდების შემდეგ, - გაერომ გენერალური ასამბლეის რეზოლუციით უარყო მოსკოვის პრეტენზია ყირიმზე; IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ სააგენტო, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ერთგულია გაეროს ქარტიის პრინციპისა, რომლის თანახმადაც „ეროვნული საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა იცვლებოდეს."

მაგრამ მოგვიანებით, 2016-დან 2019 წლამდე IAEA-ს ორი კვლევითი ხელშეკრულება გააფორმა რუსეთის სახელმწიფო სამეცნიერო ინსტიტუტებთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ყირიმში საველე სამუშაოებში. პირველი კონტრაქტის ვადა 2019 წლის ზაფხულში კიდევ გახანგრძლივდა, - ჩანს რადიო თავისუფლების მოპოვებულ დოკუმენტებში.

მართალია, რომ ხელშეკრულებების საგანი შედარებით მცირე მასშტაბისაა, თუმცა მათი არსებობა ხაზს უსვამს იმ ტურბულენტურ დიპლომატიურ და ბიუროკრატიულ რელიეფს, რომელში გზის გაკვლევაც მოუწია IAEA-ს მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო აგრესია, რაც 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიან ომში გადაზარდა.

IAEA - გაეროს ატომური სააგენტო - აქამდეც მოყოლილა დავებში ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით. რუსეთი იქ არსებულ კვლევით ატომურ რეაქტორს დე-ფაქტო აკონტროლებს, თუმცა ნახევარკუნძული უკრაინის საკუთრებაა და ამ საკითხს საერთაშორისო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობაც ასე უყურებს.

უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა არაერთხელ მოუწოდეს სააგენტოს, თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც მიანიშნებს რუსეთის მიერ ყირიმის ხელში ჩაგდების აღიარებაზე. მეორე მხრივ, სააგენტოს მიმართ პრეტენზიები რუსეთსაც აქვს - მოსკოვმა 2015 წელს უარი თქვა IAEA-ს წლიური ანგარიშის დამტკიცებაზე, რადგან სააგენტომ ამ ანგარიშში მიუთითა, რომ ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში მდებარე რეაქტორი უკრაინაში მდებარეობდა.

IAEA-ს ხელმძღვანელი რაფაელ გროსიმ (მარცხნივ), - რომელიც 2020 წლის აპრილით დათარიღებულ ამ ფოტოში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ხვდება, - საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
IAEA-ს ხელმძღვანელი რაფაელ გროსიმ (მარცხნივ), - რომელიც 2020 წლის აპრილით დათარიღებულ ამ ფოტოში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ხვდება, - საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გაეროს ატომურმა სააგენტომ რადიო თავისუფლებას მისწერა, რომ სააგენტო, გაეროს გენერალური ასამბლეის 2014 წლის რეზოლუციის შესაბამისად, აგრძელებს ყირიმის აღიარებას, როგორც უკრაინული ტერიტორიისა.

იმ კვლევებს კი, რაზეც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ინფორმაცია, სააგენტო უწოდებს „წმინდა ტექნიკური ხასიათისას“ და აცხადებს, რომ ეს „არ ნიშნავს რაიმე ცვლილებას სააგენტოს პოზიციაში ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით“.

„კოლეგების მიერ გამოყენებული ტერმინები და ანგარიშებში მათი მასალის შეტანა არ ნიშნავს რაიმე პოზიციის დაფიქსირებას IAEA-ს მხრიდან რომელიმე ქვეყნის ან ტერიტორიის, ან მისი ხელისუფლების იურიდიულ სტატუსთან დაკავშირებით“, - მოგვწერა IAEA-ს პრესსპიკერმა.

მანვე დააზუსტა, რომ „კოლეგებში“ გულისხმობს „ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტს“ (JINR), - კვლევით ცენტრს, რომელიც მდებარეობს რუსეთში, ქალაქ დუბნაში, მოსკოვის მახლობლად, - და ეს ორგანიზაცია აღწერა, როგორც „არა რუსული ორგანიზაცია, არამედ საერთაშორისო სამთავრობათაშორისო სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს რუსეთში“.

ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სააგენტოს წარმომადგენელმა თქვა, რომ მათმა კვლევის შეთანხმებამ JINR-თან „უნებლიედ მოიცვა სევასტოპოლი“ და რომ „ამ ინსტიტუტის მიერ ამ ხელშეკრულების მიხედვით არ მომზადება რაიმე პუბლიკაცია ყირიმში შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით“.

უკრაინის მუდმივმა წარმომადგენლობამ ვენაში, - სადაც IAEA-ს შტაბ-ბინა მდებარეობს, - რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ყირიმში სააგენტოს მიერ დაფინანსებული არცერთი კვლევითი პროექტი არ ყოფილა დამტკიცებული უკრაინის მთავრობის მიერ.

„ჩვენი პოზიცია მკაფიო რჩება: უკრაინა მტკიცედ ეწინააღმდეგება ნებისმიერ საერთაშორისო პროექტს ან სხვა საქმიანობას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში, რადგან ეს არღვევს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - მოგვწერეს ვენაში უკრაინული დიპლომატიური მისიიდან.

სტატიის გამოქვეყნების დროისათვის, ვენაში რუსეთის წარმომადგენლობას რადიო თავისუფლებისათვის არ უპასუხია კომენტარის თხოვნაზე.

„რუსეთის სანაპირო ზონები"

JINR-თან სააგენტოს კვლევით ხელშეკრულებას, - რომელიც 2019 წელს გაახანგრძლივეს, - თავდაპირველად ხელი მოეწერა 2016 წლის სექტემბერში. პროექტი ფოკუსირებული იყო დაბინძურების ტენდენციების შესწავლაზე „შავი ზღვის რუსეთის სანაპირო ზონებში“ „ბირთვული და მასთან დაკავშირებული ანალიტიკური ტექნიკის“ გამოყენებით.

მართალია, 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ კვლევაში არ ყოფილა ნახსენები ყირიმი ან ყირიმში რომელიმე ადგილი კონკრეტულად, კვლევითი პროექტის აღწერაში, - რაც IAEA-სა და JINR-ის შეთანხმებას ახლავს თან, - კონკრეტულად იყო ნათქვამი, რომ გამოკვლევა მოიცავდა კვლევას სევასტოპოლში; ესე იგი, უკრაინის ტერიტორიაზე, რასაც მოსკოვი „რუსეთის სანაპირო ზოლს“ უწოდებს.

JINR-მა 2016 წლის ივნისში წარდგენილ კვლევითი ხელშეკრულების თავიანთ გეგმაში ასევე კონკრეტულად ჩაწერა, რომ საველე სამუშაოები განხორციელდებოდა სევასტოპოლში. გეგმაში ნათქვამია, რომ ეს სამუშაო ჩატარდება სევასტოპოლში დაფუძნებულ „სამხრეთული ზღვების ბიოლოგიის ინსტიტუტთან“ (IBSS) ერთად. ეს ინსტიტუტი რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ ყირიმის ანექსირების შემდეგ ჩაიგდო ხელში და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას მიუერთა.

ხელშეკრულების მიხედვით, პროექტის მთლიანი ღირებულება 165,000 ევრო იყო, ატომური სააგენტოს თანამონაწილეობით - IAEA-მ ამ პროექტისათვის 15 000 ევრო გაიღო.

სევასტოპოლში დაფუძნებული „სამხრეთული ზღვების ბიოლოგიის ინსტიტუტი“, რომელიც მოსკოვმა 2014 წელს ყირიმის დაპყრობის შემდეგ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას მიუერთა.
სევასტოპოლში დაფუძნებული „სამხრეთული ზღვების ბიოლოგიის ინსტიტუტი“, რომელიც მოსკოვმა 2014 წელს ყირიმის დაპყრობის შემდეგ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას მიუერთა.

რადიო თავისუფლების კითხვებს კვლევასა და IAEA-სთან ხელშეკრულებაში დაკონკრეტებულ საველე სამუშაოებზე არ უპასუხა არც პროექტის მთავარმა სამეცნიერო მკვლევარმა, JINR-ის პროფესორმა მარინა ფრონტასიევამ.

ფრონტასიევას ერთ-ერთი წინა კვლევა ჩატარებული აქვს ნატალია მილჩაკოვასთან ერთად. ის უკანასკნელი კი ამჟამად არის „სახალხო ფრონტის“ თანათავმჯდომარე, - პრორუსული ორგანიზაციისა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივით დაარსდა.

მარტში მილჩაკოვამ მონაწილეობა მიიღო დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზებაში სევასტოპოლის იმ მაცხოვრებლებისთვის, რომლებმაც რუსეთის ძალებს უკრაინის წინააღმდეგ ომში ბრძოლაში დახმარება გაუწიეს. მან თქვა, რომ ეს ადამიანები [რუსეთის] „გამარჯვებასთან გვაახლოებენ“.

IAEA-ს მეორე საკამათო ხელშეკრულება, - რაც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, - გაფორმებულია რუსეთის ცხოველთა ჯანმრთელობის ფედერალურ ცენტრთან, - კვლევით ინსტიტუტთან, რომელიც მდებარეობს ქალაქ ვლადიმირში, მოსკოვიდან ორასიოდე კილომეტრში.

60,000 ევროს ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა პროექტისთვის, რომელიც შეისწავლიდა ფრინველის გრიპის ვირუსებს, რომლებსაც გადამფრენი ფრინველები ავრცელებენ. კვლევა სტაბილური იზოტოპური ანალიზის გამოყენებით ჩატარდა. ხელშეკრულებაში არ არის ნახსენები ყირიმი, მაგრამ 2023 წლის სექტემბერში წარმოდგენილია პროექტის „ხელშეკრულებების შესახებ საბოლოო ანგარიში“, რომელშიც წერია, რომ ფრინველების ბუმბულის ნიმუშები შეგროვდა „ყირიმის რესპუბლიკაში“.

პროექტის შესახებ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეკითხვას არც პროექტის მთავარმა მკვლევარმა, ვიქტორ ირზამ არ უპასუხა.

„უსიამოვნო ამბავი“

ბირთვული უსაფრთხოების უკრაინელი ექსპერტი ოლჰა კოშარნა, უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის საბჭოს ყოფილი წევრი, ამბობს, რომ IAEA-ს მიერ კვლევითი პროექტების დაფინანსება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინაში „უსიამოვნო ამბავია“.

„რა თქმა უნდა, ეს დარღვევაა, რადგან IAEA სევასტოპოლს ოფიციალურად უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევს, ისევე როგორც დონეცკის და ლუგანსკის ოლქებს, ზაპორიჟიასა და უკრაინის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას“, - უთხრა კოშარნამ რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა IAEA-ს შიდა სიის „სქრინშოტი“ სააგენტოს მიერ დაფინანსებული ღონისძიების შესახებ. ჩამონათვალში ორ მონაწილეზეა მითითება, რომ ისინი არიან „დონეცკიდან, რუსეთის ფედერაციიდან“. დონეცკი რუსული ძალების მიერაა ოკუპირებული.
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა IAEA-ს შიდა სიის „სქრინშოტი“ სააგენტოს მიერ დაფინანსებული ღონისძიების შესახებ. ჩამონათვალში ორ მონაწილეზეა მითითება, რომ ისინი არიან „დონეცკიდან, რუსეთის ფედერაციიდან“. დონეცკი რუსული ძალების მიერაა ოკუპირებული.

IAEA-ს ყოველწლიურ ანგარიშებში სევასტოპოლში მდებარე კვლევითი რეაქტორი კვლავ მონიშნულია, როგორც უკრაინაში მდებარე, თუმცა ტერმინოლოგიური მინიშნება, რაც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის აღიარებას, IAEA-ს სხვაგანაც გამოუვლინდა.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა სააგენტოს შიდა ჩანაწერები. ამ ჩანაწერებში რადიაციული თერაპიის შესახებ IAEA-ს მიერ დაფინანსებული ღონისძიების მონაწილეთა სიაში შედის ორი პიროვნება რუსეთის დელეგაციიდან. ჩამონათვალში წერია, რომ ისინი არიან „დონეცკიდან, რუსეთის ფედერაციიდან“.

დონეცკი დიდი ქალაქია აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა 2014 წელს დაიპყრეს დონეცკის რეგიონისა და მეზობელი ლუგანსკის რეგიონის ნაწილებთან ერთად. ქალაქი მოსკოვის კონტროლის ქვეშ რჩება 2022 წლის ომის დაწყების შემდეგაც.

თარგმანი: ელენე კობახიძე

ფორუმი

XS
SM
MD
LG