ნიშნავს თუ არა რუსეთის დოქტრინის ასეთი რედაქციით ჩამოყალიბება იმას, რომ მოსკოვს უკვე შეუძლია ბირთვული პასუხი გასცეს უკრაინის შეტევას?
ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინული დრონები ერთიმეორის მიყოლებით ანადგურებენ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე იარაღის საწყობებს.
ამასთან კიევი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისგან ელის ნებართვას,
რათა მის ხელთ არსებული გრძელ მანძილზე მოქმედი დასავლური მოდელის რაკეტებით სიღრმეში შეუტიოს რუსეთის ტერიტორიას.
საუბარია 300 კილომეტრამდე ფრენის სიშორის ამერიკულ ATACMS-ის რაკეტებზე და ანგლო-ფრანგულ Storm Shadow რაკეტებზე 560 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსით, რომელთა გამოყენებაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, უკრაინის ხელისუფლების აზრით, დააჩქარებს უკრაინის გამარჯვებას.
ასევე ნახეთ "გამარჯვების გეგმით" ზელენსკი "სამართლიანი მშვიდობის" მიღწევას აპირებსროგორი იყო და რა იცვლება რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში?
რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც ბირთვულ შეკავებას მიეძღვნა, რუსეთში წელიწადში ორჯერ იმართება. როგორც კრემლის ოფიციალური საიტი იუწყება, საგანგებოდ დანიშნული 26 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგში იყო ერთი საკითხი: ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლის განახლება.
ეს პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად უკიდურესი ზომის - ბირთვული იარაღისა და ბირთვული ძალების გამოყენებას განსაზღვრავს.
- 2020 წელს მიღებული ამჟამინდელი დოქტრინა რუსეთის მიერ საპასუხო ბირთვული დარტყმის გამოყენებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მტერი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს რუსეთის ან მოკავშირეების ტერიტორიაზე;
- თუ მოწინააღმდეგის თავდასხმის სამიზნეა სახელმწიფო ან სამხედრო ობიექტები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ბირთვული დარტყმის განხორციელებას
- დაბოლოს, რუსეთის არსებობისთვის ეგზისტენციალური საფრთხის შემთხვევაში.
მაგრამ რუსეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და მის მოკავშირეებისთვის ბოლო ხანს აღმოცენებული სამხედრო საფრთხეების და მუქარის გათვალისწინებით, აუცილებელია „ბირთვული ძალების შესაძლო გამოყენების არსებული მიდგომების კორექტირება“.
დოკუმენტის განახლებულ რედაქციაში, რომელზეც პუტინის თქმით, რამდენიმე წამყვანი სამინისტროს სპეციალისტები მონაწილეობდნენ, ბირთვული იარაღის გამოყენება მოხდება რუსეთზე არა მხოლოდ ბირთვული, არამედ ჩვეულებრივი იარაღით მასიური თავდასხმის შემთხვევაში. ამასთან, „რუსეთის ფედერაციაზე ერთობლივ თავდასხმად“ ჩაითვლება „ბირთვული სახელმწიფოს მონაწილეობით ან მხარდაჭერით ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს აგრესია რუსეთის წინააღმდეგ“.
ახალ რედაქციაში მკაფიოდ განისაზღვრა ის პირობები, რომელთა გამოც რუსეთს უფლება ექნება გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბირთვული იარაღი.
„ასეთ შესაძლებლობას საჰაერო-კოსმოსური შეტევითი საშუალებების მასირებული სტარტისა და მათ მიერ ჩვენი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ სანდო ინფორმაციის მიღებისთანავე განვიხილავთ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თანახმად, ასეთ საშუალებებს განეკუთვნება სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის შემადგენლობაში არსებული თვითმფრინავები, ფრთოსანი რაკეტები, დრონები, ჰიპერზებგერითი და სხვა სახის მფრინავი აპარატები.
„ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი რუსეთისა და ბელარუსის, როგორც საკავშირო სახელმწიფოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში. ბელარუსის მხარესთან, ბელარუსის პრეზიდენტთან ყველა ეს საკითხი შეთანხმებულია. მათ შორის, თუ მოწინააღმდეგე, ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით, კრიტიკულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სუვერენიტეტს“, - დასძინა პუტინმა.
მანამდე ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ პირველი განცხადება დმიტრი მედვედევმა გააკეთა. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, 14 სექტემბერს განაცხადა, რომ კიევი „რუხ გამდნარ წერტილად“ შეიძლება იქცეს, თუკი შესუსტდება აკრძალვები უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებაზე.
ასევე ნახეთ მედვედევი კიევს ბირთვული იარაღით დაემუქრა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების აკრძალვის შემთხვევაში
კიევმა "ბირთვული შანტაჟი" უწოდა კრემლის გეგმებს ბირთვული დოქტრინის შეცვლის თაობაზე
თუ ვლადიმირ პუტინის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს უშიშროების საბჭო მხარს დაუჭერს, მაშინ რუსეთი შეძლებს ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ. სწორედ უკრაინაა დასავლეთის სამხედრო ალიანსის მიერ მხარდაჭერილი ერთადერთი ქვეყანა, ვისაც რუსეთი ეომება და ვინც რუსეთის აგრესიის პასუხად ინტენსიურად ესხმის დრონებით თავს რუსეთის იარაღის საწყობებს, სამხედრო პორტებსა და ენერგოობიექტებს.
პუტინმა უკვე გააფრთხილა კოლექტიური დასავლეთი, რომ კიევისთვის რუსეთის ტერიტორიაზე გრძელი რადიუსის იარაღით დარტყმის უფლების მიცემა ნიშნავს ნატოს ქვეყნებისა და ევროპული სახელმწიფოების უშუალო მონაწილეობას უკრაინის ომში.
ასეთ შემთხვევაში, პუტინის თანახმად, „რუსეთი იძულებული იქნება, ამგვარად წარმოქმნილი საფრთხეებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები“.
რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის წინა დღეს, ამერიკულმა გაზეთმა The Washington Post-მა, რუსეთის ოფიციალურ პირებსა და ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, თითქმის ზუსტად იწინასწარმეტყველა პუტინის მხრიდან ბირთვული დოქტრინის მოსალოდნელი ცვლილება. გამოცემა წერდა, რომ კრემლის ბირთვული მუქარა ძალას კარგავს და ამიტომ ვლადიმირ პუტინი იძულებულია მოძებნოს „უფრო დახვეწილი და შეზღუდული“ პასუხი იმ სიტუაციაში, როდესაც უკრაინამ შესაძლოა მართლაც მიიღოს რუსეთის სიღრმეში გრძელ მანძილზე მოქმედი დასავლური იარაღით დარტყმების ნებართვა.
კრემლის გეგმებს ბირთვული დოქტრინის შეცვლის თაობაზე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა „შანტაჟი“ უწოდა. „ბირთვული შანტაჟის გარდა, რუსეთის ფედერაციაში მსოფლიოს დასაშინებლად სხვა არანაირი ინსტრუმენტი აღარ არსებობს. ეს ინსტრუმენტები არ მუშაობენ“, - აღნიშნა ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს „რეპუტაციული ფსკერი“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ბირთვული დოქტრინის ცვლილების შესახებ განცხადება პუტინმა გააკეთა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიო უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი იერიშების შესახებ გააფრთხილა.
„ახლახან მივიღე კიდევ ერთი საგანგაშო ცნობა ჩვენი დაზვერვისგან. როგორც ჩანს, ამჯერად პუტინი გეგმავს თავდასხმას ჩვენს ატომურ ელექტროსადგურებსა და მათ ინფრასტრუქტურაზე იმ მიზნით, რომ ატომური ელექტროსადგურები ჩვენი ენერგოსისტემისგან გათიშოს. სხვათა შორის, ქალბატონებო და ბატონებო, სხვა სატელიტი ქვეყნების დახმარებით რუსეთი იღებს გამოსახულებებსა და დეტალურ ინფორმაციას ჩვენი ატომური ელექტროსადგურების ინფრასტრუქტურის თაობაზე. და რა რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ეს? ნებისმიერ სარაკეტო თუ დრონის იერიშს, ნებისმიერ კრიტიკულ ინციდენტს ენერგოსისტემაზე შეუძლია გამოიწვიოს ბირთვული კატასტროფა. და ასეთი დღე არასოდეს არ უნდა დადგეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ "ჩვენ პასუხი უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც სამხედრო დანაშაული ჩაიდინა", - ზელენსკიუკრაინაში არსებულ პოტენციურ ბირთვულ საფრთხეზე კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ. მან რეალური უწოდა უკრაინაში ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის საშიშროებას, რომლის შესაძლო შედეგს გათვალისწინება სჭირდება.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა პიტერ პელეგრინიმ კი განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ საფრთხის გამო მომეტებულ სიფხიზლეს იჩენენ. კერძოდ, უკრაინის საზღვარზე შესაბამისი სამსახურები რადიაციის დონის გაზომვას გეგმავენ. ზელენსკის მსგავსად, პელეგრინიმაც გამოთქვა შეშფოთება, რომ უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე რუსეთის თავდასხმამ შესაძლოა ჩერნობილის მსგავსი ტრაგედია გამოიწვიოს.
ასევე ნახეთ OSINT-ანალიტიკი “სარმატის” რაკეტის სავარაუდო წარუმატებელი გამოცდის შესახებ იტყობინებახუთი დღით ადრე, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოყენების პირობების შემსუბუქებაზე დაიწყებდა ლაპარაკს, ერთი ასეთი იარაღი გამოცდისას აუფეთქდა. „სარმატი“ რუსეთის უახლესი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, 20 სექტემბერს, რუსეთის „პლესეცკის“ კოსმოდრომის ერთ-ერთ გასაშვებ მოედანზე აფეთქდა. სატელიტურ ფოტოებზე გამოჩნდა უზარმაზარი ორმო და ცეცხლის კვალი.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის დათვლით, ეს არის „სარმატის“ რაკეტის მეოთხე წარუმატებელი გამოცდა. „პლესეცკის“ კოსმოდრომიდან რაკეტის ერთადერთი წარმატებული გაშვება, როგორც ამას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, მოხდა 2022 წლის 20 აპრილს. ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ „სარმატები“ შეიარაღებაში უკვე გადაეცა რუსეთის არმიას.