უკრაინის პრეზიდენტი 25 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა გაეროს 79-ე გენერალურ ასამბლეაზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსვლის დასაწყისში ყურადღება გაამახვილა ბირთვულ საფრთხეზე, რომელიც ევროპას და მსოფლიოს ემუქრება რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდების გამო.
„2022 წლის 4 მარტის ღამით, მე მივიღე უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი ცნობა. იგი შეეხებოდა რუსეთის ტანკებს, რომლებიც პირდაპირ უშენდნენ ცეცხლს უკრაინის ატომური ელექტროსადგურის შენობებს, ევროპაში სიდიდით მეექვსე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორს. რუსეთის არმია ამ ობიექტში შეიჭრა ისეთივე სისასტიკით, როგორც სხვაგან ამ ომის განმავლობაში ისე, რომ არც კი ფიქრობდა შესაძლო კატასტროფულ შედეგებზე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო შემზარავი მომენტი ამ ომისა, როცა არავინ იცოდა, თუ რით შეიძლებოდა დასრულებულიყო ატომურ სადგურზე რუსეთის იერიში. უკრაინაში ყველას გაახსენდა, თუ რას ნიშნავს ჩერნობილი. სამწუხაროდ, ამჟამად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის ჯარის მიერ არის ოკუპირებული. და არსებობს ატომური ინციდენტის საფრთხე, რაც ევროპისთვის და, შესაძლოა, მსოფლიოსთვის ატომური რადიაციის მთავარი საფრთხის წყაროა", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკის თქმით, ბირთვული უსაფრთხოება მისი "მშვიდობის ფორმულის" პირველი პუნქტია. მან ასევე განაცხადა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთი გააგრძელებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებს.
"ახლახან მე მივიღე კიდევ ერთი საგანგაშო ცნობა ჩვენი დაზვერვისგან. როგორც ჩანს, ამჯერად პუტინი გეგმავს თავდასხმას ჩვენს ატომურ ელექტროსადგურებსა და მათ ინფრასტრუქტურაზე იმ მიზნით, რომ ატომური ელექტროსადგურები ჩვენი ენერგოსისტემისგან გათიშოს. სხვათა შორის, ქალბატონებო და ბატონები, სხვა სატელიტი ქვეყნების დახმარებით რუსეთი იღებს გამოსახულებებსა და დეტალურ ინფორმაციას ჩვენი ატომური ელექტროსადგურების ინფრასტრუქტურის თაობაზე. და რა რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ეს? ნებისმიერ სარაკეტო თუ დრონის იერიშს, ნებისმიერ კრიტიკულ ინციდენტს ენერგოსისტემაზე შეუძლია გამოიწვიოს ბირთვული კატასტროფა. და ასეთი დღე არასოდეს უნდა დადგეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა თქვა, რომ სამართლიანი მშვიდობისათვის, რასაც უკრაინა ესწრაფვის, გაერთიანებულმა ერებმა "პასუხი უნდა მოსთხოვოს მათ, ვინც სამხედრო დანაშაული ჩაიდინა".
ზელენსკის თქმით, მსოფლიომ გამოიარა კოლონიური ომები მცირე სახელმწიფოების ხარჯზე, რაც წარსულში უნდა დარჩეს. "მე მინდა მშვიდობა ჩემი ხალხისთვის... და მე ვითხოვ თქვენს მხარდაჭერას", - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსვლის ბოლოს.
- მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოში სკეპტიციზმი გამოხატა თავისი ქვეყნის წინააღმდეგ ომის დასრულების მიზნით, რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ. ზელენსკიმ ნიუ-იორკში განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გაიტანოს თავისი თავდაცვის უფლება. მისი თქმით, რუსეთი საერთაშორისო დანაშაულს სჩადის.
- ამიტომ, ამ ომის დამთავრება, ზელენსკის აზრით, არ მოხერხდება მხოლოდ მოლაპარაკებით. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "თავისი ნებით არ გაჩერდება", ამიტომ, მხოლოდ იძულებით შეიძლება რუსეთი მშვიდობაზე დაითანხმო და ზუსტად ესაა საჭირო.
ფორუმი