მმართველი პარტია ხშირად უსვამს ხაზს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები „შეცდომაში არიან შეყვანილი“, როდესაც საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე მიუთითებენ.
ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკოსებისა და კრიტიკულად განწყობილი ანალიტიკოსების აზრით, „ქართული ოცნების“ გააქტიურებას აპრილის მიწურულს, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული ცაიტნოტი და ის ფაქტი განაპირობებს, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატოს მომხრე ამომრჩევლების მიმხრობის საჭიროება დაინახა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორებთან - საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებული ბრალდებების, დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებული შეფასებებისა თუ განსაკუთრებით - ე.წ. აგენტების შესახებ კანონის დამტკიცების მცდელობის ფონზე დაიძაბა. მეთვალყურეთა აზრით, აპრილის ბოლო კვირის შეხვედრები ლუქსემბურგში, პრაღაში, ბრიუსელსა და სტრასბურგში ამ დაძაბულობის მოხსნასა და პარტნიორების იმაში დარწმუნებას ისახავს მიზნად, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს ასრულებს.
ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებაა.
პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში
„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ახლა, როგორც არასოდეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკვანძო პრიორიტეტების შესრულებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გავუსვი რეფორმების გაღრმავების აუცილებლობას სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობისა და პრესის თავისუფლების კუთხით“, - დაწერა ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერზე, 25 აპრილს, მას შემდეგ, რაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
მიშელი ასევე წერს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს „ამ გზაზე ყოველი ნაბიჯის გადადგმისას“, რადგან ევროპული პერსპექტივა საქართველოს ხალხისთვის „ისტორიულ შესაძლებლობას“ წარმოადგენს.
„გულახდილი დიალოგი იყო“, - უთხრეს შარლ მიშელის ოფისიდან რადიო თავისუფლებას.
რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს, პრეზიდენტმა მიშელმა შეაქო საქართველოში გატარებული რეფორმების „უპირატესად ტექნიკური ასპექტები“ და ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის, მედიის თავისუფლებისა და დეოლიგარქიზაციის მიმართულებებით რეფორმების გაღრმავების მნიშვნელობას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის.
რადიო თავისუფლებისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის-უკრაინის ომის ზეგავლენას რეგიონზე, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს, დასავლეთის სანქციების მნიშვნელობას რუსეთის ომის მანქანის შესაჩერებლად და სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობების აღმოფხვრას. შესაბამისი იურიდიული მექანიზმების განხილვას სანქციების ახალ პაკეტში ევროკავშირი, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან აპირებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს რეფორმების გაღრმავების აუცილებლობა ნატოს გენერალურმა მდივანმაც შეახსენა. 25 აპრილს, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატო მიესალმება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, „საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატოსგან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი“, მაგრამ, სანაცვლოდ, იტოვებს იმედს, რომ „საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას საშინაო რეფორმების [საქმეში] და დემოკრატიული სტანდარტების დასაცავად“.
ასევე ნახეთ დემოკრატიული რეფორმებისა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობა - ნატოს გზავნილი თბილისსთავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს პრიორიტეტად.
პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესასრულებლად და ქვეყანა იმსახურებს „[ევროკავშირის წევრობის კანდიდატის] სტატუსის მიღებას“.
მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგსა და ბრიუსელში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბელგიაში ლუქსემბურგიდან ჩავიდა. ლუქსემბურგში, რომელიც ასევე ევროკავშირის ერთ-ერთ დედაქალაქად ითვლება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, მინისტრი დარჩიაშვილი ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებსა და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, სიტყვით მიმართა და მათ კითხვებს უპასუხა.
„განვაგრძობთ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს“, - უთხრა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრის შეფასებით, „საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა მკაფიოდ იგრძნობოდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიციებსა და მათი გამოსვლების სულისკვეთებაში“.
„ჩვენ მოგვეცა ამ შეხვედრაზე შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოს ურყევ გზაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენს ვალდებულებებზე, ჩვენს ძალისხმევაზე, იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ გაატარა. რა თქმა უნდა, აქცენტი გავაკეთეთ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხია დღეს ჩვენი, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“, - ესეც ილია დარჩიაშვილის სიტყვებია.
ასევე ნახეთ „იყო ცარიელი დაპირებები" - რადიო თავისუფლების წყაროები ლუქსემბურგში ილია დარჩიაშვილის შეხვედრაზერადიო თავისუფლებას წყაროების ინფორმაციით, 24 აპრილს გამართულ სამუშაო ლანჩზე დამსწრე მინისტრებზე დარჩიაშვილმა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, - იყო ცარიელი განცხადებები და უპასუხოდ დარჩა საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები.
პარლამენტის თავმჯდომარე - პრაღაში
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე, კოლეგებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც მოუსმინეს.
„მთავარი თემა იყო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩემს გამოსვლაში მქონდა შესაძლებლობა უკრაინისადმი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა“, - უთხრა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა, რომელიც იმედოვნებს ასევე, რომ წლის ბოლოს იზეიმებენ როგორც უკრაინის გამარჯვებასა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
„ჩვენ შარშან იმით, რომ არ მოგვენიჭა სტატუსი, გარკვეულწილად გამოგვაცალკევეს ასოცირების ტრიოდან. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ჩვენ კვლავ ლიდერები ვართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მდგომარეობა აღდგეს და საქართველო კვლავ დადგეს იმ პოზიციაზე, სადაც იქნება მოლდოვა და უკრაინა წლის ბოლოს“, - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ „უპირველეს ყოვლისა, არის სრული მხარდაჭერა წევრი ქვეყნების პარლამენტთა თავმჯდომარეებისგან, რომ საქართველომ დაიკავოს ის ადგილი, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის სახით“.
ასევე ნახეთ პაპუაშვილის თქმით, ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აღარ არის წინა კარისა თუ ღია კარის დრომისივე გადმოცემით, შალვა პაპუაშვილმა კონფერენციაზე კოლეგებს უთხრა, რომ ევროკავშირი უნდა დაუბრუნდეს ძველებურ საზომებს და იმსჯელოს არა აღქმებით, არამედ ფაქტებით.
„ევროკავშირი ყოველთვის ასოცირდებოდა ნამდვილ პროგრესულ ღირებულებებთან და თითქმის მეცნიერულ დონეზე დაფუძნებულ განვითარებასა და კეთილდღეობასთან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იკვეთება მყარ ფაქტებზე მაღლა აღქმების დაყენების ტენდენცია. დეზინფორმაციის ამჟამინდელ ცუნამში, ევროკავშირის ნამდვილი სიძლიერე იმ მოსაზრებების გაძლიერებაა, რომლებიც არა აღქმებს, არამედ ფაქტებს ეფუძნება. ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა აძლიერებს დემოკრატიას, აღქმებზე დაფუძნებული კი ასუსტებს მას“, - ამბობს პაპუაშვილი.
საერთაშორისო პარტნიორებს ოპონენტები ცრუ აღქმებს რომ უჩენენ, ამის შესახებ „ოცნება“ საქართველოშიც ხშირად ლაპარაკობს.
„ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არა ევროპის საბჭოს, არამედ საბოლოოდ - ევროკავშირის პრეროგატივაა, „ქართული ოცნება“ ევროპელებთან საკონტაქტო შესაძლებლობებს, ევროსაბჭოს ფარგლებშიც იყენებს:
„ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც დისკუსიის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი [ევროკავშირის 12 პირობის შესრულებაში], რჩება ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა დასრულდეს მუშაობა - ეს არის დეოლიგარქიზაციის და სასამართლო რეფორმის თემები. ამ ყველაფერზეც მივაწვდით კოლეგებს ინფორმაციას“, - თქვა 24 აპრილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ; საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი დამკვირვებლები გაცილებით მეტ შესასრულებელ ამოცანას ხედავენ, დარჩენილს ევროკომისიის იმ 12 რეკომენდაციიდან, რაც აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ევროსაბჭოში შეხვედრებამდე კობახიძე აცხადებდა, რომ საკუთარ შეფასებებს გაუზიარებდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის მომხსენებლებს (კლოდ კერნსა და ედიტ ესტრელას), ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით. „ჩვენ გვქონდა მთელი რიგი შენიშვნები და ჩვენს მოსაზრებებს ორივე მომხსენებელს გავუზიარებთ“.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში ასევე ნახეთ "ჯერ არის დრო" - რა დარჩა შესასრულებელი კანდიდატის სტატუსის მისაღებადევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლები საქართველოს საკითხებზე - კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა საქართველოში მარტის მიწურულს იმყოფებოდნენ; აპრილის დასაწყისში კი, მათ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნეს.
ედიტ ესტრელამ, 4 აპრილს, ტვიტერზე გააზიარა PACE-ს ანგარიში ციტატით - „საქართველო გზაგასაყარზეა - და რეფორმების პროცესი აშკარად შეჩერებულია“.
მომხსენებლები პრობლემად თვლიან გაზრდილ პოლარიზაციას, „უკიდურეს მტრობას“ და პოლიტიკურ ძალებს 12 პუნქტის ერთიანი ძალისხმევით შესრულებისკენ მოუწოდებენ.
ანგარიშში ასახულია სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმირების აუცილებლობა და აღნიშნულია, რომ რეფორმირება უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, „რათა აღმოიფხვრას კორპორატივიზმი, გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჭვირვალობა და სასამართლო სისტემაზე არასათანადო კონტროლი, რაც ხელყოფს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას“.
ასევე ნახეთ PACE-ს მომხსენებლები საქართველოს მოუწოდებენ შეჩერებული რეფორმების გაგრძელებისკენ
სტრასბურგში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში „ქართული ოცნების“ - 5 და მისი განაყოფი „ხალხის ძალის“ ერთი დეპუტატია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში არ მონაწილეობენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
პარლამენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში ირიცხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე; თუმცა, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას - ფრაქციისა და პარტიის დატოვების შემდეგ, ამ კვოტის გამოყენების უფლება ენმ-ს დარჩა.
„მე აღარ ვარ კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და, შესაბამისად, ჩემი ჩასვლა იქ ვერ მოხდება პარლამენტის ხელშეწყობითა და დაფინანსებით. ძალიან ვწუხვარ, ძალიან, რომ ოპოზიცია ამჯერად საერთოდ არ არის წარმოდგენილი დელეგაციაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დამოუკიდებელი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე.
რატომ გააქტიურდა "ოცნება" საერთაშორისო ასპარეზზე?
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელიც ამჟამად სპეციალური პროგრამით ბრიუსელში იმყოფება, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ აქტიურობა ცაიტნოტითა და საქართველოში ევროკავშირისა და ნატოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერით არის განპირობებული.
"კვლევებიც აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ თავისი საკუთარი ამომრჩევლის იმედად ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას და სჭირდება, მათ შორის - პროდასავლური განწყობის ამომრჩევლების მიმხრობაც", -ამბობს კორნელი კაკაჩია.
მისი თქმით, "საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ახლა წყდება - თანდათან უკვე უნდა ჩამოყალიბდნენ საერთო პოზიციაზე ბრიუსელში, რადგან დრო ბევრი აღარ რჩება გადაწყვეტილების გამოცხადებამდე" და "საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ დაარწმუნოს საერთაშორისო პარტნიორები, რომ ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას".
"მე მინდა და ყველას უნდა უნდოდეს, რომ ეს მოხდეს - მაგრამ ისიც ცხადია, რომ ასეთი შედეგი ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მოითხოვს", - პოლიტოლოგი თვლის, რომ "ქართული ოცნება" "რაღაცას დათმობს", მაგრამ საფრთხესაც ხედავს, რომ "დაგვიანებული არ იყოს მერე".
ასევე ნახეთ IRI: მოსახლეობის მეოთხედი ხელისუფლების ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკის კურსს "პრორუსულად" მიიჩნევს ასევე ნახეთ IRI-ის ახალი კვლევა: ქართული ოცნება - 19%; ნაციონალური მოძრაობა - 14%"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკვლევის შედეგებით, გაზრდილია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მსურველთა პროცენტული მაჩვენებელი.
- გამოკითხულთა 89% სრულად (75%) ან ნაწილობრივ (14%) უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა, IRI-ის ცნობით, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.
- გაზრდილია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვიც (80%). გამოკითხულთა 65% "სრულად" უჭერს მხარს NATO-ში გაწევრიანებას, 15% კი - "ნაწილობრივ".
- ანტიდასავლური თუ პრორუსული განწყობების ძალებს ჯამში - 3% შეხვდათ. „კონსერვატიულმა მოძრაობა - ალფ ინფომ“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ხალხის ძალამ“ გამოკითხულთა მხოლოდ თითო პროცენტის მხარდაჭერა მიიღეს.
ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების" აქტიურობას "ანტურაჟის შექმნის" მცდელობად მიიჩნევს, "რადგან მათ ["ოცნებამ"] იციან ქართველი ხალხის განწყობა და კვლევებიც ამაზე მეტყველებს, რომ - პროევროპულ განწყობას ამ ქვეყანაში არა აქვს ალტერნატივა". დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ "ოცნება" სინამდვილეში არ იბრძვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
„ანტურაჟის შექმნას კი ცდილობენ, მაგრამ ასე ანტურაჟიც ვერ შეიქმნება, რადგან ვალდებულებებს არ ასრულებენ... ყოველთვის ვამბობ, ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ქართველი ხალხი ამას იმსახურებს, მაგრამ არ იმსახურებს ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ ევროპული სტანდარტი მიუღებელია. მათი მმართველობის სტილთან, ოლიგარქიასთან, კლეპტოკრატიასთან ევროპული შინაარსი უბრალოდ შეუსაბამოა“, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში აქტიურობის პარალელურად, „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს საპროტესტო აქციას, რომელიც დაიგეგმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის ინიციატივით. „კიდობანში“ ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს. გაჩეჩილაძე და მისი სტუმრები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.
აქცია დაიგეგმა, რათა არ დაუშვან საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა. ეს არაერთხელ უთქვამს „ქართულ ოცნებასაც“.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორგანიზატორებს შორის მმართველი პარტია არ არის, მაგრამ ორგანიზატორთა „პატრიოტიზმი“ მხარდაჭერას იმსახურებს.
„ამ აქციასთან დაკავშირებით ცუდის თქმა ნამდვილად არ შემიძლია არაფრის... მათ რაც გამოხატეს თავისი პატრიოტული ემოციები - საწინააღმდეგო კი არა, პირიქით - მხარი შეიძლება დაუჭიროს ბევრმა ადამიანმა და ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი არა გვაქვს ისევე, როგორც არცერთ აქციასთან, მით უმეტეს, თუ ის პატრიოტულ ემოციებზე იქნება დამყარებული“, - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.