Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იყო ცარიელი დაპირებები" - რადიო თავისუფლების წყაროები ლუქსემბურგში ილია დარჩიაშვილის შეხვედრაზე


ლუქსემბურგი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი
ლუქსემბურგი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი დაესწრო EU-ს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრას.

რადიო თავისუფლებას წყაროებმა აცნობეს, რომ 24 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილი იყო „ძალიან არაშთამბეჭდავი და მოსაწყენი. იყო ცარიელი დაპირებები და არ გაეცა პასუხი საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს".

შეხვედრის შესახებ ილია დარჩიაშვილის კომენტარი გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა. როგორც მინისტრმა თქვა, მან შეხვედრაზე აქცენტი გააკეთა ევროკავშირის 12 პირობაზე.

„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეული იყო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ბორელი. ჩვენ მოგვეცა ამ შეხვედრაზე შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოს ურყევ გზაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენს ვალდებულებებს, ჩვენს ძალისხმევაზე, იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ გაატარა. რა თქმა უნდა, აქცენტი გავაკეთეთ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხია დღეს ჩვენი, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. თითოეულ საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჰქონდათ ინტერვენციები, მათ ჰქონდათ კითხვები, რომელზეც შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ამომწურავად გაგვეცა პასუხი. ჩვენ მთავარი გზავნილი მივიღეთ პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ მომავალს, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს“, - განაცხადა მინისტრმა.

დარჩიაშვილის თქმით, მისი დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ემსახურებოდა პარტნიორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ კითხვებზე, რომლებიც აქვთ.

„ჩემი ამ შეხვედრაში მონაწილეობა ემსახურებოდა, რომ კითხვები, რომელიც აქვთ კოლეგებს, რომელთაც აინტერესებთ ჩვენთან გატარებული რეფორმების ეფექტიანობა, რეფორმები, რომლებმაც, რა თქმა უნდა, კიდევ უნდა გააძლიერონ. ჩვენი ქვეყანა, მათთვის საინტერესო იყო და ჩვენ შეძლებისდაგვარად ვესაუბრეთ მათ ყველა ამ მნიშვნელოვან საკითხზე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის მონაწილეობით გამართული შეხვედრის შესახებ „ტვიტერის" ანგარიშზე დაწერა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, ლუქსემბურგში შევხვდი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე (FAC), რათა განგვეხილა რეფორმებთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია, განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია.

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მტკიცე ძალისხმევას გამოწვევებით სავსე სიტუაციაში რეგიონული უსაფრთხოების მხრივ", - აღნიშნა ევროკომისარმა.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG