Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმედი მაქვს, საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას რეფორმებზე - სტოლტენბერგი


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მიიღო
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მიიღო

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და მიესალმება მის გაწვევას.

25 აპრილს ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დახურული შეხვედრის წინ, საერთო, მოკლე პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მიესალმება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს:

„საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატოსგან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი. სანაცვლოდ, იმედი მაქვს, საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას საშინაო რეფორმების [საქმეში] და დემოკრატიული სტანდარტების დასაცავად. ამიტომაც მივესალმე გადაწყვეტილებას, გაეწვიათ „უცხოეთის გავლენის“ შესახებ კანონპროექტი, რომელიც შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ქართველმა ხალხმა ცხადად აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული, აყვავებული ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონში. ნატო კვლავაც იქნება თქვენი პარტნიორი ამ მისწრაფებების ასრულებისთვის მუშაობის პროცესში“, - განაცხადა მან.

მისი თქმითვე, საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, რომლის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულად უჭერენ მხარს ალიანსის წევრები. „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

„დღეს ვისაუბრებთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ეს ურთიერთობა, უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე“, - განაცხადა მან.

„დღეს ჩვენ ასევე ვისაუბრებთ რუსეთის აგრესიულ ომზე და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში ომი არის „უდიდესი გამოწვევა ჩვენთვის, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის“.

„საქართველოს თავისი პრობლემა აქვს რუსეთთან, მიმდინარე ოკუპაცია. ასე რომ, მადლიერი ვარ ამ შეხვედრისათვის“, - განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნატოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს პრიორიტეტად.

XS
SM
MD
LG