Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილის თქმით, ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აღარ არის წინა კარისა თუ ღია კარის დრო


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

პრაღაში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე კოლეგებს მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი შეფასებით, ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აღარ არის წინა კარისა თუ ღია კარის დრო. პარლამენტის სპიკერის განცხადებით, საჭიროა გაბედული ნაბიჯები შესაბამის, სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან ერთად. პაპუაშვილის აზრით, საქართველომ ისწავლა წარსულის გაკვეთილებზე.

შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს იზეიმებენ როგორც უკრაინის გამარჯვებას და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ევროკავშირთან ქვეყნის ურთიერთობაში ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი და საქართველო ევროკავშირში გაწევრების გზას დაადგა. თუმცა მან აქცენტი გააკეთა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღებაზე.

„საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად და უსაფრთხოების საკითხებში მოკავშირედ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული. გასულ წელს საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და განცალკევებული იქნა ასოცირებული ტრიოდან. ამჯერად, წელს, მსგავსი ნეგატიური დიფერენციაციის თავიდან აცილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი განცალკევება აძლიერებს ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს", - თქვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ილაპარაკა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე.

„უკვე ერთ წელზე მეტია, უფრო და უფრო მეტად დაუცველ მსოფლიოში ვცხოვრობთ. რუსეთის მიერ უკრაინის სასტიკმა და უკანონო დაპყრობამ უსაფრთხოების მასშტაბური გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. უკრაინისადმი სოლიდარობისთვის ჩვენი ერთიანი პოზიცია უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად", - თქვა მან.

შალვა პაპუაშვილმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა: „მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი და შეუქცევადი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენ გვესმის უკრაინის ტკივილის. საქართველომ გამოცადა რუსეთის აგრესია 1990-იანი წლების დასაწყისსა და 2008 წელს. ამ განგრძობითმა აგრესიამ შედეგად მოიტანა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და საკუთარი სახლებიდან ასიათასობით ადამიანის იძულებითი და უკანონო გაძევება. სამწუხაროდ, მაშინ, ჩვენი მიმართვებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, ვერ ვიხილეთ დასავლეთის შესაბამისი რეაგირება. საბედნიეროდ, დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ ძლიერ, ერთიან და ეფექტიან ევროპულ პასუხს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG