"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევით, მოსახლეობის 25% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის კურსი "პრორუსულია", ხოლო 20%-ის აზრით, იგი უფრო "პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური".
გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი უდიდეს პოლიტიკურ (87%) და ეკონომიკურ (76%) საფრთხედ რუსეთს ასახელებს.
ამასთან, კვლევის მიხედვით, გასული წლის მაჩვენებელთან (59%) შედარებით, შემცირებულია რუსეთთან შემდგომი დიალოგის მხარდამჭერთა რიცხვი - წელს იგი 53%-ია. ასევე, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი ნეგატიურად აფასებს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიმდინარე ურთიერთობას რუსეთთან.
კვლევის დროს მოქალაქეებს ჰკითხეს, რუსეთის მოქალაქეების რა უფლებებს უჭერენ მხარს, მათი პასუხები ასე განაწილდა:
- შემოვიდნენ საქართველოში უვიზოდ - 13%;
- დაარეგისტრირონ ბიზნესი - 7%;
- შეიძინონ უძრავი ქონება - 4%;
- არცერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან - 79%.
ასევე რესპონდენტებს სთხოვეს, დაესახელებინათ ჩამოთვლილთაგან რომელ მოსაზრებას იზიარებენ რუსეთის მოქალაქეების შესახებ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ:
- მისასალმებელია მათი ყოფნა საქართველოში - 4%;
- ვითმენთ მათ, რადგან აუცილებელია ჩვენი ეკონომიკისთვის - 25%;
- გვირჩევნია, რომ წავიდნენ - 29%;
- რუსეთის მოქალაქეები საქართველოში არ უნდა შემოუშვან, სანამ არ დაგვიბრუნებენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს - 37%.
IRI-ის გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ 46% "მკვეთრად" ან "ნაწილობრივ" ეწინააღმდეგება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, ამასთან, თითქმის ნახევარი (48%) ამ აზრს "მკვეთრად" ან "ნაწილობრივ" ემხრობა.