საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგი“ მაუწყებლის დირექტორმა, გოგა კოხრეიძემ, ეთერიდან მოხსნა, მიზეზად კი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაასახელა, თუმცა გადაცემა „ჰეშთეგი“ სოციალურ და მწვავე თემებს, უკვე სამი წელია, აშუქებს იმთავითვე დისტანციური მუშაობის მეთოდით, ანუ გადაცემის სტუმრები პირდაპირ ეთერში ონლაინ ერთვებიან. გადაცემის გუნდი არის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირების დამფუძნებელი, რომელთა თაოსნობით ტელევიზიის ასამდე ჟურნალისტი გაფიცვისთვის ემზადებოდა. გაფიცვის შესახებ, რომელიც შრომითი უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად იყო მიმართული, მაუწყებლის ჟურნალისტებმა მარტის დასაწყისში შეატყობინეს მენეჯმენტს. მედიაციის დროც გავიდა, თუმცა, როგორც გადაცემა „ჰეშთეგის“ ხელმძღვანელი ირაკლი ყურუა ამბობს, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო გაფიცვა თავად ჟურნალისტებმა შეაჩერეს და მაყურებლისთვის მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტეს:
„ეს ვითარება გამოიყენეს გადაცემის გასაჩერებლად. გვაქვს იმის განცდა, რომ საუკეთესო მომენტი შეარჩიეს, რომ შეეჩერებინათ ერთ-ერთი კრიტიკული გადაცემა, რომელიც გამოირჩეოდა ხელისუფლებისა და მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის კრიტიკით. კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ, როდის აღდგება, და გვაქვს იმის მოლოდინიც, რომ შეიძლება გადაცემა ეთერში ვერ დაბრუნდეს. და რომც დაბრუნდეს, შესაძლებელია ახალი თანამშრომლები დაგვახვედრონ, რადგან ბოლო დროს სერიოზული მობილიზება მიდოდა მაუწყებელში ახალი კადრების შემოსაყვანად. ასე ემზადებოდნენ ჩვენი გაფიცვისთვის და არც კი უფიქრიათ ჩვენთან მედიაციაში ჩართვაზე. პირდაპირ დაიწყეს იმაზე ზრუნვა, რომ როცა გავიფიცებოდით, მოეყვანათ ადამიანები ჩვენს ნაცვლად“.
დირექტორი ისე მიშვებს ერთი ქალაქიდან მეორეში საცხოვრებლად, რომ ჩემთან ელემენტარული კომუნიკაციაც არ ჰქონია. არ ითვალისწინებს ჩემს ოჯახურ და არც ჯანმრთელობის მდგომარეობას. მაქვს ძალიან ბევრი კითხვა, რაზეც პასუხი ამ დრომდე არ მიმიღია.თეონა ხარაბაძე
აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ ეთერიდან მოხსნასთან ერთად მაუწყებლის დირექტორმა, გოგა კოხრეიძემ, მოულოდნელად ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტის, თეონა ხარაბაძის, ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ კი მას წერილობით შეატყობინა. თეონა ხარაბაძე იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც რეგიონალური მაუწყებლის მენეჯმენტს დაუპირისპირდა და მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა. იყო ჩართული საპროტესტო აქციებსა და ალტერნატიული პროფკავშირების მიერ დაგეგმილ საგაფიცვო პროცესში.
„დირექტორი ისე მიშვებს ერთი ქალაქიდან მეორეში საცხოვრებლად, რომ ჩემთან ელემენტარული კომუნიკაციაც არ ჰქონია. არ ითვალისწინებს ჩემს ოჯახურ და არც ჯანმრთელობის მდგომარეობას. მაქვს ძალიან ბევრი კითხვა, რაზეც პასუხი ამ დრომდე არ მიმიღია. ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, არის ჩემი კრიტიკული მოსაზრებების გამო დასჯა. მენეჯმენტს სურს ჩემი ჩამოშორება აჭარის მაუწყებლის ეთერიდან. ეს სამართლებრივი აქტი კი, რომელიც დირექტორმა გამოსცა, არის ამის კარგი შესაძლებლობა“, - ამბობს ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე.
ჩემს საქმეში ჩარევას თავი უნდა დაანებოთ! თუ გინდათ, ისე ვისაუბროთ და კომენტარს არ ვიძლევი ამ თემაზე.გიორგი კოხრეიძე
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებისთვის ხელშეკრულების მოულოდნელი შეცვლისა და სხვა პოზიციაზე გადაყვანის მაგალითები მანამდეც იყო. დირექტორმა გოგა კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, და მთავარი გამოშვების რედაქტორი, მაია მერკვილაძე, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა და სხვა პოზიციაზე გადაიყვანა, მიმდინარე თვის დასაწყისში კი სამსახურიდან გაათავისუფლა აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე, რომელიც ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და სასამართლოში დაობს:
„ჩვენ ვიცით, რომ გოგა კოხრეიძის მთავარი მიზანი „ნიუსრუმის“ დამორჩილებაა. ეს კი ცალსახად პოლიტიკური პროცესია. ჩვენ ვიცით, როგორ და რა ვითარებაში მოვიდა გოგა კოხრეიძე, როგორ გამოიყენა მან სასამართლო მისთვის არასასურველი კონკურსის შესაჩერებლად და როგორ აირჩიეს შემდეგ კონკურსზე იგი დირექტორად „ქართული ოცნების“ კვოტით დაკომპლექტებულმა მრჩევლებმა. პირველივე ინტერვიუს დროს გოგა კოხრეიძეს არ დაუმალავს, რომ მას არ მოსწონდა ჩვენი სარედაქციო მიმართულება. ეს შემდეგ თათბირებზეც თქვა. მათ შორის გადაცემა „ჰეშთეგს“ უთხრა, რომ არ მოსწონს. მოკლედ, კრიტიკული კონტენტის შემქმნელი ადამიანების წინააღმდეგ გაილაშქრა“.
თავად გიორგი კოხრეიძე, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე აირჩიეს მაუწყებლის დირექტორად სამი წლის ვადით, კომენტარს არ აკეთებს. რადიო თავისუფლებას მან უთხრა:
„ჩემს საქმეში ჩარევას თავი უნდა დაანებოთ! თუ გინდათ, ისე ვისაუბროთ და კომენტარს არ ვიძლევი ამ თემაზე“.
ასევე ნახეთ აჭარის ტელევიზიის საკითხზე რეაგირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს კოლექტიურად მიმართესსაზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა. ქარტიაში მიაჩნიათ, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი დევნის ჟურნალისტებს და საკადრო გადაწყვეტილებებით ცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას.
„ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთი საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც ქმნის გაუსაძლის სამუშაო პირობებს, „ახალი ამბების“ სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. დღევანდელი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ასეთი პოლიტიკის განხორციელება კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას“, - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.