Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დირექტორმა ეთერიდან მოხსნა აჭარის ტელევიზიის წამყვანი თეონა ბაკურიძე


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ტელეარხის „8-საათიანი გამოშვების" წამყვანი თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნა, - იტყობინება აჭარის ტელევიზია.

დირექტორის ბრძანებაში ნათქვამია, რომ თეონა ბაკურიძემ, საინფორმაციო სამსახურის დროებით მოვალეობის შემსრულებელს გიორგი აბაზაძეს არ მისცა საქმიანობის განხორციელების უფლება. ბრძანების თანახმად, თეონა ბაკურიძე ფსიქოლოგიურად აიძულებდა განცხადება დაეწერა გიორგი აბაზაძეს და წასულიყო სამსახურიდან. ამ თემაზე მოხსენება მრჩეველთა საბჭოზე სხდომაზე ლალი ბერძენიშვილმა და ფირუზ ბოლქვაძემ წარადგინეს. ბრძანებაში მეორე მხარის განმარტების შესახებ არაფერია ნათქვამი.

თეონა ბაკურიძე დირექტორის გადაწყვეტილებას „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა. „დირექტორის ბრძანებით გამათავისუფლა სამსახურიდან. „დროებით" - მანამ, ვიდრე მოკვლევას დავასრულებო. როგორც იურისტები მეუბნებიან, არ ჰქონდა ამის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ კანონები გიორგი კოხრეიძეს არ აინტერესებს“, - წერს ტელეწამყვანი.

დირექტორის ბრძანებით, თეონა ბაკურიძე ორშაბათიდან, 9 მარტიდან ეთერში აღარ შევა.

საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძის დანიშნვნა ჟურნალისტებმა უარყოფითად შეაფასეს და განცხადებაში აღნიშნეს, რომ ეს იყო კრიზისის გაღრმავება, რაც მენეჯმენტმა მიზანმიმართულად გააკეთა.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, ახალი ამბების რედაქცია ჯერ საინფორმაციოს უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს დაატოვებინეს ახალი ამბების სამსახური - გააუქმეს მისი შტატი, შემდეგ საინფორმაციო სამსახურის უფროსს, შორენა ღლონტს გაუუქმდა კონტრაქტი დისციპლინარული საქმის საფუძველზე.

XS
SM
MD
LG