ამ სტატიაში გიყვებით რა ხდება ფრონტის ხაზებზე და შესაძლებელია თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომში.
“რუსები რაოდენობრივად ოთხჯერ აღემატებიან უკრაინელებს”
აგვისტოს დასაწყისში, როცა უკრაინული ჯარი კურსკის რეგიონში შეიჭრა, გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმას ასახელებდნენ, რომ მოულოდნელ თავდასხმას რუსების ყურადღება საკუთარი ტერიტორიის თავდაცვისკენ უნდა მიემართა.
კურსკის თავდასხმამდე უკრაინელებს საქმე კარგად არ მისდიოდათ - რუსები რამდენიმე კვირის განმავლობაში წინ მიიწევდნენ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დონბასის ფრონტზე, ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით. ადამიანური და საბრძოლო რესურსების დეფიციტის გამო უკრაინის არმიას მოწინააღმდეგის შეჩერება უჭირდა. შეტევას რუსეთის ტერიტორიაზე, ლოგიკურად, რუსეთის ჯარების დონბასიდან კურსკისკენ გადასროლა უნდა მოჰყოლოდა.
5 სექტემბერს, CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი ამბობდა, რომ უკრაინელების სტრატეგია მუშაობს:
„გასული ექვსი დღის განმავლობაში, მტერი ერთი მეტრითაც კი ვერ წავიდა წინ პოკროვსკის მიმართულებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი სტრატეგია მუშაობს“, - თქვა მაშინ ოლექსანდრ სირსკიმ.
უკრაინელების მთავარსარდლის ამ ინტერვიუს შემდეგ ვითარება შეიცვალა. 8 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათ სოფელი ნოვოჰროდივკა დაიკავეს, რომელიც პოკროვსკიდან 12 კილომეტრითაა დაშორებული.
იქამდე უკრაინის არმიის ოფიცერმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ნოვოჰროდივკასთან უკრაინელებმა თავად გადაწყვიტეს გასვლა, რადგან მიიჩნიეს, რომ მის დასაცავად არასახარბიელო პოზიცია ჰქონდათ.
“პოკროვსკთან რუსების წინსვლა შენელდა, თუმცა არ შეჩერებულა“, - უთხრა იევჰენ დიკიიმ, უკრაინელმა სამხედრო ანალიტიკოსმა, რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის საერთო პროექტ Current Time-ს. ტემპის შენელების მიზეზად კი დიკიი იმას ასახელებს, რომ უკრაინელებმა დონბასის მიმართულებით დამატებითი ძალები გადაისროლეს.
“ახალი და დასვენებული რეზერვები ბრძოლის ველზე შევიდნენ. არა თავდაცვით ბრძოლაში, არამედ ფლანგების კონტრშეტევებზე”, - უთხრა დიკიიმ Current Times-ს.
ამავე დროს, ვითარება ბრძოლის ველზე აჩვენებს, რომ დონბასის ფრონტზე რუსების რიცხობრივი უპირატესობა კურსკის თავდასხმის შემდეგ არ არის შემცირებული. იევჰენ დიკიის თქმით, რუსები რაოდენობრივად ოთხჯერ აღემატებიან უკრაინელებს, რასაც მათი საავიაციო უპირატესობაც ემატება.
პოკროვსკის სტრატეგიული მნიშვნელობა
პოკროვსკი უკრაინელებისთვის რეგიონული მნიშვნელობის ცენტრია - ის წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე. აქედან იღებს სათავეს გზატკეცილი, რომელიც ქალაქ კონსტანტინოვკისკენ მიდის. კონსტანტინოვკის, ადგილობრივი სარკინიგზო კვანძის აღებით, რუსები შეძლებენ, უკრაინის ჯარის მომარაგებას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნან.
პოკროვსკის აღების შემთხვევაში, უკრაინელებს ქალაქ ჩასივ-იარისკენ მოუწევთ დახევა, ფრონტის ხაზი კი მეტად მიუახლოვდება კრამატორსკს. თუ ასე მოხდა, დონეცკის რეგიონი თითქმის მთლიანად აღმოჩნდება რუსეთის ხელში.
იევჰენ დიკიის თანახმად, რუსებმა „განჭვრეტად მომავალში“ შეიძლება მიაღწიონ პოკროვსკს, თუმცა დასძენს, რომ ქალაქთან მისვლა არ ნიშნავს მის აღებას. სამხედრო ანალიტიკოსი იხსენებს ჩასივ-იარისა და ბახმუტის ბრძოლებს. ერთ შემთხვევაში, რუსებს ნახევარი ქალაქის ასაღებად ოთხ-ნახევარი თვე დასჭირდათ, მეორე შემთხვევაში კი სტრატეგიულად უმნიშვნელო ქალაქისთვის ბრძოლა ათ თვეს გაგრძელდა და მას უამრავი რუსი მებრძოლი შეეწირა.
„ამ ომმა აჩვენა, რომ ქუჩის ბრძოლაში ძალიან ძლიერები ვართ, როცა ყველა სახლი საფორტიფიკაციო ნაგებობა ხდება, როცა ყველა სარდაფი თავშესაფარია. მაგალითად, ბახმუტში დანაკარგების შეფასება რვა ერთზე იყო ჩვენ სასარგებლოდ. კი, საბოლოო ჯამში [რუსებმა] აიღეს [ბახმუტი], მაგრამ ასიათასიანი მსხვერპლის და ათი თვის შემდეგ“, - ამბობს იევჰენ დიკიი, რომელიც პოკროვსკის შემთხვევაშიც მსგავს სცენარს ელის.
პოკროვსკში, სადაც ვითარების დაძაბვამდე 60 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, კვლავ რჩება 26 ათასი მოსახლე. უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა კომენდანტის საათი და შეაჩერა სარკინიგზო კავშირი.
„აქტიური ბრძოლების გამო, აკრძალულია გარეთ გასვლა“, - იუწყება ხმის გამაძლიერებელი ქალაქში, რომელსაც აქამდე „დონეცკის ოლქის ლას-ვეგასს“ ეძახდნენ.
დონბასი ერთ-ერთია იმ სამი ძირითადი მიმართულებიდან, სადაც რუსები უკრაინელებს უტევენ. ბრძოლა გრძელდება ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხარკოვის ოლქში, სადაც რუსეთის ამოცანა ხარკოვთან საარტილერიო მანძილზე მისვლაა და ლუგანსკის ოლქში, სადაც რუსებს სურთ, ლუგანსკი ბოლომდე დაიკავონ, რათა ხარკოვისა და დონეცკის ოლქებს ახალი მიმართულებიდან შეუტიონ.
ბოლო დღეებში ამ ორი მიმართულებით ფრონტის ხაზი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
მეტ-ნაკლებად უცვლელია ვითარება კურსკშიც, სადაც უკრაინული ძალები ამ დრომდე არიან გამაგრებული. გასულ დღეებში, მათ რამდენიმე კილომეტრით წინ წასვლა შეძლეს ჩრდილოეთის მიმართულებით, თუმცა ქალაქ კორენევოს მხარეს უკრაინის წინსვლა შეჩერდა.
ამავდროულად, რუსეთი განაგრძობს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას - მხოლოდ 9 სექტემბრის ღამეს რუსულ დაბომბვებს ექვსი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. 8 სექტემბერს გავრცელებულ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ გასულ კვირას რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 800-ზე მეტი ანტისატანკო რაკეტით, 300-მდე „შაჰედის“ დრონით და 60-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტით.
თავის მხრივ, 10 სექტემბერს დრონებით თავდასხმა განხორციელდა მოსკოვსა და მის შემოგარენზე. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თანახმად, თავდასხმას 46 წლის ქალი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი. უკრაინელებს თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შოლცი მშვიდობაზე ალაპარაკდა
რთული საომარი ვითარების პარალელურად, მშვიდობის დამყარებაზე ალაპარაკდა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი.
„მჯერა, რომ ახლაა მომენტი, როცა უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ მივალთ ამ საომარი სიტუაციიდან მშვიდობამდე უფრო სწრაფად“, - თქვა შოლცმა გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის, ZDF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებები ან კონფერენცია, ბუნდესკანცლერმა უპასუხა:
„ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება სამშვიდობო კონფერენცია და მე და პრეზიდენტი [ვოლოდიმირ ზელენსკი] ვთანხმდებით, რომ იქ რუსეთიც უნდა იყოს“.
შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედია შოლცის რიტორიკას გერმანიაში განვითარებულ მოვლენებს მიაწერს. პირველ სექტემბერს გერმანიის ორი ოლქის, საქსონიისა და თიურინგიის ადგილობრივ არჩევნებში, წარმატებას მიაღწიეს პარტიებმა, რომლებიც გამოირჩევიან რუსეთისადმი რბილი პოზიციით და სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის დახმარებას.
ესაა, ერთი მხრივ, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და, მეორე მხრივ, მემარცხენე პოლიტიკოსის, სარა ვაგენკნეხტის გაერთიანება.
„თქვენ ნახეთ მიმდინარე არჩევნების შედეგები [საქსონიასა და თიურინგიაში]. უკრაინისადმი გერმანიის დახმარება დიდად სადავო საკითხია და მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ გეზიდან არ გადავუხვიოთ“, - თქვა გასულ კვირას კნუტ აბრაჰამმა, გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
აშშ-ის შემდეგ, გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. გერმანიის მთავრობის 19 აგვისტოს ცნობით, უკრაინისთვის უკვე გადაცემული და დაპირებული სამხედრო დახმარების ჯამური ღირებულება 28 მილიარდ ევროს აღწევს.